აინე მერმეს არავისი ეშინია | ზურა ჯიშკარიანი
„არ მინდოდა, რად დამმართეს გაცნობიერება?“ – ამბობს გოგო-მერმე და უარს აცხადებს ყველაფერზე, რაც არ
უთხოვია და ისე მიეცა.
როგორც ერთი ავტორი მიმართავდა საკუთარ თავს: „რა ცოდვა ჩაიდინე, რომ დაბადებულიყავი, რა დააშავე ასეთი – რომ შენთვის არსებობა მიესაჯათ?“
გლოვამ იცის ეს შეგრძნება: როცა გინდა არ გრძნობდე, არ ფიქრობდე, არ გაგაჩნდეს ცნობიერება. ასე ძლიერ რომ არ გტკენოდა. ან იქნებ გახდე ვინმე სხვა, სადღაც შორ ქალაქში, იმდენად სხვა, რომ არც კი იცოდე რომ – ხარ.
სასოწარკვეთა რეაქციაა მოვლენებზე, რომლებიც გააცნობიერე და თუ არ ფიქრობ – საშიშიც არაფერია. ის, რითაც ევოლუციამ გადარჩენისთვის დაგვაჯილდოვა, ახლა ჩვენს წინააღმდეგაა მომართული. ყოველდღიურობის გაძლება მხოლოდ ცნობიერების შინაარსების ხელოვნურად შემოზღუდვის შესწავლით შეიძლება. და მაინც არის რაღაცები, რასაც ჯიუტად არ ვუშვებთ შიგნით, რომ რეალობამ არ შემოჟონოს, თორემ ყველაფერი დაინგრევა:
„როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება-მეთქი“.
წავიკითხე ტექსტი და ვნახე სიკვდილი.
ჩვენში, თანამედროვე ავტორების უმეტესობა ცუდად კვდება ტექსტში ან უარესი, არ კვდება საერთოდ, რაც ლიტერატურას სწყინს.
უსქესური მეგობარი შორ, ცივ ქვეყანაში. უსახო ჯადობაზები. კაბა რომელიც შეუკერეს, ჩააცვეს და სუდარა აღმოჩნდა. აინეს ტოლი ბიჭი ნახატებიან კუბოში: ჩიტებიან, სოკოებიან, ნაძვებიან, ციყვებიან, ველოსიპედიან და ბურთიანში. შეცდომების გამოსწორების სურვილით, სულ თავიდან, დედის საშოდან დაწყების აკვიატება – ეს ყველაფერი სიკვდილის მრავალი სახიდან რამდენიმეა.
„შენამდე გაჩნდა ფითქინა გოგო, ვისაც დავარქვით აინე, – ეუბნება დედა აინეს და ამატებს – მალევე მოკვდა“.
ეს ტექსტი ჰგავს ზღაპრულ მულტფილმს თავისი სტილიზებითა და პოეტური აღწერებით, ფერებით, ღვთაებებით, ვარდისუბნისა და ძაღლისუბნის ისტორიებით, რომელიც ჩემთვის კალვინოს უხილავი ქალაქების ვიბრაციებს აღძრავს, ტექსტი გაძლევს უფლებას, ის სხვადასხვა რეგისტრში და სხვადასხვა ინტენსიურობითაც იკითხო.
გოგო-მერმე სამყაროში ბევრ მშვენიერს ხედავს, ხანდახან იმაზე მეტსაც, ვიდრე სხვები და ვერაფრით გაუგია, როგორ შეიძლება ეს მშვენიერება თან ასეთი სასტიკი იყოს. მისტიკური ტრადიციების მიხედვით ამის შეცნობა – ყველაფრის შეცნობას ნიშნავს. ამ ზღვარის დასაკვირვებლად თუ დაიწერა ეს ტექსტი.
მიახლოებისთვის კი აინე-მწერალი მკითხველისთვის უცხო ენას იგონებს. გაუცხოება შეიძლება იმანაც გამოიწვიოს, რომ ეს „უცხო ენა“ თან საოცრად მშობლიურია. ენა, წინადადებების წყობის მანერა, სპეციფიური სახასიათო სიტყვები, ამ ტექსტის მთავარი კვანძია. ძაბვა, ყვავილის გაშლა.
როგორც ზემოთ ვახსენე, ქართველი ავტორი ვერ კვდება ხოლმე ტექსტში. ალბათ იმიტომ, რომ ქართველი ავტორი იშვიათად მუშაობს ენაზე და ენაში, რომლის ბუნებრივი ჟანრიც პოეზიაა. ტექსტის პულსირება, სახე-ხატისა და ბგერის სწორი შეხამება, ბევრი დავიწყებული, გამქრალი სიტყვის ზუსტი და დროული გამოყენება არქეტიპულ შეგრძნებებს აღძრავს, არამარტო გონებაში, არამედ სხეულშიც. მერმე-გოგო გრძნობს ენას და იცის, რასაც აკეთებს.
ეს არის ჭეშმარიტი ზეიმი, სადაც ადგილი არა აქვს ერთფერდა გრძნობებს, როცა დარდი თანამონაწილეა და უანგარობა შუამავალი.