ბესიკ ხარანაულის „უძებნი შვილი“ | არჩილ წერედიანი
როდესაც ამა თუ იმ ავტორის კონკრეტულ წიგნზე ვწერთ, როგორც წესი, თავდაპირველად, ამ ავტორზე საუბრით უნდა დავიწყოთ: გარდა იმ თხზულებისა, რომელსაც კონკრეტულ რეცენზიაში ვეხევით ხოლმე, ორიოდ სიტყვით უნდა შევეხოთ ავტორს - მის შემოქმედებით პოზიციას ვუსვამთ ხაზს, შემდეგ უნდა ვთქვათ თუ რომელ ჟანრსა თუ მიმდინარეობაში მუშაობს იგი; შემდეგ გადავდივართ მისი შემოქმედების მოკლე მიმოხილვაზე და გამოვკვეთთ ამ თხზულებებში საუკეთესოებს და უკვე ამის მერე გადავდივართ იმ წიგნის განხილვაზე, რასაც უშუალოდ ეძღვნება ჩვენი რეცენზია. ბოლოს კი ვიტყვით თუ რა მიმართებაშია ეს კონკრეტული ნაწარმოები ავტორის დანარჩენ შემოქმედებასთან. თუმცა, ხშირად ისეც ხდება, რომ ეს კონკრეტული ავტორი, რომელსაც ვეხებით, რეცენზიის პოტენციური მკითხველისთვის, თითქმის დარწმუნებულნი ვართ, რომ კარგად ცნობილია. ბესიკ ხარანაულის შემთხვევაში სწორედ ასეა. უკვე დიდი ხანია (რამდენიმე ათწლეულია) ის თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გარდამტეხ ფიგურად არის მიჩნეული და საკმაოდ სამართლიანადაც! ის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლექსის ერთ-ერთ უმთავრეს ნოვატორად არის მიჩნეული, რომელმაც ქართულ პოეზიაში ახალი მიდგომები - ე.წ არაკონვენციური ლექსი - ვერლიბრი - დაამკვიდრა. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბესიკ ხარანაული ნოვატორია - მან ქართული პოეზიისთვის შედარებით უცხო ფორმები შემოიტანა, მისი შემოქმდედება მაინც საკმაოდ მყარ ფესვებზე დგას. რაც არ უნდა ინოვაციური ფორმისა იყოს მისი ლექსი, აქ ყოველთვის მძაფრად იგრძნობა ადგილობრივი, ქართული ატმოსფერო. თუ შეიძლება ოდნავ ბანალურად ითქვას, - ბესიკ ხარანაულმა მოახერხა ერთმანეთთან გადაეკვეთა დასავლური სალექსო ფორმები და ადგილობრივი, მისთვის მშობლიური ქართული სული. ადგილობრივ ნიადაგზე ევროპული „ყვავილების“ დარგვა ახალი იდეა სულაც არაა. ეს ქართული კულტურისა და ლიტერატურისათვის საკმაოდ წარმატებული მოდელი და სტრატეგიაა. შეგვიძლია ბესიკ ხარანაულის შემოქმედებაც სწორედ ამ მოდელის გაგრძელებად მივიჩნიოთ. ის საკითხი თუ რამდენად წარმატებული იყო აღნიშნული ექსპერიმენტი (მსგავსი ინოვაციის დანერგვა ქართულ პოეზიაში) უკვე აღარ არის აქტუალური. კარგა ხანია ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში ეს საკითხი გადაწყვეტილია და აღნიშნულია, რომ ვერლიბრი არის მართალია ქართული ლიტერატურისათვის სიახლე, თუმცა მიაზე აღარავინ დავობს, გამართლებული იყო თუ არა მისი დამკვიდრება ჩვენში. მთავარი ავტორი რომელსაც ეს სიახლე უკავშირდება უპირველესად სწორედ ბესიკ ხარანაული და მისი პოეზიაა. (თუმცა ლიტერატურის მკვლევრები ცალკეულ ნიმუშებს ვერლიბრისა ტრადიციულ, ქართული პოეზიის კლასიკოსებად მიჩნეულ ავტორებთანაც პოულობენ და არც ეს საკითხია უგულვებელყოფის ღირსი) ამ მხრივ მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართული ლიტერატურის ისტორიაში და ეს სადავო აღარც არის.
საინტერესო საკითხი ისაა, რომ არაკონვენციური ლექსი (ანუ ლექსი სადაც რითმები არ გვხვდება), ერთი მხრივ ტრადიციულ ფორმებს მიჩვეული ყურისთვის, მუსიკალურობის გარკვეულ ელემენტს მოკლებულად ჟღერს, თუმცა, ამავე დროს, ჩარჩოების დაძლევა და გადალახვა ახალ საშუალებებს იძლევა, რომ სათქმელი სრულფასოვნად ითქვას და არ შეიზღუდოს ტრადიციული ლექსისათვის დამახასიათებელი ფორმისეული ჩარჩოებით. ამ თვალსაზრისით ეს ფორმა პოეზიისა და პროზის უფრო მეტად დაახლოვებას, მათ შორის მიჯნის მთლიანად წაშლას თუ არა, საზღვრის ნაკლებ სიმკვეთრეს განაპირობებს. თუმცა აქ კიდევ ერთი რისკია: პოეზია მაინც პოეზიად უნდა დარჩეს და ბუნებრივობა უნდა შეინარჩუნოს, როცა პოეზიასთან მიახლოვებული პროზა ცუდ ლექსს ემსგავსება ხოლმე...
ბესიკ ხარანაული ასეთ მახეში არასოდეს ებმება, მან ამგვარი ბეწვის ხიდზე სიარულით არაერთი შედევერი შექმნა. მისი შემოქმედება საკმაოდ მავრცელია და ჩვენი მიზანი არ არის მისი არც მიმოხილვა და არც შეფასება. გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ 2022 წელს გამოცემული „უძღებნი შვილი“ უკვე კლასიკოსად ქცეული პოეტის კიდევ ერთი წარმატებული ექსპერიმენტია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს რომ სემოქმედი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს იგი, მაინც აგრძელებს ძიების პროცესს. ეს განსაკუთრებით დასაფასებელი რამ არის, ვინაიდან როდესაც უკვე აღიარებული და დაფასებული ავტორი ხარ, უკვე ნაპოვნი და გაკვალული გაქვს შემოქმედებითი გზა, შენეული მეთოდიც უკვე მზად გაქვს და თანაც გამოცდილებაც ზურგს გიმაგრებს, შეგიძლია საკუთარივე კალაპოტს მიჰყვე... თუმცა ხარანაული ამ წიგნში მაინც ახერხებს რომ მოულოდნელობები შემოგვთავაზოს. ნამდვილი შემოქმედება ხომ ძიების მარადიული პროცესია. არ აქვს მნიშვნელობა შემეცნების გზაზე ფეხი ახლა აიდგი - დამწყები ხარ თუ მრავლისმნახველი და გამოცდილი მაძიებელი, რადგან შემეცნების პროცესი უსასრულოა, სამყარო კი იმდენ საიდუმლოებას მალავს, რომ განვლილი გზა, მაინც მცირედად გვეჩვენება და ასეც არის! აქ შეგვიძლია წიგნიდან მცირედი ციტატაც მოვიხმოთ: „როგორც ჯორია საქონელში ჭკვიანი, ისე ადამიანებში ფეხები. კაცმა რამე რომ იცოდეს, ხომ არ ივლიდა?!“ სწორედ შეცნობის სურვილია მთავარი ბიძგის მიმცემი შემოქმედისათვის.
საინტერესოა თუ რას წარმოადგენს „უძებნი შვილი“? რომელ ჟანრს შეიძლება მივაკითვნოთ ის? წიგნის პირველი გვერდების კითხვისას, გვრჩება შთაბეჭდილება რომ ჩვენს წინაშე ბესიკ ხარანაულის კიდევ ერთი პოეტური კრებულია. შემდგომი ნაწილები მცირე მოთხრობებს წააგავს, მოგვიანებით ხვდები, რომ ეს მცირე-მცირე ნოველები, - თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, სინამდვილეში ურთიერთდაკავშირებულნი არიან. მთხრობელის ნაფიქრის, განცდილისა და ნანახის გამომზეურებაა... ეს წარსულის ფრაგმენტების ანარეკლებთან ერთად ჩაწნული ნაფიქრი და განცდილი ასხმულია მცირე მცირე კვანძებად... აქედან გამომდინარე, „უძებნი შვილი“ შეგვიძლია გარკვეული თვალსაზრისით, რომანადაც მივიჩნიოთ. თავად ავტორი ასე ხედავს ამ წიგნს: ეს არის გაბმული თოკი, რომელიც ადგილ-ადგილ გამონასკვულია - მთხრობელმა იცის, რომ ძნელია ისეთი წიგნის დაწერა რომ მკითხველმა კითხვა არ გაწყტვიტოს და არ შეისვენოს. წერისას თუ არ იქნა ეს გათვალისწინებული, თავად ის გამონახავს ადგილებს რომ კითხვა გაწყვიტოს და წიგნი ცოტა ხნით გვერდით გადადოს, ამიტომ მწერალმა თავად უნდა გამოყოს ადგილები საამისოდ. თვითეული ასეთი ადგილი გრძელ თოკზე გაკეთებული ნასკვია - სათაურები აქვს დართული... „ამ წიგნში კი თოკია გაბმული და სათაურები აქვს ასხმული კრიალოსანივით, გზის გამოსაგნებად.“ კარგი მთხველი არ უნდა მალავდეს საკუთარ ნაკლოვანებებს, მან ისინი მოხერხებულად უნდა გადააქციოს ძლიერ მხარედ. მსგავსი თვითირონიული ელემენტი გასაგებია, მაგრამ ნუთუ აქ მხოლოდ მწერილის მოკრძალებაა და მეტი არაფერი?
თანამედროვე, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, პოსტმოდერნისტული რომანი, თავისი ეკლექტურობით, ირონიის მაღალი დოზით კარგადაა შესწავლილი. ხშირად ასეთ ტექსტებში ავტორები არა მარტო რაიმეს მოგვითხრობენ, არამედ იმასაც გვიყვებიან თუ როგორ იწერება თავად ის ნაწარმოები, რომელსაც ვკითხულობთ. ერთგვარად გვახედებენ მწერლის შიდა სამზარეულოში, თუ სახელოსნოში და ამით ხაზს უსვამენ რომ საქმე გამოგონილ ამბავთან, თხზვის პროცესთან გვაქვს... როგორ უნდა მოვყვეთ? ამ კითხვაზე ყველა მწერალს თავისი პასუხი აქვს, მაგრამ ორი ძირითადი სტრატეგია მაინც გამოკვეთილია: ერთნი ლაკონიურობას არჩევენ, ცდილობენ რაც შეიძლება მეტად მოქნილი სიტყვა ჰქონდეთ და საამისოდ, რომ სტილის სისუფთავეს მიაღწიონ, ყოველგვარ ზედმეტს ამოიღებენ, შეკვეცენ იქამდე, სანამ ის მთავარი არ დარჩება... მეორენი, პირიქით, სიჭარბისკენ, სიუხვისკენ, სიტყვამრავლობისკენ არიან მიდრეკილნი. ორივე მიდგომამ არაერთი შედევრი შვა. ერთნი ყოველ დეტალზე განსაკუთრებულად მუშაობენ მეტად დახვეწის მიზნით, მეორე ტიპის მწერლისთვის კი მასშტაბი, საერთო ხედია უფრო მნიშვნელოვანი. ბესიკ ხარანაული კი თავის სტრატეგიას გვიმხელს:
„სტრიქონი ჯოხი არ არის, რომ აჭრელო და აჭრელო, ან თალო და თალო: გაგიწვრილდება, აგეჭიჭყნება და გადააგდებ.
ამიტომაც, გადასაგდები რომ არ გაგიხდეს მთელი ნაწერი, ასე მოიქეცი: აიღე სტრიქონი, დაჰკარ მიწას და გზას გაუდექი.“
ამ პარატარა ნაწყვეტიდანაც ჩანს მისი მიმართება შემოქმედებით პროცესთან. მისთვის შემოქმედებითი აქტი გზის გავლის ელემენტია, ის მდგომარეობა რომლის დროსაც ეს აქტი ხორციელდება, კალაპოტიდან ამოვარდნა, არაორდინალური, ერთჯერადი მოვლენა კი არ არის, არამედ მას რეგულარული ხასიათი გააჩნია. ამავე დროს, ეს არც ჩვეული, ორდინალური მდგომარეობაა. დგება რაღაც მომენტი, რომლის მოხელთება და გამოყენებაც შემოქმედს უნდა შეგეძლოს. დრო არ იცდის, ამიტომაც რისი „მიწაში ჩარგვაც“ შეგიძლია, უნდა „ჩარგო“ და გზა განაგრძო.
ვთვით რომ ხარანაული გვაჩვენებს შემოქმედის შიდა სამზარეულოს... მაინც რა მდგომარეობა ეს, რა დროა ის დრო, როდესაც რაღაცის შექმნა შეგვიძლია. ეს იდუმალებით მოცული მომენტია, როდესაც ის რაც ჯერ არ არსებობს, არსებობის კარზე აკაკუნებს - გონებაში შემთხვევით რაღაც გაიელვებს, მუზა გვეწვევა, რაღაც „წამოგახტუნებს“ - შემოქმედის ძალისხმევით კი იგი დღის სინათლეს იხილავს და არსებობაში შემოვა. ეს განსაკუთრებული მდგომარეობაა, ამოვარდნაა ყოველდღიური ბიურგერული ყოფიდან და საკუთარ თავში ერთგვარ მიჯნაზე, საზღვარზე დგომას გულისხმობს. სწორედ ასე ხედავს ხარანაული შემოქმედის, პოეტის მდგომარეობას: ეს სიბრძნესა და სისულელეს შორის არსებულ საზღვარზე ყოფნას გულისხმობს. შემოქმედს ამ მომენტის მოხელთება მართებს:
„იმღერე სისულელე,
დაე, სიბრძნეს ედოს საფარველი!
სისულელე ვერ გაძლებსუმღერლად,
სიბრძნე კიდევ დუმილის გარეშე,
შენ იქნები მათ პირშესაყარზე, როგორც მთვრალი მიწისმზომელი
და სინამდვილეს აურდაურევ.“
და კიდევ:
„ნაწერისთვის მთავარი არც ის არის, სისულელე გამოვა თუ სიჭკვიანე, მთავარია, რამდენად ასატანია ნაწერი, და, რამდენად მიესადაგება სისულელეს და სიჭკვიანეს მათ პირშესაყარზე, - ანუ იმ ხაზზე, სადაც სტრიქონის ხნული გაივლის.“
“უძებნი შვილი“ მართლაც მიჯნაზე მდგომი წიგნია. რთულია მისი რომელიმე ჟანრისთვის მიკუთვნება, თუმცა მისი ერთ-ერთი ცენტრალური მეტაფორა - თოკია. თავდაპირველად, ავტორი თავად გვიხსნის მას, თითქოს ეს უბრალოდ წერის მარჯვედ შერჩეული სტრატეგიაა, თუმცა კითხვის პროცესში ვხვდებით, რომ ამავდროულად ეს თოკი მთხრობელის ცხოვრებაცაა, ყრმობიდან სიბერემდე გაჭიმული, რომელიც არაერთგანა განასკვული, კრიალოსანივით ასხმული, სადაც მკითხველს შეუძლია ავტორის მიერ დიდი ხნის წინ მიწაში ჩარჭობილი ნერგისგან აღმოცენებულ ნაყოფს გაუსინჯოს გემო.