გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
როგორ შეიძლება იმ პროტესტების წაკითხვა, რომლებიც პერიოდულად საჯარო სივრცეს მასშტაბურად იკავებს? რა იდეოლოგიური სტრუქტურები მართავს ამ პროტესტებს და რა აქვთ მათ საერთო?

რიტუალი, ამბოხი და გადაუდებლობა | გიორგი ხასაია

რიტუალური ციკლიდან გასვლის აუცილებლობაზე

როგორ შეიძლება იმ პროტესტების წაკითხვა, რომლებიც პერიოდულად საჯარო სივრცეს მასშტაბურად იკავებს? რა იდეოლოგიური სტრუქტურები მართავს ამ პროტესტებს და რა აქვთ მათ საერთო? რომელი კლას(ებ)ის ინტერესებს იცავს ეს პროტესტები განზრახ ან მათდაუნებურად? სხვადასხვა მიზეზით, მიზნად ვერ დავისახავ ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, თუმცა ვეცდები ზოგიერთ მათგანზე პასუხი მოვძებნო.

ანთროპოლოგი მაქს გლუკმანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რევოლუციის, ამბოხისა და სოციალური უკმაყოფილების დანახვა რიტუალის შუქზე სცადა. გლუკმანი დააკვირდა ზულუს ტომში ქალღმერთ ნომკუბულვანასადმი მიძღვნილ აგრარულ რიტუალს, რომლის დროსაც გოგოები იცვამენ კაცებივით, იღებენ მათ იარაღს, მიერეკებიან ნახირს და წველიან – რაც ტაბუა. ამ დროს მათი დედები ლუდს სვამენ, უხამს სიმღერებს მღერიან და თითქმის შიშვლები არიან. კაცებს მათთან მიკარების უფლება არ აქვთ.

გლუკმანი ასევე საუბრობს სვაზის ხალხში გავრცელებულ ცონგას რიტუალზე, რომლის დროსაც მეფის ფიგურის გარშემო კონფლიქტი თამაშდება – ლანძღავენ, ეუბნებიან, რომ უღირსია და მის მიმართ სიძულვილს არ მალავენ. ბოლოს კი მეფე კვლავ ბრუნდება, როგორც ბატონი და სოციალური განახლების მთავარი სუბიექტი.

გლუკმანის აზრით, ეს რიტუალური ამბოხებები ხდება საკრალური ტრადიციული სისტემის შიგნით, სადაც მთავარია კამათი ძალაუფლების გადანაწილებაზე და არა სისტემის სტრუქტურის ცვლილებაზე. ყოველი სოციალური სისტემა ამბივალენტურობით, თანამშრომლობითა და ბრძოლით სავსე დაძაბულობების ველია. ამბოხი განმეორებადია იმდენად, რამდენადაც რიტუალიზებულია. ხოლო განმეორებად სისტემაში, ამბობს გლუკმანი, კონფლიქტები წყდება არა ძალაუფლების სტრუქტურის, არამედ თანამდებობებზე მყოფი პერსონების შეცვლით. იცვლება თანამდებობის პირები და არა თავად თანამდებობის სტრუქტურა და შინაარსი.

ამდენად, გლუკმანთან ამბოხი და რევოლუცია ანტითეზისებად არის მონიშნული, აღნიშნავს მარტინ ჰოლბრადი მისი თანაავტორობით დაწერილ შესანიშნავ წიგნში „რევოლუციის ანთროპოლოგია“.

რევოლუცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ რიტუალის ციკლურობა დაირღვევა.

ხოლო ამბოხი არსებული წესრიგის მაკონსტიტუირებელი რიტუალია, რომელიც ხდება იმისთვის, რომ არ მოხდეს რევოლუცია. მეტიც, ამბოხი, როგორც რიტუალური კონფლიქტი, არსებული წესრიგის შენარჩუნების მთავარი გარანტორია, რომელიც ადასტურებს ერთობას, ურღვევობას და ხაზს უსვამს კონფლიქტებს ამ ურღვევობაში.

გლუკმანი ფიქრობდა, რომ პროტესტის რიტუალები (მის) თანამედროვე (ანუ დასავლეთის ინდუსტრიულ) საზოგადოებებში თან გვხვდება და თან აღარ. საზოგადოება ფრაგმენტირებულია და განაწილებულია სხვადასხვაგვარ ადგილებსა და ინსტიტუციებში. მათი შეცვლა კი, გლუკმანის თქმით, ჩვენ ხელშია – შეგვიძლია ხმა მივცეთ ვისაც გვინდა, გადავირჩიოთ, მოვძებნოთ სხვა სამსახური, განვქორწინდეთ და ა.შ;  კონფლიქტური რიტუალების შესაძლო ვარიანტებად გლუკმანი განიხილავს საპარლამენტო დებატებსა და გაფიცვებსაც კი.

გლუკმანი ცდება, როცა საზოგადოების ფრაგმენტაციასა და ამით განპირობებულ მოქმედების თავისუფლებაზე საუბრობს. გვიანმა კაპიტალიზმმა (განსაკუთრებით კი პერიფერიულმა კაპიტალიზმმა) საპირისპირო აჩვენა – ერთი მხრივ, შეზღუდულია ან არ არსებობს მოქმედების თავისუფლება, ქონებრივი უთანასწორობა, ხოლო მეორე მხრივ, მიმდინარეობს განმეორებადი საპროტესტო რიტუალები.

ანთროპოლოგი მორის ბლოხი ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორ ემსახურება რიტუალები არსებული წესრიგის შენარჩუნებას, მაგრამ გულისხმობს არა მხოლოდ  რიტუალს – ბლოხის აზრით, რიტუალი ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია იმის ფუნქციონირებისთვის, რასაც ის „ტრანსცენდენტურ სოციალურს“ უწოდებს.  „ტრანსცენდენტური სოციალური“   როლებისა და ჯგუფების სისტემაა, რომელიც მხოლოდ გაზიარებულ წარმოსახვაში არსებობს. რიტუალი მთავარი ფაქტორია ტრანსცენდენტური წარმოსახვითი სისტემის სუბიექტური რეალობის შექმნაში. სწორედ ამიტომ, კოლექტიური მისწრაფებების, რწმენა-წარმოდგენების, ამბოხისა და გამოთქმული თუ გამოუთქმელი უკმაყოფილების გაგებისთვის მას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მარტის ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამოსვლებისას, გაზიარებულ წარმოსახვად ხალხი ეჭიდებოდა ევროპას, როგორც საბოლოო დანიშნულების წერტილს. შესაბამისად, ისინი მონაწილეობდნენ საპროტესტო რიტუალში, რომელიც ევროკავშირისკენ სვლის პროცესში წყვეტას ეწინააღმდეგებოდა. პროტესტის შედეგად უარიყო კანონი, რომელიც მანამდე არც არსებობდა და გამარჯვება გამოიხატა იმაში, რომ სტატუს-კვო აღდგა. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ უბრალოდ კონსერვატულად კი არ შემობრუნდნენ, არამედ კონსერვატიზმი მათი მართვის სტილშივეა ჩაკირული – ის ქმნის ვითარების გაუარესების ჰორიზონტს და შესაბამისად, მისი საწინააღმდეგო საპროტესტო რიტუალიც ორგანიზდება არა იმის გარშემო, რაც მომავალში უკეთესად უნდა იყოს, არამედ მიზნით, რომ რაღაც არ იყოს უარესად. ეს კი აფერხებს ყველა შესაძლო პროგრესულ პროცესს, რომელიც ჩვენთან გადაუდებელ აუცილებლობად მოჩანს და რომელიც არსებული განმეორებადი საპროტესტო რიტუალებიდან უნდა გავიდეს.

მარტის აქციების, ალბათ, მთავარი თავისებურება მისი ორსართულიანი კორპუსი იყო. აქციების დაშლამდე ჭარბობდა ხალხი, რომელიც დაღამებისას ისედაც სახლში წავიდოდა – დილით ადრე ადგომის, ანუ სამსახურის ქონით გამოწვეული აუცილებლობის გამო. დღის მეორე ნახევარში კი ჩნდებოდა ხალხი, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ პირველ ნახევარში აქტიური როლი ჰქონდა. მაშინ, როცა ცრემლსადენი აირი ქუჩებს აავსებდა, სუნთქვა გაჭირდებოდა და პოლიტიკური ლიდერები გაქრებოდნენ, სწორედ ისინი დგებოდნენ პოლიციის კორდონების წინ. ეს ხალხი ჭრელი იყო და ამ სიჭრელეში რამდენიმე ურბანული შენაკადის გამორჩევა შეიძლებოდა, თვალსაჩინო იყო ლუმპენის კბილების ღრჭიალიც. ისევ გაზიარებულ წარმოსახვას რომ დავუბრუნდეთ – თუ მეორე სართულზე მყოფებისთვის ევროპა კულტურული თვითრეალიზაციის, განათლებისა და დასვენების ადგილია, პირველი სართულისთვის ევროპის იდეის დაცვა კეთილდღეობის მონატრებას განასახიერებს.  მაგრამ ის, ვისაც კეთილდღეობა ენატრება, სხვისი ნაწარმოები წარმოსახვის სურათებს მიჰყვება, რომელშიც მისი კეთილდღეობა გათვალისწინებული არ არის. ამიტომ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ამ აქციების კომპოზიცია, მას საშუალო და საშუალოზე მაღალი კლასის კოლექტიური გონი მართავდა – რომელიც ხან ბენდუქიძის რეფორმებით გამოწვეულ კლასობრივ უკმაყოფილებას ღირსების დაცვისთვის ბრძოლის კალაპოტს აძლევს (მაგ. 2007 წლის ნოემბრის აქციები) ხან კი – რუსული იმპერიალიზმის მიმდინარე შედეგებით და გაღატაკებით  გამოწვეულ უკმაყოფილებას (2023 წლის მარტის აქციები) ევროპის აბსტრაქტული იდეით მოსავს.

მორის ბლოხს თუ დავუბრუნდებით, რიტუალი არსებულ წესრიგს კი ინარჩუნებს, მაგრამ მასვე აქვს პოტენციალი, ძალადობის გავლით არსებული წესრიგისთვის რეალურ ხიფათად იქცეს და ეს მაშინ მოხდება, როცა ამბოხის განმეორებადი რიტუალის რიგიდან გავა. 

მარტის აქციებზე დამწვარი პოლიციის მანქანის ირგვლივ მდებარე ბანკების არცერთი შენობა არ დამწვარა. კერძო საკუთრების, როგორც კეთილდღეობის ერთადერთი გარანტის მიმართ მოწიწება, მისი ხელშეუხებლობის რწმენა, გაზიარებული წარმოსახვის  შემადგენელი ნაწილია და ლოგიკურიცაა, რომ ასე მოხდა. კლასობრივი უკმაყოფილება კბილებს აღრჭიალებს, მაგრამ რადგან ჯერ არ აქვს საკუთარი, ხელის ცეცებით ეძებს სხვის პოლიტიკურ სხეულს, რომელშიც შესახლდება. 

ჩვენში გაზიარებული წარმოსახვის მთავარ სურათებს ლიბერალები ან/და  კონსერვატორები აწარმოებენ.  მათგან პირველს აქვს ე.წ. ხდომილება – ანუ „წყვეტა, რომელიც ქმნის ფუნდამენტურ არათანაბარზომიერებას წარსულსა და მომავალს შორის“ და რომლის მიმართაც ერთგულება ნარჩუნდება. ასეთი ხდომილება ლიბერალებისთვის ვარდების რევოლუციაა, ხოლო კონსერვატულ აზრს ასეთი ხდომილება, ჩანს, რომ არ აქვს. ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქართული ლიბერალიზმი კონსერვატულია (თავის საბაზრო მორწმუნეობაში), ხოლო კონსერვატიზმი ლიბერალურია (მისი ნამდვილი ტაძარი ბანკის შენობაა). 

მარქსი წერდა, რომ  „ადამიანები თვითონ ქმნიან საკუთარ ისტორიას, მაგრამ ქმნიან არა თვითნებურად, არა ნებაყოფლობით არჩეულ პირობებში, არამედ უშუალოდ არსებულ, მოცემულ და გადმოცემულ პირობებში“... პირობები, რომელიც მოგვეცა, გამოუვალობის ნიშნითაა დაღდასმული – ასე უფრო ხელსაყრელია მათთვის, ვისაც ამ პირობების შენარჩუნება სურს. მათი მიზანია, პირობები  შენარჩუნდეს, ხოლო ოფისებსა და კაბინეტებში მსხდომთა გვარების შეცვლა დასაშვებია.

ამის საპირისპიროდ, ხალხის დიდ ნაწილს თავისი ხდომილება სჭირდება – მიღწევა, გამარჯვება, რომელშიც ის, როგორც მთავარი სუბიექტი, თავისი ნამდვილი ინტერესის გატანას და დაფუძნებას შეძლებს. ეს ბრძოლა მატერიალური, ხელშესახები და უხეში საგნებისთვის ბრძოლაა, რომლის გარეშეც საზიარო ამაღლებული და მშვენიერიც იშვიათად იქმნება, ხოლო უკვე შექმნილი ემცრობა და დავიწყებას ეძლევა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა