გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მსახიობი მსახიობს

თბილისის 23-ე საერთაშირისო კინოფესტივალზე დღეს, 9 დეკემბერს სოსო ბლიაძის ფილმის „ჩემი ოთახი“ ჩვენება შედგება.

ფილმის საერთაშორისო პრემიერა 9 ივლისს კარლოვი ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მსახიობებმა, თაკი მუმლაძემ და მარიამ ხუნდაძემ ჯილდო მიიღეს. ფილმის ეროვნული პრემიერა 2022 BIAFF-ზე, ბათუმში შედგა. მას შემდეგ პროექტი 15 საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო მიწვეული, სადაც უმაღლესი შეფასება და ჯილდოები დაიმსახურა.

თაკი მუმლაძე ფილმის იდეის თანაავტორი, თანასცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელია. ქართული თანამედროვე კინოს ისტორიაში პირველი მსახიობია, ვინც პროფესიისთვის დამახასიათებელი, მუდმივად დამოკიდებული მდგომარეობა გაარღვია.


თინა ლაღიძე:
როგორ დააღწიე თავი „მოჯადოებულ” წრეს?

თაკი მუმლაძე: ფილმის შექმნის იდეა შემთხვევით პანდემიის დროს დაიბადა. მე და მარიკა ხუნდაძე მეგობრები ვართ და ბინას, რომელშიც ფილმია გადაღებული, ერთად ვქირაობდით. კოვიდის გამო უსამსახუროდ დავრჩით. ლოქდაუნი გაიწელა. მეგონა, აღარ ვარსებობდი. ასეთი დაუცველობის განცდა არასდროს მქონია, ყველა პროექტი გაჩერდა, საშემსრულებლო სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო არ გვიმჩნევდა. ერთადერთი კარგი რაც იყო, ეს ბინა გვქონდა. სოსოსთან [იოსებ ბლიაძე, ფილმის რეჟისორი] და მეგობრებთან; დიტო დეკანოსიძესთან (ოპერატორი) და თორნიკე ბუხრაშვილთან [ხმის რეჟისორი] ერთად გადავწყვიტეთ, ჩვენი ძალებით, ბიუჯეტის გარეშე, ფილმი გადაგვეღო იმაზე, რასაც განვიცდიდით: მარტოობაზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, სექსზე, იმაზე, თუ რა როლს უჩენს სოციუმი ქალს, დაუცველობაზე.

სცენარი ჩვენზე, ორ გოგონაზე სოსოს უნდა დაეწერა, მაგრამ არ მინდოდა, ისევ კაცს ელაპარაკა ჩვენზე და, ზოგადად, ქალების პრობლემებზე.

გამოვიდოდა, რომ ეს არის კაცის წარმოდგენა ქალის განცდებზე. ამიტომ სოსოსთან ერთად სცენარზე მეც ვიმუშავე. თან ყოველთვის მქონდა სცენარის დაწერის სურვილი.

თ.ლ.: სხვა კომპონენტებთან ერთად, ფილმის წარმატებას თინას სახე ქმნის. ეს შენი შთამბეჭდავი პირველი როლია სრულმეტრაჟიან კინოში, თამაშობ ყოველგვარი „გამაძლიერებელი ეფექტების" გარეშე. რა არის შენი სუსტი მხარე პროფესიაში?

თ.მ.: არასტაბილურობა, ალბათ. ცხოვრებაშიც ძალიან არასტაბილური ადამიანი ვარ. პროფესია ხელში ნამდვილად არ მიჭირავს, უფრო ინტუიციით ვაკეთებ ყველაფერს. ისიც არ ვიცი, რა შემიძლია და რა – არა.

როცა მარიკა ლონდონში სასწავლებლად წავიდა, მიზიარებდა გამოცდილებას, თუ რა სავარჯიშოებს და ტექნიკებს სწავლობდა. აქ სწავლის პროცესი უფრო ქაოტურია. სულ ვეუბნები, ჩამოვიდეს და ვორქშოპები გააკეთოს, ყველას ძალიან დაგვეხმარება.

რაც შეეხება საკუთარი თავით უკმაყოფილებას, ეს მგონია, რომ ბუნებრივია, ხშირად რაღაც ახლის გაკეთებისკენაც გვიბიძგებს.

თ.ლ.: ძალიან მეცნობა პრობლემები, ვის სახელოსნოში სწავლობდი?

თ.მ.: ანდრო ენუქიძის. მაგრამ სხვებიც გვიტარებდნენ ლექციებს ბატონი ანდროს მოუცლელობის გამო. მე და მარიკა ჯგუფელები ვიყავით და ძალიან ვეხმარებოდით ერთმანეთს, ბევრ პრობლემას წავაწყდით თეატრალურში სწავლის პერიოდში. შენ?

თ.ლ.: სახალისოა. მეც ბატონ ანდროსთან ვსწავლობდი წლების წინ, სხვათა შორის, საფუძვლიანად გვასწავლა სტანისლავსკის მეთოდი. ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ინსტიტუტში ჯუჯის როლი იყო – "ფიფქია და შვიდ ჯუჯაში"; არადა ჩემზე მაღალი მარტო ნაძვის ხე იდგა რუსთაველის პროსპექტზე. გახსოვს, Pulp Fiction-ში უმა თურმანის პერსონაჟი ჯონ ტრავოლტას პერსონაჟს თავის სამსახიობო გამოცდილებაზე რომ უყვება? დაახლოებით, იგივეა.  დავხურე კურსი და სხვა ქვეყანაში გადავედი სასწავლებლად.

თინას როლში ძალიან ბუნებრივად გამოიყურები კადრში: ვარცხნილობა, მაკიაჟი, უფრო სწორად, უმაკიაჟობა, არავითარი კულულები და გაშეშებული თმა. ასეთი მიდგომა შენი იდეა იყო თუ გრიმზე ვინმე დაგეხმარათ?

თ.მ.: გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან ერთგვარი აქტივიზმია. ცხოვრებაში აკნეს ვმკურნალობ. ვიფიქრე, თუკი ცხოვრებაში მაქვს კანის პრობლემა და ამ კანით მაქვს არსებობის უფლება, რატომ უნდა იყოს მიუღებელი ასე ეკრანზე გამოჩენა, როცა ეს პერსონაჟს ასე ძალიან უხდება? მძულს სილამაზის სტანდარტები. ეს მცდელობა იყო, მიმეღო საკუთარი თავი ისეთი კანით, როგორიც მაქვს და გავთავისუფლებულიყავი ამ კომპლექსისგან.

თ.ლ.: კამერა ბევრ თვალით უხილავს ააშკარავებს. "შენი თინა” მორჩილებას, სიკეთეს და სექსუალობას ასხივებს ეკრანიდან, არ ვიტყოდი, რომ გულუბრყვილოა, უფრო მიმდობია და მსხვრევადი. მისგან ამბოხი კიდევ უფრო ძვირფასია. ასეთი პერსონაჟის გამოგონება და შემდეგ შესრულება შენი პირადი ამბოხიცაა?

თ.მ.: სოსო გადაღების დროს სულ მაგას მეუბნებოდა, შენ თავსაც გამოწვევებს უწყობო. დიახ, ეს ორმაგი ამბოხია, პირველ რიგში საკუთარ თავთან, ვფიქრობ, პიროვნულად ამ ფილმმა ბევრი მარწუხისგან გამათავისუფლა. მნიშვნელოვანი იყო ფინალი, რაზეც მე და სოსომ ბევრი ვიკამათეთ. სხვადასხვა ვერსია არსებობდა, ჩემთვის ეს ვერსია ყველაზე მისაღებია, რადგან იმედს მაძლევს.

ყველაზე მთავარი რაც იყო წერის დროს – მოგვეთხრო ამბავი არა წუწუნით, მსხვერპლის პოზიციიდან, არამედ მებრძოლი, გადარჩენილი ქალის პოზიციიდან.

თ.ლ.: მზად ხართ იმისთვის, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ვიღაცისთვის გმირები იქნებით, ვიღაცისთვის კი – ანტიგმირები?

თ.მ.: არ ვიცი, რამდენად მზად ვართ. მე და მარიკას გვინდოდა, საკუთარ თავთან მართლები და გულწრფელები ვყოფილიყავით. ორივესთვის საკუთარ თავში რაღაცის ძიების, შეცვლის პროცესი იყო.

თუკი გვინდა, თუნდაც ხელოვნებაში, ვაკეთოთ ის, რაც გვინდა, მაშინ ფასი დღეს უნდა გადავიხადოთ, სხვანაირად არ გამოდის. როცა ამბობ, რომ თავისუფალი ხარ, არაფერი გზღუდავს და საქმე საქმეზე რომ მიდგება, ხვდები, როგორი რთულია – აი, თუნდაც ჩემი და მარიკას ინტიმური სცენები. დავწერეთ კაი, ეგ ერთია, მაგრამ, აბა, მიდი ახლა და როგორც მსახიობმა გააკეთე. მე და მარიკა ძალიან ბევრს ვფიქრობდით, გამუდმებით ვლაპარაკობდით, ღირს თუ არა, გვინდა თუ არა ამის გაკეთება.

მერე ფიქრობ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ამას როგორი რეაქცია მოყვება. კი იცი, რაც მოყვება, მაგრამ გინდა, რომ ჩვენი "ბაბლის" გარდა, სხვა ხალხმაც ნახოს კინო და მათაც ელაპარაკო ქალის სექსუალობაზე, რომ ჩვენც გვაქვს სექსი, ჩვენც ვეძებთ, რა გვინდა, რა მოგვწონს. შეიძლება შენს ორიენტაციაშიც არ ვიყოთ გარკვეული. მგონია, რომ სამყაროს "დასქიპული" აქვს ეს მომენტები, მით უმეტეს, ჩვენს სოციუმში. აქ ჯერ არ მომხდარა სექსუალური თავისუფლება. ქალის სექსუალობა ძალიან რეპრესირებულია. მაგალითად, ჩვენ არ ვლაპარაკობთ ქალების მასტურბაციაზე, ბიჭებისგან განსხვავებით, თინეიჯერობაში ვფიქრობდი, ვაიმე, მე როგორ უნდა ვილაპარაკო ამაზე? და მერე ყველაფერი განაპირობებს ჩვენს ცხოვრებას, ხასიათს.

ერთადერთი არ გვინდოდა, ყურადღება მხოლოდ ამ ასპექტზე გადასულიყო და სხვა დანარჩენს მნიშვნელობა დაეკარგა.

თ.ლ.: პირადად მე, პიროვნული და მსახიობური სითამამისთვის მოგცემდით შენ და მარიკას პრიზებს. რა შეცდომას აღარ დაუშვებ შემდეგ პროექტზე მუშაობისას?

თ. მ.: ამ ფილმის გადაღების პროცესი მართლა ფანტასტიური იყო; გადამღებმა ჯგუფმა ერთმანეთის პროფესიებშიც მივიღეთ გამოცდილება. შემდეგში ამ შრომას შევიტან ტიტრებში. მაგალითად, სოსო, სამსახიობო გადაწყვეტებს გვკარნახობდა, მე მონტაჟის პროცესშიც ვმონაწილეობდი, მარიკა, დიტო და თორნიკე უმთავრეს გადაწყვეტილებებში გვეხმარებოდნენ. ეგრედწოდებულ კრედიტებში, ტიტრებში, არ ვიცი, ეს სწორად როგორ უნდა ჩაიწეროს, მაგრამ მგონია, რომ ამის დასაფიქსირებლად გზა უნდა გამოგვენახა. ასეთ ტექნიკურ საკითხებში თავი ყოველთვის უნდა დაიზღვიო.

თ.ლ.: ფესტივალებზე დასწრების გამოცდილებიდან რა არ დაგავიწყდება არასდროს? გარდა იმისა, რომ შენი ცხოვრების მთავარი ჯილდოს ასაღებად გახვედი კარლოვი ვარის კინო ფესტივალზე, წაიქეცი; სცენაზე რომ ახვედი,  ბენისიო დელ ტორო დაგხვდა და პრიზი გადმოგცა.

room of my own - poster

თ.მ.: ეგ ემოცია მართლა მთელი ცხოვრება მინდა, მახსოვდეს.

კიდევ ერთ-ერთ ფესტივალზე მთავარი პრიზით დაგვაჯილდოვეს, სცენაზე 8 თუ 10 ჟიურის წარმომადგენელი იდგა, სულ კაცები, არც ერთი ქალი ჟიურიში, ძალიან უცნაური შეგრძნება იყო. ბევრს საუბრობდნენ, რა რთულია, იყო ქალი, ჩვენ უფლებებზე, პრობლემებზე. მერე შეაქეს კიდეც ფილმი იმისთვის, რომ შექმნილი ქალის სახეები ავთენტურია და ეს ამბავი კარგად გამოხატავს ქალის პრობლემებს. ამაზე ისე საუბრობდნენ, თითქოს მე იქ არ ვიდექი, როცა სოსომ სიტყვით გამოსვლა დაასრულა, ისე გადავიდნენ ცერემონიის შემდეგ ეტაპზე, მადლობის სათქმელად სივრცეც კი არ დამიტოვეს, ძალიან გავბრაზდი, გავაჩერე მომხსენებელი (რომელიც ფესტივალის დირექტორი იყო) და ჩემი სათქმელი ვთქვი.

თ.ლ.: დღეს ჩვენების შემდეგ Q&A-ში მონაწილეობ?

თ.მ.: ამ დღეს ძალიან დიდი ხანია ველოდებით ყველა! ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მიიღებს ქართველი მაყურებელი, არანორმალურად მაინტერესებს, რა შეკითხვები გაუჩნდებათ! გული მწყდება, რომ მარიკამ ჩამოსვლა ვერ მოახერხა და მის გარეშე მოგვიწევს ყოფნა.


ავტორი: თინა ლაღიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა