მდგომარეობდე ენისთვის | ლაშა ხარაზი
მიხვედრა, მიგებება. „თანაფა” ამ ორ სიტყვას შორის იკითხება. მიხვედრილი თვითონ ავტორის, ზურა ჯიშკარიანის გადაწყვეტილებაა, იყოს ქართული ენისთვის. მისი მზადყოფნა, რომ ყოველ ახალ წიგნთან ერთად ხელახლა ეძებდეს ქართულ ენაში ჯერაც შეუკავშირებელი ხაზების ერთმანეთთან კვეთის შესაძლებლობებს; ერთდროულობაში კრებდეს ინდივიდუალური თქმის თავისებურებებს და უპიროვნო ენის ამოთქმის მიმართულებებს. „თანაფა” ასეთი შეკრების ადგილად უბრალოს, ზედმეტისგან თავისუფალს ცნობს. ახლა უკვე ტექსტის მდგომარეობა და ამ მდგომარეობის შუაგულში მყოფი მწერალი, რომელიც გარდასულის პოეტს, ფილოსოფოსს, მეცნიერს, მისტიკოსს და სხვას…, ნებისმიერს…, ვინც გინდა - იმას, დროის უვლენ საერთოობაში გაწვდენილობის გრძნობით იახლოებს. სახელდებას წინ აქ სათქმელში მონაწილეობით განცდილი საზიაროობა უსწრებს. აქედან გამომდინარეა, რომ ყოფნის დაუსაზღვრელობას (ჭრილობიდან ნადენ ღამეს) მწერალი იმ სიტყვის ენერგიას ახვედრებს, რომელიც თავის დასაბამიერ შემცველობაში განუპირობებელის უწყებითაა. ამ უწყების აზრისმიერად გაშლილ სივრცეში მიხვედრილია, რომ ყველა ერთს ამბობს; ყოველი ნაგულისხმევიც (ყოველთვის უკვე თქმის გარეშე დარჩენილი) ერთყოვლობისთვისაა (ἓν πάντα εἶναι). ყველას ფიქრებით მწერალი, რომელსაც ახლა უკვე ტექნიკით მოპყრობილი არსებულის უკანმოუხედაობიდან შეუძლია თქვას, მე ვმდგომარეობ. - მიგებებას რაც შეეხება, თანაფას მკითხველისთვის უცხადესივითაა, რომ მიგებებული მასში ტექნიკაა. რას ნიშნავს, წერდე ტექნიკის ყოვლისმომცველობის თვალწინ? - ყველაფერ სხვამდე ნიშნავს იმას, რომ შეგეძლოს ენაში საშუალოობით დამკვიდრებული სისწორეების გადამლახველი მხნეობის მოკრება, ამ მხნეობაში მოუბეზრებელი დგომა. გრამატიკის კონვენციური გზებითვე გრამატიკული ჰორიზონტებისკენ სვლა, ენის უკიდურესი მიჩვეულობებიდან, ენისსავე ახალი, უჩვეულო შესაძლებლობების (სინტაქსის, ლექსიკონის) გამოგონება. მწერალს, რომელიც ტექნიკის ყოვლისმომცველობას ეგებება, სხვა არაფერი რჩება, თუ არა - ენის დამკვიდრებულ სისწორეებში, შეუმჩნეველი, ჯერაც მიუგნებელი უსწორმასწორობების აღმოჩენა, მათთვის სიტყვიერი სხეულის მისადაგება. „თანაფა” ასეთი მისადაგების ცდაში ნაგები ტექსტია. მასში პროგრამირების ფორმალური ენა ბუნებრივი ენის ჰაერის ახლოობაში სუნთქავს; პირველი მეორეს აგრძელებს და გაგრძელების ნაწყვეტიც მისსავე ‘უჩვეულო’ მთლიანობაშია მიგებებული. ენის და ტექნიკის შემრიგებელი მწერლისთვის მიხვედრა/მიგებება არსებითად შინაარსიანობს, როგორც ამ ორის (ენის და ტექნიკის) ერთმანეთისგან გარჩევის აურიდებლობა. თანაფასთან ერთად ქართულად ადგილდება წინათგრძნობა, რომ ტექნიკის დამჩარჩოებელი ‘არსის’ უნივერსალიზებასთან ერთად მხოლოდ თავისუფლებაში წერა (ქცევა ზღვასავით) (გა)დარჩება.
ავტორი: ლაშა ხარაზი