გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გოგა ქობალია მოთხრობა დემურ ჩილაჩავას ჰორიზონტი

დემურ ჩილაჩავას ჰორიზონტი | გოგა ქობალია


დემურ ჩილაჩავა აგერ უკვე 30 წელი იყო, რაც თბილისის ზღვაზე, ლტოლვილების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. დემურს კარგად ახსოვდა სოხუმი და ის დღე, როცა ბოლოჯერ ნახა მისი ცეცხლმოკიდებული სახლი, რომლის ეზოში წვერებიანი, შარვალჩახდილი მთვრალი რუსი ყვიროდა, სმერტ ვრაგამ და მუშმულას ხეს აფსამდა ქანავ-ქანავით. სკოლა დამთავრებული ჰქონდა დემურს, როცა ომი დაიწყო.

ახლა კი სარკის წინ იდგა 50 წლის კაცი, თამამად შეფიქრიანებული სახით. დემური უყურებდა დემურს და არანაირი გაორების მაგვარი ფიქრი არ ჰქონია თავში, მაგალითად, მსგავსი, რომ ის იყო ის და თვითონ იყო თვითონ. თუმცა საერთოდ სხვა, უფრო ეგზისტენციალური რამ, მოულოდნელად დაატყდა თავს, ეს იყო 1 ცალი უხეში, გაუთლელი, გაუთვალისწინებელი, მწარე, წინდაუხედავი და უკონტროლო აზრი, რომელიც ასევე გახლდათ დაუნდობელი, მოუთვინიერებელი, გადასაგდებად ძნელი და შესანახად კიდევ უფრო უარესი. ეს იყო, შესადარებლად რომ თქვა, მომენტალურად სიბრმავიდან ხილულობაზე გადასვლის მსგავსი რამ. დემურმა წამის მეასედში გააანალიზა 1 რაღაც, ეს იყო მაშინ, როცა მისი თვალების წინ, მტვრის თითქმის უხილავმა წერტილმა გადასერა მხედველობის ჰორიზონტი, რაც კვანტურ ფიზიკაში უზარმაზარი სამყაროა და რომელიც გადასარევი ლუკმა იქნებოდა კვანტური მექანიკის სფეროს სპეციალისტისთვის. დემურისთვის ციცქნა წერტილი არაფერს არ წარმოადგენდა და, რა თქმა უნდა, მიკროსამყაროსთვის ყურადღება არ მიუქცევია, მან დაინახა ადამიანი, რომელმაც ცოტა სხვანაირად, ფაქტობრივად, დამანგრევლად გაიაზრა, რომ მის ცხოვრებაში 30 წელი გავიდა ისე, რომ არაფერი ძირეული არ შეცვლილა, არც მის თავში და არც მის გარშემო.

დემურმა კრიტიკულად შეხედა იმას, რომ ის ისევ ცხოვრობს 20-კვადრატულ მეტრ ოთახში, რომელსაც აქვს 1 კვადრატული ზომის ფანჯარა, 2-მეტრიანი კარი, სიფართეში 60 სანტიმეტრით, ძველი, შელახული სახელურით, რომელიც თვითონ მიაჭედა ზედ, ზუსტად 29 წლის წინ.

დემურისთვის მოულოდნელი იყო მოუმზადებლად იმის გაცნობიერება, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა ზუსტად ერთნაირად. ადრეც ბევრჯერ უფიქრია იმაზე, რომ დრო გადის, მაგრამ ეს მომენტი იყო ძალიან უცხო, მიწისძვრასავით, რომელმაც ყველა ორგანო შეაქანავა მის, იმ მომენტისთვის წონადაკარგულ სხეულში, თითქოს იმ წამს ნახა პირველად სარკის წინ კაცი, რომლის ცხოვრებაში გავიდა დიდი დრო, ისე რომ არაფერი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული არ მომხდარა.

დემურს შერჩა დემური, სრულიად გამოფიტული, გონებააწეწილი, არამყარი ადამიანი, რამაც ოდნავ შეაბარბაცა, რომ არ წაქცეულიყო, მხრით კედელს მიეყრდნო. ისევ შეხედა საკუთარ თავს სარკეში. კი, ის ნამდვილად იყო დემურ ჩილაჩავა, ცოტა გამხდარი, საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებული და გამოუსწორებელი პესიმისტი. დემურს სეტყვასავით დაატყდა მისი ყოველდღიურობის ანალიზი, ისე, რომ ფიქრებს ნორმალურად ვერც კი აკონტროლებდა. როგორც გულს ელექტროშოკი, მის ტვინს დენივით ურტყამდა რეალობის მწარე აღქმა.

დემური დაფიქრდა იმაზე, რომ ის ყოველდღე ზუსტად ერთნაირად გადიოდა და შემოდიოდა სახლში. მას 30 წლის განმავლობაში, გზად ყოველდღე ხვდებოდა ერთი და იგივე ხალხი. ხედავდა ერთსა და იმავე საგნებს თავის ვიწრო ოთახში. არაფერი იყო ახალი. დემური დივანზე ჩამოჯდა. კიდევ ერთხელ, საკონტროლოდ, გაიაზრა, რომ ის იჯდა თავის 20 კვადრატულ მეტრ ბინაში, ისევ ისეთი, როგორც 30 წლის წინ და არაფერი ახალი არ ჰქონდა შენაძენი, გარდა - ნაოჭებისა და ჭაღარის. ამ აზრს დაუმთავრებლად და ძალიან სწრაფად ატრიალებდა თავში. მას ვერ შეადარებდი წისქვილის დოლაბების ტრიალს, მისი სიჩქარე იყო დიდი, მათემატიკურად ძნელად გამოსათვლელი.

დემურმა თვალი მიმოავლო ოთახს, სადაც იდგა 2 რკინის კრაოტი. ერთი კრაოტის ფეხი კარგად არ ედებოდა პოლს და მასზე ამოდებული ჰქონდა ქემელის 1 დაბრტყელებული და დაკეცილი პაჩკა იმისთვის, რომ არ ეყანყალა.

ოთახში იდგა 1 ტანსაცმლის შკაფი, 2-კარიანი. 1 ცუდად იღებოდა, უფრო წრიპინით, ვიდრე ღრჭიალით. ოთახში ასევე იდგა ძველებური სერვანტი, მაგიდა, ტელევიზორის დასადგამი, რომელიც 26 წლის წინ საკუთარი ხელით ჰქონდა დაჭედილი. ბინაში ახალი მარტო 8 წლის წინ ნაყიდი ტელევიზორი იყო. ოთახში იდგა დივანი, 2-ჯერ რესტავრირებული. კედელზე ეკიდა კალენდარი, ძველი. ერთადერთ სერვანტში იდო ცოტა სერვისი, სოხუმის ფოტოები და მამამისის ოდნავ გადიდებული ფოტო. შიო ჩილაჩავასი, რომელიც ჭუბერზე გადმოსვლის დროს მოკლეს ყაჩაღებმა. ცხედარი დემურმა და დედამისმა ერთად დამარხეს თოვლში. დემურმა ახედა ძველებურ ლუსტრას, იმიტომ, რომ შუქი უშნოდ ათამაშდა. პატრონაში 60-ვატიანი ყვითელი განათების ლამპოჩკა იყო შეყვანილი, რომელმაც იმ წამს გადაწყვიტა გადაწვა. დემურმა, რომელსაც სინათლე არ ეყო, წამოდგა და 1 კვადრატული ზომის ფანჯარაში გაიხედა. წინ მოჩანდა თბილისის ზღვა, მკვდარი და უძრავი. მანამდე კი იყო ლტოლვილების ბოსტნები, საქათმეები და სარაიები. კორპუსის ცოტა გვერდზე იყო 299 ლტოლვილის სასაფლაო. სპეციალურად არ ვამბობ იმას, თუ რამდენი ქალი და რამდენი კაცი იყო იქ დასაფლავებული, რათა სასპეკულაციოდ არ გაჩნდეს საუბრები გენდერულ თანასწორობაზე.

დემურმა დახედა ფანჯრის რაფას, იქ დადებულ საფერფლეს, რომელიც სულ ერთსა და იმავე ადგილას იდო. შეხედა ლურსმნისგან გაკეთებულ ფანჯრის ჩასაკეტს. ფანჯრის სხვადასხვა ფერის მინებს, 2 ცალი ოდნავ ღია იყო, 1 ცოტა მუქი, 1 ნაჭერი გაბზარული. ფანჯრიდან ოთახის მხარეს მოჩანდა შემოსასვლელი კარი. რომლის ერთ მხარეს იდგა ტელევიზორი, მეორე მხარეს მაცივარი. გვერდითა კედლებიდან ერთმანეთს უყურებდნენ სერვანტი და დივანი, კედლის საათი და ის ძველი კალენდარი, წეღან რომ ვახსენე.

დემურმა სევდიანად გაიარა თავისი 20 კვადრატული დროებითი ჭერი (როგორც ამას სადღეგრძელოში იტყოდნენ ხოლმე) და გავიდა ობშიჟიტიის კალიდორში. გამოაღო თავისი შკაფი, რომელიც თვითონ დაჭედა 22 წლის წინ. ის იდგა ისევ ისეთი, როგორც მაშინ, უშნო და შეუხედავი. მარტო ბოქლომი ედო ახალი, 5-ლარიანი, მეტროს პადზემკაში ნაყიდი, მელოტი კაცისგან, რომელიც იქ 27 წელი იჯდა. თავიდან ის იყო ხშირი და მუქი, შავი ფერი თმის პატრონი. დემურმა გააღო შკაფი, რომლის შუა თაროზე იდო 2 ცალი ძველი ლამპოჩკის პატრონა. იქვე, შპროტის კოლოფში იდო გაღუნული ლურსმნები. შკაფის კიდემდე არმისული იდო 2 ჩაქუჩი, პლოსკოც 2, ერთი ჟანგიანი და კარგად არ იხსნებოდა. ასევე იქ იდო დრელის სვერლო 3 ცალი. დემურს თვითონ არ ჰქონდა დრელი. შუა თაროს მაღლა იდო პატარა ხის კოლოფი, რომელიც 17 წელი მაინც იქნებოდა რაც ერთ ადგილას იდო, კუთხეში, თვისთვის. კოლოფში ეგდო ტუფლის გატეხილი ჩოთქი, კუსაჩკა, რომელიც ძნელად იხსნებოდა, მაგრამ ჟანგიანი არ იყო. ასევე იქ იდო 1 ფიგურნი ატვიორკა, 1 ახალთ-ახალი კარის პეტლი, წყვილის გარეშე, 1 ცალი გაზის რედუქტორი, შურუფები, ნახმარი შკურკა, ძველი შპატელი, ცოტა შპაკლ შერჩენილი. კიდევ მეტრიანი, რომელსაც ჩასაკეტი ჰქონდა გაფუჭებული და ზაჟიგალკის დასატენი. ზედა თაროზე იდო გაზაფხულზე გარდაცვლილი დედამისის გაკეთებული 2 ბანკა ატმის კომპოტი და 3 ბანკა ლეღვის მურაბა. ბანკებს შორის იყო გაჭედილი თაგვების დასაჭერი ხაფანგი, თხილ წამოცმული. დაბლა, შკაფს თარო არ ჰქონდა და პირდაპირ კალიდორის ცივ ფილაზე იდო მოხუფული აჯაფსანდალი, 3 ბანკა და 2 ბოთლი პომიდვრის წვენი. დემურმა გაიხსენა ის რაღაცები რაც მეზობლებს ჰქონდათ წაღებული, ესენი იყო ნაჟოვკა, პაიალნიკი, რაზვადნოი კლუჩი და სტეკლორეზი. თვითონ რა ჰქონდა სხვისი? არაფერი. ეს იყო მთელი ქონება, რაც დემურს ჰქონდა.

კიდევ ჰყავდა ძველი ოპელი, რომელმაც ტეხასმოტრი ვერ გაიარა და ეზოში ლპებოდა. მანქანა იყო 22 წლის წინ ნაყიდი, თან როგორ. მამამის ჰყავდა დევიატკა. ომის დროს, ბენზინი ვერ იშოვა და მანქანა სოხუმში დატოვა. თბილისში გადმოსვლის მერე, როცა დემური ნათესავს ეძებდა სხვა ლტოლვილების ობშიჟიტიაში, შემთხვევით ნახა მამამისის მანქანა, რომელიც მის მეზობელს გადმოეყვანა. რაც მაგრად გაუხარდა. სკოლის ბანკეტი რომ ჰქონდა, თვითონ იჯდა რულთან. მაშინ მასთან ერთად იყვნენ მისი კლასელები. გვერდით ეჯდა თემო ლაკობა. უკანა სიდენიაზე ისხდნენ, ნათია ანთელავა, სოფო წერეთელი და აქირთა ამიჩბა. დემურმა მანქანა თბილისის ზღვაზე წაიყვანა. ეს იყო 1993 წელს.

2001 წელს დემურმა პირველად და უკანასკნელად ითამაშა ტოტალიზატორი და მოიგო 550 ლარი. 300 ლარი, ნავაჭრი ფული, დაუმატა დედამისმა. მოუყარა დემურმა ფულს თავი, დევიატკას დაუმატა ზევიდან და გაცვალა კარგად ნაავარიებ ოპელში, რომელსაც წინა პერედოკი თითქმის არ ჰქონდა, არც ბაგაჟნიკი. აკლდა 2 პაკრიშკა და 1 წინა კარი, რულის მხარეს რომელიც არის. დემურმა ნელ-ნელა ააწყო ოპელი, რასაც ჯამში მოანდომა 5 წელი და დაიწყო ტაქსაობა. 8-ჯერ დააყაჩაღეს, აქედან 3 ჯერ კლავდნენ. ავარიაში მოჰყვა 2 ჯერ. ერთხელ პოლიციის უფროსი დაეჯახა აქეთ, მაგრამ იქით გააკეთებინეს მანქანა. დემურს სწავლით არ უსწავლია. ძირითადად მუშაობდა რემონტებზე. იყო უცოლშვილო. ლტოლვილების ბინა გადაიფორმა ნაციონალების პერიოდში, როცა არჩევნების დროს ფართების დაკანონებას შეჰპირდნენ ხალხს.

დემურმა დახურა შკაფი და შევიდა თავის 20 კვადრატულ ბინაში. ისევ აეკვიატა 30 წელი, რომელიც გავიდა ზუსტად ერთნაირად. 10 საათზე, ობშიჟიტიაში მოდის თათარი კაცი და ყიდის მაწონს, 12-ზე მოდის ხილ-ბოსტანი. მერე მოდის გორელი კაცი, რომელიც ყველს ჰყიდის. 1 ზე მოდის ხორცი. ყველაზე მთავარი, ის ობშიჟიტიაში ყოველდღე უყურებს ზუსტად თავისნაირ 199 ლტოლვილს. აი, რას ხედავს დემური ყოველდღე. ამ აკვიატებულმა აზრმა დააკარგვინა მოთმინება. ისევ სარკეში ჩაიხედა. ის იყო ბებერი. ჭაღარა. ოდნავ ღრმა ნაოჭებით. კიდევ კარგი, უკანა კბილები აკლდა. დემური ეზოში ჩავიდა. თავის შემოკავებულ გაუფორმებელ 55 კვადრატ მიწის ნაგლეჯში შეაბიჯა. რა ქნა იქ? არაფერი. იქ იდგა პატარა ფარდული. ჟანგიანი ჟეშტებით შემოჭედილი. შიგნით იდო 1 ძველი ხერხი, 1 ნაჯახი, რომელიც ობშიჟიტიაში მოსვლის დროს იპოვა შენობაში. იქ ინახავდა სამადელკა კიპიტელნიკს, რომელსაც სპირალი ჰქონდა გადამწვარი. ისევ სახლში დაბრუნდა. ტანსაცმლის კარადა გამოაღო, შარვალი ძველი, 6 წლის წინ ნაყიდი, ჯერ კიდევ ხმარობდა. 8 წლის წინ ნაყიდი მაიკა 4 ცალი, რომელსაც ზამთარში ჯემპრის შიგნით იცვამდა ხოლმე. 3 ტრუსიკი. 3 წყვილი ნასკი, სამივე გახეული, რამაც კიდევ უფრო შეაღონა დემური. ჯემპრი 2, ნაყიდი 7 წლის წინ. 1 წყვილი ტუფლი პადოშეფთან გაცვეთილი. იქვე იდო დედამისის რაღაც ზედები, რაც კუბოში არ ჩაეტია. დემურმა შკაფი მიხურა. დივანზე დაჯდა. სერვანტს მიაშტერდა, რომლის სიღრმეში იყო სარკე. დემურმა ყავის და კომპოტის ჭიქების მიღმა შეხედა საკუთარ თავს. ასე უყურებს ის, 30 წელია მის არსებობას. მაცივარმა დაიგრუხუნა. 30 წელია, მაცივრის ხმაში სძინავს. საბჭოთა ჯართი.

დემური ისევ გავიდა სახლიდან. მეტროსთან ჩავიდა. იქ არკაში კაცი ზის, რომელიც 30 წელია, ერთსა და იმავე ადგილას ზის და ყველს ყიდის. დემურს ის ახსოვს ძალიან ახალგაზრდა. იქვე ქალი დგას, 30 წელია დგას, დგას, დგას. მოდის ყოველდღე, ზამთარი, ზაფხული, გაციებული, სიცხიანი და ყიდის მწვანილებს. მეტროში ჩავიდა დემური. ერთი და იგივე ქალი 30 წელია, ესკალატორის თავში, 1 კვადრატულ მეტრ ჯიხურში ზის, რომელიც სიმაღლეში 2 მეტრია. დემური ვაგზალზე წავიდა. ნასკების საყიდლად. იქაც იგივე ხალხი. სახეზე ყველას იცნობს. ახალგაზრდა ბიჭი იყო, იქ რომ დაიწყო სიარული. ბაზრობაზე რიგები არ იცვლება. ჯერ ვიწრო რიგი, ჯინსების, ბოტასების, მაიკების და შარვლების. მერე ცოტა ფართო რიგი, იქაც ჯინსები, ბოტასები, ტუფლები, ზედები, ქვედები, ისევ მსგავსი რიგი, მერე სულ ჯინსები. პატარა ვიწრო ადგილები. „როგორ გაფრინდა ეს 30 წელი”. ანგარიში დაიწყო დემურმა. 6 წელი გავიდა, მითიური დახმარების მოლოდინში. ამბობდნენ, რომ ყველა ლტოლვილს 8000 ევროს დაურიგებდნენ, რომელიც ევროპის დახმარება იქნებოდა. დემური ფიქრობდა, რომ 1-ოთახიან ბინას იყიდდა. გავიდა 1 წელი, მერე 2, ბოლოს 3, 4, 5, 6 მიეყარა ერთმანეთს, სწრაფ-სწრაფად. თან ამ პერიოდში არემონტებდა თავის ოპელს, როგორც ვთქვი, ნელ-ნელა. ევროპული დახმარება არ გამოჩნდა. ხმები გავრცელდა, რომ მთავრობამ შეჭამა. ამის მერე 5 წელი გავიდა იმაზე ფიქრში, წასულიყო თუ არა სხვა ქვეყანაში, მაგრამ დედამისი ვერ დატოვა. მაგას დაემატა, 7 წელი. 7 წელი ამბობდნენ, ვიღაც ინვესტორი მოდისო. მოვიდა ინვესტორი, მაგრამ მალევე წავიდა. 3 წელი გავიდა ცოლის მოყვანაზე ფიქრში. კიდევ 6 წელი გავიდა ლოდინში. რისი? რაღაც საბუთებზე სირბილში, იმის იმედით, რომ 55 კვადრატ მიწის ნაჭერს გაიფორმებდა ობშიჟიტიის ეზოში. 3 წელი ჩაწოლილ დედამისს უვლიდა. აჰა, შენი 30.

და რა მოხდა ამ 30 წლის პერიოდში სამყაროში მნიშვნელოვანი?

მარტო ბოლო ათი წლის განმავლობაში მეცნიერებმა მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწიეს ადამიანის სხეულის, პლანეტის და კოსმოსის გაგებაში. აღმოაჩინეს პოტენციურად დასასახლებელი პლანეტები, შექმნეს ვაქცინები საშინელი დაავადებების წინააღმდეგ, გაგზავნეს ავტომატური აპარატები ასტეროიდებთან. 2013 წლის 5 აგვისტოს, ლონდონში შემოიღეს პირველი ჰამბურგერი, რომელიც შეიცავდა 140 გრამ კულტივირებულ ხორცს. იგი შექმნა მაასტრიხტის უნივერსიტეტის პროფესორ მარკ პოსტის ჯგუფმა. ბურგერი, რომლის დამზადებას ორი წელი და 325 000 დოლარი დასჭირდა, შედგებოდა ძროხის კუნთოვანი ქსოვილის 20 000 თხელი ზოლისგან, რომელიც გაიზარდა ჰოლანდიურ ლაბორატორიაში. შეფმა რიჩარდ მაკგოუანმა ტელეკამერების წინ პირველად მოამზადა მისგან ჰამბურგერი. ექსპერტები, დიეტოლოგები ჰანი რუცერი და მომავლის საკვები პროდუქტების კვლევის ავტორი ჯოშ შონვალდი, თვლიდნენ, რომ ხორცი ძალიან მშრალი და დაბალ ცხიმიანი იყო. ასევე ბოლო წლებში მოხდა პირველი დაშვება კომეტის ზედაპირზე. ეს განახორციელა 2004 წელს გაშვებულმა კოსმოსურმა ხომალდმა Rosetta. ევროპის კოსმოსური სააგენტო როგორც იქნა 2014 წელს მიუახლოვდა საკუთარი მისიის მიზანს, კომეტა 67P / ჩურიუმოვა-გერასიმენკოს. ეს იყო ის მომენტი როცა როზეტას აპარატი Philae, პირველი რბილი დაშვებით დაჯდა კომეტის ზედაპირზე. დაშვების შემდეგ მოდულმა დაიწყო კომეტის ბირთვის პარამეტრების განსაზღვრა, მისი ქიმიური შემადგენლობის და კომეტის აქტივობის შესწავლა. 2014 წელს გამოქვეყნდა ნაშრომი. 67P/Churyumov-Gerasimenko, a Jupiter family comet with a high D/H ratio, სადაც აღნიშნული იყო, მძიმე წყლის შემცველობა კომეტის ყინულში, სამჯერ მეტი იყო დედამიწის ოკეანეებთან შედარებით. შედეგი ეწინააღმდეგება მიღებულ თეორიას იმის შესახებ, რომ დედამიწის წყალი კომეტური წარმოშობისაა. ასევე ბოლო 30 წლის განმავლობაში, არც ისე შორს, ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანი დაამარცხა თამაში Go. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვა 2015 წელს Google DeepMind-ის მიერ შემუშავებულმა AlphaGo-მ მოიგო მატჩი პროფესიონალ მოთამაშესთან სტანდარტულ დაფაზე. ამ გამარჯვებამ მნიშვნელოვანი წინსვლა მოახდინა ხელოვნური ინტელექტის სფეროში: ხელოვნური ინტელექტის ექსპერტების უმეტესობა თვლიდა, რომ ასეთი პროგრამა 2020 წლამდე არ შეიქმნებოდა. 2016 წლის მარტში პროგრამამ 4:1 მოუგო საუკეთესო პროფესიონალ მოთამაშეს, კორეელ ლი სედოლს. ტელესკოპმა პირველად გადაიღო  „შავი ხვრელი". უპრეცედენტო ფოტოზე ნაჩვენებია სუპერმასიური „შავი ხვრელი“ გალაქტიკა მესიე 87-ის ცენტრი, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 54 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. „შავი ხვრელის“ მასა ტოლია 6,5 მილიარდი ერთად შეკრებილი მზის მასისა. მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულება გარკვეულწილად ბუნდოვანია, ის გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყურება "შავი ხვრელები": ბნელი სფეროები, რომლებიც გარშემორტყმულია სინათლის კაშკაშა რგოლით. მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში იბრძოდნენ კამერით „შავი ხვრელის“ გადასაღებად. პრობლემა ის იყო, რომ „შავი ხვრელები“ ანგრევს სივრცე-დროს ისე, რომ ვერაფერი გაექცევა მათ გრავიტაციულ ძალას, სინათლესაც კი. ასევე, მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს აინშტაინის მიერ ნაწინასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღები. კიდევ ათასობით რამე იყო ისეთი, რაც 30 წლის განმავლობაში მოხდა და აქ ჩამოთვლილი მათთან შედარებით არის ზღვაში წვეთი.

დემური დაბრუნდა სახლში. წამოწვა დივანზე. ჩართო ტელევიზორი. საპროტესტო აქციიდან პირდაპირი ეთერი გადიოდა. მაღაროს მუშებმა პროტესტის ნიშნად თვალები და პირი ამოიკერეს. დემური არასოდეს დადიოდა აქციებზე. არც არჩევნებზე. არ სჯეროდა, რომ მისი ხმა რამეს შეცვლიდა.

ყველაფერს მოესწრო დემური. შევარდნაძის ბნელ დროს. რევოლუციას. რუსეთის მომხრე და მოღალატე მთავრობას. ტელევიზორში ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე სიტყვები, ამბები. ამას უყურებს წლებია. ბოლო დროს რაღაც არხები გაჩნდა, მსგავსი ადრე არ იყო. აგერ ანთიმო გამოჩნდა, რწმენა TV-ზე. ანთიმო რელიგიური ფანატიკოსი და შოვინისტია. მისი ღმერთი მკაცრია, დამსჯელი, რომელიც ყოველთვის იმუქრება. დემურმა გადართო არხი. აგერ ბატონო ზალიკო, Geotereo-ზე, მათ გადაცემებში სულ ჩხუბია. ერთმანეთს დედას აგინებენ და ჭიქებს ისვრიან. ზალიკო მორალისტია, ფსევდოპატრიოტი. ამბობს, რომ წიგნებში არაა მარტო განათლება. „აბა, სად დედაშენის ტყვნაშია?!”, _ გულში ამბობს დემური. ისევ გადართო ტელევიზორი. აჰა, მამა შოთა კეკელიძე. გაუნათლებელი, ხისთავიანი მღვდელი. ისევ გადართო. აი, ჯანო. პოლიციელი, რომელსაც ჰგონია, რომ ადამიანებს სისტემის უნდა ეშინოდეს და რომ ხალხი შიშის და კონტროლის ქვეშ უნდა გყავდეს. „ავადმყოფი”. აგერ პარლამენტარი ენრი, რომელიც შემთხვევით მოხვდა თანამდებობაზე. პარტიას არჩევნების დროს ეხმარებოდა. ამომრჩევლები თავისი მანქანით მიჰყავდა საარჩევნო უბანზე. ისევ გადართო. გოჩა გამოჩნდა, პროპაგანდის მსხვერპლი. რუსეთუმე. სოციალურ ქსელებში აქტიური. სტუმრად იწვევენ ხოლმე ჟალუზი-TV ზე. იცის რომ დასავლეთს უნდა აგინოს და იქაურობაზე კარგი არაფერი თქვას. სტალინისტი და კომუნისტების მაქებარი. ამაში ფულს უხდიან. ერთ არხზე ნუგზარი გამოჩნდა. მისი მოვალეობაა ილაპარაკოს, რომ რუსეთი ერთმორწმუნეა და იძახოს, რომ ევროპა არის გარყვნილება. აჰა, სატულიკოც. რეჟიმის შემქმნელი და შემნარჩუნებელი. მისი მარჯვენა ხელი, ბადურა, რომელსაც აზრზე მოსული ხალხი ეძახის ბათურას. ის არის მატყუარა და მლიქვნელი. გამოჩნდა ჟურნალისტი მეგი, უტიფარი, ფეიქ ნიუსების შემქმნელი. ,,„თქვან დიდაშ მუნდს ქუმუოჩანე ეკე”.

დემურმა ტელევიზორი გათიშა. დივანზე წამოწვა და ჭერს მიაჩერდა. იქ ერთგან ლაქა არის. 30 წელია, მას ხედავს. ლაქა არ იცვლება, სულ ერთნაირია. დემური აქციაზე დაფიქრდა, რომელიც პარლამენტის წინ მიდის.

დემურს ხომ არასოდეს უფიქრია აქციაზე. დემური სულ იმას ფიქრობს, რომ ვერაფერს შეცვლის. დემურმა სარკეში ჩაიხედა. დემური უყურებს დემურს და გაუჩნდა გაორების მაგვარი ფიქრი, რაც თავიდან არ ჰქონია. იქ იდგა ორი ადამიანი. ერთი, რომლის 30 წელი გავიდა ერთი და იმავეს ყურებით ისე, რომ ვერაფერი შეცვალა. ხოლო მერე ადამიანი იყო იმ წამს დაბადებული 50 წლის დემური, დიდი ბავშვი, ფართოდ გახელილი თვალებით, რომელსაც რაღაცის შეცვლა მოუნდა.

დემური გავიდა სახლიდან. ჩავიდა მეტროში. მალევე ამოვიდა თავისუფლების მოედანზე. პარლამენტთან ხმაურია. ხალხი ირევა. დემური იქ უცხოდ გრძნობს თავს. რადგან ქალაქის ცენტრში იშვიათად დადის. ბოლო დროს თითქმის არსად არ დადის. მოსძულდა ქალაქი. ხალხმრავლობა. ყველაფერი მობეზრდა. დგას დემური პარლამენტის წინ. იქ სპეცრაზმი გამოჰყავთ. ნელ-ნელა აქციის ძალადობრივი დარბევა იწყება. წყლის ჭავლი, მხუთავი აირი, რეზინის ტყვიები. ხალხი ყვირის. პოლიცია და სპეცრაზმი მხეცს ემსგავსება. შთააგონეს, რომ ყველანი, ვინც იქ აპროტესტებენ, მათი მტრები არიან. დააჯერეს, რომ ისინი ქვეყანას უქმნიან საფრთხეს. ხალხი მიდის სპეცრაზმისკენ. დემურიც მიდის მათთან ერთად. დემური სპეცრაზმელის წინ დგას. დემური მას თვალებში უყურებს. სპეცრაზმელიც უყურებს დემურს თვალებში. მომატებული წყლის ჭავლი, გაათმაგებული მხუთავი აირი, რეზინის ტყვიები. დემურს დაავიწყდა, რომ 30 წელი ვერაფერი შეცვალა. დემურს დაავიწყდა, რომ დემურია. დემურის წინ ხმაურიანი და სისხლიანი ჰორიზონტი იქცა შავ აბსტრაქტულ ლაქად. დემური მიცურავს ზღვაში. ის ეხეთქება დიდ ტალღებს. სოხუმში არის პაპანაქება.

2023

ავტორი გოგა ქობალია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა