ქართული ქვიარ პოეზიის ანთოლოგია | რედაქტორის სიტყვა
ის, რასაც პოეზია ხედავს, ფიზიკურ სამყაროში ხშირად არც არის. ეს წიგნიც ამგვარი, მომავლისკენ ბლანტი, უსინათლო ბარიერების გაჭრის სურვილით იკინძება. პოეზიით ავტორი უპირველესად საკუთარი წყვდიადის ამომშუქებელია, ამიტომ რთულია პოეტური ინტონაცია თან შინაგან მთრთოლარე ხმად დარჩეს, თან ჯგუფური სათქმელი თქვას. კარგი ლექსიც ისაა, რომელიც მკითხველს სულის აღმოუჩენელ მღვიმეებში შეუძღვება და აგრძნობინებს, რომ ეს ნაცნობი ხმა მისი ტექსტია. და რადგან გამაერთიანებელი ძალა აქვს პოეზიას, – სამყაროს უხილავი სიმის რხევას – ამ წიგნით, ავტორებთან ერთად ვცდილობ გრძნობათა ახალი პარტიტურა შევქმნა.
თქვენს ხელშია ქართული ქვიარ პოეზიის პირველი ანთოლოგია და რადგან სიტყვა „ქვიარს“ ქართულ ენაში ზუსტი კონოტაცია ჯერაც არ აქვს, შესავალში მცირე განმარტებასაც ვურთავთ: ქვიარია ის, ვისი გონებაც კულტურულ უტოპიაში მოძრაობს, კულტურის ღობეებს ეჯაჯგურება და ჯერ არდამდგარ მენტალურ ცვლილებებს იხმობს.
ქვიარია ის, ვინც სამართლიანობის, ადამიანთა ეკონომიკურ-სოციალური თანასწორობის დამყარებას ცდილობს და გლობალურ მომავალს ინდივიდუალურ მრავალფეროვნებაზე აპროექტებს.
ქვიარ ფილოსოფიის ხატ-სახეები ქართულ კულტურაში იმაზე ადრე ჩნდება, ვიდრე სამყაროში ტერმინი „ქვიარი“ და „ქვიარ თეორიები“. პირველი ქართული ენა, – რომელიც ადამიანებს სქესებად არ ყოფს. ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“-დან აღაზა, რომელიც მოკლულ ზვიადაურს ჩუმად დასტირის და თემისგან აკრძალულ აქტს აღასრულებს. ქვიარ ფილოსოფიური ნარაციაა ფიროსმანის ორთაჭალის ტურფები, რომელშიც მეძავს მხარზე ერეგირებული ფალოსით არა ეშმაკი, არამედ სულიწმიდის სიმბოლო – მტრედი აზის. ქვიარია დიანა ვაჩნაძე (მამაკაცის ფსევდონიმია), რომელიც პოეზიით შლის ქალობა-კაცობის ზღვრებს და გენდერული როლების პირობითობას უსვამს ხაზს.
ჩვენს ქვეყანაში უმცირესობების მიმართ არაჰუმანური აზრი დასპონსორებული და ნაციონალიზებულია, ამდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ ნიშნით შემოფარგლულ ადამიანებს გავუმაგროთ ზურგი და არსებითს, მორალურ-სულიერ აწმყოსა და მომავალს ხელოვნურად შექმნილი ესთეტიკური და თეორიული ჩიხიდან თავის დაღწევაში დავეხმაროთ.
ჰომოფობია საქართველოში პოლიტიკური ელიტის ფასიანი მოსავალია. მათ თხრობაში ქვიარ იდენტობებთან მტრობას გარყვნილებასთან შეურიგებლობა ჰქვია და ამ ბრძოლის ხატი კაცთა ჰომოსექსუალობაა.
ამით პოლიტიკური სისტემა განამტკიცებს მასკულინურ კულტურას, მეორეს მხრივ კი სხვა სექსუალურ, გენდერულ იდენტობებს უგულებელყოფს და იადვილებს უხილავი ადამიანების ჩაგვრის შესაძლებლობას. ასეთ პოლიტიზებულ გარემოში ჰომოსექსუალური სექსი მხოლოდ სექსი კი არა, აკრძალული პოლიტიკური აქტიცაა და ცხოვრების ამ ასპექტს პოლიტიკური სტიგმისაგან გათავისუფლება სჭირდება, ადამიანთა პრაქტიკები სოციალური პერვერტულობისგან რომ დაიცალოს და ჟანრული კუთვნილება შეიძინოს. ამ მხრივ ლიტერატურაშიც ბევრი სამუშაოა, რადგან ჩვენი შრომა დღეს მხოლოდ „ჰომოეროტიკის“ ცნებითაა შემოზღუდული. ამ ტერმინში გამაერთიანებელ ძალასაც ვხედავ, თუმცა ჩვენი კულტურის კონტექსტში, როდესაც პოლიტიკური მანქანა ჭარბ სოციალურ კიჩს აწარმოებს, ეროტიკის გაგება პორნოგრაფიულობამდე კნინდება და ეს ტერმინი უნებურად პოლიტიკურად სექსუალიზებულ, დემონიზებულ და ეგზოტიკურ ჯგუფად გამოგვყოფს.
გარეკანზე დიდი მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს ღვინის თასზე აღმოჩენილი ანტინოეს გამოსახულების ილუსტრაციააა. ბერძენი ანტინოე (110-130 წ.) რომის იმპერატორ ადრიანეს შეყვარებული იყო. ის ნილოსში დაიხრჩო. სიკვდილის შემდეგ იმპერატორმა საყვარელი მამაკაცი გააღმერთა, მისი სახელობის ტაძრები ააშენა. საუკეთესო მოქანდაკეებს ორი ათასამდე ძეგლი შეუკვეთა. ანტინოეს სახელზე კი ნილოსის პირას ქალაქი ანტინოოპოლისი ააგო. ჰომოსექსუალური სიყვარულის ამ ემბლემატურ სახეს ანტიკურ საქართველოში ღვინის თასებზე გამოხატავდნენ, ჩვენ კი ყდაზე გამოვსახავთ როგორც ქვეყანაში უძველესი ჰომოსექსუალურ ხატ – არტეფაქტს.
კრებულში პირველი ლექსი XVII-XVIII საუკუნის პოეტის, შამჩი მელქოს, იგივე მელქუა გულქანოვის, სომეხი, ავლაბრელი აშუღის „მუხამბაზია“. ამ ლექსის ფესვიდანაა ამოსული გრიგოლ ორბელიანის მუხამბაზი „გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ“, წაუმძღვარა კიდეც პოეტმა მის ლექსს შამჩი მელქოს ფრაზა – „მუხამბაზო, რა ტკბილი რამ ხმა ხარო“. მოგვიანებით არჩილ კერესელიძემ აამღერა ეს ლექსი ფილმში „ქეთო და კოტე“. კრებულში შესულია ასევე მოდერნისტი, ავანგარდისტი, ფუტურისტი, სიმბოლისტი და თანამედროვე ავტორების ტექსტები. აქ შეხვდებით პროზაული ტექსტებიდან ფრაგმენტებსაც, რომლებიც პოეტურ „ready-made“- ებად შეიძლება იქნას წაკითხული.
ბევრი ძველი, აღდგენილი და ახალი ტექსტი მოხვდა ჩვენთან, რომლებსაც სხვადასხვა დროს განახლებულ თემატურ ანთოლოგიებში გამოვაქვეყნებთ. იმედი გვაქვს ეს წიგნი ადამიანს საკუთარი, წმინდა ხმოვანების მოსმენაში დაეხმარება, რადგან პოეტი ამბობს:
„პოეზია ისაა, რაც მისი წაკითხვის მერე რჩება, – გრძნობა, ფიქრი, მარტოობის დაძლევა.“
ანდრო დადიანი
მუხამბაზი
შამჩი მელქო
მუხამბაზო, უცხო ტკბილი ხმა ხარო,
მორთულო, მეჯლიშში ღვინის სმა ხარო,
შავნოწარბნოდაწამწამნო, თმახარო, თაკო
საყვარელთა მარტო ჩემთვის კმა ხარო,
ღვთის წინაშე შემოგფიცე, ძმა ხარო!
ჰე, ნათელო, თეთრი ბამბის ქულა ხარ,
გავსილ მთვარევ, ღამე ამოსული ხარ,
უკვდავების წყაროვ, ოქროს ლულა ხარ,
მოვერცხლილი, მოჭედილი კულა ხარ,
არ ილევი, ულეველი ზღვა ხარო!
შენის ეშყით თვალთ არ მერჩის ჩინია,
შენი სული მიხაკ-დარეჩინია!
შენთვის დავალ მუდამ ჩინ-მაჩინია,
შემიტყვია, მეტად გიყვარს ლხინია,
შესაქცევად ლაპარაკში ზმა ხარო!
მოდი, ღამე ნუ დაზდიხარ ქარშია,
გული შემინარე ეშყის ნარშია,
შენ მოირთვი ზარბაბშია, ზარშია,
შეევედრე, არ გაგაგდოს კარშია.
შამჩი მელქო, ფარნავაზის ყმა ხარო!
ბაბილონისა დარღვევისა და ენათა შერევის
დროს მიწერილი მუხამბაზი ისაიასთან
სვიმონ წინამძღვრიშვილი
სად გაეშურე ტფილისიდგან, პარუნ ისაი,
ან რად დააგდე შენი ვარდი მწყრალად, ისაი?
ესპეს ახჩიკ თუ დუნ კუჭარის, ყოჩაღ, ისაი!
დარდიმან მართის ინჯი-მისან მანდან ისაი.
ინჩ ვორ ვორ გრუმიმ, იგულისხმე კარგად, ისაი,
უნზ თუ კუკ სირის დოღრი ჯუღაბ იაზ ისაი.ბუმბულს
სად გაეშურე ტფილისიდგან, პარუნ ისაი,
ან რად დააგდე შენი ვარდი მწყრალად, ისაი?
თე არნის ახჩიკ შატელ ფუღოვ ქარუ ქაჩალი,
ის გადიმ შენვე იანდარარ ცეცხლისა ალი,
შენ აღარ ჰკითხე ნაგის რჩევით ბაცარა თვალი,
რაც რომ გიბრძანოს, პასლუშაი, მანდა, ისაი.
სად გაეშურე ტფილისიდგან, პარუნ ისაი,
ან რად დააგდე შენი ვარდი მწყრალად, ისაი?
პრიიმი სოვეტ, ჯერ ჰამფირე, უკნიკოდ დარჩი,
ჩინი ართილსუნ და პენცია ყელზედაც ხაჩი,
ყულუღს უმუდე, უკუაგდე პრაფერანს ნახჩი,
ნურც მოშორდები შენს აღასა, იხლას, ისაი.
სად გაეშურე ტფილისიდგან, პარუნ ისაი,
ან რად დააგდე შენი ვარდი მწყრალად, ისაი?
ჭანჩნამ ქუ აღინ ვერნი სლუგა შენ ხარ ერთგული,
დიდის ხელმწიფის სამსახურში თავდადებული,
დაღესტნელთაგან ჯურიათობით ფრიად ქებული,
ინან მანლაქი, შემიყვარდი, სირტოვ, ისაი.
სად გაეშურე ტფილისიდგან, პარუნ ისაი,
ან რად დააგდე შენი ვარდი მწყრალად, ისაი?
ბევრს კი გაწუხებ, ამა ელი, მიიღე შრომა,
სპარსი შენს აღას ღიმილითა შეცვალა დრომა,
ერთგულის მონის და მეგობრის არ მართებს წყრომა,
ეს მუხამბაზიც ნიზკი პაკლონ პრედსტავ, ისაი.
სად გაეშურე ტფილისიდგან, პარუნ ისაი,
ან რად დააგდე შენი ვარდი მწყრალად, ისაი?
ბაღი ბულბულით ავსილა
საიათნოვა
ბაღი ბულბულით ავსილა, ვარდსა რაზი არ აკლია,
აწ დაშვენდა ია-ვარდი, ზედ ლამაზი არ აკლია,
უცხოდ ხარობს ასამინი, ძილს სარაზი არ აკლია,
წმინდა სანთლები შამდანში, ზირანდაზი არ აკლია,
მეიდანი გამართული, ქანდირბაზი არ აკლია!
არ გეწყინოს, ჩემო კარგო, სიტყვაშიაც იგავი მაქვს,
რომელ ერთხელ გენაცვალო, განა რამდენი თავი მაქვს?
მუდამ შენს სამსახურში ვარ, არა სთქვა პირი შავი მაქვს,
სულ ქვეყანა ჩვენსა არის, რომ ბაზაზი არ აკლია!
რახან სოფელს ასე მოსდევს, ულხენოთაც არ იქნება.
შენი ქება და დიდება უენოთაც არ იქნება!..
მარანისა ტუმბო სავსე უდენოთაც არ იქნება,
თუ მეჯლისი მორთულია, უშენოთაც არ იქნება,
ტრიალებს ოქროს თასები, ლეილუმ ნაზი არ აკლია!
ხელმწიფესაც არ უქნია როსტომ-ზაალისათვინა,
ნიშნობა და ქორწილიცა თავისი ქალისათვინა! –
რაც რომ გადამხდა თავზედა, სულ იმ მაღალისათვინა:
ლეილუმის ქამანჩისა დოულ-ყავალისათვინა:
გარს უსხედან მომღერალნი, სანთურ-საზი არ აკლია!
ტურფა ტანი ლერწამს გიგავს – მორთულხარ ქირმანშალშია,
კბილები მარგალიტში გაქვს, ინდის პილპილი ხალშია,
ფალევანთა მომრევი ხარ, ნაქები როსტომ-ზალშია,
თუ ჩვენსა არ მობძანდები. წავიდეთ სამართალშია...
საიათნოვას ხემწიფე, ყენ-შაჰბაზი ირაკლია!