სისულელეგია | ინტერვიუ ვახტანგ ჯავახაძესთან
თქვენ ჩემი პოეზია გაინტერესებთ თუ გალაკტიონი?
ინტერვიუ პოეტის შეკითხვით დაიწყო, თითქოს დარწმუნებულიც კი იყო, რომ გალაკტიონზე უნდა გვესაუბრა, წინასწარ შეემზადა, XX საუკუნის მთავარი ლირიკოსის მიმართ მუდმივ ინტერესსა და ამ პროცესში ვახტანგ ჯავახაძის როლს ზომიერად ირონიული ჩაკითხვა მოუხდინა, თუმცა არა, ვახტანგ ჯავახაძეზე უნდა გვესაუბრა, „ელეგია: ყელსაბამზე“ – ექვსი წლის წინ გამოიცა და გალაკტიონით დაჩრდილული პოეტი ხელახლა „დაიჩრდილა“, ამჯერად მეუღლის პროტექციით.
ინდიგო: „ელეგია: ყელსაბამის“ წაკითხვამდე მკითხველს სულ რამდენიმე წინასწარი ცნობა აქვს, რომ ტექსტი გარდაცვლილ მეუღლეს ეძღვნება, ჟანრული კუთვნილებაც სათაურიდან იშიფრება. თქვენ, როგორც ავტორს, რა წინასწარი „ცნობა“ გქონდათ წერის დაწყებამდე?
ვახტანგ ჯავახაძე: მეუღლე გარდამეცვალა შვიდი წლის წინ და რაღაცნაირად მომინდა, ლექსი დამეწერა. დავიწყე და ჩემი ვარაუდით, თუ შეიძლება საერთოდ ვარაუდი, ეს იქნებოდა ოცი-ოცდაათი სტრიქონი, დაახლოებით. დავიწყე, მაგრამ ვერ გავჩერდი. ვწერდი, ვწერდი და ათი თვის თავზე გავჩერდი, დავასრულე. გასაგებია, ცოლის გარდაცვალების გამო მწუხარება, შესაბამისად, ელეგიაც, როგორც ამ მწუხარების ლირიკული გამოხატულება.
ინდიგო: ქართულ პოეზიაში ეს ჟანრი მაინც უფრო პატრიოტული მოტივისკენ იხრებოდა, კი, გვაქვს არაკლასიკური ელეგიებიც, თუმცა გასული საუკუნის ელეგიური განწყობილება ილიას „ელეგიის“ გავლენით დაიმარცვლა. საუკუნეც ბესიკ ხარანაულის ცნობილი ელეგიით („სად არიან შვილები“) დაიხურა. თქვენი ელეგია სხვანაირია...
ვახტანგ ჯავახაძე: კი, ელეგიისთვის სოციალურ-პოლიტიკური თემები იყო წამყვანი ჩვენში, თუმცა ჩემ გარდა ბევრ სხვა პოეტსაც აქვს სხვანაირი მწუხარების გამოხატვისთვის ეს ჟანრი გამოყენებული. მე საჩემოდ „მოვირგე“, ასე გამოვიდა.
ინდიგო: ტექსტს აქვს ეპიგრაფი და უშუალოდ ტექსტზე საუბარი ჩვენც ეპიგრაფით დავიწყოთ. „ვეჩვევი უშენობას“ – რატომ ან საიდან მოვიდა მურმან ლებანიძის ეს ფრაზა თქვენთან?
ვახტანგ ჯავახაძე: მიუხედავად იმისა, რომ ჩემსა და მურმან ლებანიძეს შორის მთელი ათი წელი იყო სხვაობა, მურმანი იყო ჩემი მეგობარი, ალბათ, ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ჩემი შვილის ნათლიაც კია. მურმანს გარდაეცვალა შვილი, ფიქრია, ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი, ახლობელი იყო ეს მომენტი და ეს მდგომარეობაც. მერე მურმანს დაეწერა ლექსი „ვეჩვევი უშენობას“. საკუთარი ელეგიის დაწყებამდე უპირველესად ჩემი მეგობრის სტრიქონები გამახსენდა, მეც ხომ ჩემი ნანას გარეშე ცხოვრების შეჩვევას ვიწყებდი.
...
– ფეხს ვუწყობ, შვილო ჩემო, ცხოვრებას ოხერს,
არ გავლოთებულვარ, ვერც ვიტყვი უსმელობას,
ვიგონებ საქმეებს, ვთამაშობ პოკერს,
ვეჩვევი სიკვდილებს და
ვეჩვევი უშენობას!
...
ინდიგო: ერთგან დავით წერედიანი წერს, რომ ვახტანგ ჯავახაძის პოეზია 70-იანი წლების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა – მკვეთრი ლირიზმი იუმორმა და ირონიამ ჩაანაცვლა...
ვახტანგ ჯავახაძე: რაც ბუნებრივია, არა? ოთხმოცდაათი წელი ვიცხოვრე, გზადაგზა რაღაცები აღარ მომწონდა. აღარ მომწონდა კი არა, სტალინის გარდაცვალების შემდეგ მე და ჩემი თაობის პოეტები უფრო თამამად გამოვედით ასპარეზზე. უნივერსიტეტის ერთ ჯგუფში ვსწავლობდით მე, გივი გეგეჭკორი, ტარიელ ჭანტურია, ზაურ ბოლქვაძე, ოთარ ჭილაძე, ჯანსუღ ჩარკვნიანი, რეზო ინანიშვილი, თამაზ ბიბილური, ფილიპე ბერიძე, კიდევ გამომრჩა ვინმე? პოეტების ჯგუფს გვეძახდნენ.
გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ ბოლოს და ბოლოს სტალინი მოკვდა, სიმართლის თქმის გაბედულებაც ახალგაზრდა პოეტებს უფრო მოგვემატა, სიმართლე კი ირონიითა და იუმორით კარგად ითქმება.
ინდიგო: კლასიკური პოეტური სახეები ჩაანაცვლეთ უბრალო ნივთებით. ბევრმა ლიტერატორმა აღნიშნა, რომ „ელეგია ყელსაბამი“ თქვენი პოეტური გამოცდილების თავმოყრაა – ეს ამბავიც ხომ ნივთებზეა...
ვახტანგ ჯავახაძე: წერისას ამაზე არ ვფიქრობდი, ბოლოს რომ შევხედე, მივხვდი, რომ მართლაც ასეა, ბოლოს დავინახე ტექსტში საგნები. ადამიანი რომ წავა, მისი საგნები, ნივთები ხომ რჩება. ჩემი მეუღლეც რომ გარდაიცვალა, საგნები დარჩა, ხელუხლებელია დღემდე, ასე დავტოვე, არ შემიცვლია. ჩვენ მარტო ვცხოვრობდით, ყველა საგანი მას მახსენებდა, მახსენებს.
...
დაცარიელდა კაბა, საწოლი, სარკე, სათვალე, ქოლგა ─ შენები
ყველაზე მეტად ყელსაბამს უჭირს, მაგრამ მე ვეღარ შევეშველები.
...
ინდიგო: ფაქტობრივად, თქვენმა ყველა პოეტურმა ხერხმა, მიგნებამ ერთ ვრცელ ტექსტში მოიყარა თავი, თუმცა ის, რაც უნდა გეთქვათ, იყო აქამდე უცნობი – პოეტური გამოცდილებისა და სათქმელის გამოუცდელობის მიმართებაა „ელეგია: ყელსაბამი“?
ვახტანგ ჯავახაძე: ნამდვილად ასეა. არა მხოლოდ მე, საერთოდაც ქართული პოეზია იყო ამ მხრივ გამოუცდელი – ცოლისგან და დისგან ნატირალები არსებობს, თუმცა ქმრისგან ცოლის დატირება არ მახსენდება, იშვიათია. ალბათ, ამანაც განაპირობა ჩემი ელეგიის წარმატება. ერთი მხრივ, მკითხველისთვის იყო ეს სიახლე, მეორე მხრივ, ჩემთვის, ეს უფრო დამეხმარა, ახალი გზით მივდიოდი.
ამდენი ხანი რომ გამიგრძელდა, ჩემს შვილს ვუთხარი, ხალხი ახლა პატარა ლექსებსაც კი აღარ კითხულობს და ხუთასტაეპიან ლირიკულ პოემას ვინღა წაიკითხავს-მეთქი. გამოქვეყნდა და ყველაზე პოპულარულიც გახდა ჩემი პოეტური შემოქმედებიდან.
ინდიგო: როგორც თქვით, ქართული პოეზია ქმრის მიერ მეუღლის დატირებას ნაკლებად იცნობს. კლასიკური ნატირალი შეიძლება არ არის, თუმცა კონტექსტიდან გამომდინარე, ვაჟა-ფშაველას „იას უთხარი ტურფასა“ შეიძლება გავიხსენოთ – თქვენი ტექსტისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათია, პოეტი ყოველგვარ „შეჩვევაზე“ უარს ამბობს და მკაცრად ასკვნის, რომ „მოსვლაში არა ყრიაო“...
ვახტანგ ჯავახაძე: ამაზე არასდროს მიფიქრია, პირველად მესმის და ჩემი მხრივ, ჩემს ტექსტთან ვაჟა-ფშაველას ლექსის მიმართება ნამდვილად საინტერესოა.
ინდიგო: რეფრენზეც უნდა ვთქვათ ორი სიტყვა, ძალიან მარტივად, რას ნიშნავს ეს ფრაზა?
...
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.
...
ვახტანგ ჯავახაძე: დიახ, ძალიან მარტივად, სრულიად ჩვეულებრივი და ყოფითი მოვლენაა – როცა ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, რამდენიმე ადამიანმა დამირეკა, მოიკითხეს, ნანას დაუძახეო, ასეთი რამდენიმე შემთხვევა მქონდა. კონკრეტული მომენტი გამოვიყენე, როცა ამ სტრიქონებს ვწერდი.
საერთოდაც, ბევრი ყოფითი და უბრალო ამბავია ტექსტში, პერსონაჟებიც რეალურია. ზოგი ისეთი დეტალიცაა, მხოლოდ მე და ჩემმა მეუღლემ რომ ვიცით.
ინდიგო: გარდა ამბებისა, უბრალო სიტყვათა თამაშიც მრავლადაა ტექსტში. ევფონიის აზრობრივი დანიშნულება ხომ ორგვარია – ბგერებს ან ავტონომია აქვთ, ანდაც სიმბოლური დატვირთვა. „ელეგია: ყელსაბამში“ რა დანიშნულება აქვთ ბგერებს?
ვახტანგ ჯავახაძე: ყველა ბგერა უნდა იყოს მთლიანი ტექსტის ორგანული ნაწილი. კი, მე მიყვარს სიტყვებით თამაში, სხვაგავრად ვერც კი წარმომიდგენია. ცხოვრებისეული დეტალები, ლირიკული გადახვევები, მერე ისევ სიუჟეტი, ასე ხდება, ყველაფერს აქვს ფუნქცია, ალბათ.
პოეზიის საზღვრები უნდა გაფართოვდეს, ყოველთვის ასე ვფიქრობდი, ამიტომაც მიყვარს თამაში ლირიკაში, გრაფიკული ლირიკა, ნახატი პალინდრომები, მათემატიკა...
ინდიგო: ბოლოს ისევ ეპიგრაფს უნდა მივუბრუნდეთ – შეჩვევაზე ამ გამოცდილებით რისი თქმა შეიძლება? აქვს ამ პროცესს პასუხი ან დასასრული?
ვრცელი ტექსტის შუა ნაწილში ნახსენები „სისულელეგია“ თითქოს საკუთრივ რაღაცის თქმას ცდილობს.
ვახტანგ ჯავახაძე: პატარა ლექსი მაქვს ადრე დაბეჭდილი – ცოტა სისულელე კია, ვახტანგ, შენი ელეგია. მომეწონა და ჩამრჩა, აი, ევფონია, ფორმამ კი მიკარნახა, თუმცა ძალიან სწორადაც მიკარნახა.
მე და ჩემმა მეუღლემ ერთად ვიცხოვრეთ ორმოცდარვა წელიწადი. ისე ვიყავით ამ შვილების გაზრდით დაკავებული, ამ ცხოვრების პრობლემებით გართული, ერთმანეთისთვის თითქოს არც გვეცალა. გარდაიცვალა და მივხვდი, რამდენად მიყვარდა ჩემი მეუღლე – ის, რაც სიცოცხლეში ვერ გამოვხატე, მთელი დანაკლისი, გამოდგა ტექსტისთვის საფუძველი, ამიტომაც გამიხანგრძლივდა ელეგია, ნანასთან მოფერებისა და საუბრის პერიოდი.