ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბუნება

ხეს ვეხუტები და მთელი ხმით ვყვირი | ინტერვიუ სერგი ბარისაშვილთან

72 საათი ლაგოდეხის ნაკრძალში

4 ივნისი იყო.

მესაზღვრეებმა მირჩიეს, რომ არ გამეგრძელებინა გზა. მათგან რომ წავედი, მუხლებამდე თოვლში მომიწია სიარული.

დილას კარგი ამინდი იყო, მზიანი და ვიარე. მერე უკვე შავი კლდეების ტბას რომ მივუახლოვდი, ნისლი ჩამოწვა – იმ მომენტში ჩემი ყველაზე დიდი მტერი ეგ იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ აიწეოდა. მთაში ეგრე იცის – ხშირად იცვლება, ადის ნისლი, ქარია და მერე ისევ წვება. თუმცა, ამჯერად, დიდხანს არ გაიფანტა.

მივდიოდი და ორ-სამ მეტრში ვეღარაფერს ვხედავდი. მხოლოდ ცივ სითეთრეს მივარღვევდი ალალბედზე. გარშემო ვაკუუმი იყო, დახშული სმენა, თავი სიზმარში მეგონა, სრული იზოლაცია, რადგან ყოველ წამს მახსენდებოდა ის, რომ ხუთი კილომეტრის რადიუსში ადამიანის ჭაჭანება არაა.

მარტოობა იმაზე მოქმედებს, რომ გამზიარებელი არავინ გყავს – შენთვის გაქვს ეს ყველაფერი, შენში ჩნდება ეს ფიქრები, გადაწყვეტილებები და ხარ მარტო ბუნებასთან. ამიტომ იძულებული ხარ, საუბარი განავითარო საკუთარ თავთან. მედიტაციური მდგომარეობაა, უნდა გახვიდე გვერდით და დაინახო, რა დღეში ხარ, ელაპარაკო შენს თავს, განიხილო პრობლემები, ეს მეხმარება.

კომპასი მქონდა, მაგან მიშველა, თან ნისლი სანამ ჩამოწვებოდა, ის ქედი დავინახე, რაზეც უნდა გადავსულიყავი და ძლივს, ნელი ნაბიჯებით, თხემზე მოვექეცი, ტბას ვერ ვარჩევდი, უბრალოდ, ვიცოდი, რომ ქვევითაა. ვარაუდით დავიწყე წყლისკენ დაშვება. სითეთრეში მივდივარ, ტვინი მერევა, რადგან ღრუბლები ფარავს მზის გამოსხივებას. ვიყურები დაბლა, ვხედავ საკუთარ ფეხებს და უცებ ვამჩნევ დათვის ნაკვალევს. ვდგამ ნაბიჯებს და ნაკვალევი ბევრდება. კიდევ მივდივარ. ვაკვირდები – სად ვარ? ვხვდები, რომ ქვაბულში ჩავდივარ, სადაც უეჭველი უნდა იყოს ტბა. მივდივარ, მივდივარ, ნაკვალევების მთელი ტრასები ჩნდება.

ვუახლოვდები წყლის პირს და ვხედავ გვერდით, ოდნავ მოშორებით დგანან სამნი, დედა და ორი შვილი, ზედ ტბასთან არიან, დახრილები და წყალს სვამენ. წამიერად დავიწყე უკან-უკან სვლა. არ ვტრიალდები, კვლავ დათვებს შევყურებ და ნაბიჯებს უკან ვადგამ.

ნელა ვმოძრაობ, თან თოვლში ვეფლობი, მუხლამდეა. გაფაციცებული ვუსმენ ყოველ ჩქამს. ალაგ-ალაგ მხვდება ქვების გროვები, სადაც თოვლი დამდნარია და კუნძულებივითაა. მეც ვცდილობ ამ კუნძულიდან კუნძულზე გადასვლას. ხუთ-ათ წუთში, ზევითაც, იქით თხემზე, საითაც გეზი მქონდა, ვხედავ ორ დათვს. რაღაც მომენტში ვშეშდები, ფიქრისა და გამოსავლის პოვნის უნარს ვკარგავ. მერე ნელ-ნელა ვიწყებ სიარულს თხემისკენ და იქ ვხედავ ქვის ტურებს – ნიშნულებს, რომლებიც პარკის ადმინისტრაციას ტურისტებისთვის დაუდგამს. ადამიანის ხელით გაკეთებული რაღაცის დანახვა იმედს მაძლევს.

თან ეს თხემი ვიწროა, – ველაპარაკები საკუთარ თავს, – ორივე მხარეს დამრეცია და ასე უცებ ვერ დამადგება დათვი. ვჯდები, ვჭამ, აზრზე მოვდივარ. თან სულ ვფიქრობ, რა ვქნა, დავბრუნდე უკან – მესაზღვრეების ქოხისკენ, თუ გავაგრძელო გზა. უკან დაბრუნება ბევრად უფრო მერთულა, ამ ნისლში უკან უნდა ამევლო ციცაბო აღმართი, რომელიც აქეთ გზაზე ადვილად ჩამოვიარე. თან მეშინია, ჩემდაუნებურად რუსეთში არ მოვხვდე. გამოვუყევი ამ ნიშნულებს და ნელ-ნელა ვგრძნობ, რომ სიმაღლეს ვაგდებ, ჩავდივარ ქვევით, სადაც გზა სულ უფრო და უფრო საცალფეხო ბილიკს ემსგავსება. გამოჩნდა ამ დროს დემიდოვოს ქოხიც – ღამის გასათევი ადგილი მოლაშქრეებისთვის. დავლანდე თუ არა, კომპასით ორიენტაცია ავიღე და ნისლს აღარ მოვრიდებივარ. თამამად დავაწექი გზას.

ღია დამხვდა. რაღაც საჭმელიც იდო ვიღაცის დატოვებული. მე ჩემი გაზქურა მქონდა, პრიმუსს რომ ეძახიან და ფაფა მოვიხარშე. ღამის გასათევად მოვემზადე. იმის იმედი მქონდა, რომ მეორე დილას მაინც ავიდოდა ნისლი. ღამდებოდა. არ მტოვებდა განცდა, რომ ამ პლატოზე, სადაც ქოხი იდგა, მინიმუმ 7-9 კილომეტრის რადიუსში ჩემ გარდა არავინაა. შიგნიდან ჩავკეტე კარი. ორსართულიან საწოლზე დავწექი და გავითიშე.



მცხეთა, იაპონური ბაღი

დრო ძალიან ზოზინით გავიდა. ვიჯექი ჩუმად, შიგადაშიგ მახსენდებოდნენ ადამიანები, ვინც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ღამით უცნაური სიზმარი დამესიზმრა. ჩემი მცხეთის სახლის აივანზე გადი-გამოდიოდა პაპაჩემი, რომელიც 2002-ში გარდაიცვალა. მამასავით მყავდა, ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო ჩემთვის. მაგის მერე სიზმარში არ შევხვედრილვარ და იქ, ტყის ქოხში პირველად დამესიზმრა. წნევა გამაზომინა. მართლა მე ვუზომავდი ხოლმე წნევას. რომ გავიღვიძე, საწოლიდან მეორე კუთხეში, დიაგონალზე დავინახე სამუშაო იარაღები, მათ შორის, ცელი. მენიშნასავით – იარაღი მომეცა თავდასაცავად. ნისლი არ დამხვდა გაფანტული. მეტს ვეღარ დავიცდიდი, ტელეფონიც დამჯდარი მქონდა, საჭმლის მარაგიც მიმთავრდებოდა და არც იმის იმედი მქონდა, რომ მესაზღვრეები მოვიდოდნენ, ჩემს მოსაკითხად.

გამოვედი ქოხიდან ზურგზე მოკიდებული რუკზაკით, ხელში ცელით. ასე, ცელმოღერებული სიკვდილივით მივდივარ. გზაში გავაცნობიერე, რომ სიკვდილის როლში შესვლამ შიში დამაძლევინა და ამიტყდა სიცილი. უფრო შეგულიანებული მივაბიჯებ – გზას კიდევ ვერ ვხედავ, მაგრამ ორ მეტრზეც რომ შემეფეთოს ნადირი, შევძლებ გრძელტარიანი ცელით მოგერიებას.

თოვლის ზონას რომ ჩამოვცდი და ბალახი გამოჩნდა, მომეშვა, მაგრამ ტყისკენ რომ წავედი, გზა ისევ გართულდა, ტურისტებისთვის ნიშნები აღარ მხვდებოდა. ნადირის ნაკვალევის რაოდენობამაც იმატა. რომ ვიფიქრებდი, ოფიციალური სალაშქრო ბილიკია-მეთქი, ცხოველების გაკვალული გზა აღმოჩნდებოდა. ბევრჯერ გავიჭედე ასე – მივდივარ, მივდივარ და მხვდება მხეცის ნაწოლი, ბუჩქნარი, ჩიხი და უკან დაბრუნება მიწევს. მერე ისევ თავიდან. დეჟავუს ჰგავს. პანიკის ტალღები მოდის, რომ ამ დაკარგულობიდან ვეღარასდროს გამოვალ.

მივხვდი, რომ უნდა გავჩერდე. ჩავჯექი ცოტა ხანს, ვცდილობ, არ ვუსმინო დათვების ღრიალს. შეიძლება შორიდან მოდის და არ უნდა მეშინოდეს, მაგრამ მაინც ძალიან მოქმედებს ფსიქოლოგიურად. გავაბი მსჯელობა ჩემს თავთან – რა გზით ჯობს წასვლა. გადავწყვიტე, ტყის არეული ბილიკების ნაცვლად, მდინარე შრომისხევის ხეობას ჩავყოლოდი, თხემიდან დაშვება, ჩანჩქერთან მისვლა და მდინარის კალაპოტზე გაყოლა – ეს იყო გეგმა.

ჯერ კიდევ შუადღე იყო ამ დროს. უცებ ჩამქრალ კოცონს მივადექი, იქვე პლასტმასის ბოთლები ეყარა. რას წარმოვიდგენდი, ბუნებაში დაყრილი ნაგვის დანახვა ოდესმე თუ გამახარებდა. ცივილიზაციის ნიშანი, თუნდაც ამ სახის, აუტანლად სასიამოვნო იყო. იქვე მოვიძრე ზურგჩანთა, რადგან ძალიან მამძიმებდა, შევფუთე კარგად და გავიფიქრე, რომ რეინჯერებს ვთხოვდი მერე ჩამოტანას. ცელიც იქვე მივაყუდე, უფრო მსუბუქად და სწრაფად რომ ჩამევლო გზა მდინარისკენ. ძირს ფოთლების სქელი ფენა ეყარა და როგორც თოვლზე, ამ ფოთლებზეც სწრაფად შემეძლო დაშვება.

ვდგავარ ჩანჩქერის დასაწყისთან. რუკაზეც ჩანს, მდინარეს როგორ მიუყვება ბილიკი – ეს ერთ-ერთი ოფიციალური ტურიცაა, მოკლე ტური, რითაც ჩანჩქერამდე ადიხარ, უბრალოდ მე ზემოდან, ჩანჩქერიდან მოვყვები გზას. თუმცა, ჯერ ვდგავარ, ამ ნისლიანობაში, თან წელიწადის ამ დროს, როცა თოვლი დნება, წყლის დონე ძალიან აწეულია, ნაკადს მდინარეზე გადებული მორებიდან ერთი წაუღია. არადა, მერე უკვე კანიონივით მონაკვეთი იწყება, მდინარე ძალიან ჩქარა მირბის, შეუძლებელია გაყვე, დიდი ლოდები მოაქვს, მიმახეთქებს სადმე. ერთგან ღობესავითაა გამოწეული და ვერაფრით შემოვუვლი გარშემო ამ მდინარეში შეჭრილ კლდეს. მომიწევს, ავძვრე ამ კლდეზე და ასე ჩავიდე იქით მხარეს. ვიწყებ ცოცვას, მაგრამ წყალში სიარულით დასველებული ბათინკის გამო ფეხი მიცურავს და დაახლოებით ათი მეტრის სიმაღლიდან ვვარდები. მხრით ვეცემი, გონებას არ ვკარგავ, ვგრძნობ, რომ ტანში ნაპირზე დაყრილი ქვიშა და წვრილი კენჭები მესობა. ვდგები, მაგრამ ექსტაზში ვარ, თითქოს, ვერც კი ვხვდები და, თურმე, მხარი მოტეხილი მაქვს. მარტო იმას ვგრძნობ, რომ გამიშეშდა, თოკი მედო ჯიბეში და ისე შემოვიხვიე, მკლავი რომ ტანზე დამეფიქსირებინა. ბათინკებზე ისე გავბრაზდი, რომ გავიხადე და ქვებზე დავტოვე. უცებ ნისლი აიწია, მზე გამოვიდა და მეც უკვე მსიამოვნებს ამ თბილ ქვებზე შიშველი ტერფებით სიარული. ისიც კი გავიფიქრე, რომ უკვე სამშვიდობოს ვარ, ჩვეულებრივი სიპი ქვებით სავსეა ხეობა და ალაგ-ალაგ საღებავებიც ჩანს ქვებზე – ტურისტებისთვის დატოვებული ნიშნებია.

ამასობაში დამიღამდა, ტყე დაიწყო, შემხვდა ბოლო დიდი ქვა, ყვითელი ნიშნულით და მერე გზა უკვე ბუჩქნარში დაიკარგა, მაყვლოვანია. ამ დროს ბინდ-ბუნდში უკვე ვეღარ ვხედავ, სადა ვარ. ნახევარ კილომეტრამდე გავდივარ და ჩიხში მოვხვდი ფაქტობრივად, გაუვალი ბუჩქები დამხვდა. ამ დროს უკვე წვიმს, გვერდით, რამდენიმე მეტრში, მდინარეც ისე ხმაურით მოდის, შეუძლებელია ვინმეს გააგონო ხმა. კი მაინც მოვყევი ყვირილს, მაგრამ ჩემი ხმა მე თვითონვე არ მესმის, ისეთი ხმაურია. თავშესაფარივით ადგილს დავუწყე ძებნა, ერთ პატარა ნაკადულთან გავჩერდი, რომლის სათავესთანაც ფუღუროსავით გამოღრუტნული ნიშა ჩანს. ამ ფუღუროში შევჯექი. ვზივარ და პატარა დანით ტოტს ვთლი, ფანარიც ჩავრთე, რომ არ დამძინებოდა. რომ დამძინებოდა, გავიყინებოდი, ალბათ – ფეხები შიშველი და სველი მქონდა, საწვიმარი კი მეცვა, მაგრამ მციოდა და ტემპერატურასაც ვკარგავ. ეს გამახსენდა, რომ საათს უნდა უყურო ხშირ-ხშირად, სიფხიზლისთვის.

ასე ვზივარ, ანთებული ფანრით ფუღუროში, გიჟივით ვუყურებ საათს და გამყავს დრო. დილისკენ რაღაცები მელანდება უკვე, ვხედავ ირმებს, მგლებს და ჰორიზონტზე შუქ-ჩრდილების თეატრი რომ არის, უკნიდან რომ ანათებენ გამოსახულებებს, ეგეთი ფორმის ცხოველებს, ვხედავ და ვიცი, რომ ჰალუცინაციებია. თავს ძალას ვატან, არ გავითიშო.

ირიჟრაჟა თუ არა, გამოვედი ამ ჩემი ბუნაგიდან, მიმოვიხედე და მართლა ჩიხში ვყოფილვარ, გავიარე უკან ნახევარი კილომეტრი, იმ ბოლო დიდ ქვასთან მივედი და მივხვდი, რომ სწორედ აქ უნდა ყოფილიყო მორის ხიდი, მეორე ნაპირზე გადასასვლელად, სადაც ასეთივე ქვაა, მაგრამ ადიდებულ მდინარეს წაუღია.

დავიწყე ისევ ყვირილი, მაგრამ მე თვითონვე არ მესმის. სუსტად ვარ, ბოლო 24 საათში საჭმელიც არ მიჭამია, ფსიქოლოგიურად უკვე დაცემული ვარ. მერე გადავთვალე – უკვე სამი ღამეა კავშირზე არ გავსულვარ, მივხვდი, რომ ვიღაცა ამასობაში დამიწყებდა ძებნას, მაგრამ ამ ადგილას არავინ – რეალურად ხომ ორ-სამ კილომეტრში ვარ ნაკრძალის ადმინისტრაციისგან, დიდი ვარაუდით, თუ მეძებენ, მეძებენ ზემოთ.

ეს მდინარე კიდევ ძალიან ადიდებულია, უზარმაზარ ქვებს ნაფოტებივით მოათრევს, წარმოუდგენელია წყალში შესვლა. არადა, ერთადერთი შანსი ეგ არის. იქ მეტხანს ვეღარ გავჩერდები, ენერგია ნულზე ეცემა, ავიწიე ხუთასიოდე მეტრით ზევით, ასე გავთვალე – წყალი რომ წამიღებს, ზუსტად იქ ჩამიტანოს, სადაც გადასვლა მინდა.

მართლა მომენტალურად წამიღო და ეს თოკი მომაძრო, ხელი დახტის, ვერ ვაკონტროლებ სიტუაციას, ცურვა ვიცი, მაგრამ რაღაც მომენტში ქვებს შორის გამჭედა დინებამ და აი, ეგ იყო მომენტი, როცა ვფიქრობ, მორჩა-მეთქი, ტრანსში ვარ, სხეული არ მემორჩილება, გონება გამოფიტულია, გასული ვარ საკუთარი თავიდან, ზევიდან ვხედავ სხეულს, დავყურებ, რა დღეშიც ვარ.

რაღაც მომენტში ტალღამ დაარტყა და ამომაგდო, მეორე, საღი ხელით რაღაცას წავეპოტინე და სიმყარე ვიგრძენი – ტირიფის ტოტი ყოფილა. ავიწიე ტანით, ავედი და გადარჩენის იმედები ისევ დამემსხვრა – თურმე, ნაპირზე კი არ გავსულვარ, პატარა კუნძულზე ვარ, მდინარეში, ერთი მესამედი გასაცური კიდევ წინ მაქვს. ამან გამანადგურა, ისეთი გამოფიტული ვიყავი, ისეთი დაცემული, რომ აზრი ვეღარ დავინახე ბრძოლის. ჩავიკეცე. ჩამძინებია. რომ გამეღვიძა, წვიმა გადაღებული იყო, წყლის დონე დაწეული და შევძელი ფეხით გადასვლა, მეორე ნაპირზე კი უკვე მანქანის ნაკვალევიც ჩანდა – კილომეტრ-ნახევარში იყო ადმინისტრაცია.

ასე, ნელ-ნელა, ფეხშიშველი, რობოტის მოძრაობით მივიწევ წინ, ადმინისტრაციისკენ. დაახლოებით ოცი მეტრი გავიარე და ჩავიკეცე. სრული კოლაფსი დამემართა, მუხლებზე დავეცი, მინდა ავდგე, გავხოხდე, მაგრამ ტანი აღარ მემორჩილება. გავიდა ასე, 15-20 წუთი და ვხედავ ორ ტურისტს, მიახლოვდებიან. შევძახე, მიშველეთ, ადმინისტრაციაა იქით, იქნებ მიხვიდეთ, შველა მჭირდება-მეთქი. გაიქცნენ და 20 წუთში სასწრაფო და მაშველები მოვიდნენ, პირდაღებულები მიყურებდნენ. სხეული გადაციებული და სულ დასვრეტილი მქონდა წვრილი კენჭებისგან, ისე, კისტის ტყვიით რომ დაგცხრილოს ვინმემ.

მას მერე ოთხი წელი გავიდა. ასეთ რთულ სიტუაციაში აღარ ვყოფილვარ, მხარში მეტალი ჩამიდგეს, მთლად კარგად ვეღარ ვხმარობ ამ მხარს, მაგრამ პატარ-პატარა მოგზაურობებში მაინც დავდივარ. ასე ვივსებ მთელი წლის სამყოფ ენერგიას. შარშან ჯუთაში მყავდა ნეო, ჩემი შვილი, ღამის თევით, კარავში დარჩენით.



ფოტო: ნატა სოფრომაძე

ნეოზე ფიქრმა გადამარჩინა. წყალმა რომ წამიღო, იმ მომენტში ბავშვზე დავიწყე ფიქრი, ჯერ კიდევ მუცელში რომ იჯდა. ძალა ამან მომცა. ის წუთები, სიზმარივით დამრჩა. ვიცი ზუსტად, რომ ცხოვრება სიზმარია და სიკვდილია გამოფხიზლება. როცა პერიოდულად ვითიშებოდი, ვგრძნობდი, რომ სული ამ დროს იქით გადიოდა, მე კი არ მინდოდა ამ სიზმრიდან გამოსვლა, რაც ცხოვრებაა; გამოფხიზლება – სიკვდილი არ მინდოდა. ვებღაუჭებოდი ბავშვს, რომელიც მალე დაიბადებოდა. მე თვითონ უმამოდ გავიზარდე და მეფიქრებოდა იმაზე, რომ არ მინდოდა, ჩემი შვილიც უმამოდ გაზრდილიყო. თუ ბავშვამდე შემეძლო ბევრი რამის გარისკვა, მაგ მომენტში მივხვდი, რომ მოზომილად უნდა ვიყო ამიერიდან. ეს სხვის წინაშე პასუხისმგებლობაა. ამ მომენტმა შემაკავა, თორემ არ ვიბრძოლებდი – გამოვფხიზლდებოდი და გავიდოდი მიღმა.

ამის მერე პერსპექტივაში დავიწყე ფიქრი, ადამიანი ხეს როცა რგავს, იცის, ზრდას დრო სჭირდება და გრძელვადიან მასშტაბში იწყებს აზროვნებას. ასეა მაშინაც, როცა ბავშვი გყავს, ეგ გიბიძგებს, რომ ხეც დარგო. მზრუნველობას სწავლობ. რეინკარნაციის მომენტიცაა, ხვდები, რო ცხოვრება შენით არ მთავრდება, ერთი სიცოცხლის ცნობიერებით არსებობა ჩემთვის სრულიად შეუძლებელია.

წავედი ლაგოდეხის ნაკრძალში ოთხი წლის წინ, ივნისში იმიტომ, რომ განტვირთვა მინდოდა, ბუნებასთან რეფლექსია და სრული იზოლაცია. ვფიქრობდი, რომ ენერგიის მარაგს ავიღებდი, სიმძიმეებს დავიფერთხავდი. მაგრამ ცუდი ფიქრებით ვიყავი სავსე და ცუდი განწყობით როცა მიდიხარ, ცუდზე ფიქრობ და ცუდსაც იზიდავ. მაგრამ ბოლომდე მაინც არ გავაწირინე თავი. შევებრძოლე საკუთარ უკმაყოფილებას, გაბეზრებას.

გაჩერება პანიკაა ლაშქრობაში. დასასრულსაც ამ უმოძრაობით უახლოვდები. მოგზაური, რომელიც ველურ ბუნებაში თავს გადახდენილი კრიზისის გამო კვდება, ძირითადად, პანიკისგან კვდება. ეს გაშეშების მომენტია, მარტოობას ჭკუიდან გადაყავხარ, ფიზიკური საფრთხეები გთრგუნავს, გამზიარებელი კი არავინ გყავს.

ამ დროს საუბარი საკუთარ თავთან უნდა გააბა. მედიტაციას ჰგავს. საკუთარი თავს ხედავ გვერდიდან, რამდენიმე ნაბიჯით განზე დგები და აფასებ – აბა, ამ მანძილიდან შენი პრობლემები როგორ მოჩანს. ეს მეხმარება. საკუთარი თავიდან გასვლა, მოძრაობის გაგრძელება და ყვირილი. ყვირილი მნიშვნელოვანია ბუნებაში, ყოველთვის ვცდილობ, გამოვუშვა ენერგია, ხეს ჩავხუტებივარ და მთელი ხმით მიყვირია.

მე რომ იქ, იმ ფუღუროში ჩამძინებოდა, მორჩებოდა მანდ ყველაფერი, ვერც მომაგნებდნენ კარგა ხანს მკვდარს.

ასეთი ექსტრემალური სიტუაციების საპირწონედ არსებობს ბაღი, როგორც ველური ბუნების იმიტაცია. ბაღში უსაფრთხოდ გრძნობ თავს. ველურ ბუნებაში ნადირია, იქ დიდხანს ვერ იქნები, თავისი ლიმიტი აქვს ველურ ბუნებაში ყოფნას.

ბაღის გაშენებაა ყველაზე კარგი გზა ამ პირველადი ბუნების შესანახად.

ადამიანი ყოველდღიურობაში ცხოვრობ და ამ ყოველდღიურობიდან რომ დაისვენო, ბაღი გჭირდება, ყოველდღე ტყეში ვერ გაიქცევი განსატვირთად.

ედემის ბაღის მითიც მომწონს იმიტომ, რომ გარშემო ტყე იყო, ველური, უღრანი ტყე და ადამიანს ღმერთმა ბაღი შემოუსაზღვრა – უსაფრთხო გარემო. თუ ამ მითიდან აზრის გამოტანა გინდა, ის ასე იკითხება: ბაღია იდეალური – როგორც სულიერი, ისე ფიზიკური უსაფრთხოებისა და ბალანსის აღსადგენად. თან ბაღში, ყოველწლიურად მცენარეების გაზრდის შემყურე, ხვდები, რო შეიძლება დრო შენზე მუშაობდეს და ედემის ბაღის უკვდავებაც დაიბრუნო.

ნებისმიერი ურბანული გარემო, სადაც ვცხოვრობთ, ხომ ოდესღაც ველური ბუნება იყო. ჩვენ ეს ველური ბუნება ისე ავითვისეთ, რომ ბაღების გაშენება დაგვავიწყდა, ევროპის ბევრი ქალაქი იმიტომაა კარგი, რაც მეფისა და დიდგვაროვნების კუთვნილი სანადირო ტყეები ჰქონდათ, საჯარო ბაღებად აქციეს და ცნობიერებაში ბაღთან კავშირის ისტორიული წყვეტა არ მოხდა. ჩვენთან ეს ისტორია დაიკარგა.

არადა, დღემდე არიან ადამიანები, ვისაც ახსოვთ, რომ ვაკე ტყე იყო, მაგრამ ასეთი ხალხი ცოტაა, ამიტომ მახსოვრობაში წყვეტილებია, ჩინოვნიკები, ვინც ავითარებს ქალაქს, მმართველობიდან მმართველობამდე იცვლიან ხედვას, ისტორიულ მეხსიერებას, ბუნებასთან კავშირს არ ეყრდნობიან.



ფოტო: ანნა ძიაპშიპა

პატარა ეზო მაქვს მცხეთაში და იქ გადავწყვიტე იაპონური ბაღის გაკეთება. გამოვიწერე ამერიკიდან უხმო ძრავა. შევისწავლე, როგორ გამეკეთებინა წყარო ბეტონის კალაპოტის გარეშე. შემთხვევით მივაგენი მემბრანას, რომელიც იგება, ამ კალაპოტს მიჰყვება, მასზე ქვებს ალაგებ და კლიმატს უძლებს – ყინვაში და სიცხეში და ცირკულირებს, წყალიც არ იხარჯება. ერთი კუბური მეტრი მიწა მაქვს ამოთხრილი, იმაში მიდევს კასრი, კასრში ძრავა და კასრი დახვრეტილია. მის გარშემოა ქვები, ეს ქვები ფილტრავს წყალს და კასრში რომ შედის ნახვრეტებიდან, მერე ის ძრავა ქაჩავს წყალს ისევ თავიდან. ცოტას წერს საბოლოოდ, ეკონომიური რაღაცაა. მერე მცენარეებიც შევისწავლე, გავიგე, რა მცენარეები ხარობს იაპონურ ბაღში. ბევრი სანერგე შემოვიარე, მთელი წლის განმავლობაში ვაგროვე, თან გეგმა დავხაზე, აჯაფსანდალი რომ არ გამომსვლოდა.

ყოველი ბაღი ედემის ბაღის იმიტაციაა. ედემის ბაღი მუდმივაა და მეორდება. ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის მის წიაღში პირველადი ჰარმონიის პოვნა – იმ მომენტის მოხელთება, როცა ადამიანს არაფრის რცხვენოდა. სირცხვილის არქონა ისაა, რომ ხარ ის, რაც ხარ და არ გრცხვენია. ბაღში ჰარმონიულად ხარ, ბრაზი და უსამართლობის შეგრძნება გეკარგება. ამიტომ ბაღის ქონა აუცილებელი მგონია. მაგრამ ყველას ხომ ვერ ექნება თავისი? ამიტომ ბოტანიკური ბაღების და პარკების გაშენება გვჭირდება. ამიტომ არსებობს შეთანხმება სახელმწიფოსთან, რომ მან ადამიანებს საჯარო სიკეთეები უნდა შეუქმნას – ვისაც არ აქვს მიწა, საკუთარი ბაღის გასაშენებლად, მისცეს მას საჯარო პარკი, რომელიც ყველასია.

საქართველოში არის ისეთი ადგილები, სადაც თავისუფლად შეიძლება ახალი ბოტანიკური ბაღების გაშენება. გვაქვს თბილისშიც, ბათუმშიც, ზუგდიდშიც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ახალი ინიციატივები გვინდა. მცხეთაშიც ვიცი ადგილი, თეატრონს ეძახიან, ბებრის ციხის ქვევით, თავისუფლად შეიძლება იქ ბოტანიკური ბაღის გაშენება, არხებით, გუბეებით და მრავალფეროვანი მცენარეებით – უზარმაზარი სივრცეა.

ახლა ამის დროა ასტროლოგიურადაც. ასტროლოგია სამყაროში მიმდინარე პროცესების დანახვის ჩემი ხელსაწყოა. ადამიანს თუ წარმოვიდგენთ მიკროკოსმოსად და სამყაროს – მაკროკოსმოსად, რაც სამყაროში ხდება, ის უნდა ხდებოდეს ადამიანშიც, არა? ესაა იგივე სინქრონულობის თეორია, რომ დედამიწა ირეკლავს ცას.

2019 წელს ურანი შევიდა კუროში, კურო გამწვანების ნიშანია, შვიდ წელიწადს დარჩება ურანი კუროში და უახლოესი შვიდი წელი მწვანე ცვლილებების უნდა იყოს. გრეტა თურნბერგი ჩემთვის თაობის ხმაა. და მაინც, როცა გამოჩნდა, ნახევარმა მსოფლიომ და მთელმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა დასცინა.

არადა, რა თქვა გრეტამ სასაცილო და გაუგებარი?!

თქვა, რომ გლობალური მიზეზებით გამოწვეული რეგიონული პრობლემები (ამაზონიის და ავსტრალიის ტყის დაწვა, ყინულის საფარის დნობა გრენლანდიაზე, ანტარქტიდაზე, მთებში, შიმშილისგან მასობრივად გარდაცვლილი ბავშვები ღარიბ ქვეყნებში და ა. შ) მართლა მარტო რეგიონული გვგონია და ჩვენ არ შეგვეხება.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეშელონის ყურს მიწვდა ამ გოგოს ნათქვამი, სამწუხაროდ, ყური არავინ შეიბერტყა.

რაღაც ისეთი უნდა მომხდარიყო, რაც მოსვამდა ყველას, როგორც მეფეს, ისე ქვეშევრდომს, როგორც პრეზიდენტს, ისე მოქალაქეს.

ამ ვირუსით სიკვდილის ფენომენი შემობრუნდა. ის მანამდე დავიწყებული გვქონდა. მომხმარებლური საზოგადოება, არათუ უახლოეს მომავალში, საერთოდ გამორიცხავდა სიკვდილს, როგორც ფაზას, რადგან მედიცინა, ტექნიკა ისე განვითარდა, მარტივი რაღაცებისგან ადამიანები აღარ კვდებიან. წინათ კი შვიდ და ათ ბავშვს აჩენდა ადამიანი, იმ შეგუებით, რომ შეიძლებოდა ორი-სამი დარჩენოდათ. ახლა კიდევ ეს უზარმაზარი ადამიანური ტრაგედიაა, რადგან მედიცინამ ასეთი, ძველ დროში ძალიან აქტუალური შიშები ადამიანს გადაალახინა და დაავიწყა.

პანიკის ჯაჭვს რომ მიჰყვე და დააკვირდე, რა აპანიკებს დღეს ხალხს, სწორედ ესაა – სიკვდილის მომენტი ახლაღა გაიხსენა. რეალურად ეგოს დაარტყა ამ ვირუსმა – ახლა მე შეიძლება მართლა მოვკვდე?

თვითონ სოციალიზაციაც ისე განვითარდა, ადამიანები საკუთარ თავთან მარტო აღარ რჩებიან. და ახლა, ამ კარანტინში, ზოგი ღვარძლიანად დასცინის იმ ადამიანებს, ვისაც მოსწონს, რომ ჩაკეტვამ საკუთარ თავთან განმარტოების შანსი მისცა – რა უნდა იპოვოთ მარტოობაშიო. საქმეც ეგ არის, განსაკუთრებულს ვერაფერს ვიპოვით, ამის გაცნობიერება კი რთულია. ამ ვერაფრის, ანუ სიცარიელის პოვნაა მთავარი განძი. თუ ეგ არ გაიარე, მკვეხარა ქოთანი ხარ. სიცარიელე ბუნებრივი მდგომარეობაა, ჭურჭელი ხარ. აბსურდის ფილოსოფია მაგაზე დგას. ძველი ეგვიპტური კულტურა სულ ამ მკვდრების და სიცარიელის მომენტზეა. თანამედროვე კულტურა კი მეორე უკიდურესობაში გადავარდა.

ამ ვირუსმა კიდევ მობილურობას დაარტყა – კარანტინში ადამიანები გარეთ დიდად ვეღარ გადიან. მაგრამ საქართველოში ყველა ვცხოვრობთ ისეთ ადგილას, საიდანაც ტყე მაქსიმუმ 5-10 კილომეტრშია; ყველას შეგვიძლია ჩვენი ტყის პოვნა. კვირაში 2-ჯერაც რომ გავიდეთ, საკმარისია. თან, სიარული და ფიქრი კარგად ეწყობა ერთმანეთს – ამ დროს ფიქრის პროცესი სტიმულირდება – არისტოტელეს პერიპატეტიკურ სკოლაში ეს შემთხვევით არ ხდება.

ამას წინათ, მთაწმინდის ტყეში სეირნობისას, ჩემმა უკვე სამწლინახევრის შვილმა მითხრა: „მამა, შენ იცი, ბუნება ქალაქია, სადაც ბევრი ხეებია?!“ 

______________________________________________________________________
ტექსტი: თამარბაბუაძე
ფოტო: სერგი ბარისაშვილი