გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლევან ბერძენიშვილი ნატო ინგოროყვა

ღმერთი არ გაგიწყრეს, არ ჩაგეძინოს! | ლევან ბერძენიშვილი

უხსოვარ დროში არისტოფანემ სცენაზე უზარმაზარი სასწორი გამოათრია, პინებზე ესქილესა და ევრიპიდეს სტრიქონები შეყარა და თავის პერსონაჟს, ღმერთ დიონისოსს ააწონინა. სხვათა შორის, დიონისოსის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ესქილემ გაიმარჯვა, მისი სტრიქონები უფრო წონიანი აღმოჩნდა. საუკუნეების შემდეგ მეცნიერებმა ამ მოვლენას „მეტაფორის რეალიზაცია“ უწოდეს. სტრიქონის წონა მეტაფორაა, ხოლო ამ წონის განმსაზღვრელი რეალური სასწორი – ამ მეტაფორის „რეალიზაცია“. არამატერიალურის მატერიალიზაცია ყოფილა რეალიზაცია. ჰოდა, ნატო ინგოროყვა, როგორც პოეტი არის რეალიზებული პოეტური რეალიზატორი, ხოლო ანტიკური მეტაფორის რეალიზაცია მისი ერთ-ერთი იარაღია. ის, საერთოდ, პოეზიაში ფირალივით შეიარაღებული დადის და ამ იარაღით ყველასგან გამოირჩევა. სარეალიზაციოდ განსაკუთრებით უყვარს ანდაზები. ყველანაირი, რთული ჩინურით დაწყებული, მარტივი ქართულით დამთავრებული. ხელისგულებით, მკურნალობაში დროის უუნარობითა და დროის მდინარის მიერ ჩამოტარებული მტრის გვამებითაა სავსე ამ პოეტის შემოქმედება.

ძველ ენას გასწავლიან და გეუბნებიან, ბრუნვა ნათესაობითი, გენეტივუსი, მრავალნაირია – სულ ცოტა, ორნაირიო: Genetivus subiectivus და genetivus obiectivus. მაგალითად, amor matris, დედის სიყვარული. რა არის დედის სიყვარული? ორი რამ არის: დედას უყვარს შვილი და დედა უყვარს შვილს. სუბიექტური (დედა სიყვარულის სუბიექტია, სიყვარული მისგან მოდის, დედას უყვარს) და ობიექტური (დედა სიყვარულის ობიექტია, დედა უყვარს შვილს). ეს გრამატიკაა, აქ სრული თანასწორობაა: შენ გიყვარს და შენ უყვარხარ. ჰოდა, როგორც კი გრამატიკის ორღობეს გაივლი, აღმოაჩენ, სინამდვილე უფრო სუბიექტური რომაა, ვიდრე ობიექტური. პოეტი ამ ფენომენს, დედის სიყვარულს, რეალიზაციით შეამოწმებს და დაადგენს, არ არის თანასწორობა, არ არის სამართალი.

ძველ ენას აღარ გასწავლიან და გასწავლიან კარდიოგრამის წაკითხვას. ამ საქმეში ძალიან წინ წავიდნენ. მაჯის საათი კარდიოგრამას იღებს და კაცი რომ წაიქცევა, წერილს აგზავნის, ამა და ამ გრძედსა და ამა და ამ განედზე ადამიანი წაიქცა, უშველეთო. დამატებით მონაცემებსაც აყოლებს: პულსი, კარდიოგრამა... და შენ ჭკვიანური სახით, მცოდნე სახით ამბობ: „სინუსური რიტმი“, „PR ინტერვალი“, „ტაქიკარდია“, „ბრადიკარდია“... როგორც ვთქვით, ჩვენს პოეტს უყვარს მეტაფორის რეალიზაცია, კარდიოგრამაც მეტაფორაა. იგი, უპირველეს ყოვლისა, გულის ნახატია. კარდიოგრამა პოეზიაა. და ერთი პოეტური შედევრის სათაურიცაა.

გული მტკივა, – მითხრა დედაჩემმა. როგორ გტკივა? – ვკითხე, უფრო სიჩუმის დასარღვევად. – სუნთქვის ნებას არ მაძლევს, – თქვა და გაჩუმდა.

ამ ტკივილს წამალი ვერ უშველის, ტელევიზორი ვერ უშველის, წიგნი ვერ უშველის, ავთანდილის ანდერძი ვერ უშველის, თავისთვის იქნებ ეშველა, ყურისთვის იქნებ ეშველა, თვალისთვის იქნებ ეშველა. ნათესავი ვერ უშველის, მეზობელი ვერ უშველის, ექიმი ვერ უშველის, იქნებ მუცლისთვის ეშველა, ხელისთვის ეშველა, ფეხისთვის ეშველა. გულიო, რომ იტყვის, ყურს არ ესმის, პირდაპირ გულს ესმის. გულს როცა ესმის, 323 კილომეტრის გავლა უნდა, ჩასვლა უნდა, მოფერება უნდა. გული გულთან ერთი გულის მანძილზე უნდა მივიდეს. გული ასეთია. მკურნალადაც მაინცდამაინც გული უნდა. ახლავე. დღესვე. მზის ჩასვლამდე. ხვალ არ უნდა, ზეგ არ უნდა, დღესვე უნდა. მეზობელი არ უნდა, ექიმი არ უნდა, სასწრაფო არ უნდა. ვერ უნდა. მაინცდამაინც შვილი უნდა. გული ასეთია. არადა შვილის წასვლას მთელი ცივილიზაცია ეღობება, მთელი ისტორია ეღობება, მთელი სიცოცხლე ეღობება. ყოველ შემთხვევაში, შაბათამდე: საჯარო ლექცია, გამოცდა, გადაცემა, ჟურნალი, ახალი წიგნის პრეზენტაცია. და რამდენი კიდევ, რაც არ თქმულა: „უბრალო“ ლექცია, კურიკულუმი, სილაბუსი, დისერტაცია – ჩემი, შენი, მისი, სხვისი, ახალი ჟურნალის მასალები და ა.შ. ამიტომ: შაბათი.

დეე, შაბათამდე დამელოდები? – ვკითხე და თვალი ხელისგულისკენ გავაპარე – სირცხვილი ერბოკვერცხს წვავდა.

და ვხედავთ იმასაც, რაც პოეტს არ დაუწერია: ტირის ბავშვი. თვალწინ აქვს დედის ძუძუ და არ აძლევენ. და დედა ეუბნება, ჩუუ, დეე, მოითმინე, დეე, მოვა შაბათი. და ბავშვი არ ითმენს და ბავშვს ეკუთვნის და ბავშვს აძლევენ, მართლა დედა ხომ არ არის, შაბათამდე რომ მოითმინოს?!

ეპიგრაფი, საზოგადოდ, მიყვარს. ტექსტი ტექსტს ეჯახება, ეპაექრება, ეშვილება, ებიძაშვილება და კარგია. განსაკუთრებით მიყვარს ეპიგრაფიანი ლექსები. კიდევ უფრო განსაკუთრებით მიყვარს ანდაზა-ეპიგრაფები. ილიასაც ძალიან უყვარდა. ჩვენს პოეტსაც უყვარს. და აიღო ერთი ძალიან ფილოსოფიური (ხანდახან ლაო-ძისაც რომ მიაწერენ) ჩინური ანდაზა: „თუ მდინარის პირას საკმარისად დიდხანს იჯდები, ნახავ, რომ ერთ დღეს შენი მტრის გვამსაც ჩამოატარებს“. ესე იგიო, დიდი ჩინელი ხალხი ამბობს, შურისძიების არსენალიდან ყველაფერი ამოიღე, მოთმინების გარდაო. ავივსეთ მოთმინებით და დავიწყეთ ლექსის კითხვა.

სიზმრისა მინდა იყოს და ცხადისაა, – გვითხრა ავტორმა. წყალი შეუდგა სახლს.

რა ცუდი რამაა, წყალი რომ შეუდგება სახლს, სტიქია რომ მიადგება ადამიანის ნახელავს, უმი რომ შეუჩნდება მოხარშულს, ბუნება რომ დაეჯახება კულტურას. რა უნდა უქნა? ვერაფერს ვერ უზამ, დალეწავს, დაანგრევს, მოსპობს. ვერაფერი ვერ ვქენიო, ავტორმა, სურვილიც კი არ გამჩენიაო, ერთი ფიცარიც კი ვერ გადავარჩინეო მშვიდი ცურვისთვის. ცბიერი, ცბიერი ავტორი. „მშვიდი ცურვაო“. „მშვიდი ცურვა“ ირაკლი ჩარკვიანის რომანია. „ორი რომანი ერთში“, – ასე ახასიათებს ავტორი თავის „ავტორომანს“, რომელშიც, ერთი მხრივ, წარმოგიდგენთ საკუთარ თავს, 43 წლის ასაკში შობილ „მეფეს“, მეორე მხრივ კი მოგითხრობთ ლეგენდარული მოძღვრისა და პოეტის, რუმის, თანამედროვე რეინკარნაციისა და თანამოსახელის, ქაბულელი ტერორისტის უკანასკნელ განცდებს თვითმფრინავის სალონში ჯდომისას, ასაფეთქებელ ღილაკზე თითის დაჭერის წინ.

პოეტი კი ჩინურ სიბრძნესაა მინდობილი და დგას დიდხანს და მოთმინებით. ელოდება. მტრის გვამმა უნდა ჩამოიაროს.

მტრის კი არა – ვინც მიყვარდა, მისი გვამი ჩამოატარა.

და ვხედავთ იმას, რასაც პოეტი არ წერს: ვხედავთ, როგორ ეკამათება ის საუცხოო, ჩინებულ ანდაზას, მტერს ველოდი და მეგობარი ჩამომიტარეო და ანდაზა, რაკი ჩინურია, როგორ ვერ ეუბნება, გიყვარდეს მტერი შენიო და როგორ უპასუხებს, თუ მოთმინებით კიდევ აღიჭურვები, მტრის გვამიც გარანტირებულად ჩამოივლისო.

როგორც ხედავთ, ჩვენი პოეტი მორალისტია. ოპტიმისტები ცუდად წერენო, მორალისტები ცუდად წერენო. რამდენი ჭკვიანური აზრი არსებობს. ჩვენი პოეტი მორალისტია და კარგად წერს. ორი რამე ვუპოვეთ: რეალიზატორია, გამოუთქმელის გამოთქმა შეუძლია, თანაც მორალისტია და მაინც საინტერესოა.

საბერძნეთში ერთ ძლიერ მისტიკურ მხარეს ჰქვია ფოკისი. აქ სამი ათასი წელია არის ქალაქი დელფოსი, საერთო-ბერძნული რელიგიური ცენტრი აპოლონის ტაძრითა და მისივე სამისნოთი. ოდესღაც აქ თეთრებში გამოწყობილი ქურუმი ქალი პითია უპასუხებდა შენს კითხვებს, ან არ უპასუხებდა, მაგრამ რაღაცას აუცილებლად გეტყოდა. თანაც შენს ადამიანურ, პროზაულ კითხვას აუცილებლად პოეტურად გასცემდა პასუხს. ტაძარს კი ფრონტონზე ეწერა: „გნოთი სეავტონ“ –  „შეიცან თავი შენი!“

ნატო ინგოროყვას ლექსს ჰქვია „დაგუგლე“ და იწყება ასე:

მარტივია – Google-ის საძიებო ველში ჩაწერეთ ჩემი სახელი და გვარი.

გაგიმხელთ: მეც მიცდია საკუთარი თავის ძებნა და მგონია, სულაც არ არის უხერხული, იცოდე, როგორი ხარ, როცა გეძებენ ან იძებნები.

ცნობილია, რა მოჰყვება შედეგად ამგვარ ძიებას. თქვენ მიიღებთ ინფორმაციას, რომ დაიბადა, დაამთავრა, მუშაობს, წერს, გამოსცემს, თარგმნის, თარგმნეს, კითხულობს, ატარებს, საუბრობს, მოგზაურობს, ჰყავს, წარადგინეს, მისცეს, არ მისცეს, მოჰყავს, აშენებს. ერთვის: ფოტო-, ვიდეო-, აუდიო-, მულტიმედიამტკიცებულება. და რა გავიგეთ? არ ვიცოდით, რომ დაიბადა? რომ დადის, რომ ცოცხალია? ისიც კი არ გვითხრეს, შტრუდელი უყვარს თუ შარლოტკა.

ავტორი გვეხმარება: ამიტომ ვურჩევ, რომ მეძებონ მხოლოდ ლექსებში.

ლექსები რას გვეტყვის?

რომ მატკინეს,
რომ დავივიწყე,
რომ დავანგრიე,
რომ მოვითმინე,
რომ აღარ მიყვარს –
ის ცრემლები, რომლებიც დაშრა.

ჰო. კაცმა რომ თქვას, დელფოსელი პითიაც ასე იქცეოდა. ჰკითხავდი შტრუდელზე და გეტყოდა დედაზე. ჰკითხავდი შარლოტკაზე და გეტყოდა მამაზე.

და აი, სად მიგვიყვანა. კითხვა დასვა:

რით ამოვიყვანოთ ლაქები?

და უპასუხა:

გამოცდილია: ოფლი (ოღონდ არა სიმწრის) ამოჰყავს ლიმონს. რძე აშრობს მელანს,

მარილი – ღვინოს, ნებდება ცხიმი გაზიან სასმელს. ზეთს ცარცი ფარავს, ბალახს რძე ახმობს, ყავა იხსნება იფნის ნაცარში. კენკრის ლაქა დაჰყვება თბილი წყლის ნაკადს.

დავაკვირდეთ: რა ჩაიდინა? მატერია შეაგება მატერიას. დაახვავა ანტიპოდები, ღრმად მატერიალური ანტიპოდები: რძე/მელანი, მარილი/ღვინო, ზეთი/ცარცი, ყავა/ნაცარი, კენკრა/წყალი (მე მხოლოდ მარილი, ღვინო და იაპონელის ანეკდოტი ვიცოდი). ახლა იქნება რეალიზაცია, გადავალთ არამატერიალურზე: ირეცხება თურმე სირცხვილი, ირეცხება თურმე სინდისიც, შეაწმენდ ხელებს. გახსოვთ გალაკტიონი? ათოვს ხიდეებს, ათოვს მადათოვს, ათოვს ზმანებებს და მწუხარებას. მადათოვიდან მწუხარებამდე. მატერიალურიდან სულიერამდე. მე ასეთი მემკვიდრეობა მიყვარს, ეპიგონობას ვერ ვიტან.

კრებულის ბოლო ლექსს ჰქვია „ლექსების გადარჩენა“. 

გასაგებია: პირველითგან რაკი იყო სიტყვა, ბოლოსაც იქნება სიტყვა. იმიტომ, რომ ლოგოსიც სიტყვაა, ეპოსიც სიტყვაა და ლექსიც სიტყვაა.

ღრუბლებში შეინახე, საიმედო საცავია, ამბობს ჩემი მეგობარი – ხშირი დანაკარგების მცოდნე.

ეს მეგობარი მეც შეიძლება ვყოფილიყავი, ყოველთვიურად ფულს ვუხდი მაგ ღრუბლებს. ჩვენი პოეტის მთავარი სათქმელია აქ თქმული: მატერიალურს არამატერიალური ინახავს, სიტყვას ინახავს ღრუბელი. მერე რა, რომ ეგ ღრუბელი ღრმად მატერიალური უზარმაზარი სერვერია. აქვე, ჩვენს დედამიწაზე. მაინც ხომ მეტაფორაა, მაინც ხომ ღრუბელი ჰქვია. თვალი ხომ მაინც ზეცისკენ გაგირბის, ღრუბელს რომ ახსენებენ. სწორედ ამიტომ, ჩვენი პოეტი ფიქრობს მასზე, ვინც დაწერს ბოლო ლექსს და იმ უკანასკნელ მკითხველზეც, როცა მზე ჩაქრება.

დიახ, მზე ჩაქრება, ყველაფერი დამთავრდება და ფუკუიამას უკანასკნელი ადამიანი შემთხვევით იპოვის საიმედო ფოლდერში შენახულ გადარჩენილ ლექსს, რომელიც ღრუბელს მივანდეთ. და სწორედ ის ლექსი მისცემს იმპულსს ახალი სამყაროს დაბადებას. დაიწყება სხვა, თითქოს უსასრულო ამბავი, ახალი რიტმით, მუსიკით, არქიტექტურით, კალმით თუ კლავიატურით,  ვინ  იცის.

ჩვენ, ჩვენი პოეტის მკითხველები, ვდგავართ ჩვენი სამყაროს დასასრულში და სხვისი სამყაროს დასაწყისში და ვფიქრობთ, მართლა ხომ არ დამთავრდება ყველაფერი, იქნებ აღარ დაიწეროს პოეზია.

დიახ, იქნებ აღარ დაიწეროს პოეზია. ხომ თქვა თეოდორ ადორნომ 1949 წლის ესეში, ლექსების წერა აუშვიცის შემდეგ ბარბაროსობააო, მაგრამ მას არავინ დაუჯერა, არც აუშვიცის შემდეგ, არც ბუჩის შემდეგ. ყველაფერ ამის მოწმე ჩვენი პოეტის „უკრაინული“ ლექსებია, რომელთაგან ერთი, „ღმერთო, არ ჩაგეძინოს!“, განსაკუთრებული ემოციით გამოირჩევა და რაკი მთელი ტექსტი ღმერთს მიმართავს, ყველაზე უბრალო, უეშმაკო პოეზიითაა დაწერილი. აი ასე:

ომში წავიდა – ნუ აქცევ მკვლელად! დაასრულე ეს საზარელი ომი, ნუ  მაჭმევ  სირცხვილს. უნდა ვინახულო და ცოცხალი დამახვედრე. ღმერთი არ გაგიწყრეს, არ ჩაგეძინოს!

* * *
ყოველთვის ვიცოდი, რომ მრავლობითი სამით იწყება. ორი ორობითია. არის ასეთი რიცხვის კატეგორია პატიოსან ძველ ენებში. ქართულშიც იყო. ნართანიანი მრავლობითი ყოფილი ორობითია. გენიალურმა აკაკი შანიძემ თქვა.

იყო ეგნატე ინგოროყვა, ნინოშვილი, კარგი მწერალი.

იყო პავლე ინგოროყვა, უკეთესი მეცნიერი.

საჭირო იყო მესამე ინგოროყვა, საუკეთესო პოეტი.

ღმერთს არ ჩასძინებია.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა