გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
არჩილ ქიქოძე მექსიკური დღიური რეცენზია

რაც მართლა მოხდა, ანუ ფიქცია | თამთა ღონღაძე


ვისაც უთქვამს, რომ დოკუმენტური პროზა არ მოსწონს, მიზეზად გამონაგონის მხატვრულობა და მისგან მიღებული შთაბეჭდილების სიმძაფრე დაუსახელებია. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ყველაზე სუფთა , მთავარი და დასაკვირვებელი ფიქცია იქაა საგრძნობი, სადაც დეფინიციებმა -  დოკუმენტური, ნონფიქშენი, ნამდვილი -  უნდა დააბრკოლოს თხზვისა და გამოგონებისკენ მიდრეკილი მწერლისა და მკითხველის გონება.  

ნებისმიერი თხრობისას აქტიურდება ასოციაციები, დამოკიდებულებები. სინამდვილის შესახებ საუბარი უფრო განზიდავს მას ჩვენგან და მეტი ფანტაზიით გვიწევს, აღვადგინოთ, გამოვიგონოთ. მე ვწერ, გიამბობ იმას, რაც მართლა მოხდა, მართლა ვნახე და გავიგონე -  ეს ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გამონაგონია, რადგან „რაც მართლა მოხდა“, მიუწვდომელია სუბიექტისთვის -  მოგვითხრობს, მისმა ეგზისტენციამ რა მიიღო და რა აქცია წარმოსახვამ სინამდვილედ.

ნონფიქშენის ფიქციურობის უფრო ხელშესახები მიზეზიც არსებობს: დოკუმენტურ პროზაში, რომელიც მკითხველისთვის იწერება, იგრძნობა, როგორ ითვალისწინებს ავტორი მკითხველს. 

„ნორვეგიული დღიურის“ შემდეგ არჩილ ქიქოძემ დოკუმენტური პროზის ჟანრში მეორე წიგნი - „მექსიკური დღიური“ დაწერა.

„მექსიკურ დღიურში“ ავტორმა დოკუმენტურობა გააორმაგა: პროცესებისა და ფაქტების ფოტომასალა ჩართო წიგნში. მითი (რაც მართლა მოხდა) უფრო ძლიერი უნდა გამხდარიყო ჩვენი ფანტაზიის დასაბრკოლებლად, მაგრამ აქ პირიქით ხდება. „მექსიკურ დღიურში“ ავტორის სიტყვით მოთხრობილი და ფოტოაპარატით გადაღებული მკითხველს საკუთარი ფიქციის შეგრძნების და ამით თვითშემეცნების ორმაგ სიხარულს ანიჭებს.

ისტორიული ძეგლები, ქალი სან-კრისტობალიდან, კანიონები, ზაპილოტეები და ღამის ყანჩები, მზის ჩასვლა სან-პანჩოში და ავტორის აივნიდან გადაღებული შეყვარებულები - ვერანაირ სინამდვილეს ვერ გაგვაგებინებენ. მწერლისთვისაც რთული საპოვნელია ეს რეალობა:

„აი, აქაც მოვხვდი და ეს რეალურიც არის და დაუჯერებელიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა ქალაქიც და სხვა ადგილებიც, რომლებიც მოვინახულე, მრავალჯერ მქონდა ინტერნეტში დათვალიერებული, ისინი თითქოს მაინც არ არსებობენ, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავ“,

- თხრობის დასასრულს ფაქტები უარსებო ხდება. ავტორისთვის მექსიკა რჩება არა პირამიდების, მთებისა და ოკეანის ადგილად, არამედ ქვეყნად, „სადაც დიდი გულის ადამიანებმა, დიდი სითბო მაჩვენეს“.

ფაქტები უტყვი დარჩება მკითხველისთვისაც, თუ წაკითხულითა და ნანახით აღძრულ განცდებს, ემოციებს არ მიჰყვა და საკუთარ წარმოსახვაში არ გამოიგონა შესატყვისი ხატები. ეს ყველაზე ინტიმური და მნიშვნელოვანი ფიქციაა, რადგან მას სინამდვილის სახელსაც ვანიჭებთ.

ფიქცია წიგნის ყდიდანვე იწყება, რომელზეც ავტორის გადაღებული ფოტოა - ქანდაკების რაკურსი, მასზე გადაკეცილი ჩრდილი და ცაში გაშლილი ფრინველი. ეს უკანასკნელი, რომელსაც ფრთები და ნისკარტი თითქოს უძველეს ბარელიეფებზე გამოსახული მითიური ფიგურებიდან წამოუკრეფია, ქანდაკების ცოცხალ, იმ წამს მოსული შთაგონების გამომხატველ მზერასთან ერთად მოძრაობისა და პროცესის განცდას იწვევს. ტექსტიც ასეთია - არ გვიამბობს მექსიკის მკვდარ ისტორიაზე და მით უმეტეს მასობრივ ტურიზმზე.

„მექსიკური დღიური“ ხანმოკლე და მარადიულ ადამიანურ შეგრძნებებზე გვიყვება, ის, რაც არ ვიცით, როდის დაიწყო, მაგრამ არც ძველდება. მხოლოდ პირობითად შეიძლება ერქვას დოკუმენტური.

ასეთი დაუძველებელი მოტივია მარტოობა. მწერალი მოგზაურობაში თავად ეძებს მარტოობას და განწყობებიდან გამომდინარე, ხან ერგება ტკბილად, ხან კი - ვერ.

„ტერასაზე სიცოცხლე დუღდა და მარტოობა სულაც არ არის ძნელი, როდესაც გარშემო მხიარულ და გაღიმებულ ხალხს უყურებ. არა, ოახაკაში მარტოობა არ მიჭირდა“.

აქვე ახსენდება შიშის მომტანი მარტოობის სცენაც:

„...იმ ახალ წელს ჩემი თვალით ვნახე, აივანზე გამოსული იმ ერთადერთი განათებული ბინის პატრონი როგორ ისროდა სალუტს. ეგეთი შემაშფოთებელი რამე იშვიათად მინახავს - ნაცრისფერი ფასადი, სიბნელე და ვიღაცა სრულიად მარტო ზეიმობს, შუშხუნა სალუტით იკეთებს გულს“.

მარტოობის უსიამოვნება, საამო ფიქრი და მოგონება მწერალთან ერთად მოგზაურობს.

და მაინც, ლათინური ამერიკისა არ იყოს, თავდაუღწეველ ფიქრს, სევდას, ასოციაციების ზღვას, რომელიც, მწერლის თქმით, შეიძლება თავზე დაგატყდეს და დაგახრჩოს, სამხრეთულ სილაღესა და დროებით უდარდელობასთან ბუნებრივად ზავდება: „მერე მამაჩემი გამახსენდა... როცა ჩემი ცხოვრების წესზე მოეშლებოდა ნერვები, მეტყოდა, შენ შენი თავი მართლა ჰემინგუეი ხომ არ გგონიაო. აგე, თუ არ ვარ ჰემინგუეი! - ათწლეულების მერე ოახაკის ტერასიდან გაცემულ ჩემს პასუხზე გამეღიმა და მივხვდი, რომ მაგარი მთვრალი ვარ“.

ავტორი მაინცდამაინც არ ხუმრობს, თუმცა „მექსიკური დღიურის“ კითხვისას ბევრჯერ გაეცინება მკითხველს; უფრო ბევრჯერ, ვიდრე „ნორვეგიული დღიური“ გააცინებდა. იუმორი, თვითირონია მეორე წიგნში მეტი სიმსუბუქით იგრძნობა. ამ ქვეყნების კლიმატისა და ხალხის ტემპერამენტის თავისებურება შესანიშნავად მორგებულად, ორგანულად ატყვია დღიურების შინაარსს.

არჩილ ქიქოძის აღქმით, მწერლისთვის მექსიკა „ნამდვილი სამოთხეა, რომლის მსხმოიარე ხეებიც დიქტატორებით, ნარკობარონებით, კონკისტადორებით, რევოლუციების გმირებითა და ანტიგმირებით, ჯალათებით, მოძალადეებით და მათი მსხვერპლით არის დახუნძლული“.

წიგნი დახუნძლულია მათთვის, ვისაც ადამიანები, ფიქრი, დაკვირვება, შემოქმედებითი ცხოვრება, შემეცნება და, რა თქმა უნდა, მოგზაურობა და ლათინური ამერიკა აინტერესებს.

ავტორი: თამთა ღონღაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა