გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ირანული კინო ირანის შესახებ | ბაკო ხელაძე

ბოლო დღეებია, მსოფლიოს ყურადღება ირანისკენაა მიპყრობილი და თითქოს ყველა დიდი და განსაკუთრებული გარდატეხისა და ცვლილების მოლოდინშია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ ამბავზე ლაპარაკობს და წერს, ალბათ ბევრს მაინც რჩება განცდა, რომ ხშირად ახალი ამბები თუ ანალიზები დაცლილია სოციალური და პოლიტიკური კონტექსტებისგან. ირანის უფრო სიღრმისეულად გასაგებად გთავაზობთ რამდენიმე თანამედროვე ფილმს, რომელიც მეტ-ნაკლებ წარმოდგენას შეგიქმნით, რატომ დგას ქუჩაში ირანელი ხალხი და რის წინააღმდეგ იბრძვიან ისინი.

„პერსეპოლისი“ (2007. მარჯან სატრაპი)

ანიმაციური ფილმი, რომელიც თინეიჯერი ირანელი გოგონას, მარჯანის თვალით გვანახებს, როგორ იცვლება ირანული საზოგადოება 1979 წლის რევოლუციის შემდეგ. მარჯანი მემარცხენე-მოდერნისტული ირანული ოჯახიდანაა, რომლებიც შაჰს ეწინააღმდეგებიან და რევოლუციას თანაუგრძნობენ. თუმცა, რევოლუცია, რომელიც უბრალოდ გარდამავალი პერიოდი ჰგონიათ, აცნობიერებენ, რომ ასე არაა. აქვე ისინი ეჩეხებიან მორალის პოლიციასა და ცხოვრების წესს, რომელშიც მათი ბოჰემური საღამოებისა და გართობის ადგილი აღარ რჩება. მალევე კი მარჯანს ევროპაში აგზავნიან. ფილმი ერთგვარი გზამკვლევია, დაანახოს ადამიანს, რა განწყობები იყო რევოლუციის წინ და რა შოკის გადატანა მოუწია ირანულ საზოგადოებას პოსტ-რევოლუციურ პერიოდში. კარგადაა წარმოჩენილი ქალთა საკითხები, ჰიჯაბი და, ზოგადად, ქალის როლი ისლამურ რესპუბლიკაში;

„მარმულაქი“ (2004. ქამალ ტაბრიზი)

სატირული ჟანრის ირანული ფილმი, რომლის სიუჟეტიც მოგვითხრობს, როგორ შეიცვალა ერთი ირანელი პატიმრის ცხოვრება მას შემდეგ, რაც მოლას უნიფორმაში გადაცმული ციხიდან გაიქცა და შემთხვევით ერთ-ერთი მივარდნილი აულის იმამი გახდა. მთავარი პერსონაჟი, რეზა სრულიად გამოუცდელი და უცოდინარია რელიგიურ საკითხებში და მისი გულწრფელი ქადაგებებით, რომელიც რელიგიური მაგალითების ნაცვლად, ჰოლივუდურ ფილმებსა და „ქუჩურ გაგებას“ ემყარება, მეჩეთს მლოცველებით აავსებს. სასულიერო ინსტიტუტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მკაცრად მიიღეს ირანში და ფილმის გამოსვლა სათუო იყო. საბოლოოდ ხელოვნებამ და იუმორმა გაიმარჯვა. ფილმში ნათლად შეგვიძლია დავინახოთ, რა როლი და გავლენა აქვთ ირანში სასულიერო პირების ინსტიტუტს და როგორ შეიძლება მისი უნიფორმითაც კი ძალიან სწრაფად ამ დიდი ძალაუფლების ნაწილი გახდე, თუნდაც უვიცი კრიმინალი.

„წმინდა ობობა“ (2022. ალი აბასი)

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველა გახმაურებული ფილმია, რომელიც რეალურ ისტორიას ეფუძნება. ოჯახის მოყვარული, ომის ვეტერანი და ღრმა მორწმუნე საედი გადაწყვეტს, რომ ღმერთმა მას დაავალა, წმინდა ქალაქის, მაშჰადის ქუჩები პროსტიტუციისგან გაწმინდოს. ამ მისიით შეპყრობილი საედი ერთმანეთის მიყოლებით კლავს პროსტიტუციაში ჩართულ თექვსმეტ ქალს, სიმბოლურია, რომ ყველა მათგანს საკუთარივე ჰიჯაბით. ყველაფერს კი ფარდას ხდის თეირანიდან ჩამოსული ქალი რეპორტიორი, რომელიც ამ პროცესში სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას აწყდება, მათ შორის ფილმის დასაწყისში - მას არ აძლევენ უფლებას, დარჩეს სასტუმროში, ვინაიდან ის ქალია და მარტო მოგზაურობის უფლება არ აქვს. მიუხედავად სისტემისა და კონსერვატორული საზოგადოების მხრიდან მკვლელის მიმართ თანაგრძნობისა, დანაშაული იმდენად შემზარავი და გახმაურებულია, სასამართლო სასიკვდილო განაჩენს გამოიტანს.

ფილმი შეულამაზებლად აჩვენებს ირანული საზოგადოების ყველაზე დაბალ და ბნელ შრეებს, ულტრაკონსერვატორულ საზოგადოებას, რომელიც სრულ დეპრესიასა და ნარკოტიკებშია ჩაძირული; „წმინდა ობობამ“ ისე შეაწუხა სისტემა, რომ საკუთარი ვერსია გადაიღეს - „ობობა,“ რომელიც ალტერნატიულ ისტორიას ჰყვება, სადაც სისტემაცა და საზოგადოებაც სრულად ემიჯნება სერიულ მკვლელს.

„მტვრიანი გზა“ (2021. ფანაჰ ფანაჰი)

ფანაჰ ფანაჰის, ცნობილი ირანელი რეჟისორის, ჯაფარ ფანაჰის შვილის სადებიუტო სურათი, რომელიც ერთი ოჯახის მაგალითზე ირანელ ხალხში დაგროვილ განცდებსა და უპერსპექტივობას აჩვენებს. მთელი სიუჟეტი ვითარდება გზაზე მიმავალ მანქანაში, რომელიც საზღვრისკენ მიდის, რათა სარისკო გზებით უფროსი შვილი მაინც გააპარონ საზღვარგარეთ. ქვეყნიდან გაქცევა ბოლო წლების ირანის ერთ-ერთი წამყვანი თემაა. როგორც რეჟისორი ამბობს, ეს თემა არც მისთვისაა უცხო და ოჯახის წევრებისა და მეგობრების ქვეყნიდან გაქცევა იქცა მის შთაგონებად. საგრძნობია ლეგენდარული ირანელი რეჟისორის, აბბას კიაროსტამის გავლენა. საგულისხმოა ისიც, რომ ფილმში ისმის ქვეყნიდან გაქცეული მუსიკოსების შემოქმედებით.

„ლეილას ძმები“ (2022. საიდ რუსტაი)

ირანული ოჯახის ისტორია, რომელიც იტანჯება ოჯახის უფროსის ახირებით - შეამჩნიონ მოძმეებმა და აირჩიონ უხუცესად. ოჯახს უწევს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრება, ახირებული მამის შვილები კი შეუმდგარ და უბედურ ადამიანებად ყალიბდებიან. ამბავი კულმინაციას აღწევს მაშინ, როცა აღმოჩნდება, რომ ოჯახის უფროსს შეგროვებული აქვს უამრავი ოქროს მონეტა, რომელიც უხუცესად არჩევისთვის სჭირდება. და როცა მან თითქოს საწადელს მიაღწია, ქალიშვილი უჯანყდება და ოქროს ჰპარავს, რათა ძმებთან ერთად ოჯახის გადასარჩენად ახალი ცხოვრება დაიწყონ. მამა არ ნებდება და ამ ოცნებას ართმევს შვილებს, უეცარი ინფლაცია კი ქონებას ანადგურებს. ახირებული მამის პერსონაჟში ადვილი ამოსაცნობია ირანის სულიერი ლიდერი, ხოლო ის პრეტენზია, რაც თითოეულ შვილს აქვს მშობლის მიმართ, სწორედ ის ლოზუნგებია, რაც ათეულობით წლებია, ირანულ საპროტესტო ტალღებს მოჰყვება ხოლმე. სწორედ ამ იოლი ალეგორიისა და რეჟიმის მიმართ დამოკიდებულების გამო, „ლეილას ძმების“ რეჟისორი, საიდ რუსტაი ციხეში მოხვდა, ნაწარმოების პოპულარობა კი ერთიორად გაიზარდა.

...

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ 1976 წლის გახმაურებული ირანული სატელევიზიო შოუ, „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ არც ფილმია და მაინცდამაინც არც თანამედროვე, ამ სიაში აუცილებლად უნდა გვეხსენებინა; 16-ეპიზოდიანმა სერიალმა 70-იან წლებში ირანელების გულები დაიპყრო და გამონაკლისი არც სამეფო ოჯახი ყოფილა. შაჰმა მსახიობები პირადად მიიღო ნიავარანის სასახლეში. უცნაური და გასაკვირი კი ისაა, რომ „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ ღიად აკრიტიკებდა ირანის მმართველებს, მათ შორის ფეჰლებებსაც და დასცინოდა პარანოიკულ შიშებს, რომ ყველგან შეთქმულებაა, რომლის უკანაც დასავლეთი დგას. 

„ბიძაჩემი ნაპოლეონი“ გადაღებულია ირანელი მწერლის, ირაჯ ფეზეშქზადის იმავე სახელწოდების წიგნის მიხედვით - ირაჯის წიგნი 2023 წელს გამომცემლობა „დიოგენემ“ ქართულადაც თარგმნა, და თუ ვინმეს სურს, უკეთ გაიგოს ირანელი მმართველების ბოლო რამდენიმე თაობის ფსიქოტიპი, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოს - მიუხედავად იმისა, რომ ამბავი თავიდან ბოლომდე ირანულია, ის შესანიშნავად ერგება ნებისმიერ დროსა და სივრცეს და საკუთრივ „ბიძია ნაპოლეონი“ ყველა დიქტატორში შეიძლება დავინახოთ. 

ავტორი: ბაკო ხელაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა