გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სიზმრები | ალიკა, ცხინვალი

ალიკა, 50 წლის, ცხინვალი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992 / 2008 წლები. 

ცხინვალში შობის ღამეს რომ შემოვიდნენ, ამბობდნენ ქართულ მილიციასთან ერთად  ამინისტირებული პატიმრებიც არიანო [7.01.1991]. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი. შვიდში უკვე გზებიც დაიკეტა. მერე დაიწყო არეულობა.

ყველაზე მწარედ მაინც ის ლოზუნგი დამამახსოვრდა: დაწყევლილი იყოს ქალი, ვინც ოსს მუცლით ატარებსო.

ჩემი ქართველი მასწავლებლები, კლასელები, მეზობლები ცოტა მაინც შეიცვალნენ ჩვენთან დამოკიდებულებაში. ბევრი 7 იანვრამდე ადგა და გაიპარა. ამბობდნენ ქართველებმა გააფრთხილესო, მოიცადეთ, ოსებისგან გაათავისუფლებენ ცხინვალს და ისევ უკან შეხვალთო. ნივთებიც არ წაუღიათო. ჩვენ არავინ არ გაგვაფრთხილა. ჯავაში, თლიაყანაში სახლები რომ დაიწვა, გვიყვებოდნენ, შეიყვანეს მამა-შვილი და ცოცხლად დაწვესო. ასეთი ამბები იყო.

90 წლის პაპაჩემი ორი თვე ჰყავდათ მძევლად. სხვა მოხუცებულებიც, ჩვენი სოფლელები. ჩვენ ქართველი ტყვეები გვყავდა და მერე ვცვლიდით.

2004 წელს, მე უკვე სამხედრო ვიყავი და მაშინვე მივხვდი, რო ომი აუცილებლად იქნებოდა. როცა სამხედრო ხარ და რაღაც ინციდენტები ხდება, ხვდები, რომ ეს არ არის ინციდენტებისთვის. მაშინ ცხინვალში არ შემოსულან, მაგრამ „მინამიოტებით“ გვესროდნენ. ჩვენც ვესროდით, რა თქმა უნდა. [2004 ივნისი-აგვისტო შეტაკებებს 26 ადამიანი ემსხვერპლა. ნ. ლ.]

2008-ში 2 აგვისტოს ჩვენსკენ უკვე ინტენსიური სროლა იყო. 6 აგვისტოსთვის ჩვენგან 6 ადამიანი იყო მკვდარი. 7-ში ღამით, გრადებით დაიწყო დაბომბვა. ყველა სახლში ვიყავით. მეზობლებთან პადვალს ვაფარებდით თავს. მერე მე და ჩემმა ძმებმა იარაღი ავიღეთ და წავედით.

მაგ ომში, ჩვენთან გარდაცვლილების უმეტესობა გზებზეა მკვდარი. ერთი ოჯახი ტბეთში მიდიოდა და გზად ქართული ტანკების კოლონა შეხვდა. მარტო ის ქალი გადარჩა, ვინც მანქანიდან გადმოვიდა და ხელები გაშალა, არ ისროლოთო.

ერთ მანქანას რაღაც ტანკსაწინააღმდეგო მოხვდა. წინა სკამიდან ქალი რამდენიმე მეტრზე გაისროლა, მაგის ქმარი და შვილები კიდე მანქანაშივე ამოწვა. მარტო ქალი გადარჩა ცოცხალი. ზუსტად ცხრა თვის მერე ბავშვი გააჩინა. არ იცოდა, რომ ოსრულად იყო. ეხლა იმ შვილსა ზრდის. ერთხელ ვუთხარი, ეს ბავშვი ომმა გაჩუქა-მეთქი, გამწარებული მომიბრუნდა, მერე ამ საჩუქარში რა ფასი გადავიხადეო!

არც მე მიყვარს ომზე ლაპარაკი, ეხლა პირველადა ვლაპარაკობ.

12 წელი კი გავიდა და რისთვის ვიბრძოდი?

სამშობლოს და ქვეყანას ვიცავო, ვიღაცეები რომ გიმტკიცებენ, ისე ვბრაზდები.  სამშობლოს კი არა, მაგ დროს მარტო შენ თავზე და ოჯახზე ფიქრობ. ვის სჯერა მაგ პატრიოტული რაღაცეების. მერე რომ გადარჩე უნდა გაგიმართლოს!

იქ კი გამიმართლა, მაგრამ მერე ყველანი ერთად მოგვისროლეს. ვინც იბრძოდა, უმეტესობა ან ტაქსისტია, ან ყარაული, ვინც ომის დროს გაიქცა - ისინი არიან თანამდებობებზე.

არაფერს აღარ ვფიქრობ ქართველებთან მომავალზე. ერთ საუკუნეში ორჯერ მოგვატყუეს, რა უნდა ვიფიქრო.

ჩემ ქართველ მეზობლებთან და კლასელებთანაც აღარ მაქვს კონტაქტი. ისედაც რთულია აქედან ურთიერთობა, მაგრამ რამდენიმეს შევამჩნიე რომ მერიდებიან. 80-იანებში ერთი მეზობელი მყავდა, ვმეგობრობდით, გიტარაზე მასწავლიდა დაკვრას. ომის მერე დაბრუნდა და ისე რო არაფერი დამიშავებია, თვალს მარიდებდა.

დაწვრილებით

იცი რა მაღიზიანებდა მაშინ? პავლიაშვილის სიმღერები. სამშობლო-სამშობლო. ჩვენი ქართველი მეზობლები, უკვე არეულობა რომ დაიწყო, ხმამაღლა რთავდნენ და ფანჯრებს აღებდნენ, თითქოს გვაიძულებდნენ ჩვენც მოგვესმინა. არადა, მეთვითონ მიყვარს ქართული სიმღერები, მულტფილმები, ფილმები, მაგრამ ეს სოსო პავლიაშვილის პათოსი არ მინდა!

ის მინდა, რისთვისაც ვიბრძოდი - ჩვენ დამოუკიდებლობა გვინდოდა. ეხლა არ ვიცი ვინა ვართ.

მაგრამ ჩემთვის მაინც ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება იქნება მშვიდობის გარანტია.

ამას ქართველების ჯიბრზე კი არ ვამბობ, ჩემი სიმშვიდისთვის ვამბობ.

სანამ იარაღით არ მოვა, მე არავის მტრად არ ვთვლი, გინდა ოსი იყოს, გინდა ქართველი. ყველა ოსი მომწონს გგონია? სულ ვამბობ, ნუ გამოყოფთ-მეთქი. ეგრე დაიწყო, გამოყოფით - ქართველები და ოსები. მარტო კონკრეტული ადამიანის შეფასება შეიძლება.

ეხლა როცა ვიკრიბებით ხოლმე, სულ ჰყვებიან ღამის კოშმარებზე. ვინც იომა, ისევ იქაურობა ესიზმრებათ. მე კიდე ერთხელაც არ მინახავს, ეტყობა ეგ სიზმრებიც ომში დავტოვე.



________________________________________________________________

ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ნინო ლომაძე
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩ, წიგნიდან „სამხრეთი ოსეთი, ომი, 1991“

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა