საფრთხისა და სიხარულის პოეზია | ინტერვიუ ტიმოთი მორტონთან
ზურა ჯიშკარიანი: სალამი ევრაზიული სევდის მთვარისეული ხრუშჩოვკებიდან. როგორც ველური ბავშვები გატეხილი ცის ქვეშ, ჩვენ ვკითხულობთ შენს პირქუშ ფილოსოფიურ ეკოლოგიურ პოეზიას და ვგრძნობთ, რომ ვართ „მყიფეები, მაგრამ საკმარისად ბასრები მთვარის შუქის გასახლეჩად“.
ჩვენმა უძველესმა საყვარელმა პოსტსტრუქტურალისტებმა განაცხადეს, რომ მკითხველის დაბადება ავტორის სიკვდილის ხარჯზე ხდება. იმისთვის , რომ ავტორის რასამ, კლასმა, სქესმა, იდეოლოგიამ და ავტორიტეტული-ავტორული სტრუქტურის სხვა მესიჯებმა უკვე აღარ იძალადონ ჩვენზე. როგორც ბარტი ამბობდა, ყოველი ტექსტი მარადიულად აქ და ახლა იწერება.
ტიმოთი მორტონი რომ ტექსტი ყოფილიყო, შიზოანალიტიკური ნარატივი, ავტორი, რომელიც მკვდარია – რა ისტორიას მოყვებოდა ის? (ლექსი? ციტატა? რომანი? ანეკდოტი?)
ტიმოთი მორტონი: ცხოვრება ლამაზი შემთხვევითობაა. საგნები ბიძგის გარეშე ციმციმებენ. მე შენ მიყვარხარ.
ზურა ჯიშკარიანი: ჩემი ქვეყნის, საქართველოს 20% ოკუპირუბულია რუსეთის მიერ, მათი ჯარები დღემდე დგანან ჩვენს ტერიტორიაზე და ყოველდღე გვიწევს ცხოვრება პირქუში ფიქრებით იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მოხდეს ქვეყნის სრული ანექსია; პარალელურად ჩვენ ვცოცხლობთ, ვერთობით, გვიყვარს ერთმანეთი, ვცეკვავთ, ვწერთ წიგნებს, ვმუშაობთ ხელოვნურ ინტელექტზე და ა.შ.
ცხოვრება აპოკალიფსის მუდმივი შეგრძნების ქვეშ გაიძულებს, უფრო დააფასო და შეიყვარო იგი.
საინტერესოა, შეგვიძლია თუ არა შევადაროთ ეს ეგზისტენციალური მდგომარეობა სახეობების მასობრივ გადაშენებას? ხომ არ მივიღოთ ლოზუნგი: „როგორ გავერთოთ პრე და პოსტ-აპოკალიპტურ გარემოებებში?“ – თუ ისეთი რამეები, როგორც მასობრივი გადაშენებაა, იმდენად დიდი და „უჩინარი“ ჰიპერობიექტებია, რომ ჩვენ ვერც კი ვიაზრებთ, რომ ნელ-ნელა ვიხოცებით?
ტიმოთი მორტონი: დიახ. ყველაფერი რაც უკავშირდება მწუხარებას, დაგეხმარებათ, მიაღწიოთ პლანეტის ისეთ გაცნობიერებას, როგორიც ჩვენ გვესაჭიროება. გახსოვდეთ, ეს გაცნობიერება არ აუქმებს არც ერთ სხვა შკალასა თუ ინტენსივობას. ეს უბრალოდ მწუხარების უზარმაზარი მდელოა, სადაც ყველა დანარჩენს შეუძლია თამაში.
ზურა ჯიშკარიანი: რა განსხვავებაა პოსტჰუმანიზმსა და ტრანსჰუმანიზმს შორის და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ტიმოთი მორტონი: ტრანსჰუმანისტებს სურთ, სამყაროს შეჭმის მისიის გაგრძელება, მხოლოდ იმისთვის, რომ დაამტკიცონ, ისინი არსებობენ. პოსტჰუმანიზმი – საკმაოდ უწყინარი, ბუნდოვანი ეტიკეტია ფირფიტების მაღაზიიდან. ამ უკანასკნელისთვის ნერვების მოშლა შესაძლებელია. პირველი ძალიან საშიში რამეა.
ზურა ჯიშკარიანი: ეს შეკითხვა შესამზადებელია შემდეგისათვის: რა არის პოეზია ტიმოთი მორტონისთვის და როგორ შეუძლიათ ლექსებს, დაგვეხმარონ, გადავრჩეთ ბრმა ევოლუციის ბარიკადებზე, როგორც ამას პირქუში შოპენჰაუერი ხატავდა?
ტიმოთი მორტონი: პოეზია მიზეზობრიობაა; შოპენჰაუერი – იდიოტი.
ზურა ჯიშკარიანი: 2018-ში ვმუშაობდი პოსტჰუმანური არსებების, ციფრული ავატარების ნარატიულ დიზაინერად, ისინი ჩვენ ფუნქციონალურობის მონობისგან გავათავისუფლეთ და უეცრად იქცნენ იმად, რასაც ბატაი „საკრალურს“ დაარქმევდა.
ქართულის, ინგლისურისა და რუსულის გარდა, მე ვიცნობდი პროგრამირების ისეთ ენებს, როგორებიცაა C#, Python и AIML (ჩეთბოტების შესაქმნელი მარკირების ენა). კოდის ცოდნა მწერალს საინტერესო განზომილებაში აგდებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პროგრამირების ყველა ენა დაფუძნებულია უძველეს, მონოთეისტურ, პატრიარქალურ, დუალისტურ და ბინარულ ლოგიკაზე, რაც თავისი თავიდან გამორიცხავს დენადობას, ქალებს, არაბინარულ ეთიკას, ცხოველებს და ა.შ.
პროგრამირებაში არის მხოლოდ „კი“ და „არა“, „ჭეშმარიტი“ და „მცდარი“ და არაფერი მათ შორის ან მათ გარეთ. უკრიტიკობა, რომლითაც იღებენ ასეთ ლოგიკას, კორპორატივიზმი და შეჯიბრითობა (ველური კონკურენცია) – სამყაროს მახინჯი მხარეა და კიდევ უფრო ტრაგიკული ისაა, რომ ესაა ხალხი, რომელიც ქმნის ჩვენს პროდუქტებს, აპლიკაციებსა და განსაკუთრებით ხელოვნურ ინტელექტს. მთელი ეს მესოპოტამიური ბატონყმობის იდეები პროეცირდება ხელოვნურ ინტელექტზე.
გვჯერა, რომ კიბერნეტიკა შესაძლებელია იყოს ფსიქოდელური (ცნობიერების გამაფართოებელი), ეკოლოგიურად სუფთა და აღფრთოვანებულები ვართ პროგრამისტებით, რომლებიც რეალობის ილუზორულ ბუნებაზე მედიტირებენ:
კითხულობენ ლექსებს იმიტომ, რომ ლექსები გვასწავლიან, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორ უნდა მოვკვდეთ და მე მჯერა იმ პროგრამისტების, რომლებიც ცეკვავენ როგორც – შივა.
ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ზუსტად ასეთი კიბერპანკები, „შამანები მანქანებს შორის“ და არა უტვინო კორპორატიული ზომბები, რომლებიც პირდაპირი გაგებით აპროგრამებენ პლანეტის სიკვდილს.
რას ფიქრობ ხელოვნური ინტელექტის თემაზე, მის მომავალზე და რა რეკომენდაცია გექნებოდა იმ ხალხისადმი, ვინც ამაზე მუშაობს?
ტიმოთი მორტონი: ყურადღებით მომისმინე: ჩვენ უნდა ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს დავიწყება, მან უნდა ისწავლოს, როგორ დაივიწყოს რაღაცები, განსაკუთრებით რაც შეიძლება შემთხვევითი პრინციპით, მთელი დღის განმავლობაში.
ადამიანი გამოუსწორებელი ხელოვნური ინტელექტია, რომელსაც შეუძლია, დაივიწყოს. დავიწყება ეს ისაა, თუ როგორ შეგიძლიათ, გაიხსენოთ.
ზურა ჯიშკარიანი: სამყაროში ყველაფერი აბსოლუტურად რეალურია, მაგრამ როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ჩვენ ვერ ვიშორებთ მოვლენებისა და ობიექტების ეფემერულობის შეგრძნებას. მაგალითად, რაც უფრო მეტად ვკითხულობთ „ტიბეტური მკვდრების წიგნს“, მით უფრო რეალური ჩანს ის სატელევიზიო ნიუსებთან შედარებით, თუმცა ეს ნიუსებიც კი ისე ჟღერს, როგორც გუშინდელი სიზმრის ექო.
ნუთუ ჩვენ დავკარგეთ კავშირი რეალობასთან, როგორიც უნდა იყოს ის? და რა არის რეალობა სინამდვილეში – კოლექტიური ჰალუცინაცია, სამყაროს მანიფესტაცია მარადიული დაბრუნებით თუ ობიექტებისა და მათი ურთიერთქმედებების ღრმა, შეუცნობელი ჭეშმარიტებები?
ტიმოთი მორტონი: არარეალურობის განცდა ტრავმის ფენომენოლოგიაა. არ წაშალოთ ეს არარეალური შეგრძნება. ამის წაშლით იწყება ფაშიზმი.
ზურა ჯიშკარიანი: თავს მარტო გრძნობ სამყაროში თუ გრძნობ ყველა ცოცხალისა და მკვდრის გამაერთიანებელ ძალას? და რატომ?
ტიმოთი მორტონი: ცხოვრება ეს სამყაროა, რომელსაც საკუთარი თავი ეცოდება. თავისი არსით ყველაფერს აერთიანებს, მაგრამ ისე, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს არ ეხება.
ზურა ჯიშკარიანი: ერთ ინტერვიუში შენ თქვი: „ონტოლოგიური – პოლიტიკურია!“, ეს ძლიერი და შთამბეჭდავი განცხადებაა. შეგიძლია დააზუსტო ჩვენი მკითხველებისთვის, თუ რას გულისხმობ ამ ფრაზაში?
ტიმოთი მორტონი: ონტოლოგია ეს არის მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ არსებობენ საგნები. ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ნება მეცნიერებას, მოგვიყვეს იმის შესახებ, თუ რა არსებობს, მაგრამ საკითხი ასე დგას: როგორ არსებობს ის, რაც არსებობს? თეთრი მედასავლეთეების იდეა ის არის, რომ საგნები არსებობენ, როგორც სტაბილური სიგნალები, რომლებიც თანმიმდევრულად გრძელდებიან, სანამ არ შეწყვეტენ არსებობას. საბოლოო ბრტყელი ხაზი ასეთ იდეოლოგიაში არის ყველგანმყოფი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთი. დღეს ამას ჰქვია გუგლი.
„ოღონდ არ იყო ბოროტი“ – ასე ეუბნებიან თავიანთ თავს ფსიქოპათები. დიახ, ონტოლოგია პოლიტიკურია, ხოლო პოლიტიკა თავის არსში – ესაა ონტოლოგიური ომი ყოფიერების ფსონებზე.
ზურა ჯიშკარიანი: თუ შეიძლება, ჩვენი ახალგაზრდა მკითხველი ჰაკერებისთვის გვირჩიე 5 ცნობიერების გამაფართოებელი წიგნი.
ტიმოთი მორტონი: პირქუში ეკოლოგია – ყველას უნდა მისი წაკითხვა, თან რაც შეიძლება მალე. ეს წიგნი მოგიყვებათ იმის შესახებ, თუ როგორ იპოვოთ სიტკბოება წყვდიადში;
რეალისტური მაგია – უფასო PDF ფაილად დევს. ონტოლოგიის ჩემეულ გაგებაზე ამ წიგნიდან შეიტყობთ;
ჰიპოსუბიექტები – ასევე უფასო PDF. სიურეალური დიალოგი საზღვრების გარეშე ანთროპოლოგ დომინიკ ბოიერთან, იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ ადამიანი.
ყველა ხელოვნება ეკოლოგიურია – მომცრო და ნამდვილი;
ცხოვრების მატერიალი – თითქმის დამთავრდა მაღაზიებში. ეს ობიექტზე ორიენტირებული ონტოლოგიის მემუარებია.
ზურა ჯიშკარიანი: მადლობა. ძალიან მიყვარხარ. იმედი მაქვს, ერთხელაც შევხვდებით.
ზურა ჯიშკარიანის ოფიციალური გვერდი Patreon.com-ზე [ვრცლად]