
უბანში ასვლა ვერა | ნაწყვეტი დაუსრულებელი ტექსტიდან
ოფიციალური საზღვრები მოსაწყენია, მით უმეტეს, რომ აქ, ამ ადგილებში, არც არავის მოუნიშნავს ტერიტორიები. ყველაფერი ურბანულ ლეგენდებში, ლიტერატურის სფეროსა და სხვადასხვა თაობის ბირჟავიკების მოგონებებში ინახება. უკვე საპენსიო ასაკის ბირჟავიკები ამბობენ, რომ ვერა იწყება „აქ“, „იმის იქით“ მთაწმინდაა და „ამის იქით“ – ვაკე და რომ ხიდის სახით საზღვრებსშორისი ნეიტრალური ზონაც გვაქვს. პატარა ბირჟავიკების უმეტესობას სულ ფეხებზე ჰკიდია, დანაჩენი პატარები მამა-ბირჟავიკების ნათქვამს იმეორებენ. ურბანულ-ეთნოგრაფიულ მონოგრაფიებში კიდევ სხვა პათოსით, რეალობასთან აცდენილ ამბავს ჰყვებიან.
ყოველთვის მომგებიანია, შენ თვითონ გადაწყვიტო, საიდან იწყება და რა გზებით გრძელდება შენი უბანი. და გადაწყვიტო ისიც, მაინც რას გაძლევს მისი უწვრილეს კაპილარებამდე ცოდნა.
სადემარკაციო ხაზებს ე.წ. მისადგომების მონიშვნით ვიწყებ და ყოველ გავლაზე მექანიკურად ვამოწმებ ნიშნულებს – ხომ სწორად მიგრძვნია?
მისადგომები – შესავალია. ის ალაგები, სადაც მხოლოდ მინიშნებებს აკრეფ, როგორი ხასიათის დასახლება გელოდება წინ, რამდენნაირად ჩაიშლება, რამდენ ეპოქაზე, ექსკურსზე, ტიპაჟზე გაგიყვანს.
როცა უბანს კინოსახლის მხრიდან მივუდგები, პირველი, ვინც მეგებება, ლურჯ-წითელი სინთეტიკური ქსოვილისგან შეკერილ უნიფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცია.
ფეხებმოკეცილი, მუცელზე წევს, კინოსახლის კიბეებთან, ტროტუარზე ხოხავს, წინ მეღობება და ავტომატს ცლის. ოღონდ ჯერ ვერ ვხედავ, ჯერ მხოლოდ ვარჩევ უცხო ხმას ქუჩის ხმაურში – მონოტონურად და თან ყურთან ძალიან ახლოს რაღაც კაკანებს. დავხედავ და ტროტუარზე ეს პლასტმასის სუპერმენია.
პირველად რომ შევნიშნე, 27 სექტემბერი იყო, მაშინაც ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი ლექციისკენ, სოხუმის დაცემის დღეა – გამახსენდა დილის ნიუსი.
ენერგიულად მიმავალ ტურისტებს ფეხებში ედებოდათ მოწყალების სათხოვნელად ტროტუარზე ფეხმორთხმული სამხედროფორმიანი კაცის თხოვნა. კიბეებზე გამოფენილი თბილისის ხედების ჩარჩოებში იყო ჩაკეცილი ყველა ტრავმა და იქიდან ფეთქავდა. ეს პლასტმასის მეომარი კიდევ, თითქოს, ყველაფერს ბუტაფორიად აქცევდა. ვითომ დიდი შემართებით და მონდომებით ცლიდა ავტომატის ჯერს, ვითომ სათითაოდ იღებდა მიზანში მტერს, არადა, სულ ვერ ხედავდა. თვალები მიხატულიც არ ჰქონდა. იწა და გვცხრილავდა ყველას.
ომიც პლასტმასის. მეომარიც პლასტმასის. ტრავმებიც პლასტმასისაა. ნიუსს კი, აგერ, 25 წელი შეუსრულდა.
სად არის ომი? ჩემი უბნის დასაწყისში სიწყნარეა. ესე იგი, ზევითაც სიწყნარე იქნება. გაუმარჯოს უბნურ ყოველდღიურობაში ჩაკარგულ არშემჩნევას.
გზის იქითა მხარეს, ტროტუარის პირზე გამომავალი ფანჯრებით, საქეიფო სარდაფია. „პური და ღვინო“ ჰქვია, გაზაფხულის თბილ საღამოს როცა ჩამივლია, ალბათ, ლითონის შავ ძელზე დამონტაჟებული თეთრი ნათურების გამო, თავი რომელიმე ჰიპსტერი თბილისელის სახლურ წვეულებაზე მიგრძვნია, მხოლოდ სარდაფის ფანჯრებში ჩახედვისას შემიმჩნევია ლამინირებულ ქაღალდზე დაბეჭდილი მენიუ, რომელზეც ძეგლივით დგას „ქამა სოკო კეცზე“ და „нигвзиани бадрижани“ და თავის აწევის მერე, ზემელიდან წამობერილ სიოს ლოგიკურად მოუტანია ჩქარ ბიტებზე გადაწყობილი „калина“.
საიდან უნდა მოდიოდეს „калина“, თუ არა აზარიანცის სახლიდან? – არასწორია.
სწორია – საიდან უნდა მოდიოდეს „калина“, თუ არა ხინკლის სახლიდან?
ხინკალი ქართულ ჩოხაში გამოწყობილი სუვენირია. ქვევრთან წამოგორებული ულვაშიან-ღიპიანი კახელის თოჯინაა. სტალინის კერამიკული სათამაშოა. ხინკალი, რომელსაც აქვს საკუთარი სახლი („ხინკლის სახლი“) 1915 წელს რუსი არქიტექტორის მიერ თბილისელი სომეხი საქმოსნისთვის აგებულ რეზიდენციაში, კარიკატურაა. აქ რუსული ხალხური სიმღერის ელექტრონულად აჩქარებულ ვერსიაზე ღილებაწყვეტილი თეთრი პერანგიდან გამოშვერილი ღიპითა და მგზნებარედ დახუჭული თვალებით მელოტი ქართველი კაცი კავკასიურად ტორტმანებს. მუსიკა ზოგჯერ იცვლება, მაგრამ ხინკლის მისია – არა. ხინკალი გიფია, ქართველის ხელი უცხოელ სტუმარს უწყვეტი განმეორებით რომ პირში ჩურთავს და ხან „калина“-ს, ხანაც ქართულ სუფრულებს ასმენინებს.
მაგრამ სინამდვილეში „ხინკლის სახლი“ გასასვლელია. კარიბჭე სხვა სივრცეებისკენ, სადაც ურბანული ავთენტურობის სხვა წახნაგების პოვნის შანსი უფრო მაღალია. მთავარია, როგორც ტურისტს, გახსოვდეს, რომ ურბანული კარიკატურა, რომელშიც მოხვდი და რომელშიც აი, ამ წუთებშიც ქალაქურ ხინკალს მადიანად ხვრეპ, მხოლოდ სინამდვილის „მისადგომებია“. მას გაგრძელებაც აქვს, თუნდაც მოპირდაპირე მხარეს – კინოსახლის კიბეებზე – სადაც შეგიძლია ჩამოჯდე, გასინჯო საქართველოში დამზადებული იტალიური ნაყინი და ევროპული მაღალფარდოვნებით შორიდან გახედო „ხინკლის სახლიდან“ გამომავალ რუსულ-აზიურ ოხშივარს, როგორც, თითქოსდა, ვადაგასულ კულტურულ-პოლიტიკურ დილემას, რომელიც აქეთ აღარ აღწევს. თავი (იტალიური ნაყინის) ქუდში გაქვს და იმიტომ. შენს დასავლურ უსაფრთხოებას გვერდს „მაკდონალდსი“ უმაგრებს.
მაგრამ. ხომ გაგაფრთხილე. ურბანული კარიკატურა სინამდვილეში გასასვლელია-მეთქი. მისი გაგრძელება ამჯერად „მაკდონალდსის“ საძირკველშია. ის თითქმის „აეროფლოტის“ სალაროების ადგილზეა დაშენებული. კარგად მახსოვს რუსული მეტალის ასოები მეტალისა და შუშის სოვიეტიკურ კონსტრუქციაზე: Кассы Аэрофлота და იქვე დაფიქრება ერთ უცნაურობაზე: ავიახაზების სალარო საერთოდ არ აღმიძრავდა ოცნებას მოგზაურობაზე. მხოლოდ მერე დავასკვენი, უკვე დიდობაში: ეტყობა, „Кассы“ – ამ სიტყვის უკმეხი ჟღერადობა ამიწებდა სამოგზაურო წარმოსახვებს და თვითონ შენობის სიმახინჯეც. მერე კი, „აეროფლოტის“ სალაროების დახურვიდან პოლარულად განსხვავებული სამყაროს სიმბოლოს – „მაკდონალდსის“ აღმართვამდე, იყო დიდი ვნებათაღელვა პრესაში და ხალხმრავალი მიტინგები მოთხოვნით: „მაკდონალდსის“ ადგილზე რუსთაველის მუზეუმი უნდა გაიხსნას“.
მიტინგები პოსტსაბჭოთა, შემოდგომის ტალახიან თბილისში ისევ ზემელზე, ისევ რუსთაველის ძეგლის წინ ეწყობოდა. 1998 წლის ნოემბრის ამბებია ეს. ამ დროს ამერიკიდან ექვსი თვის დაბრუნებული ვარ და ჯერაც ქერცლივით ვიცლი პოსტსაბჭოურ კომპლექსებს, გუმანი კი ცუდს მიგრძნობს. პანიკა მიპყრობს, ვატყობ, ეს ნოემბრის ქოლგებიანი მიტინგები, რომლებიც ახალი და უცხო სიმბოლოს – მაკდონალდსის – სამშენებლო ხარაჩოების ფონზე მიმდინარეობს, გაცილებით უფრო მშობლიური მდგომარეობაა, ვიდრე ახლად განცდილი სილაღე, აღმაფრენა და თვითრწმენა, რაც ამერიკული სტუდენტობისას წვეთ-წვეთობით ვაგროვე და 98-ში თბილისში ჩამოვზიდე.
როცა არ უნდა შევუყვე ზანდუკელის აღმართს, სულ ეს მახსენდება, რა გამოვიარე იმ ეპოქაში, როცა ამ ქუჩას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა ერქვა და ზედ მოსკოვისკენ მიმავალი თვითმფრინავის ბილეთს იყიდდი.
ჰოდა, აი, შევუყევი აღმართს, ხელში ცხელ და თხელ ლავაშში გახვეული ფალაფელი მიჭირავს, ერთი სული მაქვს, როდის შეგრილდება ოდნავ, რომ ჭამა დავიწყო (სიარულში ჭამას ვაფეტიშებ, როგორც გარემოს უფრო ინტენსიურად აღქმის რიტუალს) და ვხვდები, ერთადერთი, რაც ასვლას ვერის აღმართზე ტკივილიან შრეებსა და ერთმანეთში აზელილ კონტექსტებს აცილებს, სწორედ ეს ფალაფელია. ზუსტად „მაკდონალდსის“ გვერდზე, ეზოს კუთხეში ჯერ კიდევ იმ დროიდან შემორჩენილ ფარდულში, რომელიც „აეროფლოტის სალაროების“ ამსახველ ისტორიულ ფოტოზეც ჩანს, „მუჰუდოა“ გახსნილი – ორი მაგიდით, ახლად გადაღებილი კედლებით და უმოკლესი მენიუთი: მხოლოდ ფალაფელი და ლუდი. რამდენჯერ მომდომებია, როცა ქვეყანაში მორიგი კრიზისია და მე კი აქ ამივლია, გარეთ ჩაჭედებულ ხის მერხზე ჩამომჯდარ ბექას – „მუჰუდოს“ ერთ-ერთ ავტორს – გამოველაპარაკო და აზრი ვკითხო.
აქაურობას მემარცხენე იდეალიზმისა და უბრალო ჰუმანიზმის ხიბლი ადევს, რუსულენოვანი მიმტანი კი თავისი აქცენტიანი ინგლისურით ლაკონიურად გამოგელაპარაკება და ისე ბუნებრივად შეგიფუთავს ლავაშში ფალაფელის ბურთულებს, ზედ მოსხმული სლავურად მჟავე წითელი სოუსით, ვერც კი ხვდება, რომ ასე უბრალოდ და ბუნებრივად ამ მიკროუბნის ისტორია ერთ კერძში არავის შეუფუთავს. ყველა გავლენა – სლავური დამჟავების, აღმოსავლური ძირისა და სომხური ლავაშის ამ ჰიპსტერულად გადაღებილ 90-იანურ ხის ფიცრულში ძალიან მსუბუქად აღწევს და გიანონსებს: „ხინკლის სამყაროსა“ და მთავარ გამზირზე სოხუმის დაცემის დღეს გაწოლილი პლასტმასის ჯარისკაცის მერე, სიცოცხლე თბილისში ასე გრძელდება. ბოლო სერიაში ეს ქალაქი ახერხებს, ასე ავთენტურად შეიგუოს ყველა გემო, რაც აქამდე უჭამია და ვერ მოუნელებია; ანუ ბოლო სერიაშივე მძაღდება საბჭოური ვინეგრეტი, ნიგვზიანი ბადრიჯნის მიმართ კი განსაკუთრებით პატრიოტებისთვის თმენის ვალდებულება წესდება.
და ამ დროს ვერის ზედა უბნები ცოცხალი მუზეუმებია. იქ ყველა მიზეზი თავიდან ამოდის ზედაპირზე, ყველაფრის პირველწყარო ჩნდება, თუკი ძველ კედელზე შპალერს გადაფხეკ, მელქიორის საშაქრეში ვერცხლის კოვზის ჩაფვლისას შაქრის ხრაშუნს ყურს დაუგდებ, ანდა ღრმად შეისუნთქავ ბნელი სარდაფის გისოსებიანი სარკმლიდან გამომავალ ძველი ნივთების გაფუჭებულ, ნესტიან ჰაერს.
ერთხელ, მეზობლის ოთახი ვიყიდეთ – შევიერთეთ...