ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

FACEBOOK - სტატუსი

მალხაზ რეხვიაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარე. გადაცემა „ჰეშთეგის“ ერთ-ერთი წამყვანი

ძაღლს ვასეირნებდი, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება რომ ჩამაბარეს. 

მაშინ გადაცემა „ჰეშთეგი“ მიმყავდა გიორგი არობელიძესთან და ნათია ხარჩილაძესთან ერთად. ჩემ მერე გიორგი გაუშვეს, შემდეგ ნათია. „ჰეშთეგი“ არხის მთავარი სოციალური გადაცემა იყო, რომელსაც დისტანციური მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილება ჰქონდა. მაგრამ სამივე წამყვანი გამოგვიშვეს და გადაცემაც დაიხურა. 

საქმე ისიც იყო, რომ მე ახლად შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე ვიყავი, გიორგი კი – ჩემი მოადგილე. ეს პროფკავშირები მას მერე შეიქმნა, რაც ტელევიზიაში უსამართლო გათავისუფლებები დაიწყო. და ცოტა დავაგვიანეთ. უბრალოდ, მოქმედ პროფკავშირებთან საქმის დაჭერას აზრი არ ჰქონდა – ახლანდელიც და ყოფილი თავმჯდომარეც „ქართული ოცნების“ პარტიაშია და მათი სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში მოხვდა.

თავიდანვე კრიტიკულად ვუყურებდით მაუწყებლის მენეჯმენტის შერჩევის პროცედურას. კანდიდატიც აფილირებული იყო მმართველ პარტიასთან. მოვიდა თუ არა დირექტორად, პირველი რაც გააკეთა, ყველა მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი გაათავისუფლა სამსახურიდან, ან დააქვეითა, ერთმანეთს მიჰყვა – საინფორმაციოს უფროსი, პროდიუსერი, ვების რედაქტორი, წამყვანები.

ჩვენი პროფკავშირების დაფუძნების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა დაპირისპირება დირექტორთან. გაფიცვისთვის დავიწყეთ მზადება. 

დავიცავით ყველა პროცედურა: პროფესიული კავშირის სახელით მივმართეთ დამსაქმებელს, შემდეგ ეს წერილი გაიგზავნა სამინისტროში, სამინისტრომ დანიშნა მედიატორი. თუ მხარეები ვერ რიგდებიან, მშრომელებს ეძლევათ გაფიცვის უფლება. უნდა დაწყებულიყო მედიაციის პროცესი და ერთ თვეში დაიწყო პანდემიაც. დირექტორმა მედიატორთან ურთიერთობაზე უარი თქვა. პარალელურად, დაწესდა შეზღუდვები, აიკრძალა შეკრებები და მანიფესტაციები. ჟურნალისტებსაც გაგვიჩნდა სოციალური პასუხისმგებლობა მაყურებლების წინაშე: რა დროს გაფიცვაა, როდესაც პანდემიაა ქვეყანაში – მოქალაქეებს ინფორმაცია სჭირდებოდათ. 

გავაგრძელეთ მუშაობა და ცოტა ხანში, თანამშრომელი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ფეისბუკის სტატუსი დაწერა. თეონა თურმანიძე რომ გაუშვეს, მეც დავწერე სტატუსი ფეისბუკზე, პოსტის გამო ადამიანი ეთერიდან არ უნდა მოხსნათ-მეთქი და მეც გამომიშვეს. დასაბუთებაში წერია, რომ ჩემმა ფეისბუკსტატუსმა მაუწყებლის დისკრედიტაცია გამოიწვია და მის რეპუტაციას მიადგა ზიანი. თანაც მომეთხოვა საკუთარი პოსტის უარყოფა იმავე გზით, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისევ ფეისბუკსტატუსით, შემდეგ კი „TV პირველის“ ეთერიდან, სადაც ვისაუბრე, უნდა უარმეყო ის, რაც ვთქვი. 

ახლა სასამართლოშია ჩვენი სარჩელი. 2020 წლის ივნისში შევიტანეთ, მაგრამ ჯერ პირველი სხდომაც არ ჩანიშნულა. 

ალტერნატიული პროფკავშირების წევრებსაც ემუქრებოდნენ, პირდაპირ ეუბნებოდნენ: „შვილებს დაგიტოვებ მშიერს“, თუ არ გაჩუმდები, დაგტოვებ უსამსახუროდო – ეს თანაც ადამიანს, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა და მკურნალობდა. ის მაინც არ დანებდა და, საბოლოოდ, დარჩა თავის ჯანმრთელობასთან და იპოთეკასთან პირისპირ, მარტო. 

მოვიდა ახალი მენეჯმენტი და პირველ რიგში, კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს, ალტერნატიული პროფკავშირის წევრებს დაერივნენ.