
მოშინაურებული ხე
26.02.2016სოფო ტაბატაძე 2011 წელს გავიცანი ბერლინში, ეს ქალაქი ჩემთვის მეორე სახლი რომ გახდა, ნაწილობრივ იმის დამსახურებაცაა, რომ იქ სოფო და მისი ოჯახი ცხოვრობს.
სოფო პირველად ჩვენი საერთო მეგობრის აივანზე ვნახე. ივნისის საღამო იყო, თბილოდა და გარეთ ვისხედით. სახლში ტელევიზორი იყო ჩართული, ფეხბურთის ჩემპიონატს აჩვენებდნენ, საგოლე მომენტებისას ქალაქს სახლებიდან გამოვარდნილი შეძახილების ექო უვლიდა. იმ საღამოდან მკაფიოდ მხოლოდ ეს ხმა მახსოვს და აივნიდან დანახული ერთი კადრი: ოთახში, რომელშიც ინტენსიური წითელი და ყვითელი ფერებია, სოფო და მისი ქმარი - მურა ტელევიზორის ეკრანს მისჩერებიან და ფეხბურთის მატჩზე მეტად, საერთო ემოციური წუთებით ტკბებიან.
სოფოს სწრაფად არ დავმეგობრებივარ, ის, რასაც დღეს მის მიმართ ვგრძნობ, რამდენიმე წლის ინტენსიური განცდებით შექმნილი კონსტრუქციაა.
ის თითქოს დიდი, შრიალა ხეა, მაღალი ტოტებით, რომლის ფოთლებშიც საღამოს თბილი მზის სხივები ატანს. ჩემთვის ამ ხეს ფესვები მყარად აქვს ნიადაგში გადგმული, თუმცა თავად სოფო მიწას არ ენდობა, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ რჩება. მისი შემოქმედების და ცხოვრების ძიების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი სახლია. სოფოს მაკეტები, არქიტექტურული ფორმები და ხეების ხატვის ვნება ალბათ ამ ძიების შედეგია. მისი ერთ-ერთი ინსტალაცია "მოშინაურებული ხე" ასოციაციებით სახლს მაგონებს. ხე - მარადიულობის სიმბოლო და ხე - მასალა სახლის შესაქმნელად.
სოფო ტაბატაძე
38 წლის
მხატვარი, მულტიმედია არტისტი, რეჟისორი. ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ბერლინში
2007 წელს სოფო ტაბატაძემ საქართველო ვენეციის საერთაშორისო ბიენალეზე წარადგინა და მონაწილეობა მიიღო სტამბოლის ბიენალეში.
2003 წელს მან საქართველოში ჩამოაყალიბა ორგანიზაცია "გეოეარი", რომელიც კულტურულ პროექტებს, აგრეთვე მხატვრებისა და კურატორების გაცვლას ემსახურება.
მისი ნამუშევრების შესახებ დაწერილა ქართულ მედიაში, ასევე საერთაშორისო სახელოვნებო ჟურნალებში - კუნტსფორუმსა (კუნსტფორუმ ინტერნატიონალ) და ფლეშარტში (ფლესჰ არტ ინტერნატიონალ).
საიტი: www.sophia-tabatadze.com
ბლოგი: sophiatabatadze.blogspot.com
გეოეარი: www.geoair.ge
სოფო: აღარ მახსოვს, რომელი წელი იყო, ანა კორძაიამ დაწერა სტატია: „სოფო ეძებს სახლს“. მაშინ, სტუდენტობისას, ამსტერდამში მართლაც სულ სახლის ძებნაში ვიყავი, მომთაბარე ცხოვრება მქონდა და, ცოტა არ იყოს, ლოკოკინას ვგავდი. მოგვიანებით, როდესაც საცხოვრებლად ბერლინში გადავედით მე და ჩემი ქმარი, მურას შევთავაზე: სანამ ბევრი ბარგი არ გვაქვს, მოდი ერთი კვირა ერთ უბანში ვიცხოვროთ, მეორე კვირა სხვაგან და ეგრე ქალაქსაც კარგად გავიცნობთ-მეთქი. შენ ხო არ გაგიჟდიო?! მიპასუხა. მაშინ მივხვდი, რომ მორჩა ჩემი ხეტიალი, დამთავრდა მარტოხელა მომთაბარის ცხოვრება, სტატუსებს მნიშვნელობა კი არ აქვს, მაგრამ ქმარი მაინც გრძელვადიანი გადაწყვეტილებაა.
სოფოს სახლები პატარა დეტალებისგანაა შეკოწიწებული, რთულად მისასვლელი გზებით, მაგრამ მუდმივობის საოცარი თვისებით. ამ სახლებში ყველაფერი მყარი და ზუსტია, თითქოს აქ ნივთებს დანიშნულება ეცვლებათ, ფუნქციურები ხდებიან. ერთი შეხედვით გაუგებარი რკინის კონსტრუქცია ტანსაცმლის საკიდია, მუყაოსგან შეკრული „ყუთი“ სამზარეულოში მიყრილი ფანქრების კოლოფი ხდება. ყველაფერი ცოცხალია, ყველაფერი მუშაობს. ამასწინათ, მის თბილისის სახლში ვსაუბრობდით, პაუზების დროს სულ მაგიდის თაროზე მიმაგრებულ მავთულების ჩამოსაკიდ რკინაზე მიშტერდებოდა თვალი. სოფოს ნივთებზე მაშინაც მეფიქრება, როცა მათ ვერ ვხედავ.
სოფო: ვცდილობ, რომ ფუნქციონალური რამეები გავაკეთო, გადაპრანჭული, გასალამაზებლად შექმნილი ნივთები არ მიზიდავს. ტანსაცმელიც ისეთი მიყვარს, რომელშიც შეგიძლია გამოიპრანჭო კიდეც და მშენებლობის დროსაც ჩაიცვა. მაინტერესებს ხელოვნური და ბუნებრივი ფაქტურების ერთმანეთთან დაპირისპირება, ამ დროს გაჩენილი იუმორი, მასალა, რომელიც შეიძლება მარმარილოს გავდეს და სინამდვილეში მისი იაფფასიანი იმიტაცია იყოს. ძირითადად ამ ხაზს მივყვები – რაღაცას, რაც ცოტა კიჩია და ბოლომდე კიჩიც არაა.
ანნა: ანუ გადაკვეთის წერტილები გაინტერესებს?
სოფო: შეიძლება ის, როგორ ვაჩვენებთ სხვებს საკუთარ თავს და სინამდვილეში როგორები ვართ?! ერთხელ, როდესაც ხეებიანი ბარათი მაჩუქე, გამახსენდა, რომ ადრე ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა მკითხა – იცი, რომ ხესავით ხარ, ფესვებიანი, მყარი ტიპი? არ ვიცოდი. შენი საჩუქრის მერე დავფიქრდი. მგონი, ჩემი ეს აღქმა უნდა გავაცნობიერო და განვავითარო.
რამდენიმე წლის წინ, რთული და მტკივნეული შემოქმედებითი კრიზისის დროს, სოფოსთვის ბევრ გაჩენილ კითხვას შორის არსებობდა ერთი მთავარი: „სად გაქრა შემოქმედებითი და კრეატიული ადამიანი, როგორ ჩაანაცვლა ის პროფესიონალმა არტისტმა?“ ამ კითხვაზე პასუხის ძიების პროცესში სოფომ ხელოვნური არტისტული რუტინა შეიქმნა, გამოიგონა „შემოქმედებითი პაუზის კალენდარი“, რომელში თავმოყრილი იდეების თანმიმდევრობამ და სიბეჯითემ ყველაზე რთული პერიოდი დააძლევინა.
სოფო: სულ ორჯერ მქონდა ცხოვრებაში ასეთი მძიმე პერიოდი, ერთხელ, როდესაც ჩემმა სიყვარულმა მიმატოვა და გულგატეხილი ვიყავი, და მოგვიანებით, როდესაც შემოქმედებითი კრიზისი მქონდა.
ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ამ დროს ვერც საქმეს ვაკეთებდი და ვერც დასვენებისგან ვიღებდი სიამოვნებას, ჩემს თავს სულ იმას ვუჩიჩინებდი, რომ უნდა მემუშავა, მუშაობა კი არ გამომდიოდა. რაღაც მომენტში ასეთი ხერხი მოვიგონე: ყოველდღე უნდა გამეკეთებინა მხოლოდ ორი რამ, ერთი – მედიტაცია (20 წუთი მშვიდად ჯდომა და სუნთქვაზე კონცენტრაცია) და მეორე – ჩემს გამოგონებულ კალენდარში, რომელიც სახელოსნოში დავკიდე, ერთი იდეა ან რაიმე მნიშვნელოვანი აზრი უნდა ჩამეწერა. ამ ორ „რიტუალს“ თუ შევასრულებდი, თავს უფლებას ვაძლევდი, რომ მოვშვებულიყავი. ნელ-ნელა ამ ორ საქმეს სხვა რამეებიც დაემატა და გამოვედი ამ მტკივნეული კრიზისიდან, რომელიც თითქმის 2 წელი გაგრძელდა.
დოკუმენტური ფილმი „პირიმზე“ მისი ბოლო ნამუშევარია. თავდაპირველად პროექტი, როგორც კვლევა, ისე დაიწყო, თუმცა სამწლიანი ძიების პროცესი ისეთმა მრავალმედიურმა სფერომ დაიტია, როგორიც კინოა. დოკუმენტური ფილმის ქართული პრემიერისთვის სოფომ პირიმზის მაკეტი ააშენა.
ანნა: რატომ შეარჩიე დოკუმენტური კინო პირიმზის კვლევის გადმოსაცემად?
სოფო: ჩემს არტისტულ პროცესს რომ გადავხედო, სულ ასე იყო. ჯერ ხატვა დავიწყე, ორგანზომილებიან სივრცეში მუშაობა, მერე, როდესაც ინფორმაცია გამიბევრდა, ნახატში ვეღარ ჩავეტიე და ინსტალაციებზე გადავედი. თავიდან პირიმზეც ინსტალაციად ჩავიფიქრე, თუმცა მასალა იმდენი იყო, რომ საბოლოოდ ფილმად იქცა.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთ-ერთ ჩამოსვლაზე პირიმზე აღარ დამხვდა და მაშინ მივხვდი, რომ ეს შენობა ჩემი ცხოვრების და თბილისის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. პირიმზის ხელოსნების პატარა, განათებულ ჯიხურებში შორიდან შეჭყეტა ჩემი ბავშვობის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური, მომაჯადოებელი შთაბეჭდილებაა. იმდენად მაინტერესებდა დამენახა, რა ხდებოდა სახელოსნოების კედლებს მიღმა, რომ ბოლო-ბოლო მე თვითონ ავაშენე კულისები. პირიმზეზე მუშაობისას მივხვდი, რომ სანამ არ ვისწავლით, როგორ ვენდოთ ჩვენს გამოცდილებას, მანამდე არაფერი გამოგვივა.
ანნა: ახლა შემოქმედებითი პაუზა გაქვს?
სოფო: ამ პაუზას ჰქვია ფილიპე. მგონი ერთადერთი მომენტია ჩემს ცხოვრებაში, როდესაც შემოქმედევითად არ ვმუშაობ და სინდისის ქეჯნა არ მაქვს.
ანნა: შენს ძველ ნამუშევრებს ხომ ახარისხებ ბლოგზე.
სოფო: ამას მე აქტუალურ მუშაობად ვერ აღვიქვამ. ყოველდღე ძველ ნახატებს თამბლერზე ვდებ. მას მერე, რაც ფილიპე გაჩნდა, ტვინში ისეთი ადგილი გამომითავისუფლდა, რომელსაც შეუძლია აიღოს ეს სურათები, გაწმინდოს და დაალაგოს, თანაც ბოლომდე მექანიკური პროცესი არ არის.
ანნა: მეხსიერების დახარისხებას ცდილობ?
სოფო: ხატვის დროს საერთოდ ვერ ვაცნობიერებ ხოლმე რას ვაკეთებ. ნახატი ყველაზე ინტუიციური რამეა ჩემთვის, რომლის მიხედვითაც შეიძლება დაინახო რა ხდებოდა წარსულში.
ანნა: ინვენტარიზაციაა?
სოფო: ჰო, ცოტა ბუღალტრული სამუშაო და ცოტაც საკუთარი თავის რეკლამირება. უფრო ესაა, ვიდრე რამის ანალიზი. ერთ ძალიან კარგ მხატვარს მოეწონა ჩემი გამოფენა და მითხრა, რა სამწუხაროა, შენს ნახატებს რომ არ ენდობიო. ეს აზრი გონებაში ჩამრჩა, მართალია, ნახატი იმდენად ინტუიტურად იქმნება, რომ ძნელია მათი ნდობა.
როდესაც სოფოზე წერა დავიწყე, მეგონა, რომ შეგრძნებების თავმოყრა, მათთვის ფორმის მიცემა, მათი ტექსტში განსხეულება რაღაც პროცესს დაასრულებდა, თუმცა, იმასაც მივხვდი, რომ სინამდვილეში არაფერი სრულდება, უბრალოდ სახეს იცვლის, ისევე, როგორც სოფოს შემოქმედება ირგებს ახალ ფორმებსა და მედიუმებს. ის, რისი მინიშნებაც შევძელი, სოფოს ბაზისური ნაწილებია, რომელიც არა მარტო მის შემოქმედებას ასაზრდოებს, არამედ მათაც, ვინც მის გარშემო ტრიალებენ, მათ შორის - მეც.
სოფოს შემოქმედებითი კალენდარი, ინსტრუქცია
თეთრი ქაღალდისგან გამოვჭერი დაახლოებით ერთი მეტრი დიამეტრის წრე. შუაში გავუკეთე ცენტრი და გავყავი 32 ტოლ ნაწილად, პიცის ნაჭრებივით. აქედან 31 "მუშა" ნაჭერი თვის 31 დღეს შეესაბამებოდა, ერთი კი ცარიელი დარჩა. თითოეული ნაჭერი დავნომრე. ყოველთვე განსხვავებული ფერის კალმისტარს ვიღებდი და "პიცის ნაჭრებში" დღის შთაბეჭდილებებს ვწერდი. მაგალითად, 1 მარტს წითლად ვწერ: გარეთ ძალიან წვიმს. 1 აპრილს კი ლურჯად: ტყუილია ის, რაც 1 აპრილს დავწერე. წლის ბოლოს შემოქმედებითი კალენდარი სავსეა 12 სხვადასხვა ფერით დაწერილი მნიშვნელოვანი იდეებითა და განცდებით.
ეს კალენდარი ჩემი დაბადების დღიდან შემდეგ დაბადების დღემდე მუშაობს, და იმ ცარიელ 32-ე "პიცის ნაჭერში" ჩემს ასაკს ვწერ. ვაპირებ, დრო რომ გავა, ჩემი შთაბეჭდილებები იმ წელზე დავწერო, რადგან კეთების დროს რეფლექსია არ მინდა.
პირველმა კალენდარმა, რომელიც კრიზისის დროს დაიბადა, მითხრა, რომ "თამაში" მაკლდა - PLAY. კიდევ ის, რომ თუ თამაშის ელემენტებს არ შევიტანდი, ჩემი ნამუშევარი აღარ მახარებდა. ვაკეთებდი ისე, რომ იქ არ ვიყავი.
სიტყვები და პრობლემები მეორდებოდა და ამის გაანალიზებით ვხვდებოდი, საით უნდა წავსულიყავი.