გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თვილზნიეპი

ქართული გვინეა-ბისაუ | გაბრიელ ჩუბინიძე

თბილისის ურბანული განვითარების ისტორიაზე მუშაობისას, საქართველოს ცენტრალურ არქივს ვესტუმრე . კატალოგებში ბევრი ქექვის შემდეგ, ჩემს ხელთ აღმოჩნდა ფონდი 88 - ინსტიტუტი “თბილზნიიეპი”, რომელიც შემოკლებით იშიფრება როგორც თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტი”.  მისი სრული სახელწოდება კი კიდევ უფრო რთული და დამაბნეველია: “სსრკ სახმშენთან არსებული არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობათა ტიპობრივი და ექსპერიმენტული პროექტირების თბილისის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ზონალური ინსტიტუტი”. მარტივ და გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ინსტიტუტი, სხვა ფუნქციებთან ერთად, აპროექტებდა საცხოვრებელ და საჯარო შენობებს, დებდა პროგნოზებსა და პროგრამებს უბნების  მშენებლობისა და განვითარების შესახებ.

აქამდის არსებული ინფორმაციით ვიცოდი, რომ “თბილზნიიეპის” არქივის დიდი ნაწილი 1990 - იანი წლების ქაოსს შეეწირა, თუმცა ფაქტია, რომ მისი რაღაც ნაწილი შემორჩა და ინახება ცენტრალურ არქივში. როგორც ფონდზე მუშაობისას აღმოვაჩინე, ინსტიტუტის მუშაობა არ განისაზღვრებოდა მხოლოდ საქართველოს  სსრ-თი, არამედ ისინი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებისა და ქალაქებისთვისაც აშენებდნენ და აპროექტებდნენ შენობებსა თუ დასახლებებს, მაგალითად: გელენჯიკი, ადლერი, სოჭი, მოსკოვი და ა.შ.  ასევე მუშაობდნენ სსრკ-ს გარეთაც, მათ შორის შორეულ აფრიკაში - გვინეა-ბისაუში.

დებელეს საწარმოო რაიონის სიტუაციური გეგმარება, 1971 წელი


საბჭოთა კავშირსა და გვინეა-ბისაუს შორის პირველი თანამშრომლობა 1950-იანი წლებიდან დაიწყო. 1973 წლის 24 სექტემბერს, ყოფილმა პორტუგალიის კოლონიამ გვინეა-ბისაუმ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მას შემდეგ საბჭოთა კავშირი აქტიურად ეხმარებოდა ახალ აფრიკულ სახელმწიფოს.

აფრიკის დეკოლონიზაციის შემდეგ შექმნილი ქვეყნების ნაწილი პოლიტიკურად სოციალისტურ ბანაკს მიემხრო, რის გამოც ბუნებრივია გაიზარდა ურთიერთკავშირი საბჭოეთსა და აფრიკულ ქვეყნებს შორის. ზოგადად, ახალი აფრიკული სახელმწიფოები მასობრივად უჩიოდნენ პროფესიონალი კადრების ნაკლებობას, სწორედ ამიტომაც საბჭოეთიდან იგზავნებოდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტები რათა დახმარებოდნენ ამ ქვეყნებს სახელმწიფოსა და საზოგადოების მშენებლობაში.

არსებული ინფორმაციით ქართველები პირველად 1966 წელს  ესტუმრნენ გვინეა-ბისაუს პედაგოგიური მისიით და სამი წელი მუშაობდნენ  იქ. მოგვიანებით კი სენეგალისა და გვინეის განათლების სისტემა საფუძვლიანად შეისწავლეს და სამეცნიერო ნაშრომიც გამოსცეს. თანამშრომლობა საქართველოს სსრ-სა და გვინეას შორის კიდევ უფრო გაღრმავდა 1970-იან წლებში ქართველები სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებაში ეხმარებოდნენ აფრიკელებს, როგორიც არის ფეხბურთი, ჭიდაობა, კარატე და ა.შ. მოსკოვის ტორპედოს მეკარე ანზორ კავაზაშვილი კი, ცხრა თვის განმავლობაში წვრთნიდა გვინეის ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც კავაზაშვილის ხელმძღვანელობით აფრიკის თასიც კი დაისაკუთრა.

1969 წლის 27 ნოემბერს სსრკ-სა და გვინეას შორის თანამშრომლობის დოკუმენტი შედგა, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირს, რაიონ დებელეში ბოქსიტების მომპოვებელი საწარმო უნდა აეშენებინა, თავისივე დასახლებით. ინდუსტრიული ნაწილის დაპროექტება „გიპრონიკელს“ (სამთომომპოვებელი კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი) დაევალა,  ხოლო დასახლების - „თბილზნიიეპს“.  თბილისური გუნდის ამოცანა იყო, 570 ადამიანზე გათვლილი დასახლების სრული ტექნიკური პროექტის შეექმნა.

გვინეის რესპუბლიკას მივლინებით ესტუმრა პროექტის მთავარი ავტორი დავით გრძელიძე და არქიტექტორი გივი ბერიძე. მათ შექმნეს შესაბამისი პროექტი, რომელიც ადგილობრივმა მთავრობამ შესწორების გარეშე დაამტკიცა. დასახლების გაშენება მდინარე სამუს მარჯვნივ გადაწყდა, წყალსაცავ გრან-შიუტის დაბლა, პლატოზე, რომელსაც ორი მხრიდან მთები აკრავს  - ადგილი ჰაერის ინსოლაციის თვალსაზრისით საუკეთესოდ მიიჩნიეს, ამავდროულად ახლოს იყო ელექტროგადამცემ ბოძებთან, რაც კომუნიკაციების მარტივად გამართვის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, ეს ადგილი დაშორებული იყო ინდუსტრიული ზონიდან, გამოირჩეოდა მაღალი ტემპერატურით, ძლიერი ნალექიანობითა და ძლიერი ქარით. აქედან გამომდინარე ავტორებს ისე უნდა გაეთვალათ პროექტი, რომ  შესაძლებელი ყოფილიყო დასახლების ბუნებრივი განიავება; შენობებში მზის სინათლის შეღწევადობის გაზრდა, ანუ სწორი ორიენტაციის არჩევა ტროპიკული კლიმატის პირობებში; სწორი არქიტექტურულ-გეგმური გადაწყვეტილებები რომელიც უზრუნველყოფდა კომფორტული ცხოვრებისთვის ყველა პირობის შექმნას.

დასახლება ერთიანი გეგმის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო, რომელიც ითვალისწინებდა საცხოვრებელი, ადმინისტრაციული ცენტრის, მწვანე სივრცეებისა და საწარმოო საწყობების ზონების მოწყობას.

თავად შენობები იქნებოდა 1-2 სართულიანი - ყველა მათგანს უნდა დაეკმაყოფილებინა ყველა საბჭოთა ბინათმშენებლობის სტანდარტი, ამავდროულად გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ადგილობრივი კლიმატის თავისებურებები - ყველა ბინას უნდა ჰქონოდა დიდი აივანი, ვერანდა, საჩრდილობელი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ბინის მარტივად განიავება. დასახლებას უნდა ჰქონოდა ყველა ტიპის კომუნიკაცია: ელექტრო, წყლის, კანალიზაცია, სატელეფონო და რადიო.

გარდა საცხოვრებლისა, უნდა აშენებულიყო ადმინისტრაციული და კომერციული ობიექტები: საზოგადოებრივი ცენტრი; მცირე სასტუმრო; სკოლა; მცირე სამედიცინო პუნქტი; მაცივარი; საცხობი; ფოსტა; სალონი; ბარი; ბაზარი; საფეხბურთო, საკალათბურთო და ჩოგბურთის მოედნები.



სქრინი Google map-დან


“თბილზნიიეპის” მიერ დაპროექტებული დასახლების ფოტოები არც ინტერნეტში და არც არქივში არ იძებნება, მიუხედავად ამისა პროგრამა Google earth (კოორდინატები : 9°54'51.4"N 13°06'08.8"W) - ში მისი პოვნა არც თუ ისე რთულია. ბოქსიტებს დღეს ადგილზე რუსული კომპანია მოიპოვებს, ღია კარიერული წესით და იქვე ქაოსურად განაშენიანებულ ქოხმახებთან ერთად ჩანს გეგმურად განაშენიანებული დასახლებაც რომელიც თბილისის მიკრო-რაიონებს მოგვაგონებს. სამწუხაროდ საქართველოს ცენტრალურ არქივში არსებული დოკუმენტაციიდან ვერაფერს ვიგებთ უშუალოდ მშენებლობის პროცესის შესახებ - აქედან გამომდინარე არ ვიცით თუ  რა აშენდა და რა არა. პროექტის ნახაზებსა და დღეს არსებულ მდგომარეობას თუ შევხედავთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით აშენდა, სამაგიეროდ მეორე ეტაპი, რომელიც 1980-იან წლებში მიმდინარეობდა, ბოლომდე არ არის დასრულებული.

მეორე ეტაპის მშენებლობის გენერალური გეგმა. 1980 წელი


დროთა განმავლობაში დებელეს დასახლება ორად არის გაყოფილი - ერთი არის საბჭოთა პერიოდში ნაშენი დასახლება, პროპორციულად ნაშენი შენობებით, გამწვანებით და მოწესრიგებული გზებით, ხოლო იქვე კი ქაოსურად განაშენიანებული ქოხმახებია, რომელთა  რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდებოდა.  მიუხედავად იმისა, რომ გვინეა მსოფლიოში არსებული ბოქსიტების 20-25%-ს მოიპოვებს, იგი მაინც აფრიკის უღარიბესი ქვეყანაა, ხოლო ბუნებრივი სიმდიდრისგან სახელმწიფოს თითქმის არაფერი რჩება.

საქართველოს თანამედროვე ისტორიაზე ერთი შეხედვით ყველაფერი ვიცით და გვახსოვს, თუმცა რეალურად ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში; ბოლოს და ბოლოს ჩემთვისაც, რომელმაც არსებული საქმე დაამუშავა, უცნობია პასუხი ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე:   რატომ აირჩა მაინცადამაინც “თბილზიიეპი” და არა თუნდაც “კიევზნიიეპი” ან ნებისმიერი სხვა?

დებელეს დასახლება თბილისურმა გუნდმა სულ რაღაც 50 წლის წინ გააშენა, მაგრამ მის შესახებ სამოყვარულო სტატიაც კი არ მოიძებნება - ისევე როგორც სხვა უამრავ თემაზე. “თბილზნიიეპის” ინსტიტუტის უმაღლეს პროფესიონალიზმზე დღემდე საუბრობენ, ძირითადად უფროსი ასაკის ადამიანები - სამწუხაროდ, მალე ეს მეხსიერებაც წაიშლება. 

საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცული “ფონდი 88” კი აგრძელებს საკუთარ არსებობას და ელის ურბანისტიკითა და არქიტექტურით დაინტერესებულ მკვლევრებს, რომლებიც შეისწავლიან ერთ დროს ძლიერი ინსტიტუტის საქმიანობას.

დღეს როგორც არ უნდა იყოს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აფრიკაში, გვინეა-ბისაუში, არსებობს დასახლება ქართული ფესვებით. ადგილობრივ არქივში კი დაცული იქნება სავარაუდოდ ფრანგულენოვანი დოკუმენტები, რომელსაც პირველ გვერდზე უნდა ამშვენებდეს ინსტიტუტის დირექტორი ოთარ თუხარელის ხელმოწერა, ხოლო დაბლა კი  ლათინური შრიფტით ფრანგულად ეწერება “L’USSR - TBiLZNiiEP”.


სტატია მთლიანად აგებულია საქართველოს ცენტრალური არქივში დაცული მასალებით; ფონდი 88, ჩანაწერი 4, საქმე 161.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა