"ბზინვარების ანბანი" | ნიკოლ გდალია
ნიკოლ გდალია საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის მკვლევარია ხელოვნებისა და რელიგიების ისტორიის განხრით. იგი ასევე პრესისა და რადიოს ჟურნალისტი და პოეტია. გამოცემული აქვს ლექსების თორმეტი კრებული. მისი მეცამეტე წიგნიც მალე იხილავს დღის სინათლეს.
მისი მეუღლის, პოეტისა და გამომცემლის, ბრიუნო დიუროშეს გარდაცვალების შემდეგ, ნიკოლ გდალია სათავეში ჩაუდგა გამომცემლობა "კარაკტერს", რომელმაც ახლახან ორ ტომად გამოსცა მრავალენოვანი "მსოფლიო პოეზიის ანთოლოგია", წელს კი, საქართველოს მწერალთა სახლისა და "ცოცხალი წიგნების" ხელშეწყობით, გამოსცემს ოცი ქართველი პოეტის ფრანგულ ანთოლოგიას.
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ
კრებულიდან "ბზინვარების ანბანი", გამომცემლობა კარაკტერი, პარიზი 2005
Poèmes du recueil Alphabet de l’Éclat, Éditions Caractères, Paris 2005
***
ჩემმა ბავშვობამ
ჩაიარა
დამათრობელ ჟასმინებში და
გიგანტური პალმების ჩრდილში
თაფლის ხეხილში
სადაც კართაგენს
ზღვის ტალღები ელამუნება
სადაც დიდონა თავზარს სცემდა მძლავრ იმპერიებს
სადაც ლივლივებს მოზაიკა და მირაჟები
ქარვის სილაში ვარდის ეკლები
მათი სიბასრე მოფარფატე ხელისგულებზე
ფხის ხეობაში
მიდებული ყურზე ნიჟარა
რომელშიც ქარებს ექოდ მოაქვთ
ამბავი მათოსის სიყვარულისა ჰამილკარის ასულისადმი
სალამბო სალამბო
ნუთუ ოდისევსს კვლავ იშთარის მშვენება მისწვდა
ითაკისკენ მიმავალ გზაზე
პუნიკური სასაფლაოს გრძელი სვეტები
გარემოცული ვარსკვლავების იდუმალებით
აცახცახებდა
მაშინ ბავშვს ჩემში
და ჩემი მყიფე სიპატარავე
ამ ამბის ფონზე
კვლავაც მეკვრის
ზღვათა მარილად
ზეთისხილად
ბუგენვილეას მეწამულ ბუჩქად
და ჩემს ქალდეურ ქარვის კანზე
ჩემი პირველი განცვიფრების
ნეტარება ამოტვიფრულა
***
წარმოთქვი შენი სახელი -
ქალი -
და ზღვის ყვავილთა სიღრმეს მისწვდები
უხსოვარი ცნობიერების ქათქათა ლოტოსს
წარმოთქვი შენი სახელი -
ქალი -
და მრავალი გახდება ერთი
და გრაგნილთა ლაბირინთები
და მუდმივი დაძაბულობა
მეშვიდე დღის სინათლეში
შემცირდებიან
და სიმწვანისკენ მავალი გზის
სიმთვრალე და ციებ-ცხელება
და დინების აღმა მცურავი
მარტოსული პატარა ნავი
და მაწანწალა მეხსიერების
ღამეული ქარიშხალი
ჭირხლი გრიგალი
მიყუჩდებიან
მიყუჩდებიან
შენში და შენთან
მასში და მასთან
ჩემში და ჩემთან
წარმოთქვი შენი სახელი – ქალი
მითხარ, რა მქვია?
***
ვარ დაფლეთილი
როგორც ქარში ბაირაღები
ნახევები ნაგლეჯები და ნაკუწები
მაცვია კაბად ამ გაზაფხულზე
და მომწონს იმის წარმოდგენა რომ მომავალი
სავსე იქნება მოშუშებით
სურნელოვანი ბალზამებით
ცისფერი პოლიანთეებით
და მზიური ამოფრქვევებით
***
ქალი
მე ვარ
ქალი
ქალი ჩემი კანის
სიგლუვეში
ქალი ჩემი თეძოების
სიმრგვალეში
ქალი ჩემი მუცლის
სიმრუდეში
ქალი ჩემი წელის
სირკალეში
ქალი ჩემს ბოდვებში
და ქალი ჩემს მისწრაფებებში
ქალი ჩემს თანამზრახველობაში
ყოვლისმპყრობელ დედამიწასთან
და როცა ჩვენი ბილიკები ერთმანეთს კვეთენ
მე ღუზას ვუშვებ სამყაროში
მე ვარ ქალი
ვზრდი სიმღერას
უხსოვარი ექოებით ნაყოფიერს
მე ვარ ქალი მეფსალმუნე
ჩემი შელოცვა
მომავალს სერავს
მე ვარ ქალი
ჩემი სახელი იხატება
ასო-ციფრებით
სიმებით და ჰარმონიკებით
სიყვარულის
გრძელ სპირალებში
ნუ შეეხება
ქვეყნის სიმძიმე
ნუ გამისრესს
ჰაეროვან ჩემს მელოდიას
***
ჩემი სახლის კედლები იტევს
იერუსალიმის რომისა და კართაგენის ქვებს
ჩემს წინაპრებს ახსოვთ დიდი გადასახლება
ბაბილონის ხეობებიდან
და ტიბრის ფერდობებიდან
რომს ისინი მონებად ჰყავდა
როგორც რამზეს დიდს
ჩემი სახლის კედლები იტევს
იერუსალიმის რომისა და კართაგენის ქვებს
და თან დამდევს ნოსტალგია აღმოსავლური
სეფარდებიდან არაბესკის გამომყვა გემო
და შადრევნების მყუდრო ეზოში
და დარაბებზე ნემსიწვერების
ლივორნომ კი რომის მახლობლად
აღმიბეჭდა
შენობების განუხრელობა
ატრიუმის ტილოებით შერბილებული
მე კართაგენში
ვოცნებობდი სხვა ნაპირებზე და ტაძარზე სოლომონისა
აღმოსავლეთზე დასავლეთზე ავაგე სახლი
გაჟღენთილი ამოკემსილი
უჩვეულო ხილვებითა და
სურნელოვანი სიამეებით
***
სახე გამოვიძერწე
ცხოვრების ეკლიდან
ბრძოლის ნაპერწკლიდან
ყოველდღიური თმენიდან
სახე გამოვიძერწე
შენი მკვრივი არსებობიდან
ბავშვების სიცილ-კისკისიდან
გარდაუვალი ინსტინქტებიდან
სახე გამოვიძერწე
ერთმანეთს გადაწნული ლიანებიდან
უმანკო ჩანჩქერიდან
ბასრი მზიდან
სახე გამოვიძერწე
პირველყოფილი გულისფეთქვადან – ჩემი მუცლიდან
სახე გამოვიძერწე
დედაჩემის სახიდან – ჩემი გულიდან
დღეისათვის საკმარისია
ჩიტს ჭიკჭიკი არ დაუწყია
ფორთოხალი ხელისგულზე არ გამგორებია
***
თვალი არ მიჭრის გარე საგნებზე
შეპყრობილს
ჩემი შინაგანი ორკესტრის სმენით
თუმცა რევერდი ტრუბადურების
როგორც ზღვის ღელვა მოქცევისას
სურნელთა ფრქვევა
და ჭრიჭინი კუტკალიების
ხელახლა მშობენ
***
მინდა გასწავლო სიხარული
და მგზნებარე ბედნიერება
მინდა გასწავლო ჩიტები და
სიყვარული უსაზღვროების
მინდა გასწავლო ყვავილები
ნაკადულს რომ მიუყვებიან
მინდა გასწავლო მწვერვალები
და სიცილი გულის გამხსნელი
მაგრამ შენ უკვე კარგად იცი ეს ყველაფერი
ამიტომ მხოლოდ მიტოვება უნდა გასწავლო
***
წლები
დამჭირდა
რომ მესწავლა
შენთან ცხოვრება
რომ შენს დუმილში შემომეღწია
რომ შენი მზერა გადამეკვეთა
რომ დავსწრებოდი
გრანდიოზულ
ლიტურგიას
შენი ჟესტების
მცენარის მორწყვის
ცხოველის მოვლის
შენი სიცოცხლის
შენი სიცოცხლის ჰარმონიის
შენი სიცოცხლის რიტმულობის
საკუთრივ შენი რიტმულობის
საკუთრივ შენის
მძლავრის
მკვრივის
უნიკალურის
***
მოიმარჯვე ენა
შეიმოსე ხმა
ლოგოსის რწმენით
აანთე ნაპერწკალი
სიტყვის და ციფრის
საიდუმლო კომბინაციით
ალფასა და ომეგას
შემოქმედი გეომეტრიით
უკიდურესად დაწმინდე
ფორმა
მისწვდი ხელწერის ჰარმონიას
ტონის სიზუსტეს
და მოციქულის ხმის ტემბრს შეიძენ
პოეტო
გარეკანზე: ნიკოლ გდალია (დანიელ ნეტერის ფოტო)