გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ცა მიწიდან იწყება | ოთარ ჭილაძის ცხოვრებისა და აზროვნების ქრონიკა

„ხვალ ვიბადები! უჭირს ბუნებას ჩემისთანა გაუგებრობის გაჩენა, თავს ებრძვის, წვალობს... მე კი მესმის ბუნებისა, მაგრამ ჩემი არავის ესმის...“ — წერს ოთარ ჭილაძე თავის ჩანაწერებში, რომელიც თამაზ ჭილაძემ ერთ წიგნად შეადგინა და მწერლისავე მინაწერი წიგნის სათაურად აქცია  - ცა მიწიდან იწყება.

„ცა მიწიდან იწყება“ ოთარ ჭილაძის მთელ შემოქმედებით ცხოვრებას გასდევს 1955 წლიდან გარდაცვალებამდე, ეს ჩანაწერები წლებს შორის გაბმული თოკია, ხოლო წიგნი მწერლის შინაგანი ბავშვის ხმით იწყება, რომელიც საშაქარლამოს ვიტრინას სახით აკვრია.

2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ჰან კანგი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ არასდროს მოისურვებდა თავისი საყვარელი მწერლის ახლოს გაცნობას, რადგან მწერლები საკუთარ წიგნებში თავიანთ საუკეთესო მხარეს აჩვენებენ, ხოლო რეალური არც თუ ისე ხშირად ემთხვევა წარმოსახულს.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, მკითხველს ყოველთვის აინტერესებს შემოქმედების მიღმა არსებული მწერალი, როგორც ადამიანი, როგორც მოქალაქე... ოთარ ჭილაძის ჩანაწერების ეს კრებული კი მკითხველს ნამდვილად გააცნობს მის პიროვნებას.

ჩანაწერები მწერლის გაშიშვლებული, შეულამაზებელი ფიქრი და ემოციაა, მისი ყოველდღიური განცდები, უწყვეტი და მუდმივი ფიქრი სამშობლოზე, ადამიანზე, ქართულ მწერლობაზე, პოეზიისა და პოეტის დანიშნულებაზე.

ჩვენ, მკითხველებს, გვაქვს შესაძლებლობა დავინახოთ ოთარ ჭილაძე თავისი შემოქმედების მიღმა, ის აღარ არის ადამიანი, რომელიც წერს, ის არის მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს, ფიქრობს და გრძნობს.

„ცა მიწიდან იწყება“ ავტობიოგრაფიული წიგნი არ არის იმდენად, რამდენადაც ოთარ ჭილაძის ყოველდღიური ფიქრის განსხეულებულ სახეს წარმოადგენს და არა მისი ცხოვრების ფაქტობრივ მონაცემებს. ეს კი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ავტორი არა როგორც ისტორიის ან ლიტერატურული ტრადიციის ჩარჩოებში მოქცეული ფიგურა, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც ყოფიერების სირთულეებთან ბრძოლაში, ისეთივე გამარჯვებული ან დამარცხებული გამოდის, როგორც თითოეული ჩვენგანი.

ამ კრებულის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ასპექტია ის, თუ როგორ ერწყმის მწერლის ცხოვრების პირადი ნარატივი საქართველოს ისტორიას. ჩვენ ვხედავთ, როგორ აღიქვამდა ავტორი ამ მოვლენებს და მათ გავლენას ქართული საზოგადოების ცხოვრებასა და მდგომარეობაზე.

1989 წლის 9 აპრილის, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის მთელი სისავსით გამოხატვა ოთარ ჭილაძემ მხოლოდ ერთი წინადადებით შეძლო:

„9 აპრილს მთავრობის სასახლის წინ ორი სატვირთო მანქანა ფეხსაცმელი მოაგროვეს...“

ჩანაწერებში ხშირად შევხვდებით თავისუფლების კონცეფციას, ეს ბუნებრივიცაა, რადგან ოთარ ჭილაძე იმ ქვეყნის მწერალია, რომელიც მთელი თავისი არსებობის განმავლობაში თავისუფლებისთვის იბრძვის, მაგრამ დღემდე ჭეშმარიტი თავისუფლების შეგრძნების მოლოდინშია. და მაინც, როგორც არ უნდა იყოს:

„სამშობლოზე უნდა ილაპარაკო მოკლედ და გასაგებად, როგორც მომაკვდავები ლაპარაკობენ.“

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი, რომელსაც წიგნში შევხვდებით წიგნებს, ლიტერატურასა და პოეზიას უკავშირდება. ოთარ ჭილაძისთვის ლიტერატურა  ადამიანის ინტელექტუალური და ემოციური ზრდის ჭურჭელია.

მწერლისთვის, პოეტის გზა ოდისევსის გზას ჰგავს, რომელიც ხიფათებითა და მოულოდნელობებითაა სავსე, მაგრამ პოეტს - ოდისევსს - თავისი პენელოპეც სჭირდება, პოეტი ხან ადამიანის მსგავსია, ხან სააქაოს ქარონია,  მაგრამ ერთი რამ ცხადია, პოეზია ყოველთვის უნდა იდგეს ადამიანის სამსახურში, ხოლო მწერლის მთავარი ამოცანა სიყვარულის გადარჩენაა.

ავტორი საკუთარ თავს რეალურ პიროვნებად წარმოაჩენს, რომელიც ებრძვის ცხოვრების გაურკვევლობას, განცდილ სიხარულსა და მწუხარებას. სწორედ ეს დაუმუშავებელი ავთენტურობა ქმნის ძლიერ კავშირს მკითხველსა და მწერალს შორის.

ოთარ ჭილაძის ჩანაწერები ერთდროულად საზოგადოებრივიცაა და პირადულიც, ლირიკულიც და პრაგმატულიც, თუმცა ერთი რამ ცხადია, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჩანაწერები ავტორის შინაგანი მონოლოგია.

ჩვენ ვეცნობით განსხვავებულ ოთარ ჭილაძეს და ბუნებრივია, სანამ წიგნის კითხვას შევუდგებით გარკვეულად შიშიც კი გვიპყრობს, რადგან, როგორც ჰან კანგი ამბობს, შექმნილი ხატი  ხშირად არ ემთხვევა რეალობას, სხვას ვხედავთ და სხვა შეგვრჩება ხოლმე ხელში, თუმცა პირველივე ფურცლებიდან ვხვდებით, რომ ოთარ ჭილაძე ისეთივე მწერალია, როგორიც ადამიანი და პირიქით.

რამდენიმე საკითხთან მიმართებაში, როგორიცაა მაგალითად პოლიტიკა, ემიგრაცია, განათლება მწერალი საკმაოდ კრიტიკულია, განსაკუთრებით სტკივა სამშობლოდან წასული ადამიანები, საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი ქართველების ყოფა, ერთი მხრივ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მწერალი ამ ადამიანებს ადანაშაულებს კიდეც, მაგრამ შემდეგ ვკითხულობთ:

„ქართველს მობეზრდა ქართველობა. დაიღალა. გაწამდა. ქართველობა, როგორც ადრე გვითქვამს, მხოლოდ ეროვნება არ არის - გარკვეული თვალსაზრისით სასჯელიცაა და, რაც ყველაზე ძნელი ასატანია, სასჯელია ჩაუდენელი დანაშაულისთვის.“

ოთარ ჭილაძე ხშირად უბრუნდება ქართულ მწერლობას, მწერლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაკუთრებით კი ეროვნული ლიტერატურისა და ქვეყნის ურთიერთკავშირის თემებს. ამასთან, ხშირად ვხვდებით ჩანაწერებს საკუთარი რომანების შესახებაც,  ვკითხულობთ მათ უცხოურ, გერმანულ, ფრანგულ ენაზე გამოცემის ამბებსაც. ჩანაწერებში  ვხვდებით კრიტიკასაც, მაგალითად საკმაოდ ხისტი და პირდაპირია ოთარ ჭილაძის შენიშვნები მერაბ კოკოჩაშვილის სცენარზე,  რომელიც რომანის „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ მიხედვით დაიწერა.

ყველაფერზეა ოთარ ჭილაძის ჩანაწერები: სამშობლოზეც, ლიტერატურაზეც, პოლიტიკაზეც, შემოქმედებით პროცესზეც, ახლობელი ადამიანების გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებაზეც, რომელთა შორის განსაკუთრებით ემოციურია დედის, მისი მარადიული მუზის გარდაცვალების მაუწყებელი 1999 წლის ჩანაწერი.

„27 ნოემბერი. გარდაიცვალა დედა!!! აი, როგორ უნდა სიკვდილი! აი, ვინ მოკვდა ღირსეულად! ბრძოლის ველზე...“

ჩანაწერებში, ისევე როგორც მწერლის შემოქმედებაში, ბევრი სიზმარია, შეიძლება ფოლკნერი დაესიზმროს, რომელიც წერს, რომ საქართველოს ისევ ხამის კაბა აცვია, ღვთაებასავითო, ხოლო გერმანიაში ყოფნისას გარდაცვლილი მშობლები დასიზმრებია, რაზეც  წიგნში ასეთი ჩანაწერი გვხვდება:

„საოცარია, გერმანიაში იხილო ისინი, ვინც დიდი ხანია მშობლიურ მიწაში განისვენებს”.

ბევრ სერიოზულ და მნიშვნელოვან ამბავთან ერთად, იუმორნარევი ჩანაწერებიც გვხვდება, რომლებიც ფიქრში ჩაძირულ მკითხველს მოულოდნელად ზედაპირზე მოაქცევს.

რაზე შეიძლებოდა გასცინებოდა ოთარ ჭილაძეს?  რადგან ეს ანეკდოტად ქცეული ამბავი ჩაიწერა, ალბათ ამაზე ნამდვილად გაეღიმებოდა:

„ტაქსის მძღოლს მგზავრებისთვის მოუბოდიშებია, უკაცრავად ზურგით ვზივარო“.

ვისაც ოთარ ჭილაძის  რეალურად გაცნობის შიში აქვს, უნდა ითქვას, რომ ეს შიში უსაფუძვლოა, თუკი მწერლის ამ ჩანაწერებს გავეცნობით, ნათელი გახდება, რომ ჩვენი წარმოსახვა რეალურს ემთხვევა, რომ ეს ჩანაწერები მწერლის შემოქმედების გაგრძელებაა, მისი ბუნებრივი და ორგანული ნაწილი.

ბოლოს კი მინდა, ოთარ ჭილაძის ერთ-ერთ ჩანაწერს ვუპასუხო და წერილიც ამით დავასრულო:

თქვენი „დრო“ უკვე დადგა საქართველოში და საქართველოც აუცილებლად იქნება მართლა თავისუფალი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა