ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Trainspotting-ი ქართულად

”And though she’s not really ill, there’s a little yellow pill
                                           
And if you take more of those, you will get an overdose”

The Rolling Stones 

,,ეგრეთ წოდებული” – ეს არის ტერმინი, რომელიც ამ სტატიის მთავარი თემის ირგვლივ ინტერნეტ-ძიების პროცესში, ადგილობრივ ვებ-გვერდებზე ყველაზე მეტად გხვდება თვალში. მაგალითად: ,,ე.წ. კუსტარული ნარკოტიკები”, ,,ე.წ. კაიფი”, ,,ე.წ. გაბაგამა” და ამ სტატიის მთავარი თემაც – ,,ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია”. 

 

ამ ,,ე.წ.”-ს მიღმა ახალი, პრინციპში, არაფერი იმალება. პირიქით, ეს ისეთივე ძველია, როგორიც ჩვენი სამყარო, რადგან ადამიანს არასიფხიზლისა თუ საკუთარი ცნობიერების შეცვლისკენ მიდრეკილება, სავარაუდოდ, იმ დროიდან გაუჩნდა, რა დროიდანაც გაუჩნდა ცნობიერება – ცნობიერება, რომ არსებობს. თორემ, აბა, გინახავთ ცხოველი, ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მისაღებად ირჯებოდეს?! (კატას და ,,კატაბალახას” ამბავი ცოტა სხვა ამბავია).

ამდენად, ალბათ არაა გასაკვირი, რომ ჩვენი სამყაროს ძლევამოსილთა შესახებ არსებული შეთქმულებების თეორიების უმეტესობა, რომელიც არ უკავშირდება იარაღს, უკავშირდება ნარკოტიკს. და არც ისაა გასაკვირი, რომ მაგალითად, დიდ ბრიტანეთში არალეგალურ ნივთიერებათა მომხმარებლები უფრო ბევრნი არიან, ვიდრე ვეგეტარიანელები.

ყველა ეპოქას თავისი ემბლემატური ნარკოტიკი აქვს. მაგალითად, 1960-იანების ჰიპების თაობამ LSD-ს რომანტიზებას შეუწყო ხელი; მერე, დისკო-კულტურის განვითარების კვალდაკვალ, კოკაინი გახდა პოპულარული; 1990-იანებში, ჰეროინის ფასის დავარდნასთან, ხარისხის ზრდასა და ისეთი საკულტო მოდელის გამოჩენასთან ერთად, როგორიც კეიტ მოსია, ტერმინი ”heroine chic”-ი დამკვიდრდა და კეიტ მოსის მსგავს ფიგურებსა და Trainspotting-ის მსგავს ფილმებს ამ ნარკოტიკის ,,გლამურიზებაშიც” კი დასდეს ბრალი. 2000-იანებში, საკლუბო ინდუსტრიის განვითარებამ ექსტაზი და MDMA მოიტანა...

დღეს უფრო არაერთგვაროვანი სიტუაციაა. მართალია, The Global Drug Survey-ის 2014 წლის მონაცემებით, დასავლურ კულტურებში  48%-ით პირველობას მარიხუანა ინარჩუნებს (მას MDMA და კოკაინი მოსდევს, 23 %-ითა და 16%-ით, შესაბამისად), ამერიკაში, National Institute on Drug Abuse-ის გამოკითხვის თანახმად, მარიხუანას შემდეგ ყველაზე გავრცელებული რეცეპტიანი წამლების არადანიშნულებისამებრ მოხმარებაა (თითქმის 7%).   საქართველოში ამას ,,ე.წ.” სააფთიაქო ნარკოტიკების მოხმარებას ჰქვია.

ამ ტიპის წამლებს, განსაკუთრებით ტრანკვილიზატორებს, ქალები უფრო მეტად იყენებენ, ვიდრე კაცები; მაროკოში, მაგალითად, ქალები ამ ნივთიერებებს მარიხუანაზე ხშირად მოიხმარენ, ალჟირში კი მარიხუანაზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე ხშირადაც კი.

ეს ტრენდები, თავის მხრივ, უამრავ რამეზეა დამოკიდებული, ინდივიდუალური და კულტურული სხვაობებით დაწყებული, პოლიტიკურითა და ეკონომიკურით და თანამედროვე სამყაროს კონკრეტული გამოწვევებით დამთავრებული. 2009 წელს, New Yorker-ის სტატია ვთარგმნე, რომელიც არასამედიცინო მიზნებისთვის მოხმარებულ ტვინის სტიმულატორებს, ძირითადად, ადერალს, ეხებოდა. ავტორი წერდა, ასეთი წამლები ჩვენს სწრაფ, კონკურენტულ, ,,Blackberry-ით აღჭურვილ ოფისურ კულტურას” მშვენივრად ასახავსო, და მართლაც, სტატიის გმირები ჰარვარდის წარმატებული სტუდენტი, მილიონერი პოკერის პროფესიონალი მოთამაშე, ავტორის ნაცნობი ჟურნალისტი და მრავალდიპლომიანი მკვლევარი არიან (ადერალზე ამაო მოთხოვნა საქართველოში სამიოდე წლის წინ გაჩნდა – ყოველ შემთხვევაში, მაშინ გავიგე პირველად ნაცნობებში, ნეტავ, ადერალი იშოვებოდესო).

ადერალის მერე ცოტა გულისმომკვლელი მაგალითია, მაგრამ გემახსოვრებათ ალბათ ლარიანი წებოს მოხმარების ერთ დროს თვალშისაცემად ხშირი შემთხვევები საქართველოში...   

,,სააფთიაქო ნარკოტიკების მოხმარების ძირითადი მიზეზი მათი ხელმისაწვდომობაა. ქვეყანაში, სადაც ექსტაზი $50 და მეტი ღირს, იაფ აბებს ყიდულობენ,” – გვეუბნება 23 წლის ნია, რომელიც ერთი წელი თითქმის ყოველდღე მოიხმარდა სააფთიაქო ნარკოტიკებს, – ,,ფული რომ მქონდეს, არ ვიყიდდი ხველების წამალს, ვიყიდდი, ვთქვათ, MDMA-ს. და მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ნარკოპოლიტიკაა, ანუ შიში. სააფთიაქო წამლების მოხმარებისას თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობ.”

,,ესეთი ბანძი ნარკოტიკები იმ ქვეყნებში იკიდებს ფეხს, სადაც სხვა ნარკოტიკები არაა ან არის და ძვირია და პლუს დიდი ციხე მოყვება. არავინ არ დალევდა ციკლადოლს, რომ იშოვებოდეს პლანი”

ამბობს 36 წლის სალომე, ფსიქოტროპული აფთიაქების სტაჟიანი კლიენტი, ,,ზოგადად, ეს პოსტ-საბჭოთა ფენომენი მგონია, რუსული.”

,,რატომ, რუსეთში ჩვეულებრივი ნარკოტიკებიც იშოვება”, ეწინააღმდეგება მსგავსი სტაჟის მქონე 35 წლის სანდრო. 

,,ეგ – მოსკოვში, თორემ რუსეთი დიდია. ქსენია სობჩაკი ვინტს რომ არ იჩხირავს, ვიცი! მთელი ეს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკები, ჯეფი, კრაკადილი და ვინტი რუსეთიდანაა შემოსული.” – პასუხობს სალომე.

ვინტს რომ ,,რუსულ ამფეტამინს” უძახიან, ამას მომდევნო დღეს ნიაც მიდასტურებს. კრაკადილი რომ რუსული მოვლენაა, ამაზე მისი სახელიც მეტყველებს; CNN-ი მას ,,ხორცის მჭამელ ზომბი ნარკოტიკს” უწოდებს, რომელიც რუსეთის მასობრივ პრობლემად 2000-იანებში იქცა. თუმცა, 2011-დან კრაკადილის ხმარება დასავლეთ ევროპაშიც დაიწყეს, 2013-დან კი, როგორც ამერიკულმა Time-მა დაწერა, მონსტრმა უკვე ატლანტიკაც გადაკვეთა.     

ამასვე მეუბნება რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაჭარაშვილი და ამატებს, რომ სააფთიაქო ნარკომანია ,,არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა და მსოფლიოში ჯერ-ჯერობით არ ყოფილა შემთხვევა, რომ  ის სრულად აღმოეფხვრათ.”

ნივთიერებები, რომლებსაც არამიზნობრივად მოიხმარენ  გამუდმებით იცვლება: ,,თუ დღეს ერთი ნივთიერებაა აქტუალური, ხვალ შეიძლება აბსოლუტურად სხვა ნივთიერებები გამოჩნდეს, რომლებზეც კონტროლის მექანიზმი არ არსებობს.” უკეთ რომ მიხვდეთ, რატომ არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, ფარმაცევტული ნივთიერებების კლასიფიკაციაში გაგარკვევთ.

მაშ ასე: პირველ ჯგუფში შედის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები (ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ასევე პრეკურსორები ანუ ნარკოტიკების დასამზადებელი ნივთიერებები), რომლებიც ფორმა ნომერი 1-ის რეცეპტით გაიცემა. ამავე ჯგუფში შედის მათთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ფორმა ნომერი 2-ით გაიცემა. მათ მიეკუთვნება სწორედ ის პოპულარული წამლები, რასაც სააფთიაქო ნარკოტიკებს ვუძახით: გაბაპენტინი, ბაკლოფენი, ზოპიკლონი, ზალეპლონი, დექსტრომეტორფანი, ტროპიკამიდი. 2014 წლის საკანონმდებლო ცვლილებებამდე ეს პრეპარატების მეორე და მესამე ჯგუფს მიეკუთვნებოდა.

რაც შეეხება მეორე და მესამე ჯგუფებს, მეორე ჯგუფში ის საშუალებები შედის, რომელთა გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე შეუძლებელია და მათ ფორმა 3 სჭირდებათ, მაგალითად – ანტიბიოტიკები. მესამე ჯგუფი კი ყველაზე “უწყინარია” და მასში შემავალი წამლები შეგიძლიათ ექიმის დანიშნულების გარეშე დალიოთ, მაგალითად – ანალგინი.

საქმეს და შესაბამისად კონტროლს კი ის ართულებს, რომ კლასიფიკაცია და რეკლასიფიკაცია რთული და ხანგრძლივი პროცესია.  (კრიმინალური და ნარკოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შთანხმებით ამზადებს კანონში შესატან ცვლილებებს და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად)

კოსმოსური ხომალდის ტემპების მქონე ფარმაინდუსტრიაში სოკოებივით გამოჩენილი ყოველი ახალი წამლის გაკონტროლება და რეკლასიფიკაცია პეპლებზე ნადირობას ემსგავსება.

,,მეორე და მესამე ჯგუფში გვხვდება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც, პრაქტიკულად, პირველი ჯგუფის ნივთიერებათა ანალოგია” გვეუბნება დავითი, ,,ძალიან უხეშად გიხსნით, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ბირთვი ერთი აქვთ, განსხვავება შეიძლება ერთ ატომში იყოს და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ისევე მოქმედებდეს, როგორც პირველი ჯგუფის ნივთიერებები. მაგრამ რადგან საერთაშორისო დასახელება სხვა აქვს, არც გაეროს კონვენციებში, არც ნაციონალურ კანონმდებლობაში, არც მინისტრის ბრძანებულებაში ეს ნივთიერება არაა პირველ ჯგუფში მოხვედრილი, და შესაბამისად, მათზე კონტროლის ბერკეტები არ არსებობს. ამით სარგებლობენ, ზოგადად, ფარმაინდუსტრიის ,,არაკეთილსინდისიერი” წარმომადგენლები.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ერთ-ერთი გამოწვევა რეკლასიფიკაციის საკითხს უკავშირდება: ,,როცა ვიგებთ, რომ ფიქსირდება არამიზნობრივი გამოყენების ფაქტები – საზოგადოებიდან თუ შსს-დან შემოსული შეტყობინებების საფუძველზე – ან იზრდება ამა თუ იმ ნივთიერების იმპორტი, ვიწყებთ გარკვევას  რატომ მოხდა ასე. უახლოეს მომავალში რამდენიმე მსგავსი ნივთიერება აუცილებლად გადავა მესამედან პირველ ჯგუფში”, ამბობს დავითი.

მეორე მიმართულება იმპორტის შემცირებაა. 2014 წლის რეკლასიფიკაციის მერე, ,,ცვლილებამდელ პერიოდთან შედარებით, 70%-ითაა შემცირებული ამ ნივთიერებათა იმპორტი”, შესაბამისად, არამიზნობრივი მომხმარებაც დაეცა, მიუხედავად იმისა, რომ ,,მაინც გვაქვს მათი ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები.” საკანონმდებლო ცვლილებები უფრო ეფექტური გამოდგა იმ ნივთიერებების მიმართ, რისგანაც კუსტარული ნარკოტიკები (კრაკადილი, ვინტი, ჯეფი) მზადდება. შსს-ს ვებ-გვერდიც გვამცნობს, რომ დეზომორფინის მოხმარება 99%-ზე მეტით შემცირდა. ამას ჩვენი სააფთიაქო ნარკოტიკების მომხმარებელი რესპონდენტებიც იზიარებენ: ,,ჯეფის, ვინტის და კრაკადილისთვის საჭირო რაღაცები ან სულ აკრძალეს, ან ისე გააძვირეს, რომ აზრი არა აქვს...” ასევე, ,,აღარ ხდება ინტრავენურად მოხმარებადი თვალის წვეთების, ტროპიკამიდის უკანონო გაცემა,” ამბობს დავითი. 

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ,,გარკვეული რისკები ახლავს, ვინაიდან იმპორტიორები შემოტანაზე უარს ამბობენ და რისკია, რომ რეალური პაციენტები სამკურნალო საშუალებების გარეშე დარჩნენ. თუმცა, მაგალითად, კოდეინის შემცველი პრეპარატების ნარკოტიკულ  ნუსხაში გადატანის შემდეგ, დავითის თქმით, ,,ერთი პერიოდი ატყდა ბუმი, რომ პაციენტებს ესაჭიროებათ ეს სამკურნალო საშუალება... ერთ კომპანიას მივეცით ნებართვა და შემოიტანა 500 კოლოფი – 5,000 აბი. ორი წელია მას მერე გასული და 50 კოლოფიც არ გაყიდულა.” ე.ი. რეალური პაციენტების რაოდენობა, სინამდვილეში, მცირეა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებამდე იმაზე გაცილებით მეტი (15 მილიონი ერთეული) შემოდიოდა, ვიდრე რეალურად იყო საჭირო.

უფრო მოკლევადიან – ერთიდან ორ თვემდე პერიოდში – მოსაგვარებელ საკითხად დავითი ავტორიზებული აფთიაქებისთვის სალიცენზიო პირობების გამკაცრებას მიიჩნევს. ავტორიზებული აფთიაქი ის აფთიაქია, რომელსაც აქვს პირველ ჯგუფში შემავალი ნივთიერებების მიმოქცევის უფლება.

თუმცა, დავითის თქმით, მხოლოდ ნებართვის გამკაცრების იმედზე არ არიან: ,,პერმანენტულ რეჟიმში შსს-სთან ერთად კონტროლის ღონისძიებებს ვახორციელებთ. სტატისტიკასაც გვაწვდის: ბოლო შვიდი თვის განმავლობაში დაახლოებით 350-მდე სამართალდარღვევაა აღმოჩენილი, აქედან დაახლოებით 70 პირველი ჯგუფის ნივთიერებების უკანონო ბრუნვას უკავშირდება.  12 დაწესებულებას გაუუქმდა ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა, სამზე კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიდის. 

ადგილობრივი ინტერნეტი (როგორც ნიუზ-მედია, ისე სახალხო მედია) არ უჩივის ემოციური შინაარსისა და ფორმის ტექსტების ნაკლებობას სააფთიაქო ნარკოტიკების შესახებ, სადაც ძირითადი აქცენტი ,,თაობის დაღუპვაზეა” გაკეთებული.

სამაგიეროდ, თემის ირგვლივ, პრაქტიკულად, ვერ ნახავთ კვლევებს, თანაც, კონკრეტულად სააფთიაქო ნარკოტიკების კი არა, ზოგადად ნარკოტიკების ირგვლივ ჩატარებული კვლევებიც მწირია. თუ დასავლურ კულტურებში იმაზეც კია სტატისტიკა, თუ რომელი ნივთიერებაა ამა თუ იმ  ფესტივალზე პოპულარული (მაგ., Glastonbury-ზე ალკოჰოლი ჭარბობს, Electric Daisy Carnival-ზე – MDMA, Coachella-ზე – კოკაინი, Burning Man-ზე კი ჯადოსნური სოკოები, DMT და LSD), ჩვენთან ზოგად პოპულაციაში ნარკოტიკების მოხმარებაზეც კი არ არსებობს ჯერ-ჯერობით მონაცემები.

გარკვეული ინფორმაციის მიღება ,,ალტერნატივა ჯორჯიას” კვლევითი ანგარიშიდან შეიძლება.  თუმცა, მონაცემების განზოგადება მაინც რთულდება, რადგან ანგარიშში, 2014 წლის მონაცემები ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს (1,728 გამოკითხულს) ეხება, რომლებიც კონკრეტულ ინტერვენციას გადიოდნენ და მათგან მხოლოდ 6% იყო ქალი. ასეა თუ ისე, ეს მონაცემები მაინც ეხმიანება გლობალურ ტრენდებს იმ მხრივ, რომ მარიხუანა აქაც ლიდერობს (42%), ხოლო დეზომორფინი (31%), ჰეროინი (31%) და კუსტარული სტიმულატორები (31%) დაახლოებით ერთ პოზიციაზე არიან. სხვა ქვეყნების მონაცემებთან ის მსგავსებაცაა, რომ ქალები კუსტარულ სტიმულატორებს ყველაზე აქტიურად იყენებენ (48%) – მარიხუანაზე (43%) ხშირად და თითქმის ისევე ხშირად, როგორც ალკოჰოლს (50%). რაც შეეხება რესპონდენტთა ასაკს, მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 31-დან 40 წლამდე გვხვდება, თუმცა არც ეს ასახავს ზოგად სურათს, რადგან კვლევის მონაწილეთა საშუალო ასაკი ისედაც 34 წელი იყო.

,,ალტერნატივა ჯორჯიას” ანგარიშში კიდევ ერთი, 2014 წლის ბოლოდან 2015 წლის გაზაფხულამდე ჩატარებული კვლევის შედეგებია შესული, რომლის რესპონდენტები აგრეთვე ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები (2,037 გამოკითხული) არიან, 37-დან 42 წლამდე ასაკის, და ამბობენ, რომ არაინექციური ნარკოტიკებიდან ყველაზე ხშირად მარიხუანასა და ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტებს მოიხმარენ, გამოკითხულთა უმრავლესობა (69%) კი სააფთიაქო ნარკოტიკებსაც იღებს.

თუმცა, კვლევებში ვერაფერს ამბობენმაგალითადმოხმარებული ნივთიერებების ფასის ან ზედოზირების შედეგად სიკვდილიანობის 
შესახებრეგისტრირებული მონაცემებით, 2014 წელს ზედოზირებას 7 ადამიანი ემსხვერპლარაცსამწუხაროდსაქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციანრომ არ ასახავს რეალობას.

რეალობის ასახვის პრობლემები აქვს კანონსაც, რომელიც 200-ზე მეტ ნარკოტიკულ საშუალებასა და 67 ფსიქოტროპულ ნივთიერებას კრძალავს, თანაც, მკაცრად. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენს რესპონდენტებს, ანუ სააფთიაქო ნარკოტიკების ყოფილ თუ მიმდინარე მომხმარებლებს რომ ჰკითხო, რომელთა სახელები სტატიაში შეცვლილია, ფსიქოტროპული ნივთიერებების ურეცეპტოდ ყიდვას დაბრკოლებები თან არ ახლავს და პროცესი მასიურია: სანდროს თანახმად, ,,ფსიქოტროპულთან ერთი ხუთი წუთი რომ დადგე, მოვა რვა ტიპი, იყიდის ბაკლოსანს და გრიმოდინს, იქვე დალევს და წავა... ჰო, წყალსაც იქვე ყიდიან მაცივრიდან ცივ-ცივს – სნოს. წმინდა წყალს.”

მომხმარებელიც მრავალფეროვანი ჰყავთ ამ აფთიაქებს: ,,ყველანაირი ტიპები მოდიან: გოგოები, ბიჭები, დიდები, პატარები, ბაბულიკები, არაბაბულიკები, პოლიციის თანამშრომლები» ამბობს სანდრო. ნიას დაკვირვებით კი ,,ცოტა არაორდინალური გარეგნობის თუ ხარ ან მობაბულიკო, უფრო ადვილად მოგცემენ.”

ზოგადად, ყიდვის პრობლემა არც ერთს ჰქონია. ,,ერთადერთი, მინახავს რომ 18 წლამდე ბავშვებს არ აძლევენ, ეს ბავშვები კიდევ აფთიაქებთან დგანან, რომ ვინმე დიდს თხოვონ ყიდვა, გამყიდველები თუ ხედავენ, გამოდიან და ეჩხუბებიან ამ ბავშვებსაც და დიდებსაც”, ამბობს სანდრო, ,,თორემ ისე, მეტი არაფერი. ეგ კი არა, ლირიკა რომ შეიზღუდა, გამყიდველებმა მითხრეს, ლირიკა არა, მაგრამ გაბა-გაბა გვაქვსო. თვითონ მირჩიეს.” ნიას თქმითაც, ,,ხშირად ყოფილა, რომ უთქვამთ, რომ აი, ესა და ეს წამალი დღეს არ გვაქვს, მაგრამ ხვალ მოდი, შეგინახავთო.” სანდროსა და სალომესგან განსხვავებით, რომლებიც ამბობენ, რომ ამა თუ იმ ახალი წამლის შესახებ ინფორმაცია მეგობრებისგან ვრცელდება (რომლებიც, თავის მხრივ, სავარაუდოდ,  ქიმიაში და ინტერნეტის საძიებო სისტემებში კარგად ჩახედული ერთ-ორი მეგობრისგან იღებენ ინფორმაციას), ნია თვლის, რომ ამ საქმეს თავად მეაფთიაქეებიც აკეთებენ: ,,მათ იციან ქიმიური შემადგენლობები და მათგან გადის ინფორმაცია: პირველ რიგში, მათ უნდათ, რომ ბევრი გაყიდონ.”

წინადადების მეორე ნაწილთან დაკავშირებით, სანდროს უფრო ოპტიმისტური დამოკიდებულება აქვს: ,,ზოგი ისეთი გამყიდველია, გულწრფელად ნერვიულობს, გვეუბნებიან, საშინელებაა და შეეშვითო.” თუმცა, სალომე არ ეთანხმება: ,,დიდად არ მჯერა მაგათი ნერვიულობის. პირიქით, ძაან უნდათ, რომ გაყიდონ, უბრალოდ არ უნდათ, რომ ვინმე ინტრიგანი აღმოჩნდე და თუ იფიქრეს, რომ ვთქვათ, ჟურნალისტი ხარ ან ვინმე ისეთი, არ მოგყიდიან... ჩემი აზრით, პოლიციის დიდად არც ეშინიათ, მთავარია, რომ სკანდალი არ ატყდეს.”   

ფარმაცევტული ინდუსტრია თავისთავად გიგანტი ინდუსტრიაა: მსოფლიო მასშტაბით გაყიდვების მაჩვენებელმა 2014 წელს $1 ტრილიონს მიაღწია. ამდენად, ბუნებრივია, რომ ეს სააფთიაქო ნარკოინდუსტრიაც ჩვეულებრივი ბაზრის კანონებით მოქმედებს: როცა იზრდება მოთხოვნა, იწევს ფასიც. ,,თუ ადრე შეგეძლო ერთი ლისტი ხველების წამალი, მაქსიმუმ, 5 ლარად გეყიდა, ეხლა მარტო ერთი ტაბლეტი ღირს 3 ლარი. მაგრამ მაინც ჰყავთ მომხმარებელი. ჩვეულებრივი ბიზნესია. ერთ დღეშიც კი ზრდიან ფასებს”, ამბობს ნია. ირაკლის თქმითაც, ,,ეხლა კატასტროფული ფასებია. თუ სამი წლის წინ რაღაც 60 თეთრი ღირდა, დღეს 30 ლარი გახადეს.” იგივე მოხდა გრიმოდინის და ლირიკას (პრეგაბალინის) შემთხვევაშიც. ეს უკანასკნელი, სანდროს თანახმად, ,,თავიდან, მგონი, ლარი ღირდა და მერე გააძვირეს და გააძვირეს”; ,,აკრძალეს მთლიანად, სასჯელიც იგივეა, რაც ჩვეულებრივ ნარკოტიკზე”, ამატებს სალომე. ,,რაც უნდა ბევრი ფული გქონდეს, აფთიაქში არ მოგცემენ”, გვეუბნება ნია. ამას დავით მაჭარაშვილიც ადასტურებს: ,,პრეგაბალინთან დაკავშირებით კარგი მიღწევები გვაქვს. 2012 წლიდან მასზე გამკაცრებულია კონტროლი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა დაწესებული, თუმცა, მათი უკანონო მიმოქცევის ერთეული შემთხვევები გვაქვს.” მსგავსი შემთხვევის შესახებ ნიასაც სმენია: ,,არის ხოლმე, როცა ექიმები სამედიცინო მიზნებით უნიშნავენ ლირიკას ვიღაცებს და მერე ეს ვიღაცები ყიდიან. 40 ლარი უნდა გადაიხადო ერთ კაფსულაში, თუ ადრე, ვთქვათ, ლარი ღირდა.” თუმცა, ნია, მასზე 12-13 წლით უფროსი სანდროსა და სალომესგან განსხვევბით, ლირიკის ამ ,,ეპოქას” ვერ მოესწრო: ,,იმ დროს დავიწყე სააფთიაქო ნარკოტიკების მოხმარება, როცა ლირიკას უკვე ბარიგებისგან ყიდულობდნენ, როგორც ჩვეულებრივ ნარკოტიკს.”

თაობათა შორის სხვაობები ამ ნივთიერებებისადმი მიდგომებში იჩენს თავს. მაგალითად, თუ ნია და ირაკლი ერთი წელი, ლამის ყოველდღე, დექსტრომეტორფანის შემცველს იღებდნენ, სალომეს თქმით, ,,ეს ახალ თაობაშია უფრო მოდაში, არადა გარანტირებული ცუდი ტრიპი გაქვს”; ,,მინახავს, შედიან აფთიაქში, ათ ცალს სვამენ და გარბიან, ვითომც არაფერი...” ამატებს სანდრო. ,,გიორგიმ რას შეადარა, იცი?” – ერთვება სალომე, – ,,საბჭოთა LSD-ს. თან ეგეთი შეგრძნება მაქვს, რომ კომუნისტურ რკინის ტაშტში ვზივარო. აი, ნამდვილი LSD ხომ ასოცირდება ყვავილებთან, ბედნიერებასთან, ჰიპებთან, ეს კიდევ რაღაც რკინისაა და ჯოჯოხეთური. როგორი ქვეყანაც იყო საბჭოთა კავშირი, ეგეთი კაიფი აქვს.” ამ მახვილგონივრული შედარების დღიდან სანდროს და სალომეს სხვა რამეებიც გაახსენდათ: ,,მაგ დღეს იკა იძახდა, მგონია, რომ ბუშტში ვზივარო, ძაან ცუდად ვარო და სასწრაფოს გამოუძახეთო. ეკა ეკითხება, მარტო ხარ მაგ ბუშტში თუ ჩვენთან ერთადო, და იკამ, თქვენთან ერთადო, ჰოდა, მარტო რომ დარჩები, მერე გამოვუძახებთ სასწრაფოსო.”  ,,მაგ დღეს რვეულს რომ ვეწეოდით გახსოვს?” ბიო მოსაწევი ჰქონდათ, რასაც რვეულზე თუთუნთან ერთად აცენტონში აზავებდნენ. რომ გაუთავდათ, მიხვდნენ, რომ ამ ფურცლებს სულ შეწოვილი ჰქონდა ნივთიერება, ჰოდა, ფურცლებს ხევდნენ, აქუცმამცებდნენ და ეწეოდნენ. ,,ხალხი რა დღეში იყო!”      

სანდრო ბიოს პოპულარული მეტსახელის, ,,ჩაის” თანაავტორია (,,იმიტომ რომ, თავიდან არ ვიცოდით, რომ თუთუნში შეგვეძლო მოგვეწია და ჩაიში ვეწეოდით”) და ზუსტად ,,ჩაის” ქვეშ იყო, როცა იუსტიციის მინისტრის განცხადება ნახა: ,,აიკრძალოს ბიო მოსაწევი, ე.წ. ჩაი!» იმდენწლიანი გამოცდილება აქვს, რომ, ფაქტობრივად, ქართული სააფთიაქო ნარკოტიკების მემატინეა. მათ ევოლუციას მოგიყვება, თავისი მხატვრული დეტალებით, მაგრამ ,,დავანებე ეხლა თავი და ძალიან ბედნიერი ვარ.”

ნიამაც დაანება თავი და ურჩევნია, უფრო ხარისხიანი ნარკოტიკები მოიხმაროს უფრო იშვიათად და გასართობად. ,,იქ მიბრუნება არ მინდა... ანორექსია დამემართა... აღარ გავეკარები... სააფთიაქო ნარკოტიკებში იმდენი ნივთიერებაა, რაც გხშამავს, რომ კაიფთან ერთად, საშინლად იწამლები.” 

საბოლოოდ, ორივე თაობის წარმომადგენელი რესპონდენტების აზრით, ეს სააფთიაქო ნარკომანია ნარკოპოლიტიკაზე დადის ანუ იმაზე, რაზეც ლამის ურბანული საზოგადოების კონენსუსი არსებობს: თუნდაც მხოლოდ მარიხუანას მომხმარებელთა კრიმინალებად ცნობის სტატისტიკა და სიმკაცრე გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე დემოკრატიასა ან საღ აზრზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში ისურვებდი. თანაც

ომი სამყაროსავით ძველი მიდრეკილებების – ნარკოტიკების – წინააღმდეგ თავიდანვე განწირულია:

ყოველი ახალი აკრძალვა ყოველ ახალ და უფრო გართულებულ ან/და სახიფათო კერას გააჩენს და იქამდე იარსებებს ეს კერები, სანამ ადამიანს თავის გაბრუების სურვილი და ახალი გამოცდილებებისადმი ცნობისმოყვარეობა არ დაუჩლუნგდება

– მიზეზები, რასაც ჩვენი რესპონდენტებიც ასახელებენ თავიანთი გატაცების საფუძვლად.  

 მართლაც, ნარკოპოლიტიკა რომ პრობლემა არ იყოს, პარტიები წინასაარჩევნო გზავნილებში არ შეიტანდნენ ღია თუ ნაკლებად ღია მინიშნებებს ნარკოპოლიტიკის შერბილებასთან დაკავშირებით. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ თავად და მათი ნაცნობების უმრავლესობა ალბათ არც გასინჯავდა ასეთ საშუალებებს, ნარკოპოლიტიკა რომ უფრო ლმობიერი იყოს.

,,სააფთიაქო ნარკოტიკები არც არის ნარკოტიკები...” – საერთო აზრი აქვთ ჩვენს რესპონდენტებს, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ (ან ორივე ერთად) და თვლიან, რომ უნდა ჰქონდეთ უფლება, თავად გააკეთონ არჩევანი, რას უზამენ თავიანთ ზრდასრულ სხეულებსა და ტვინებს.

საბჭოთა LSD, რუსული ამფეტამინი, ქართული ექსტაზი – ეს ამ ცნობილი ნარკოტიკების კომპლიმენტები არაა. ეს დაახლოებით იგივეა, რაც გულის პოპულარული გამოსახულება ნამდვილი გულისთვის, თბილისის მოდის კვირეული – პარიზის მოდის კვირეულისთვის ან ის ვისკისფერი სასმელი – ნამდვილი ვისკისთვის, 1990-იანების თბილისში რომ უხვად ამშვენებდა ყვითელ ჯიხურებსა და განვითარებადი მაღაზიების დახლებს.

მოკლედ, ესეც თქვენი ,,ეგრეთ წოდებული” სააფთიაქო ნარკომანია.


ფოტო: საბა შენგელია

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა