ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ამოცანა, რომელიც უნდა ამოხსნა | ინტერვიუ გვანცა ჯიშკარიანთან

დაშლა. პოლარიზაცია – ისმის ყველგან. ამ ახალგაზრდა რესპუბლიკის ხალხში გროვდება ბრაზი უთანასწორობის მიმართ. ყველაფერს პანდემიაც ამძაფრებს. თუმცა, ამ ქაოსში ყველაზე მკაფიო მაინც პარალიზებაა. აზრის პარალიზება.

ხელოვანთან – კურატორთან, Patara Gallery-ისა და The Why Not Gallery-ს თანადამფუძნებელ გვანცა ჯიშკარიანთან ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ ტრანსფორმირდება ყოველდღიური შფოთი და შიში თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებში.

გ.ჯ.: ხშირად ასეა, რომ როცა რაიმე იდეის ფიზიკურ რეალობაში გადმოტანას გადავწყვეტ, ვერასოდეს ვუკავშირებ მას კონკრეტულ დროს, ფაქტს თუ მოვლენას. ისინი გააზრებული მაქვს იმდენად, რამდენადაც ვარჩევ 40 დღიური ფიქრიდან, მაგრამ რაიმე კონკრეტულთან მათი დაკავშირება ძირითადად მიჭირს. განსხვავებით „გობელენებისგან“ – ნამუშევრების სერიისაგან, რომელიც 2018 წელს დავიწყე. მართალია, ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა, მაგრამ როცა ვუფიქრდები, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ მათ კონკრეტული შიშის წყარო აერთიანებს. ეს ჩემი ბავშვობის შიშია: დავიბადე და გავიზარდე ღარიბ ოჯახში, სადაც მისაღები ოთახის გახუნებულ კედელზე საბჭოთა გობელენი ეკიდა – ჩემი თინეიჯერობის კომპლექსის მატერიალური ობიექტი… სიღარიბის და უპოვრობის, შესაბამისად, დაუცველობის შიშის სიმბოლო. როცა ვიწყებ ფიქრს ამ ჩემს არაკომფორტულ მასალაზე თუ ისტორიაზე, სიტყვებით მათ ვერ გადმოვცემ. სხვანაირად ვუქნევ მათრახს და ეს ჩემს ვიზუალურ ნამუშევრებში ჩანს. საბოლოო ჯამში, კონკრეტული ნამუშევარი იქცევა ხოლმე კონტროლის დამყარებად შიშზე, რაც ბავშვობაში გამიჩნდა.

ნ.ხ.: ხედავ თუ არა რომელიმე კოლექტიურ შფოთს, რაც ძველ და ახალ თაობებს საერთო აქვთ?

გ.ჯ.: გაუცნობიერებელ, გაუხედნავ შიშს ვამჩნევ უფროს თაობას, რაც ჩვენც, ვფიქრობ, რომ წარმატებით გამოგვყვა მემკვიდრეობად. ვთქვათ, შიში, რომ რაღაც დეფიციტშია და თუ დროზე არ იჩალიჩე, არ შეგხვდება. ჩემი ერთი ნაცნობი მიყვებოდა, რომ მის უბანში, ქუთაისში ყველას ჰყავდა ყველაზე მოდური მანქანის ბოლო გამოშვება, მაგრამ მათგან 1 პროცენტს თუ შეეძლო მისი გამოყენება, რადგან დანარჩენებს ბენზინის ფული არ ჰქონდათ. მანქანა რომ აუცილებლად უნდა ეყიდათ, ჩემთვის პირადი საკუთრების შეზღუდვის შიშს უკავშირდება. მერე ამ შიშმა სოციალური სტატუსის მოპოვების მექანიზმი წარმოშვა და ფუფუნების დემონსტრირების ისეთი კულტურა მივიღეთ, რაც ტრაგიკომიკურია.

GIRL

კიდევ საერთო გვაქვს თვითცენზურა, არა მარტო ხელოვნებაში, არამედ გამოხატვის ნებისმიერ ფორმაში. კულტურაა მთლიანად თვითცენზურით სავსე. ამის გამო ადამიანები, ხშირად გაუცნობიერებლად, საკუთარ გონებას გარკვეული ნორმის ჩარჩოში აქცევენ, რაც ავთენტიკური თვითგამოხატვისადმი გაცნობიერებულ შიშს იწვევს. ეს ჯერ ინდივიდში ხდება, მერე საზოგადოებაში. უახლოეს წარსულში, ვთქვათ, საბჭოთა კავშირში, იდენტობის განმსაზღვრელმა რამდენიმე ინსტიტუციამ მუტაცია განიცადა. იგივე თამადობა გასაბჭოებამდე იყო რაღაც ეზოთერული და მეტაფიზიკური მოვლენა, ურთიერთობის ისეთი ფორმა, რომელიც ყველანაირად აღემატებოდა სტანდარტულს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს, ისევე, როგორც მევენახეობა, თამადობაც გახდა მანქანური. რუტინული. ამან მოკლა სინამდვილე და, შესაბამისად, გააჩინა თვითცენზურაც. ზუსტად ეგრე ჩამოყალიბდა საბჭოთა ქცევის რაღაც მოდელი, უაზრო, ნაკარნახები, გაწერილი და არა ავთენტიკური. მთელ თაობებს სისხლში გაუჯდა. ამიტომ დღევანდელი ქცევა, ბევრ სხვა რამესთან ერთად, მეტწილად მაინც ჭიდილია არსებულის უარყოფასთან, შესაბამისად – შიშთან, რომ თანამედროვე ურთიერთობებიც ყალბი არ აღმოჩნდეს.

ნ.ხ.: ჰიპერნორმალიზაცია. ტერმინი, რომელიც წინა საუკუნის 80-იან წლებში ჩნდება და აღწერს გარემოს, სადაც ყველამ იცის, რომ არაფერი ხდება სამართლიანად, რომ ქვეყანა კოლაფსის ზღვარზეა. ყველამ, მათ შორის, თავად მმართველმა ძალამაც იცის, რომ ძალაუფლება მათ ხელში არაა, მაგრამ არავინ არაფერს იმჩნევს. სიგიჟე ნორმალიზებულია. ირგვლივ უნდობლობაა, რაც აზრის პარალიზებას იწვევს. ასეთ გარემოში ხშირად ასკვნიან, თითქოს, არტისტები სოციალური პროტესტის მიღმა დგანან.

გ.ჯ.: სინამდვილეში ასე არ არის. ხელოვნების ნებისმიერი ღირებული ნამუშევარი, ირიბად თუ პირდაპირ, დაკავშირებულია პოლიტიკასთან. ჩემი პოლიტიკური ხელოვნება არის გალერეა, რომელსაც ვკურირებ. ეს სოციალური ნამუშევარია. ზოგადად პოლიტიკური ხელოვნება ხშირად არის კარიკატურული. მე არ მინდა გავაკეთო კარიკატურა. რატომ, როცა შემიძლია, ჩემი საქმიანობით ვაწარმოო პოლიტიკა?! „პატარა გალერეაც“ არის პოლიტიკური აქტი – თვითორგანიზებული, არაკომერციული, ჩვენი ხელით გარემონტებული და მიწისქვეშა გადასასვლელში გახსნილი სივრცე, კომფორტის ზონიდან გასვლის და ყველაზე წარმოუდგენელ ადგილას იმის კეთების მაგალითი, რაც გინდა რომ აკეთო.

ზუსტად მაგ პერიოდში, როცა „პატარა გალერეა“ გავხსენით, ორი ან სამი გალერეა იყო თბილისში და ისინიც ან სალონური ტიპის იყო, ან მხოლოდ საკუთარ არტისტებზე მუშაობდა – ახალგაზრდა, დაუმკვიდრებელ ხელოვანებს არ იღებდა. იყო პატარ-პატარა პროექტები, ვთქვათ, “Window Project”-ი, რომელიც მოიაზრებდა ქუჩაში, ვიტრინებში ნამუშევრების გამოფენას. ესეც რაღაც გარღვევა იყო... თუმცა, ძირითადად, მაინც კარნავალური სიჩუმე სუფევდა გალერეებში. თანამედროვე ხელოვნების დამთრგუნველი სიჩუმე ყოველთვის იყო ჩემი შიში. იმ სისტემის შიში, რომელსაც ასეთი გალერეები ქმნიან. ყოველთვის ვცდილობ მსგავსი გარემოდან დისტანცირებას.

ნ.ხ.: აწმყოში, ახალგაზრდა თაობის შიშის მთავარი წყაროები მე ესენი მგონია: ა) კრიმინალური პოლიცია; ბ) ნორმად ქცეული პოლიტიკური არასტაბილურობა; გ) ყოველდღიური ბრძოლა საკვების მოსაპოვებლად.

გ.ჯ: ალბათ. თუმცა არის კიდევ რაღაცები, მაგალითად, ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ბავშვობიდან იყო ოჯახის ვალები, რამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩვენზე და, დარწმუნებული ვარ, ასეა ჩვენი თაობის უმეტესობა. კიდევ, განსაკუთრებით გოგოებს უჭირთ აქაურ ქცევის ნორმებთან გამკლავება. აი, მაგალითად, მგონია, რომ ამ მიუღებლობის შიშმა შექმნა ჩემი ჩაცმის სტილი, უფრო სწორად, ამ შიშის მიმართ პროტესტმა. ქუჩაში სიარული გოგოსთვის საფრთხეა. ყოფილა შემთხვევები, როცა სამარშრუტო ტაქსიში ჩემ გვერდით მჯდომი ქალისთვის უგინებიათ და არავის ხმა არ ამოუღია. ესეც, ზოგადად, აზროვნების პარალიზების ბრალია. ამაზე ქართული არაფერია, როცა სანამ თვითონ არ შეეხებათ, მანამდე დუმან. შეგუება. ეგ არის ხოლმე ჩემი შიში – შიშთან დამოყვრებულ ადამიანებში ნავიგაცია. პოლიციის უმოქმედობაც. რიგ შემთხვევებში ისე რომ იქცევიან, თითქოს, იქ არ არიან. მაგრამ ყველაზე დიდი შიში ჩვენში ცვლილებების შიში მგონია. განსაკუთრებით ახლა, როცა მსოფლიოში ულტრანაციონალისტური პოლიტიკა გააქტიურდა. ჩემი გამოცდილებით მივხვდი, რომ ყველაზე მაგარი მაშინ ხარ, როცა ამ ცვლილებებთან ადაპტაცია შეგიძლია. მთავარია გაძლო ამ მუდმივად ცვალებად გარემოში. კომფორტის დაკარგვაა მტკივნეული, მაგრამ ეს თან გაჯილდოებს. იმის ცოდნა, რომ მუდმივი არაფერია, ასევე, გაძლიერებს. თუ აქამდე მოვედით და გზად რაღაცების შექმნაც შევძელით, ესე იგი, ფანტასტიკური ძალა გვაქვს. შიშიც, საბოლოო ჯამში, ამოცანაა, რომელიც უნდა ამოხსნა.

HBF
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა