დაბზარული ცნობიერების კალეიდოსკოპი
„ვგრძნობ, რომ გლოვით ვივსები და ერთ დღესაც, თქვენთვის მომზადებულ
სიმბოლურ მიწაყრილთან ჩამოვჯდები და მთელი გულით გამოგიტირებთ.“
ბექა ახალაია - „ნეშტები“
ბექა ახალაიას სადებიუტო რომანის „გველები მაზუთის გუბეებში“ კითხვისას გამუდმებით ვგრძნობდი აქამდე უცნობი და რთულად მოსახელთებელი, უკონტურო, ადღაბნილი, ჯერ კიდევ ფორმამიუცემელი განწყობის შინაგან ნათებას (ცივი შუქის ენერგიას). მიუხედავად იმისა, რომ ამ ოთხნაწილიან რომანს აკლია მთლიანობის, სისავსის განცდა (ნაწილებს შორის ვერ მოიძებნება შეხების წერტილები; ბოლო, ფინალურ თავში გაელვებული პერსონაჟების გარდა), მაინც ისმის მრისხანე ბედისწერის უწყვეტი, სულისშემძვრელი სუნთქვა, კამერტონული სიზუსტით რომ აწესრიგებს ოთხივე ამბის პროტაგონისტის ფორმით კომიკური, თუმცა არსით ტრაგიკული კონფლიქტის სტრუქტურას, ფაბულის დრამატურგიულ ხერხემალს.
პირველივე თავის („მარადი მომცდელი“) პერსონაჟის, დიმონ ცხონდიას ჯანყი ყოფიერების, შიზოიდური პოლიტიკური კონტექსტის, სიხისტის, ძალადობის, სულში გამეფებული შედედებული წყვდიადის, ერთგვარი მარადიული მონობის ციკლის წინააღმდეგ, თხრობის ზუსტი ბგერიდან, ზუსტი ტონალობიდანაა ამოზრდილი. ცხადია, დიმონისნაირი პერსონაჟის შემოყვანა გულისხმობს კლიშეებისა და სტერეოტიპების მთელი ნიაღვარის და ამ უაღრესად ფაქიზი, ლირიკული იმპულსებით ნაქსოვი სულის მქონე, პიროვნების კარიკატურიზაციის საფრთხესაც, თუმცა, ბექა ახალაია ახერხებს ამ სახიფათო საცდურიდან საკუთარი თავის და ნაწარმოების დახსნას. ეს მწერლისეული ალღოს, განცდის სიფაქიზის და ნამდვილი პროზაიკოსისთვის საჭირო სიფხიზლის ენერგეტიკის დამსახურებაა.
***
სათაურად გამოტანილი, ვიტყოდი, საგნობრივი სიმკვრივით გამორჩეული, მეტაფორა, თავისი ელასტიკურობით, სიბასრით და განგაშის ინტონაციით, არა მარტო რომანში ასახული რეალობის, არამედ მთელი ეპოქის შემზარავ ხატადაც წარმოგვიდგება. ოთხივე ნაწილი მაზუთის, როგორც შავი სისხლის, ბლანტი სისხლის შხეფებითაა „მოსვრილი“. მკაცრი რომანი თავის თავში ტრაგიკულ, კომიკურ, სატირულ, გროტესკულ ტრანსფორმაციებთან ერთად, ლირიზმის მოლივლივე და მოცახცახე ეკლიანი სხივის სიმხურვალესაც ითავსებს.
ამბების ტრაგიკომიკური გრადაციები თხრობის ტემპორიტმს, ენობრივი ქსოვილის ფაქტურას, ვეებერთელა აბზაცების შინაგან კონსტრუქციას და დიალოგის რიტმსაც კი განსაზღვრავს.
„სუნების იმ თაიგულში ცოლის ყელის და ყვრიმალების სუნიც იგრძნობოდა, თავბრუს რომ ახვევდა ხოლმე ახალგაზრდობაში, წამლის თუ წამლების სუნში გაზავებული სტერილური სისუფთავის სუნიც იგრძნობოდა, დაახლოებით ისეთი, აფთიაქებში რომ დგას, მაგრამ დომინანტი მაინც არყოფნის სუნი იყო, ეს აბსტრაქტულზე აბსტრაქტული შემადგენელი თავის თავში მოიცავდა რაღაც მარადიულს, რაღაც მეტაფიზიკურს, რაღაც პროვიდენციალურს და რაღაც შიშის მომგვრელს.“
არყოფნის სუნი - ბექა ახალაიას რომანის მაცოცხლებელი ესენცია, მისი ოთხნაწილიანი სიმფონიის ერთგვარი პარტიტურა. დიმონ ცხონდია, ეთილის გრაფი, კარუზო გელა და სანდრო, ისევე როგორც წიგნის სხვა დანარჩენი პერსონაჟები, დაბზარული, ტრავმირებული ცნობიერების მატარებელი არსებები არიან. ტრავმა მათი ბედისწერაა, გონების გოლგოთა, რომლის გზაც დაჩეხილი ილუზიების ნაფლეთებითაა სავსე. ყოველ ფურცელზე გაბმული ტკივილის მავთულხლართზე მკითხველს საკუთარი სულის ხორცის ჩამოფლეთა მოუწევს, რომ გადარჩეს, გააღწიოს ამ სულისშემძვრელი ლაბირინთიდან. ფურცლის კედლებიდან, როგორც ღია ჭრილობიდან, მაზუთის სისხლი ჟონავს. ეს ინტენსიური სუნი, ეს აუტანელი სიბლანტე წარმოსახვის და ფიქრის მთავარი „გამღიზიანებელია“.
***
„შვიდი წლის ვიყავი, როცა დიმონ ცხონდია ჩვენი სოფლის ცენტრში მდგარ მოსაცდელში თვითნებურად შესახლდა. ეს მოხდა ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შემდეგ.“ - რომანის პირველი ფრაზა, კაუჭივით რომ უნდა გამოედოს მკითხველის განწყობას, უკვე თავიდანვე ბადებს პროტაგონისტის ეგზისტენციური ფატალიზმის განცდას.
დიმონი გარდაცვლილი მეგობრის კუბოს უახლოვდება.
„თაგვების დაფსმული და გაღრღნილი დროშა ტარზე მიემაგრებინა და ხევისბერივით მოდიოდა.“
- გვიმხელს მთხრობელი. არქაული აურა, რომელიც სევდის ღრუბელთან ერთად ბედისწერის ცინიზმის გამო სოციალურ საფრთხობელად ქცეული ინდივიდის სულის ცახცახს შეგვაგრძნობინებს, ამ რომანის მთავარი სიმძიმის ცენტრია. ტკივილის ლოდები ოთხივე ნაწილის უარსებითესი კომპონენტია.
„გველები მაზუთის გუბეებში“ უახლესი წარსულის მტკივნეული გადააზრების კიდევ ერთი შემზარავი ტილოა, რომანი - განაჩენი, რომლის სიღრმიდანაც ხახადაფჩენილი ჭრილობა იღიმის.
ავტორი: გუგა მგელაძე