გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თაგვათაგვობა | ნონა მელანაშვილი, კეხვიდან

ნონა მელანაშვილი, 35 წლის, კეხვიდან. ამჟამად ცხოვრობს სოფელ ხურვალეთში
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

მამაჩემს შვიდი ოსის ბავშვი ჰყავს მონათლული. და ოსი დედობილი ჰყავდა. 

მანქანებს აკეთებდა მამაჩემი კეხვშიც, ეზოში ჰქონდა პროფილაქტიკა. 90-იანების არეულობა რომ დამთავრდა, მერე იყო ეს. ოსის ბიჭი, არტიკა მოვიდა თხოვნით, მანქანა მაქ გასაკეთებელი, ოღონდ ფულს თუ დამაცდიო. არა გცხვენიაო, მამამ, ყველაფერი შეღავათი გაუწია. რამდენიმე ხნის მერე, მოვიდა არტიკა ჩვენთან, ფულიც მოუტანა და ძალიან დიდი ძღვენიც მოიყოლა, კარტოფილიო, ყველი, გოჭი, ათასი რამე. ხოდა, მაგ დღეს დაძმობილდნენ. მამაჩემისთვის უთქვამს, ირაკლიო, მე ძმა არა მყოლია და მოდი, როგორც ჩემი ძმა, ეგრე იყავიო.

მამაჩემმა, მე დედა და მამა აღარა მყავს, თუ შენი მშობლები გამიწევენ დედ-მამობას, მეც შვილობილი ვიქნებიო.

სიხარულისგან ცას ეწიაო არტიკა. მართლა ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ. ჩვენ ვცხოვრობდით კევხში, ისინი - ოსური სოფელი იყო ეგეთი, ვანელი, ჯავის იქით.

ბავშვობა სულ ომში და ფრონტში გავიარეთ.

ერთი დღესასწაული იყო თაგვათაგვობას ვეძახდით. ტრიალ მინდორზე გავდიოდით და დიდ კოცონს ვანთობდით ხოლმე. თაგვებს ვრეკავდით ვითომ ეკლებით. ხოდა, ის იყო გავედით და ოსების ბეტეერმა ჩამოიარა. მთვრალები იყვნენ. ლულას ისე ატრიალებდნენ, ვის მოხვდებოდა არავინ იცოდა. სახლამდე ხოხვით მივედით. კარგად მახსოვს. სულ ბავშვები ვიყავით.

ბოლოს, აგვისტოში (2008 წ.) წამოვიდნენ ჩემი მშობლები, სულ ცარიელ-ტარიელები. მოვდიოდით და უკან თან ბომბები მოგვდევდა, დახოცილებს ვაბიჯებდით და ვალაჯებდითო.

ჩვენი კერა ეხლა აღარაფერი აღარ არის. ბიძაჩემი იყო შარშან გადასული საჩხერედან, გასვენებაში. გაუვლია ჩვენ ადგილზე.

ორი ძირი კაკალი იდგა სახლის წინ, იმით ვიცანი რომ თქვენიაო. 

შარშან იყო, ერთ დღეს მამას დაურეკეს, შენი დედობილია აქ, ანევრიზმა გაუსკდა და წითელმა ჯვარმა თბილისში გადმოიყვანაო. მამაჩემის ნახვა მოუთხოვია. ისე ცუდად გახდა რო გაიგო, მამაჩემს ომის მერე დიაბეტი დაემართა. დედაჩემი წაჰყვა და წავიდნენ სანახავად. თავიდან არ გვიშვებდნენო რეანიმაციაში. მერე დედაჩემს ნაცნობი უნახავს და უთხოვია, ამდენი ხნის უნახავი ხალხია და გეხვეწებით, შეუშვითო. 

არ არის გონზე, გათიშულია, რას გაიგებსო, მაგრამ შეუშვეს მაინც. აპარატებზეა ქალი შეერთებული და მამაჩემი კიდე სახეზე ეფერება, ზაირა მოვედი, შენი ბიჭი, ირაკლი ვარო. არ განძრეულა, მაგრამ ეს რომ ვთქვი, თვალიდან ცრემლი გადმოუვარდაო. 


ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ინტერვიუ ჩაიწერა თეო ქავთარაძემ
ტექსტი: ნინო ლომაძე

ფოტო: თაკო რობაქიძე |080808.ge

 თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა