გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

10 თანამედროვე მწერალი ინდიგოში

სვეტლანა ალექსიევიჩი

საბჭოთა სკოლაში ყოველთვის ძალიან ძლიერი იყო ომის კულტურა. არავინ გვეუბნებოდა, მაგალითად, გოგონებს, რომ ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ, უნდა ვუყვარდეთ ვინმეს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ გვასწავლიდნენ, უნდა მოკვდე სამშობლოსთვისო. ავტორიტარულ სახელმწიფოს არ შეუძლია, მილიტარისტული არ იყოს. შეხედეთ პუტინს. როგორც კი ავტორიტარული გახდა, დასჭირდა იდეოლოგია და ეს იდეოლოგია, მხოლოდ მილიტარისტული შეიძლებოდა ყოფილიყო. დაიწყო ომები – საქართველო, დნესტრისპირეთი. ესეც კლასიკაა, ახლაც შვილიშვილის სკოლაში შევედი და გაოგნებული გამოვედი, კედლებზე ისევ გრანატიანი პარტიზანებია და ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს, ადამიანი იმისთვის დაიბადა, რომ სხვა ადამიანი მოკლას.

ინდიგო #2 ლევან ბერძენიშვილი – წითელი ადამიანების მკვლევარი  

ამელი ნოტომი

ჩემი წიგნების მთავარი სიუჟეტია „სხვა“. მათ შორის საკუთარი თავიც, იმიტომ, რომ მეც სხვაა. სხვა არის სიცოცხლის მიზანი, სხვასთან შეხვედრა ცხოვრების მთავარი და ზოგჯერ შეუძლებელი ამოცანაა. ჩემი ყველა წიგნი სწორედ ამ პოზიციიდანაა დაწერილი – „სხვის“ გარეშე არარაობა ვართ. „სხვაა“ ჩვენი უმთავრესი პრობლემა. როგორ გვყავდეს ეს „სხვა“ საჭირო დისტანციაზე? შეიძლება გვიყვარდეს „სხვა“ ისე, რომ მთლიანად არ დაგვიპყროს, დაგვანგრიოს, ან პირიქით, თავისი ცხოვრება არ გაგვანადგურებინოს. ჩემი ნაწარმოებები შეგიძლიათ აღიქვათ დაუსრულებელ სამხედრო სტრატეგიებად, საომარ კარტოგრაფიად, „სხვასთან“ სიყვარულ-სიძულვილის ისტორიებად.

ინდიგო #1 სოფი ტურნონი  ამელი ნოტომი 

მარიო ვარგას ლიოსა

დიდმა ლიტერატურამ ესთეტიკურზე მეტი მორალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ის თავისუფლების დამცველი უნდა იყოს; უნდა იყოს საკომუნიკაციო ენა სხვადასხვა ფენას შორის, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს შორის. მან უნდა გახსნას საზღვრები, ჩაახედოს მკითხველი კლიშეებს მიღმა, თორემ ძალიან პროვინციული ხდება კულტურა.

ინდიგო #5 თამარ ბაბუაძე – მაღალი და დაბალი (კულტურა)

დიმიტრი გლუხოვსკი

დღესდღეობით რელიგიების დაცემა გარდაუვალია, რადგან ადამიანებს აღარ აწუხებთ კითხვები: „შევხვდები თუ არა ჩემს საყვარელ ადამიანებს იქ და რა იქნება შემდეგ?“ არ არსებობს არავითარი შემდეგ, ყოველთვის იქნება ისე, როგორც არის ახლა და ვფიქრობ, რომ ადამიანებისთვის ეს მოსახერხებელიც კი გახდა, რადგან სამოთხე, როგორც მას რელიგიების უმეტესობა აღწერს, აბსტრაქტულია. მისი დაჯერება რთულია. რელიგია უბრალოდ აკეთილშობილებს ჩვენს ცხოვრებას, პასუხობს კითხვებს ცხოვრების ამაოებაზე და აძლევს ადამიანებს ქცევის კოდექსებს, მთლიანობაში კი დაძაბულობას და შფოთს უხსნის, თითქოს აზღვევს მათ; და როცა ეს ყველაფერი საჭირო აღარ იქნება, რელიგია, როგორც სადაზღვევო დაწესებულება, გაქრება.

ინდიგო #7 ზაზა კოშკაძე – გთხოვთ გაათავისუფლოთ ვაგონები 

ჩარლზ ბერნსტაინი

პოეზია მოკვდა დიდი ხნის წინ, ის პლატონმა მოკლა. დანარჩენი უკვე მოჩვენებებთან თამაშია...

ინდიგო #9 პაატა შამუგია  პოეზია შეუძლებელია იყოს აპოლიტიკური

ეთგარ კერეთი

ისრაელური კულტურის ნაწილია თავის შეკავება – თუ წუწუნებ, ესე იგი, მაგარი ცუდი ტიპი ხარ, ამიტომ წლები გადის და მხოლოდ კარგა ხნის მერე იხსენებენ ხოლმე ჩემი მეგობრები საშინელ, საშინელ ისტორიებს. მთელ ერს ომის ნევროზი ჭირს, პოსტტრავმულ შოკში არიან; წესით, უნდა მკურნალობდნენ, მაგრამ როგორ ვიმკურნალებთ, როცა არ ვიმჩნევთ, რომ ავად ვართ. ჩემი სიმამრი, მაგალითად. ძალიან ცნობილი საბავშვო პოეტია, ძალიან საყვარელ ლექსებს წერს, ყველა ბავშვს უყვარს, ვსხედვართ, ყავას ვსვამთ და სხვათაშორის გაიხსენებს ომის რომელიმე ამბავს, როგორ აიყვანეს ტყვედ ვიღაც, როგორ დაიწყო ხალხმა ყვირილი, როგორ ესროლეს ამ ტიპს მის თვალწინ და იქვე გააგორეს. მერე წავა და დაწერს ლექსს პატარა გოგონაზე, რომელმაც საყვარელი ხავერდის დათუნია დაკარგა.

ინდიგო #9 თამარ ბაბუაძე  მთარგმნელის ინტერვიუ მწერალთან 

ვლადიმირ სოროკინი

მწერალი კვდება, როცა მას საკუთარი სტილი უჩნდება...

ინდიგო #12 ზაალ ანდრონიკაშვილი, ეკა მესხი  ინტერვიუ ვლადიმირ სოროკინთან

რობერტ სოიერი

მეც მინდა მარადიული სიცოცხლე, მაგრამ არა ანდროიდის სხეულში, როგორც წიგნებშია. მალე გამოჩნდება საშუალება, რაც იქამდე შეგვინახავს, სანამ უკვდავება ძალიან არ გაიაფდება, როგორც ნებისმიერი სხვა ტექნიკა იაფდება გამოსვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ; სანამ ყველასთვის არ გახდება ხელმისაწვდომი მარადიული სიცოცხლე. ცხადია, ყველა სამუდამოდ დარჩენას არ მოისურვებს, მაგრამ მთავარია, რომ ვინც მოისურვებს, მიიღებს კიდეც.

ინდიგო #13 ზაზა კოშკაძე  ადამიანის უფლება უკვდავებაზე

ალეკო შუღლაძე

მე წავიკითხე ერთი ბენგალიელი ქალის წერილი, რომელიც შუა საუკუნეებში შეესწრო, როგორ შევიდა კრიშნა ჩაიტანია მის სოფელში. ეს ქალი ჰყვება საოცარ რამეს. მე ვხედავდი, როგორ შემოვიდა ეს კაცი და როგორ მოჰყვებოდა მას მილიონობით ადამიანი, მათ გადაუარეს მთელ სოფლებს, ცეკვა-თამაშში შემოეჯეგათ. მაგრამ ჩვენ არ ვბრაზობდით ამაზე, გვიხაროდა, რომ ეს ხალხი მოვიდა. მღეროდნენ და ცეკვავდნენ, თან ინგრეოდა ყველაფერი. აი, ეს მინდა, რომ საქართველოში მოხდეს, და საერთოდ, შევესწრო ასეთ რამეს. სულიერი ცეკვა-თამაშით რომ დაინგრეს ყველაფერი.

ინდიგო #22 ზაზა ბურჭულაძე  დაკარგული მთის ძიებაში

ზაზა ბურჭულაძე

ჯონ კოლტრეინი ამბობდა: „მე მინდა ადამიანებს ვაგრძნობინო, რომ მესმის მათი. მესმის მათი ტკივილი და მინდა შევუმსუბუქო იგი“. მე ასეთი მაღალი მიზნები არ მამოძრავებს. ეს ალბათ კოსმოსში გამოკიდებული ადამიანური სევდაა, როცა ხვდები, რომ არაფერი ხარ, საერთოდ არაფერი. ყველაფერი წარმავალია, და გინდა მოასწრო და კედელზე დაფხაჭნო, რომ აქ იყო ვანო, გურამი, ნანა, არ ვიცი, ვინმე… რომ აი, მეც ვიყავი აქ. ალბათ ეს გაქრობის შიშია. „ცუდად მაინც ხომ არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება“. როგორც ჰელდერლინი ამბობს: „ჩვენ არაფერი ვართ, რასაც ვეძებთ, ისაა ყველაფერი“.

ინდიგო #5 ნინო ჯაფიაშვილი  ბოზური ნახარში 

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა