
წამზომი ჩართულია | ირაკლი ქერაშვილის საქმე
„სანამ დრო არის, უნდა ვიმოქმედოთ, სხვაგვარად ვიქცევით რუსეთად და ბელორუსად (ამისთვის ნამდვილად არ მიბრძოლია)! ვისაც ჯერ კიდევ ძინავს, ვაფრთხილებ,
რომ როდესაც გაიღვიძებთ, გვიანი იქნება!”
ყველა, ვინც მიცნობს, კარგად იცის, არცერთ პოლიტიკოსს არ ვწყალობ. მაგრამ ეხლა „ეს ქოცია” და „ის ნაციას” ძახილის დრო არ არის. წამმზომი ჩართულია!” – ეს 30 წლის ექიმის, ირაკლი ქერაშვილის სიტყვებია.
ისიც საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული თერთმეტეულის წევრია.
მასაც 4-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმის მასალებში ვკითხულობთ, რომ ირაკლი ქერაშვილს ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, „რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა”. საქმე ძირითადად პოლიციის თანამშრომლების პატაკებს ეყრდნობა.
ირაკლის ადვოკატი რევაზ ვაჭარაძე ამბობს, რომ საქმეში ვერ ნახავთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ქმედების მტკიცებულებას, რომელიც დაგვანახებდა, რომ ირაკლი ქერაშვილმა რამე, ან ვინმე დააზიანა; რომ ირაკლი ქერაშვილი დაკავშირებული იყო სხვა დაკავებულ პირებთან.
„ფაქტობრივად, ბრალი წარუდგინეს იმის გამო, რომ აქციაზე მივიდა. მტკიცებულება სხვა რამისა, რომ, ვთქვათ, რამეს აზიანებს, რამეს აფუჭებს, არ არსებობს. ასევე, თუკი ვედავებით მთელ ჯგუფს, მინიმუმ, ის ხომ მაინც უნდა დადგინდეს, რომ ამ ჯგუფის წევრებს ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონდათ. თანაც, თუ ვამბობთ, რომ ორგანიზატორიც ჰყავდათ, მაშინ ორგანიზატორთან კომუნიკაციაც უნდა ფიქსირდებოდეს. მსგავსი არაფერია. კონკრეტულად ირაკლის საქმეში დევს ვიდეომასალა, რომელშიც არეულობის მომენტი ჩანს და ჩანს ისიც, რომ ირაკლი ამ დროს იქაა, ეს კადრები სხვა არაფერს ასახავს”, – გვიყვება ადვოკატი რევაზ ვაჭარაძე.
Fuck Ruzzia! გავიმარჯვებთ სახელოვნად!
ირაკლი ქერაშვილი თბილისში მეგობარ ქალთან, ქეთი დანელიასთან ერთად ცხოვრობს. ჰყავს დედა, რომელიც ემიგრანტია და წლებია იტალიაში მუშაობს. ასევე, ჰყავს აღმზრდელი ბებია, 85 წლის კლარა კილასონია და ჰყავს და, ქეთი ქერაშვილი, რომელიც ირაკლის დაკავების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში და ცდილობს ძმის მხარდაჭერას.
„ირაკლის ჰყავს ძალიან მაგარი ოჯახი, რომელიც გვერდში უდგას და ყველანი ერთად ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ სინათლე ამ სიბნელეში”, – გვიამბობს ქეთი დანელია. საქმე ადმინისტრაციული მუხლით მის მიმართაც არის აღძრული. მას საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან
ირაკლი ქერაშვილი პლასტიკური ქირურგია. თუმცა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვას მხოლოდ პროფესიულ მოვალეობად არ მიიჩნევს – მას სისხლის უნიკალური ჯგუფი აქვს და სისხლის დონორიცაა. როგორც ოჯახის წევრები გვიყვებიან, თავისი დონაციით 69 ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია.
„ბევრჯერ დაურეკავთ, დილაუთენია წამომხტარა და გავარდნილა, რომ სისხლი ჩაებარებინა და უცხო ადამიანი გადაერჩინა”, – იხსენებს ქეთი.
ის გვიყვება, რომ ირაკლი სამედიცინო განათლების პოსტდიპლომური ეტაპისთვის – რეზიდენტურისთვის ემზადებოდა და ახლა ციხეში აგრძელებს მეცადინეობას. საკანში, სადაც 7 იანვარს 30 წელი შეუსრულდა, დროს არ კარგავს – ვარჯიშობს, კითხულობს და რეზიდენტურის გამოცდისთვის ემზადება. ერთ-ერთ წერილში კი წერს, რომ საკნის კედელზე დააწერა: „Fuck Ruzzia! გავიმარჯვებთ სახელოვნად!”
„ძალიან უყვარს თავისი საქმე და, ასევე, დიდი პატრიოტია”, – დასძენს ქეთი დანელია და სიამაყე ეტყობა, როცა გვიყვება, თუ როგორ მონაწილეობდა ირაკლისთან ერთად სხვადასხვა დროის საპროტესტო აქციებში. ქეთი ამბობს, რომ მისთვისაც და ირაკლისთვისაც გარეთ დგომის მოტივი ყოველთვის იყო უსამართლობის, ჩაგვრის წინააღმდეგ ხმის ამაღლება, საკუთარი არჩევანის, ადამიანის უფლებების დაცვა, რუსეთის ოკუპაციის გაპროტესტება.
ირაკლი ქერაშვილი 6 დეკემბერს საკუთარ სახლთან დააკავეს, საღამოს, დაახლოებით 6 საათისთვის.
„სახლში ვიყავით, ჩვეულებრივი საღამო იყო, აქციაზე გასასვლელად ვემზადებოდით. ირაკლი ჩემზე ადრე გავიდა, დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მე ტელეფონზე ვლაპარაკობდი და, ამ დროს, თურმე, სადარბაზოსთან მას სამი მანქანა გადაეღობა”, – ქეთიმ ირაკლის დაკავების შესახებ მეგობრებისგან გაიგო და მოგვიანებით ნახა ვიდეო, რომელიც მეზობლებმა გადაიღეს.
კადრში ჩანს, რომ ირაკლის მანქანას უახლოვდებიან უცნობები ჩვეულებრივი, სამოქალაქო ტანსაცმლით და: „მანქანის მინა დაულეწეს, მანქანიდან გადმოათრიეს, დაიჭირეს, აგინეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ვნახე ვიდეოში, იმას გიამბობთ და ამის მერე წაიყვანეს თავიანთი მანქანით. ძალიან დიდ ხანს ვეძებდით”, – იხსენებს ქეთი. ის ამბობს, რომ ირაკლის ფიზიკურად არ გასწორებიან, სიტყვიერად აყენებდნენ შეურაცხყოფას.
ციხიდან ირაკლი ოჯახის წევრებს ეუბნება, რომ ერთადერთი რამ ენატრება – მუსიკა და ფილმებია. ახლობლებს ამხნევებს:
„ერთი წამი არ იდარდოთ! ამაზე დიდი საჩუქარი პატრიოტი ქართველისთვის არაფერია!
ბება ჩამიკოცნე <3 აქ დიდ პატივს მცემენ და მაფასებენ და უთხარი ბებას, რომ შენი აღზრდის დამსახურებაა-თქო”, – წერს ირაკლი წერილში, რომელიც თავის დას, ქეთი ქერაშვილს 13 იანვარს გაუგზავნა.
“დანაშაულის ჯგუფურობაზე: სამწუხაროდ, სასამართლოებამდე ამ ფანტასტიურ ადამიანებს არ ვიცნობდი. მადლობას გიხდით, რომ გამაცანით. ძალადობაზე: ბრალდება მოძალადეებს გვიწოდებს, თუმცა გახლავართ ექიმი, სისხლის უანგარო დონორი 18 წლიდან და ყოველთვის მაბედნიერებდა ჩემს ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ძალადობა ჩემთვის სრულიად მიუღებელი და აბსურდულია“,
- ირაკლი ქერაშვილი 5 მარტის სასამართლო სხდომაზე.
გირჩევთ
