ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ორი მშობლიური | ინტერვიუ ნინო ხარატიშვილთან

გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი, ნინო ხარატიშვილი დგამს პიესებს გერმანული თეატრის სცენაზე, წერს ბესტსელერ რომანებს გერმანულ ენაზე - ესაა პირველადი მოცემულობა. ინტერვიუ არ ეხება არც ერთ კონკრეტულ პიესას, არც ერთ კონკრეტულ რომანს, არც ერთ კონკრეტულ პერსონაჟს, მხოლოდ იმ პირველად მოცემულობაზე ვსაუბრობთ, რომელზე საუბარიც არასდროსაა საკმარისი. 


ინდიგო
: არსებობს კონკრეტული მომენტი, როცა გაიაზრეთ, რომ მოგინდათ არამშობლიურ ენაზე დაწერა?

ნინო ხარატიშვილი: პირველი დაშვება იყო აბსოლუტურად პრაგმატული გადაწყვეტილება - ჯერ კიდევ თბილისში სწავლისას, როცა ბრემენის სკოლიდან ჩამოვიდა იქაური სკოლის დასი, მასწავლებლებმა მთხოვეს რაიმე პიესის დაწერა. თინეიჯერობის ასაკიდან კარგად ვფლობდით გერმანულ ენას ადგილობრივი დასის წევრები. რაღაცნაირად გავბედე, ალბათ, ბევრიც არ მიფიქრია. პირველივე პიესა, “სასტუმრო ოთახი” იყო გერმანულენოვანი, გერმანულადაც ვითამაშეთ, მერე იყო მიწვევა გერმანიაში, იქაც შემდეგი პიესა და ასე აღმოჩნდა, რომ თურმე გერმანულად ვწერდი.

ცნობიერად დავწერე უკვე ჰამბურგში სწავლისას, ყოველდღიური გერმანული ენა მჭირდებოდა - ქართულად დამეწერა, მერე ვინმეს ეთარგმნა… ეს პროცესი წინასწარვე დამეზარა. მერე კი იყო სადიპლომო დადგმა, “მედეა”, ასე რაღაცნაირად მიყვა, პრაგმატული ინერციით.

ინდიგო: გასაგებია, რომ არამშობლიური ენობრივი სივრცე ბარიერებსა და დაბრკოლებებს ქმნის, არის თუ არა გარკვეულწილად უპირატესობაც?

ნინო ხარატიშვილი: 20-22 წლის ასაკში ასეთი ნაბიჯის გადადგმა ნაკლებ ფიქრს გართმევს, არ ფიქრობ შედეგებზე, ალბათ, ახლა ვეღარ გავბედავდი იმავეს, თუმცა მაშინაც არ იყო რთული აღსაქმელი, რომ ენისა და კულტურის უცხოობა მეხმარებოდა - უცხო სივრცეში კითხვებს თამამად სვამ, სწავლობ, შეიძლება თუ არ შეიძლება რაღაცის ასე თქმა, ენის ფენომენზე უფრო მეტს ფიქრობ. რომანების წერამ გამიმყარა ეს მოცემულობა, უფრო გამათავისუფლა.

ინდიგო: თქვენს რომანებში ამბები ქართულია, ენა გერმანული, ფორმისა და შინაარსის კლასიკური დიქოტომია - აქვთ თუ არა მათ ურთიერთქმედება?

ნინო ხარატიშვილი: ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემი გერმანული არის რაღაც სხვანაირი, ესთეტიკური, მისტიკური, უცნაური, ეს ასე იქნება თავისთავად. შინაარსი ფორმაში და ფორმა შინაარსში მეხმარება, თუმცა ზუსტად რა ძალა აქვს ამას, რა ეფექტს იწვევს, რა ემოციებს ტოვებს, რა გამოარჩევს - ამაზე კონკრეტული საუბარი რთულია.

მე იმიტომ ვაკეთებ რაღაცას, რომ ქართველი ვარ - არასერიოზული მიდგომა მგონია, ინდივიდუალური გემოვნებაა, სტილისტიკაა. ქვეცნობიერ დონეზე ამას რაღაც განაპირობებს, ცხადია, იდენტობის ნაწილია.

ინდიგო: ქართველი პერსონაჟები გერმანულად საუბრობენ…

ნინო ხარატიშვილი: ყველაფერი ჩემშია - ბუნებრიობას ქმნის შინაგანი ხმა, რომელიც ფილტრავს, რა ყალიბში უნდა მოვაქციო ენა. წერისას, ძირითადად, არაფერს “ვითვალისწინებ”. სადღაც შეიძლება იყოს აზრი, რომ რაღაცები უკეთ გავაგებინო გერმანელ მკითხველს, ხანდახან ვფიქრობ იმაზეც, რომ იყოს გასაგები, თუმცა „მათთვის” არ ვწერ. რაც ჩემშია გამჯდარი, გადადის პერსონაჟებში.

ქართველი პერსონაჟი საუბრობს გერმანულად - საინტერესო მოცემულობაა, ეს მოცემულობა იწყება წიგნის ყდიდან, რომელზეც ჩემი სახელი და გვარი წერია, ამას მკითხველი ან თავიდანვე იღებს, ან - ვეღარასდროს, მეორე და მესამე გვერდიდან ეს აზრი აღარ უნდა იყოს, ასეა სასურველი.

ინდიგო: ქართული და გერმანული თეატრის ენაზე რისი თქმა შეიძლება, როცა ვერბალურ ნაწილს ემატება მოქმედება?

ნინო ხარატიშვილი: თეატრი სკოლის ასაკიდან ჯადოსნური ადგილი იყო. როცა რაღაც დავწერე, ცოცხალმა ადამიანებმა ჩემი სიტყვები გააცოცხლეს, ურთულესი პროცესია - წერა ინდივიდუალური აქტია, რასაც მხოლოდ საკუთარ თავთან მუშაობით აკეთებ, დადგმა აბსოლუტურად გუნდური შრომაა, ითვალისწინებ ყველა დეტალს, ყველა რგოლს, მსახიობებს, გამნათებლებს, დეკორაციებს. საქართველოსა და გერმანიას შორის, აი, ამ დადგმის შრომაშია სხვაობა, სხვადასხვა ტემპია, მიდგომებიც განსხვავებულია, მაგრამ თეატრი ყველგან თეატრია - გუნდის თითოეული წევრის საერთო სურვილი, რომ გაიაროს პროცესი, გაიაროს ინტერპრეტაცია, ჩაწვდეს ტექსტს, განახორციელოს და მიიტანოს მაყურებლამდე.

ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ პროცესზე - თბილისში ახლაც სპექტაკლს ვდგამთ სამეფო უბნის თეატრისთვის. ნინო ბურდულმა თარგმნა ჩემი პიესა და თავადაც თამაშობს - არის რაღაცები, რასაც ვასწორებთ გზადაგზა, პირველ რიგში, სხვაობა ტექნიკასა და დამოკიდებულებაშია, სრულიად ბუნებრივი და ცოცხალი პროცესია. საკუთარი ტექსტი, რომელიც სცენაზე ქართულად ჟღერს, ხშირად რაღაც არ მომწონს.

ინდიგო: 2018 წელს აკა მორჩილაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნით სიტყვაში თქვა, რომ თავად პროზაიკოსს პოეზიის ქვეყნის წარდგენა უწევს. გერმანია რისი ქვეყანაა?

ნინო ხარატიშვილი: პირველი რაც მომდის თავში, ფილოსოფიაა, მერე კლასიკური მუსიკა, მერე დრამატურგია… ჰო, გერმანია ალბათ უფრო პროზაა, ვიდრე - პოეზია, თუმცა ურთიერთგამომრიცხავი რაღაცების შერწყმა ქმნის საინტერესოობას.

რაც შეეხება უშუალოდ გერმანულ ენას, ძალიან ზუსტი ენაა. კი, მისი გადადნობაც შეიძლება, უფრო რთულად, ალბათ. პირდაპირი ენაა, როგორც ავტორს, ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა ამ მხრივ. ყველანაირი ფიქრის, ყველანაირი ემოციის ძალიან ზუსტი შესატყვისი და ბევრი სინონიმი არსებობს. გერმანული ენა უფრო ნაჯახივითაა, ნაკლებადაა გადატანითი მნიშვნელობით თქმები. პირდაპირი და სწორხაზოვანია, რაც დიალოგების წერის დროს ჩემთვის „მომგებიანია”. 

ინდიგო: გერმანული აზროვნებაც უფრო პირდაპირია?

ნინო ხარატიშვილი: ენა და აზროვნება ერთმანეთს განაპირობებენ, კი. დროისა და სივრცის გავლენა ენაზე საუკუნეების განმავლობაში დიდ კვალს ტოვებს, ფაქტობრივად, აზროვნებას ქმნის. ნაციონალური აზროვნების თეორიის დაშვებით, ენა იდენტობის ნაწილი ხდება და გარკვეულწილად მენტალობას აყალიბებს.

ინდიგო: არის თუ არა გერმანულ ენაში, გერმანულ აზროვნებაში „დანაკლისი“, რომელიც თქვენ ქართული ენით, ქართული აზროვნებით „შეავსეთ“?

ნინო ხარატიშვილი: წერის დროს მაინტერესებს და მნიშვნელობს ორი საკითხი: ერთი ესაა აბსოლუტურობა, რომ სათქმელი იყოს დამაჯერებელი, გულწრფელი, დავწერო მხოლოდ ის, რაც ახლოსაა ჩემთან, არ მოვიტყუო. მეორეა ემოცია, როგორ გამოვხატავ ენით ემოციას, რომ ჩაფიქრებული ემოციით მივიდე მკითხველამდე. ყველაფერი უკავშირდება ისევ ენას, სიტყვათქმნადობას, სინტაქს, სიტყვების განლაგებას.

ჯადოქრობას ჰგავს, როცა განზრახული გაქვს გარკვეული ემოცია და ამის მიღწევას ცდილობ სიტყვებით - როცა გერმანულად ვწერ, ვცდილობ ამ ენის გაპოეტურებას, რაც ქართულში ბუნებრივი და ყოველდღიური ენობრივი წყაროა. ნებისმიერ შემთხვევაში, გულწრფელობაა მთავარი, მთავარია, კვალი დამატყოს, დამრჩეს, მერე კი გადავიტანო ფურცელზე.

ინდიგო: თუკი ოდესმე ქართულად დაწერთ, რას ისესხებთ გერმანული აზროვნებიდან?

ნინო ხარატიშვილი: ამაზე არასდროს მიფიქრია, ალბათ, საპირისპირო მოხდებოდა - ქართულში მეტი სიზუსტე, მეტი კონკრეტიკა გადმოვიდოდა, არ ვიცი, ადვილად ჟღერს, თუმცა რთულია. თარგმანებში ეს განსაკუთრებით იგრძნობა, როცა რაღაც პირდაპირაა აღწერილი, ძალიან აუხეშებს სათქმელს, რაც გაუცხოების საფრთხეს აჩენს.

სასიყვარულო სცენები ხდება განსაკუთრებით ვულგარული, შემოვლითი გზით თუ არ აკეთებ ამას. არ მიყვარს შეგნებული ვულგარულობა, თარგმანებში ეს მუდმივი პრობლემაა. გერმანული ენის ბუნებრივად მკვეთრი ხასიათით ბუნებრივადაც ფუთავ ტექსტს - დიდი ყინული გხვდება და ბევრი კოცონი შეგიძლია დაანთო. ქართულ ენაში რომ კოცონი დაანთო, აალდება და, ალბათ, მთლიანი ხელნაწერიც დაიწვება.

ინდიგო: შეგიძლიათ წეროთ, ფაქტობრივად, მშობლიურ ენაზე, მერე კი წაიკითხოთ თარგმანი, ფაქტობრივად, მშობლიურ ენაზე…

ნინო ხარატიშვილი: კი, უცნაურია. აი, ახლაც ახალი რომანის თარგმანი დასრულდა და საშუალება მაქვს, თვალი გადავავლო - მოქმედება ხდება თბილისში, 90-იან წლებში, თითქოს ყველაფერი, მათ შორის რომანის ენაც, სახლში დაბრუნდა.

თარგმანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ურთულესი პროცესია. თავად, ალბათ, ვერასდროს ვიზამ. არა, გამორიცხულია, საკუთარ ტექსტს არასდროს ვთარგმნი. გარდა იმისა, რომ მოწყვეტილი ვარ ლიტერატურულ ქართულს, საკუთარი რომანის თარგმნა ახალი რომანის დაწერაა, ეს იქნებოდა ჯოჯოხეთი.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა