გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ინდიგოს 10 ყდის ისტორია

მალხაზ ხარბედია

არ ვიცი, როდის მივაგენი, რომ მარტო მირჩევნია. შეიძლება მაშინ, როცა რაღაც ისე არ გამოვიდა, როგორც მინდოდა. შეიძლება ეს ჩემი თანდაყოლილი თვისებაცაა. ხომ არის სიტუაციები ბავშვობაში, როცა, ვთქვათ, ზაფხულში მთელი ეზო წავა დასასვენებლად, შენ მარტო რჩები და ხვდები, რომ ყველაფერი შენ დაგრჩა, შენ უნდა დაახვედრო მეგობრებს აქაურობა. ამ დროს ბევრ საიდუმლოს იგებ ეზოში, მზერა უფრო ბასრი ხდება, ჭვრეტაზე ხარ გადართული: იქ რაღაცა მწერები, ჭრიჭინას ხმა... ამ ყველაფერს, სხვებთან ერთად თამაშისას ვერ შეამჩნევდი; როცა ყველა ერთად გიჟობთ, ერთობით, ხმაურობთ, ამ დროს სადღაც ნაპრალებში იმალება ყოფიერება, ხოლო როცა მარტო რჩები, გამოდის და გენახვება. და როცა შენი მეგობრები ჩამოდიან, სოფლიდან, კურორტებიდან, თითქოს მათზე უფრო მეტად გაიზარდე, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შთაბეჭდილებით და შეცვლილები თითქოს ისინი დაბრუნდნენ.

ინდიგო #23 - თავქარიანი მელანქოლია

ქეთი დევდარიანი

სირცხვილის გრძნობა მაქვს იმ მომენტებში, როდესაც გაბანძების მეშინია. არ ვიცი, ეს სიტყვა სხვანაირად როგორ ვთქვა. ეს ყოველთვის უკავშირდება ზედაპირულად, უნიჭოდ, ცუდად გაკეთებულ საქმეს. მე შემიძლია ჯერ არმომხდარის სრული რეკონსტრუქცია, მაქვს უნარი, შემრცხვეს მანამ, სანამ მოხდება. სიკვდილი, კრახი, აპოკალიფსი – შემიძლია ყველაფერი წინასწარ განვიცადო. მესმის, რატომ იკლავენ თავს იაპონელები სირცხვილის, ვალდებულების ცუდად შესრულების გამო. ამიტომ, ვცდილობ, არავის არაფერს დავპირდე, მაგრამ თუ დავპირდები, მერე ამ ძველბიჭური გაგებით ვუდგები: დაპირება უნდა შესრულდეს, თორემ კატასტროფა მოხდება!

ინდიგო #18 - მაგიური თეატრი

 

კახა თოლორდავა

თბილისი უცნაური ქალაქია, ძალიან თავისებური, და თუ მასთან ძალიან ახლოს არ მიხვედი, ვერც ვერაფერს გაუგებ. ამიტომაც უნდა ინებო და თავად ეახლო და მაშინ ე.წ. საძინებელ უბნებშიც, მაგალითად, გლდანში, უამრავ საინტერესო რამეს წააწყდები, იქ მცხოვრები ადამიანებიც აღარ დარჩებიან შენი მხედველობის მიღმა. მთელი დღე რომ დადიხარ, ვთქვათ, ვარკეთილში, მერე კი შენთვის უცნობ დასახლებაში მოხვდები, დასასვენებლად პირდაპირ ტროტუარზე ჩამოჯდები და ზურგიდან ხმას გაიგებ: „შვილო, ეტყობა დაიღალე, მოდი, ვაშლის პეროგი გამოვაცხვე და გაგასინჯებ“, – აი, ასეთი შეჯახებები უცნობ ადამიანებთან, ყველაფერს ყირამალა აყენებს და სახლშიც ტრანსფორმირებული ბრუნდები. ასეთი შემთხვევები ემოციური აღქმის უნარს გიმძაფრებს და პირადად მე ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ემოციური აღქმის ატროფია იმაზე საშიში ყოფილა, ვიდრე მეგონა. ადამიანს ნებისმიერ ასაკში უნდა შეეძლოს ტირილი.

ინდიგო #19 - სამი საღამო კახა თოლორდავასთან ერთად Skype-ში

 

ნანა ექვთიმიშვილი

მე ვენდობი საკუთარ შეგრძნებებს, საკუთარ მახსოვრობას. თუ იმ ეპოქაში იცხოვრე, აუცილებლად გექნება შენი შეგრძნებები, რომელთა აღწერა ძალიან ძნელია, მაგრამ ამაზე ზუსტი ვერც არქივი იქნება და ვერც „ობიექტურად“, შენგან განყენებულად აღდგენილი რეალობა. შეიძლება უცნაურია, მაგრამ რომ შემეძლოს, ალბათ არც დავბრუნდებოდი დროში უკან, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ – ვერ შევხვდები იმას, რის აღდგენასაც ვცდილობ. წარსულში არასდროს დაგხვდება ის, რაც გახსოვს. შენი მეხსიერება უფრო სრულყოფილია, ვიდრე ის, რაც იყო. მაგალითად, როცა რაიმე ადგილის რეკონსტრუქცია მომდომებია, აღმიწერია და მერე მინახავს, გამჭირვებია დაჯერება, რომ ეს მართლაც ის ადგილია. ... მიდიხარ და ნახულობ იმ ადგილს ოცდახუთი-ოცდაათი წლის შემდეგ და ის სრულიად სხვანაირია, პირველ რიგში იმიტომ, რომ არც შენ აღარ ხარ ის, რაც იყავი და აღქმაც შეგეცვალა.

ინდიგო #1 - ინტერვიუ ნანა ექვთინიშვილთან

 

ვერნერ ჰერცოგი

არასოდეს, არასოდეს, არასოდეს დაიჯეროთ, რომ არსებობს რომელიმე ფილმი, რომელიც კომპრომისებით არ არის სავსე.  პირადად მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას კომპრომისში. მაგალითად, ფილმის „ხურო შტაინერის დიდი ექსტაზი“ ხანგრძლივობა უნდა ყოფილიყო 43 წუთი და 20 წამი. ასეთ სიზუსტეს ითხოვდა ტელეარხი, რომლისთვისაც იგი მზადდებოდა. ჰოდა, მეც გავაკეთე ეს 43 წუთი და 20 წამი. ასევე იყო მოთხოვნა, რომ მეც გამოვჩენილიყავი ფილმში. მაინცდამაინც არ მხიბლავდა ეს აზრი, მაინც გამოვჩნდი. სხვათა შორის, სწორედ ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა ეკრანზე. ამავდროულად, სწორედ მაშინ დავიწყე ჩემი საკუთარი ხმის გამოყენება ფილმებში, დავიწყე თამაში. ასევე დავიწყე  იმის გაგება, როგორ უნდა შეხვიდე ფილმში, ამბავში, თხრობაში... კომპრომისებს ბევრი რამ შეუძლიათ გასწავლონ. კომპრომისი ხშირად მშვენიერი კარია ახალ შესაძლებლობებში.

ინდიგო #15 - იქ სადაც ოცნებობენ მწვანე ჭიანჭველები

 

ნაჯა ორაშვილი

კვლევებში ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი, თუ მეტი, არის ჰომოფობი. მე არ მჯერა, რომ არის. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არავინ აუხსნა ადამიანურ ენაზე, რატომ არ უნდა იყვნენ ჰომოფობები. ეს ადამიანები ცხოვრობენ შიშებით. ისე, როგორც არ უხსნიან, რომ ნარკომანი სალანძღავი სიტყვა არ არის. და ვინ უნდა აუხსნას ეს ყველაფერი? ხელისუფლება ამ ადამიანების განვითარებაზე არ ფიქრობს და ურჩევნია, ასეთები იყვნენ. ვერ რისკავენ. არადა, თუ არ გარისკე, ვერასოდეს მიხვდები, რა იქნება შედეგი.

ინდიგო #17 - ყვითელი, ცისფერი, შავი

 

რატი ონელი

თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ადვილია ფილმის გადაღება აქტუალურ პრობლემებზე, რადგან ყველგან ომი, ნგრევა და გაჭირვებაა, მუდმივად უბედურების მოლოდინში ვცხოვრობთ. ეს ბევრ რაღაცას აუფასურებს. ბურჟუაზია მოწყვეტილია მსოფლიოში მიმდინარე პრობლემებს. ისინი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ და ინფორმაციას მეორე, მესამე და მეათე პირისგან იგებენ. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები მათ რეალურად არ ეხებათ, მაგრამ, როგორც ადამიანებს, აქვთ ემპათიის მოთხოვნილება. ჩვენი ბურჟუაზიული ყოფა გვაძლევს საშუალებას, ეს ემპათია ვიყიდოთ. შეგვიძლია, წავიდეთ კინოში და წავუტიროთ. ამ დროს ერთგვარ კათარზისს განვიცდით, თითქოს ინდოეთში ან მექსიკაში ვუკავშირდებით ადამიანებს, ვისაც გაუსაძლის პოლიტიკურ თუ სოციალურ რეალობაში უწევთ ცხოვრება. გამოვდივართ კინოთეატრებიდან და გვგონია, რომ როგორღაც დავეხმარეთ, თანაგრძნობა გამოვხატეთ, ცრემლი დავღვარეთ და გამოვისყიდეთ ჩვენი დანაშაული.

ინდიგო #24 - სად არის მზე

 

ჯენეზის ბრაიერ პი-ორიჯი

ვიღას ახსოვს დღეს, რომ 1991 წელს ბრიტანეთსა და შტატებში ჯერ კიდევ აკრძალული იყო პირსინგის გაკეთება, ნიუ-იორკში არალეგალური იყო ტატუს ტარება, ჩვენ კი იმხელა ინფორმაცია მივაწოდეთ ხალხს, რომ მათ თვითონ დაიწყეს ტატუების და პირსინგების კეთება. სისტემა იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ხალხში არსებობს მძაფრი სურვილი, გადაიაზროს ის, თუ როგორ აღიქვამს, როგორ ექცევა საკუთარ სხეულს. ზუსტად ამას ვცდილობთ ჩვენც – გავიგოთ, რა არის ის ქვეკონტექსტი, ის ფარული ამბავი, რაც ამოძრავებს პოპულარულ კულტურას ამა თუ იმ მოცემულ მომენტში. სულ ის უნდა ეძებო, თუ რაშია დამალული ენერგია, ან რას არ ყოფნის ენერგია იმდენად, რომ ეს პრობლემა ხდება. მერე უკვე მთელი გულისყური იმაზე გაქვს მომართული, გააძლიერო, ან პირიქით – შეასუსტო ეს მამოძრავებელი ენერგია იმის მიხედვით, თუ როგორაა საჭირო. ესაა კულტურის ინჟინერია, სხვა არაფერი. მართლა სასწაულია ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ორ-სამჯერ „გადავაწყვეთ“, „შევასწორეთ“ კულტურა მთელ მსოფლიოში, რაც ხშირად არ ხდება, ხომ ხვდებით.

ინდიგო #13 - ჩვენი სახელია ჯენეზისი

 

მარიამ ნატროშვილი / დათუ ჯინჭარაძე

ბათუმში, იმ წელს, როდესაც ცრურწმენების მუზეუმი გავაკეთეთ, ძველი ბათუმის ეზოების გარდა, ერთ-ერთი საგამოფენო სივრცე ძველი, მიტოვებული აბანოც იყო. აბანო მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებულა და „ფანტაზია“ ერქვა. აღმოსავლეთში სჯერათ, რომ მიტოვებულ აბანოებში ავსულები და ჯინები ცხოვრობენ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ადგილობრივი ცრურწმენები შეგვეგროვებინა და დროებითი, აჩრდილი მუზეუმი გაგვეკეთებინა. ხალხური ცრურწმენა სამყაროს ამოცნობის, არასასურველი მოვლენის თავიდან არიდების ან რაღაც სასურველის მოხდენის მცდელობაა, საკუთარი ბედისწერის მართვის, მომავლის გამოცნობის და გაშიფვრის მცდელობა. საინტერესოა, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ინტერნეტამდე, როგორ ცდილობდნენ ბედისწერის მართვას. მაგალითად, იმით, რომ სავარცხელზე დარჩენილ თმას ნაგავში არ ჩაყრიდნენ, წყალს გაატანდნენ, რადგან ნაგვიდან ჩიტი მოიპარავდა, ბუდეს გაიკეთებდა და მის ბედნიერებას მიისაკუთრებდა. ან ცუდ ამბავს ქვას მოუყვებოდნენ, რომ ქვას წაეღო და უბედურება აეცილებინათ.

ცრურწმენა იმასთან დაპირისპირება და შეწინააღმდეგებაა, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს. წინააღმდეგობაა, მოკლედ, ცრურწმენა.

ინდიგო #9 - მარიამ ნატროშვილი / დეთუ ჯინჭარაძე ანუ SADARISMELIA

 

კასია ქლოე

ჩემი ცნობისმოყვარეობის გადამკიდე სულ გზაში ვარ. თავს სახლში მაშინ ვგრძნობ, როცა ვმოგზაურობ – ახალ ადამიანებს ვხვდები, განსხვავებულ კულტურებს და ადგილებს ვპოულობ. როცა იდეები უწყვეტ ნაკადად მოედინება, აზრებს გაშეშებისგან, გონებას გამყიფებისგან, ჩემს გულს კი გაცივებისგან იცავს. შემოქმედებითი ენერგია დახშული გონებიდან ვერასდროს ამოხეთქავს. მოგზაურობა ფრთხილი შეხსენებაა იმის, რომ არაფერი ვიცი, და ყველა ცოდნას სიტყვებით ვერ გადმოსცემ. კულტურული სიჭრელე ამას სულ გვახსენებს. ერთი და იმავე აზრზე ჩამოკიდება საშიში უგუნურებაა. მოგზაურობის დროს ასევე გიქრება განზოგადების და დისკრიმინაციის ცდუნება, რადგან ამჩნევ სილამაზეს, სიკეთესა და მრავალფეროვნებას ყველა ხალხში, განურჩევლად რელიგიური, გეოგრაფიული, ასაკობრივი, კანის ფერის თუ სექსუალური იდენტობისა. დისკრიმინაციას, უგულებელყოფას მოსდევს ომი, რომლის ადგილი აღარ არის თანამედროვე სამყაროში. გზაა ჩემი მასწავლებელი. მას ჩემთვის სიხარული და აღტაცება მოაქვს.

ინდიგო # 8 - კასია ქლოე

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა