თეთრი სახვევი | ასლანი, ცხინვალი
24.09.2020 | 7 წუთიანი საკითხავიასლანი, 34 წლის, ცხინვალი.
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 2008, აგვისტო.
ომი რომ დაიწყო, პირველად 5 აგვისტოს გავაცნობიერე. მეგობართან, ეზოში ვიდექით. ორი, თუ სამი კვირა წყალი არ გვქონდა ქალაქში და ზუსტად მაშინ მოვიდა წყლის მანქანა. მილი ქართულ სოფელში გადაგვიჭრეს. ჩვენ ხალხს ვეხმარებოდით, ვაგროვებინებდით და მერე სახლში ვუზიდავდით. ერთი ოჯახი ჩვენს თვალწინ ჩაჯდა მანქანაში და ჩრდილოეთ ოსეთში წავიდა. მივხვდი, რომ უკვე ომი იყო.
მაშინ სტუდენტი ვიყავი. 7 აგვისტოს მეგობრებთან ერთად, თხუთმეტნი, ქალაქის ცენტრში მოხალისეების შტაბში ავედით, მოხალისეებად გვინდოდა ჩაწერა. იმათ კიდე, დაგვავალეს საწყობიდან საძილე ტომრები და ლეიბები მოიტანეთ, ყაზარმა მოაწყვეთო. ერთი დღე კი მოვუნდით და სადილის მერე, ხეთაგუროვის მხრიდან, არტილერიის ჭურვების ხმა მოგვესმა.
იარაღი შვიდში დაგვირიგეს. საღამოს ცხრა, თუ ათი საათი იყო. შტაბში რესპუბლიკის პრეზიდენტი, ედუარდ ჯაბაევიჩი, კოკოითი მოვიდა და გვითხრა ქართულმა მხარემ გამოაცხადა, რესპუბლიკის მისადგომებთან, მოსაზღვრე სოფლებში, ჩვენი მხრიდან საომარი მოქმედებები წყდება, და წადით სახლში, ყველას მორიგეობა აუცილებელი არ არისო. ჩემს სახლამდე ასი, ან ორასი მეტრი იყო. მივედი, ვივახშმე, მაგრამ ბოლოს მაინც დავურეკე მეგობარს და ისევ შტაბში ავბრუნდი. სადღაც 11 საათისთვის გაისმა პირველი აფეთქების ხმა. რომ გავიხედე, მივხვდი, „ობობას“ ცხრილავდნენ.
დილამდე ბიბლიოთეკის სარდაფში ვიყავით. მოხალისეების შტაბი უმოქმედო საბავშვო ბაღში მოაწყვეს. შენობას არც სარდაფი ჰქონდა, არც რამე ადგილი, თავი რომ შეგეფარებინა. სადღაც ხუთი საათისთვის სროლა შეწყდა.
გავიქეცი სახლში, ჩემებს ვნახავ-მეთქი, არ მპასუხობდნენ ტელეფონებზე. დამხვდნენ დედა, და, ბებია და ძმა. სად ხართ-მეთქი, რომ დავიძახე, სარდაფიდან მიპასუხეს. დავმშვიდდი. მერე ისევ უკან წავედი.
სასტუმრო “ალანთან” გამოცხადდითო, ბრძანება მოვიდა. იქ ოცდაათამდე ადამიანი დაგვხვდა. ორ ნაწილად გაგვყვეს. ჩვენ გვიბრძანეს ტბეთისკენ წავსულიყავით, ორ-სამ კილომეტრშია ცხინვალიდან. ერთ-ერთ სახლში თავდაცვის შტაბი იყო, იქ ჩამოვტვირთეთ. მოხალისეების მეთაურმა გვიბრძანა ომონელებთან დავმდგარიყავით, ხეთაგუროვის შესასვლელთან. მივედით. მეგობართან ერთად ვიყავი, იმას ერპეგა ჰქონდა, მე ჭურვები. არავითარი გამაგრება იქ არ იყო, არც სანგრები, გზის პირას, ხევში ვიდექით. მალე გზაზე ქართული ტანკები გამოჩდნენ, დაიწყო სროლა, ისინი არტილერიით გვიტევდნენ. რამდენიმე დაიჭრა, მაგრამ მძიმედ არა. ჩემი მეგობარი ფეხში დაიჭრა. შეტაკება დიდხანს არ გაგრძელდა. მივხვდით, ტანკებს ვერ ვაჯობებდით. დავტოვეთ პოზიცია და ქალაქში დავბრუნდით. ორგანიზებული მოქმედებები კი არ იყო, უბრალოდ „ალანში“ დავბრუნდით. იქ უკვე ბევრი მოხალისე დაგვხვდა, სხვადასხვა რაიონიდან იყვნენ, მაგრამ ახალი ვერაფერი გავიგეთ. მეკითხებოდნენ რა ხდებოდაო, მე ვუთხარი ქართული ტანკები ქალაქში შემოდიან-მეთქი. ერთიანი ბრძანებები არ მოდიოდა, არ იყო კოორდინაცია. სამშვიდობოებთან წავალ-მეთქი, ახლოს იყვნენ სასტუმროსთან. მივედი და ყველაფერი დაბომბილი დამხვდა, განადგურებული.
ერთი კორპუსიდან მეორეში გადავდიოდით. ჩემ დაჭრილ მეგობარს ვეძებდი. 9 აგვისტოს გავარკვიე, რომ კარგად იყო. სახლშიც შევირბინე, ვნახე ჩემები. პერიოდულად ვერთვებოდით ომში.
9 აგვისტოს დილას, გვითხრეს მკლავებზე თეთრი სახვევი გაიკეთეთო. ამბობდნენ, ქალაქში დივერსიული ჯგუფებია, ქართველები რაციაში ოსებად ასაღებენ თავს და სამაშველო ჯგუფებს იძახებენ სხვადასხვა უბნიდანო. იყო ინფორმაცია „ნავოდჩიკებზეც“. 12-ე სკოლასთან საშინელი შეტაკებებიაო, მოვიდა ხმები.
ქართულმა ჯარმა მეორედ შეტევა 9 აგვისტოს, სადილის მერე სცადა. იქამდე, მეგობარმა დამირეკა, დეიდაჩემი გარდაიცვალა, სახლს ჭურვი მოხვდაო. თვითონ იქ არ იყო, ბავშვობიდან შშმპ-ა. ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობენ, სამი სახლის იქით. წავედით და დავასაფლავეთ ვენახში. ალანის ეპარქიის არქიეპისკოპოსი , მამა ალექსანდრეც იქ დაგვხვდა. სიტყვა წარმოთქვა, თუ ლოცვა, არ მახსოვს.
მიცვალებულებთან ყველა წესის დაცვა არ გამოდიოდა, ომი იყო, მაგრამ ხომ უნდა დაგვესაფლავებინა.
ჭურვების გაუთავებელი წუილი გვესმოდა, ყოველ წუთს შეიძლებოდა თავზე დაგვცემოდა. ამ მოკლული ქალის დედა ძალიან მოხუცი იყო, დამოუკიდებლად ვეღარც დადიოდა. სახლთან იჯდა და გვიყურებდა როგორ ვმარხავდით მაგის შვილს. მამა ალექსანდრე ამბობდა, ღმერთი უშველის ჩვენს ხალხსო, მე კი იმას ვფიქრობდი, რა ეშველებოდა ამ საფლავს. დარჩებოდა იქ, თუ ეღირსებოდა როდესმე სასაფლაოზე გადასვენება.
______________________________________________________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ზარინა სანაკოევა