გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სულიკო | დმენისი, სამხრეთ ოსეთი

ოლგა 78 წლის. დმენისი, სამხრეთ ოსეთი

იმ დროს ძალიან გვიჭირდა, პროდუქტებიც, ყველაფერი. ჩემი მეუღლე ჩრდილოეთ ოსეთში წავიდა საქმეზე, თან პროდუქტებსაც ჩამოვიტანო. მეზობელთან ერთად წავიდა.

უკან რომ ბრუნდებოდნენ, ფრისში ოსმა ბიჭებმა უთხრეს, ერედვზე ნუ წახვალთ, საშიშიაო. მაგრამ ესენი მაინც წავიდნენ. დაიჭირეს. მერე ყვებოდნენ, ძალიან ეხვეწებოდნენ გაგვიშვითო, ფულიც წაიღეთ, პროდუქტებიცო. 

ჩვენ დმენისში ვცხოვრობთ. ხშირად ჩავდიოდი ერედვში, მერე როცა დაწყნარდა. ვკითხულობდი, ნაცნობებისგან ბევრი რამე გავიგე.

ჩვენი მეზობელი, სულიკო, თავის ძველ თანამშრომელს ეძახოდა თურმე, ერედველს, მიშველეო. იმასაც სულიკო რქმევია, მარა არ უშველაო იმან. იმისი ცოლი მაშინვე ქართველების პოსტზე გაქცეულა „სამსხვერპლოზე ორი თხა თავისი ფეხით მოვიდაო...“.

კიდევ ის მითხრეს, ერედვის რესტორანთან დახვრიტესო.

დასაფლავება არ ყოფილა. ჩემ ბიჭებს ცხრა თვე შავები არ გაუხდიათ. მაშინ ვუთხარი: „ეხლა თუ არ იქორწინებთ, მამათქვენის ცხედარს თუ ვიპოვნით, მერე მე აღარ მოგცემთ უფლებას-მეთქი.“ ეგრე შევაქმნევინე ოჯახები, შურისძიებაზე რომ აეღოთ ხელი.

რამდენჯერმე გავიგონე თქვეს, მამაჩვენის სისხლს ავიღებთო და ქართველებამდე მისულა. ისინიც გვითვლიდნენ, შვილები ჩამოვიდნენ და ცხედარს გავატანთო. არ გავუშვი, მე ვუთხარი, თუ ვინმეს, ან რამეს ჩვენება უნდათ, მე წავალ და მაჩვენონ-მეთქი. მარა არავის არაფერი უჩვენებია. დღემდე არ ვიცი, სადაა ჩემი მეუღლის ნეშტი.


ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა