გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ზაზა ხალვაში ლოტო თამთა ხალვაში

შავ-თეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე | ზაზა ხალვაშის „ლოტო“

2017 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ზაზა ხალვაშის “ნამეს” ჩვენება შედგა, ფილმმა საზეიმოდ დახურა ფესტივალი; მეორე დღეს დილის განმეორებით ჩვენებაზე დარბაზი ისევ სავსე იყო; მესამე დღეს კი -  თეატრალური უნივერსიტეტის კინოკლუბი და  რა თქმა უნდა, ანშლაგი. ასე აჩვენეს “ნამე” სამჯერ და თითქოს საკრალური რიტუალიც შედგა, ზაზა ხალვაშმა და მისმა ფილმმა ქართული კინოს ისტორიაში დამსახურებული ადგილი იპოვა. 

წლევანდელ თბილისის რიგით 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალმა, ტრადიციულად, მრავალფეროვანი პროგრამა შემოგვთავაზა - მრავალფეროვანი ქართული პანორამა, რომლის ჩამონათვალშიც ზაზა ხალვაშის „ლოტო“ მოხვდა.

ქართული კინოს მოყვარულებიდან ბევრი ელოდებოდა ამ ფილმს, ესაა ზაზა ხალვაშის ბოლო ნამუშევარი, რომლის დამთავრებაც ვერ მოასწრო, მუშაობის პროცესში გარდაიცვალა, ფილმის მონტაჟი კი მისმა შვილმა, თამთა ხალვაშმა დაასრულა . 

Შავ-თეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე

- ასე ახასიათებდა რეჟისორი საკუთარ ნამუშევარს, რომელშიც მოქმედება ბათუმურ ეზოში ხდება, სადაც თბილისური ეზოს მსგავსად, უამრავი ოჯახი ცხოვრობს. დილა ხმაურიანად იწყება, ახალგაზრდა მეზობელი გიტარაზე იწყებს დაკვრას, ყოფილი პოლიციელი ეზოში დაყენებულ სათვალთვალო კამერებით მეზობლებს აკვირდება, ზოგი წინა ღამის სიმთვრალეს ებრძვის, ზოგს ქმარი აგინებს და ა.შ. 

მონაცვლეობით ვაკვირდებით ეზოს ბინადრებს და კონტრასტებს მათ შორის. Რადგანაც ფილმს მთავარი გმირი არ ჰყავს, ყურადღება ყველას თანაბრად ეთმობა, თუმცა პერსონაჟების სიმრავლის გამო პროცესი იწელება. Საბოლოოდ ამდენი ადამიანიდან მხოლოდ ორი ან სამი მათგანის სახელი შეიძლება დაგამახსოვრდეთ. ერთ ეზოში ცხოვრების გარდა ფილმის გმირებს საერთო თითქმის არაფერი აქვთ, მათი ხაზები მინიმალურად იკვეთება - ყველაზე დიდი ინტერაქცია ერთგან ლოტოს თამაშია, მეორეგან კი - დაკარგული მეზობლის ძიება. სამეზობლო დაშლილ ფაზლს ჰგავს, რომლის ნაწილებიც ერთმანეთს არ ერგება, უბრალოდ ერთ ყუთში არიან ჩაყრილი. 

ფილმი უდირიჟორო ორკესტრს ჰგავს, რომელიც მუდმივ ქაოსშია. Მუსიკა (პირდაპირი გაგებით) ყველა პერსონას განსხვავებული აქვს.

“ლოტოს” მთავარი პრობლემაც ეგაა - ყველა მთავარი გმირია, მაგრამ რეალურად ყველა მეორეხარისხოვანია. მაყურებლისთვის ახლობელი და გასაგები ვერავინ ვერ ხდება. 

არ ჰყავთ დამაკავშირებელი რგოლი, რეალური პროტაგონისტი, რომელიც ამ ადამიანებს გარშემო შემოიკრებს და რაღაც დანიშნულებას მისცემს. ეს გაურკვევლობა ვიზუალურ მხარესაც ეტყობა; ახლო ხედით ვუყურებთ ადამიანებს, ვაკვირდებით მათ საცხოვრებელ სივრცეს - სიახლოვე კლაუსტროფობიულ გარემოს ქმნის, გარე სივრცესა და კონტექსტს გვწყვეტს. პირველ კადრში ეზოდან დანახული ბათუმის შორ ხედებს ვხედავთ, უცნაურია, მაგრამ ქალაქს ამ ერთხელ ვუყურებთ. ზღვაც კი მხოლოდ იმ სცენებში ჩანს, სადაც სხვაგვარად არ გამოვიდოდა. “ნამეს” მოყვარულებისთვის ალბათ გულდასაწყვეტი იქნება, რომ ბათუმსა და ზღვას ზაზა ხალვაშის მისტიკური, მითოლოგიური თვალით ვერ დავინახავთ. 

ძნელია, “ლოტო” რომელიმე კონკრეტულ ჟანრს მივაკუთვნოთ, თუმცა ფილმის ბოლოსკენ რატომღაც ყველაფერი კომიკური ხდება. თავდაპირველი დაძაბულობა და ქაოსი თითქოს დალაგებას იწყებს, ყველა კარგ ხასიათზეა, მაგრამ რა ხდება, მაინც გაუგებარია.  სიხარული გაურკვევლად ნაწილდება.

საბოლოოდ ჩნდება განცდა, თითქოს რეჟისორი ნოსტალგიურ მოგონებას აცოცხლებს, თითქოს იმ ეზოს იხსენებს, რომელშიც ბავშვობაში ცხოვრობდა; სადაც მეხსიერება ღალატობს, იქ მეზობლის არქეტიპულ ვერსიებს იყენებს. თითქოს ყველაფერი ერთი დიდი სიზმარია, ერთი კინო, რომელშიც ზაზა ხალვაშმა ყველა პერსონაჟი თუ ფილმი გააერთიანა, რომლის გადაღებასაც წარსულში თუ მომავალში აპირებდა.

ვიცით, რომ რეჟისორი ფილმის წარმოების პროცესს უდროოდ გამოაკლდა, თუმცა “ლოტო” ავტორის დაუსრულებელი ფილმი არაა; გადაღებები და “შავი” მონტაჟი დამთავრებული ჰქონდა. Როგორც ჩანს, “ლოტო” თავიდანვე ექსპერიმენტი და რაღაც ახლის მოსინჯვის მცდელობა იყო. დასაფასებელია, რომ თამთა ხალვაშმა მამის დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და ფილმი ეკრანზე გამოვიდა. 

ექსპერიმენტები ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ კი არა. სამწუხარო ისაა, რომ შემდეგი არ იქნება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა