გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აფხაზეთი გაგრა სოხუმი ომი

მუხის ბოჭკები | მერაბ შერაზადიშვილი, 71 წლის, გუდაუთიდან

მერაბ შერაზადიშვილი, 71 წლის, გუდაუთიდან.

მამაჩემი ხელოსანი კაცი იყო, ჯერ ქუთაისში ჩავიდა, იქ შეირთო იმერელი ქალი, მეორე ცოლი, და მერე გადავიდა აფხაზეთში, გუდაუთაში. მეორე კლასში ვიყავი, რო მეც გავყევი. ზაფხულობით სულ ჩამოვდიოიდი დედაჩემთან, ცხინვალში, ზამთარში იქით ვიყავი, მამასთან. 

გუდაუთა უნდა ყოფილიყო აფხაზეთის დედაქალაქი, სოხუმი კი არა. გუდაუთაში იყო ყველაზე მეტი აფხაზი. მაგარი ადგილია გუდაუთა. ყველაფერი გვერდზეა: ნოვი ათონი, გაგრა, ოზერა რიცა- ყველაფერი. 

გუდაუთის აფხაზები ყველა მუსულმანი იყო. არც აღდგომა იცოდნენ, არც ახალი წელი. ისე პურმარილიანი ხალხი იყო, მარა მარტო ღომი იცოდნენ და საწებელა. საჭმელს თეფშებზე კი არ დაგიდებნდნენ, აეგრე დაგიდგამდნენ ქვაბით და იქიდან უნდა გეჭამა. პურის ჭამა ქართველებმა ასწავლეს.

ჩვენ სახლში სულ ვაჩერებდით დამსვენებლებს. ხოდა იყო ასე 77-78 წელი, აფხაზი გვყავდა მეზობელი და, ბაგრატო, მამაჩემს დაუძახა, რაზე აშენებ მაგ სახლსა, ეგა მაინც ჩვენ დაგვრჩებაო. 

პირველი შეტაკება რო მოხდა 89-ში ბერძენი მეგობარი მომივიდა მანქნით, ბენზინი დაგვქოდა ბაზარში, ხოდა ეს რო დაინახა, აქ რა უნდა ამ მანქანას, გადავასხავ ბენზინს და დავწვავო. ჩემმა ძმაკაცმა უთხრა, ბერძენმა, მიდი, მიდი, გადაასხი, ეგ ისეთი კაცის მანქანაა, დედას გიტირებს, ამოგწყვიტავთ სუ ყველასაო. გაჩერდა. აესეთი ჩათლახებიც იყვნენ. 

მე მანქანების ხელოსანი ვიყავი გუდაუთაში. ერთმა აფხაზმა მეზობელმა დამიპირა მანქანა.გავაკეთებ, რაც გამოვა-მეთქი, მეზობელი ხარ, ფული არ მინდა, მარტო ის მომეცი რაც დამიჯდა-მეთქი. რო დავიწყე, იმაზე უკეთესი გამომივიდა, რაც იყო. გაუხარდა ამ კაცს და დამპატიჟა თავისთან, სახლში. ცოლი და სამი ქალიშილი ყავდა. დავჯექით სუფრასთან და ერთი ქალიშვილი მოვიდა. იცოდა, რო ქართველი ვიყავი, და პირდაპირ მეუბნება: უჰ, ქართველებსა ჩვენი გადასახლება უნდათო. ოჯახში ასწავლიდნენ, რო ქართველები მაგათი მტრები ვიყავით. მერე მეუბნება, მეო შენზე არ ვლაპარაკობ, სხვა ქართველებზე ვამბობო. გავიფიქრე, ავდგები და მეც ვასწავლი ჩემს შვილებს, რო აფხაზები ჩათლახები არიან, მარა ჩემი შვილები უკვე დიდები იყვნენ. იმათ ბავშვობიდან ეგრე ასწავლიდნენ. 

ეჰ, იყო, კარგი ხალხიც იყო, მარა ძაან ცოტა. ვისაც ომი არ უნდოდა, ყველა წავიდა რუსეთში.

ჩემი ცოლი მარტვილიდან იყო და ომი რო დაიწყო, ბაბუა გარდაეცვალა და მიდიოდა გასვენებაში, მარტვილში. მე ვუთხარი არ წახვიდე, ომი იწყობა-მეთქი. ტელევიზორში აცხადებდნენ, ხვალე 14 აგვისტოს, ომი დაიწყობაო. თავიდან დავითანხმე ეს ჩემი ცოლი, აღარ მიდიოდა, მერე ტელეგრამა მოვიდა და მაინც წავიდა. პირველ დღეს აფხაზი მეზობელი კი მეუბნებოდა, სად გაუშვი ქალიო, მარა მე რა ვიცოდი, მე მეგონა, ომი სამეგრელოში იწყობოდა. გამოვედი აქეთ ოთახში, დავჯექი, ტელევიზორს ვუცქერივარ, რაღაცა კინო გადიოდა, და შემოვარდა დედაჩემი, შვილო, რას უყურებ, ომი დაიწყოო. გავიხედე, უკვე სამალიოტები მოფრინავდნენ ზღვის თავზე. მეორე დღეს მეზობლები უკვე ცუდ გამარჯობას მეუბნებიან, მესამე დღეს- უფრო ცუდს. ავდექი, გადავედი ქალის ნათევსათან, ერთი სამი-ოთხი დღე იქ ვიყავი და მერე უკვე აქეთ ვიყავი წამოსული არძინბამ რო გამოაცხადა, ქართველები არ გაუშვათ, დავტოვოთ, როგორც ზალოჟნიკებიო. ვიფიქრე, აქ რაღა გავაკეთო-მეთქი, ავდექი და წამოვედი. 

ჩემი ქალის ნათესავი მუშაობდა რკინიგზის ვაენის სანატორიუმში, იმან გამიყვანა ბამბორის აეროპორტში. ჯერ ჩავფრინდით სომხეთში, მერე თბილისში ჩამოვედი. 

თურმე ვიღაცა მისულა მამაჩემთან, მე მოვუკითხივარ, მერაბი სახლშიაო? მამაჩემმა უთხრა:- ჩემი ბიჭი რამდენიხანია ცხინვალშიაო. ზუსტად ამდროს ესროლეს, ყურისძირში გაუარა ტყვიამ. რასტვარიწელი უნდოდათ, ნარკომანი იყო ეტყობა. მერე მამაჩემიც წამოვიდა. 

სახლში ცარიელა მუხის ბოჭკები გვქონდა. გადმოსულა ერთი გააფხაზებული მეზობელი და მიჰქონდა ორი ბოჭკა. ამდროს მეორე აფხაზ მეზობელს დაუნახია, აბა, წადი და ეგ ბოჭკები საცა ელაგა, იქ დაალაგეო. ამან მიაძახა: წადი და შენ ბოზ დედას მიხედე, სოჩაში რო დადის სავაჭროდო. ბიჭი იყო ჩემხელა, ისე სცემა ეს გააფხაზებული მეგრელი, ფეხზე ვერ დგებოდა. გავიდა დრო და წამოდგა, აიღო ავტომატი. ის თვითონ სახლში რო არ დაუხვდა, დედ-მამა ჩაუხოცა ლოგინში. მოვიდა ეს ბიჭი, ნახა ეს ამბავი, ეძება ეს კაცი და რო ვერ იპოვა, აიღო ერთი ვედრა სალიარკა, გადაასხა და სუ გადაუბუგა სახლი. ეს ყველაფერი ჩვენი ორი ბოჭკის გულისთვინ. 

ხოდა, აფხაზებზე არა ვარ გაბრაზებული, კაი ბიჭებიც იყვნენ, ვინც გააფხაზდა მარტო იმათზე. 

ის ბოლო ომი რო იყო, ჩემი შვილი წამოვიდა ავტობუსით. გზაზე გააჩერეს. ამოვიდნენ ქართველები ავტომატებით და დაძარცვეს ეს გამოქცეული ხალხი. ოქრო თუ ფული, სუ წაართვეს. საქართველოს უჭირსო, ასე უთქვიათ.


ფოტო: მაიკ გოლდვოტერი
ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი

დისქლეიმერი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა