პაწაწინა ოთახი | მანანა, 53 წლის, გუდაუთიდან.
10.10.2023 | 8 წუთიანი საკითხავიმანანა, 53 წლის, გუდაუთიდან.
ბერიასა და სტალინის დროს გადმოასახლეს ერთი სოფელი რაჭველები, გუდაუთაში. ახალსოფელში ვცხოვრობდით - ცენტრში ჩვენ ვიყავით, ირგვლივ აფხაზური სოფლები და ზღვა.
აფხაზებთან მაინც გვქონდა შეხება. ერთ ეზოში იდგა ორი სკოლა, ერთი რუსული, ქართველები აფხაზურ სკოლას ვეძადით, და მეორე ქართული. ერთი სასადილო გვქონდა. მაღაზიაში შედიოდი აფხაზი გხვდებოდა, კაფეშიც- ყველგან იყვნენ. ჩვენ მაინც უმცირესობაში ვიყავით.
ომის შემდეგ მოგონებების ფირი რომ უკან დავატრიალე, მივხვდი, რომ დაძაბულობა ომამდე მაინც იყო. იმასაც გააჩნია, როგორი აფხაზი შეგხვდებოდა, მაგრამ მაგათ ძალიან დიდი ხნის წინ ჰქონდათ ჩვენი არ ატანა. თურმე ძალიან ვეჯავრებოდით, უბრალოდ, ჩვენ არ ვაქცევდით მაშინ ყურადღებას და გვეგონა, ჩვეულებრივი ამბავი იყო.
ჩვენ ქართველები და აფხაზები ერთმანეთს უკვე ვცნობდით სახეზე. შემომხედავდნენ ხოლმე და ვგრძობდი, ნება რომ მიეცათ, ხელსაც დამარტყავდნენ, ისეთი დაძაბულობა იყო. აი, შევიდოდი მაღაზიაში და მაინტერესებდა რაღაცის ფასი, რა ღირს-მეთქი ვეკითხებოდი გამყიდველს და სრულ იგნორს მიკეთებდა, ვითომ არც ვარსებობდი. არაფრად არ მთვლიდნენ. ერთხელ მახსოვს ავტობუსში ავდიოდი. იკარუსები დადიოდა სოხუმი გუდაუთისკენ და ასასვლელში ერთი აფხაზი ქალი იდგა, გამატარე-მეთქი რუსულად ვუთხარი, ერთი თავისუფალი ადგილი დავინახე და უნდა დავმჯდარიყავი, ფეხზე ვერ ვიდგებოდი ერთ საათზე მეტი იყო სავალი, ხოდა დამაიგნორა ამ ქალმა, სანამ არ ავწიე ჩხუბი და არ ვიყვირე, მანამდე მაიგნორა და მაიგნორა. აუტანელი ხდებოდა ეს ყველაფერი.
89 წლის მერე სიტუაცია უფრო გამწვავდა. ავტობუსში ასვლის თუ ჩამოსვლის დროს შელაპარაკება მოხდა აფხაზებსა და ქართველებს შორის. ავტობუსს დახვდნენ აფხაზები. ეს შელაპარაკება ლამის სამოქალაქო ომში გადაიზარდა, ბეწვზე გადავრჩით. თან აფხაზებს ერთი დაშტვენა უნდოდათ და უცებ მოგროვდებოდნენ. რო მოიყარეს თავი, ატყდა ერთი ამბავი. აქეთ ქართველებმა გაიგეს და იქ სოხუში იყო მთელი ამბავი. დავრბოდი ეს ფეხმძიმე ქალი გიჟივით, დავდევდი ჩემს ქმარს. ხელჩართული ომი ჰქონდათ, მარა იარაღები არ გამოუყენებიათ, ჯერ ცემა-ტყეპა იყო.
ამის მერე აფხაზებმა სერიოზული მზადება დაიწყეს. ჩვენ დაგვცინოდნენ, ქართველები ოქროებს ყიდულობთ და ჩვენ - იარაღსო.
ომი რომ დაიწყო, გუდაუთაში ვიყავი, ჩემი მშობლების სახლში. მამა გარდამეცვალა. 14 აგვისტოს ომი დაიწყო, 15-ში შიშის ქვეშ გადავიხადეთ ორმოცი. 23 წლის გოგო ვიყავი. ჯერ მამის ამბავი და მერე ამ ომით დამეცა თავზარი. სოხუმი რო გადაიკეტა, ჩვენ უკვე ცოცხალი ტყვეები ვიყავით. ირგვლივ მაგენი იყვნენ და ზღვა. ვერსად გავიდოდით. შემორბოდნენ, რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. გადაიკეტა გაგრა, სოხუმი. მე ორწლინახევრის ბავშვით ჩავრჩი იქ. ოთხჯერ ვცადე გამოპარვა, სამჯერ დამიჭირეს და დამაბრუნეს.
ერთი აფხაზი ბიჭი იყო, ჩვენს განაპირა სოფელში დასახლდა. ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ჩვენთან, ძალიან შევუყვარდით ქართველები, კეთილი ბიჭი იყო და ჩვენი დახმარება უნდოდა. თქვა, რო ფზიფის გადასასვლელ ხიდზე დგანან ჩემი კლასელებიო და შემიძლია, ბავშვები და ქალები გადაგიყვანოთო. ხიდის იქით უკვე ქართველები იდგნენ, აქეთ- აფხაზები. ომი ახალი დაწყებული იყო, გაგრა ჯერ არ იყო აღებული. დიდი კამაზი როა, კუზაოიანი, მაგაზე ავედით ქალები, ვინც ვიყავით სოფელში ბავშვებიანად და წავედით გაგრისკენ. ზოგს ოთხი ბავშვი ყავდა ამოყვანილი მანქანაზე, ზოგს- ერთი კვირის ნამშობიარები, მე კიდე ორწლინახევრის ბავშვი ხელში მეჭირა, გავსებული იყო კამაზი. ხიდთან რომ მივედით, არ გაგვიშვეს აფხაზებმა. ეს ბიჭი შერაცხეს მოღალატედ, რაკი ქართველებს ეხმარეობდა, სცემეს და ჩააგდეს მანქანაში. ჩვენ წამოგვიყვანეს შტაბში. ზღვის პირას, გუდაუთაში, ვოლგას სანატორიუმში. უფროსობაც მანდ იყო შეკრებილი. შემოგვესივნენ სამხედრო ფორმით ჩაცმული იარაღიანი ხალხი. სისხლი მოსდიოდათ თვალებიდან. ზოგს აჩერებდნენ, ხელებს უჭერდნენ, რო არ ამომხტარიყვნენ მანქანის კუზაოზე და არ გავეგლიჯეთ, ჩვენი ამოხოცვა უნდოდათ.
ორსაათნახევარი ვიდექით შეწირულ ცხვრებივით. არ ვიცოდი რა განაჩენს გამოგვიტანდნენ. ხან ვის გადაუგრიხეს ხელები, რო სროლა დაგვიპირა და ხან ვის. მერე ერთი ქალი გამოვარდა, სამხედრო ფორმა ეცვა, დიდი ქალი იყო, ძონძროხა, კაცებს უთხრა, ესენი ქალები არიან, თქვენ გენანებათ ამათი მოკვლა და, თუ თქვენ გენანებათ, მე არ დამენანებაო. მოგვიშვირა ეს ავტომატი და ვიღაცა ღვთისნიერმა აუკრა ხელი და ჰაერში გაცალა ერთი აბოიმა, რომელიც ჩვენთვის უნდა ესროლა. ამ სამხედროებს უნდოდათ, ყველა დავეხოცეთ, შტაბის უფროსები ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან იცოდნენ, რო ქართველებთანაც იყვნენ აფხაზი ტყვეები და ეშინოდათ, იგივე არ გაეკეთებინათ. ამიტომ, თვითონ დაგვაბრუნეს სოფელში. შტაბის უფროსი დაჯდა რულთან, არ ენდო თავისიანებს, რომ არსად წავეყვანეთ და არ დავეხოცეთ სუ ყველა. დაცვა წამოიყვანა, ორი შეიარაღებული ბიჭი. სოფელში იმხელა ხალხი დაგვხვდა, გამოსულები იყვნენ ტრასაზე და მოდიოდნენ ჩვენს დასახმარებლად, თუ იმათ დახოცავთ ჩვენც დაგვხოცეთო. ამ სოფლიდანაც ძალიან ვიწვალეთ წამოსვლა. ბამბორის აეროპორტში იყვნენ რუსი დესანტები და ფულის სანაცვლოდ გადაყავდათ ქართველები. შემოგვითვალეს, დასხედით ავტობუსზე, ჩვენ მოვალთ ტანკებით და გადმოგიყვანთ აეროპორტშიო. რომ ჩავსხედით ავტობუსში, შეიარაღებული აფხაზები დაგვესხნენ. სულ სროლა-სროლით ჩამოგვყარეს ავტობუსიდან. რომ გავრბოდით ფეხებში გვესროდნენ, მიწაზე. შევცვივდით უახლოეს სახლებში და დავიმალეთ, დაგვშალეს.
შემდეგ დედაჩემის ძმა სულ ხოხვა-ხოხვით და წვალებით გადავიდა აეროპორტში და იქ ფული მისცა რუსებს. გამოუშვეს ერთი დახურული სამხედრო მანქანა, ბიძაშენმა გამოუშვაო, აეროპორტში რო გადაგიყვანოთო. ჩვენი სოფლიდან ორი კილომეტრიც არ იქნებოდა ბამბორამდე. როგორც იქნა, მოვგროვდით ყველა და წავედით, ერთმანეთს შპატელებივით ვეწექით ამ მანქანაში, ტევა არ იყო. გზაზე გაგვაჩერა პოლიციამ. ძალიან ბევრი იჩხუბეს, კარების გაღებას სთოხვდნენ რუსებს, მიხვდნენ, რომ ქართველები გადაყავდათ. შიგნით ჰაერი არ იყო, ფორტოჩკასაც ვერ ვაღებდით, ხმაური რომ არ გასულიყო. კინაღამ ბავშვები გაგვეგუდნენ. როგორც იქნა, დასთმეს აფხაზებმა, აიქნიეს ხელი და გამოგვიშვეს. დიდად ვერ შედიოდნენ რუსებთან კონფლიქტში, მაგათი იმედი ჰქონდათ და არ აწყობდათ შეხლა-შემოხლა. ასე მოგვიყვანეს რუსმა დესანტებმა აეროპორტში, სადაც ერთი კვირა უპატრონოდ მინდორზე გვეძინა. არაფერი წამომიღია, ტანზე რაც მეცვა, ეგ იყო.
დიდები არ ვჭამდით, პატარებს ვაჭმევდით გამხმარ პურს. ეგეც, თუ გადმოიპარებოდნენ ხოხვა-ხოხვით, ქართველებს მოჰქონდათ. ერთი კვირა ვიშიმშილეთ. მერე ერთხელ ძალიან დიდი ქარი ამოვარდა, შტორმი იყო, წვიმდა. რუსებმა შეგვიყვანეს რაღაც მინგრეულ-მონგრეულ შენობაში და ძირს აფხაზური ნაბადები დაგვიგეს. ეგრე გვეძინა. ბოლოს, ვეღარ გავუძელი ამ შიმშილს და სიბიძურეს, წამოვკიდე ბავშვს ხელი და შევარდი თვითმფრინავების გადაფრენა-გადმოფრენის კონტროლიორთან. სხვა ქალებმაც მხარი ამიბეს. მე ვუთხარი, თუ ჩვენი დახმარება გინდათ და აქამდე მოგვიყვანეთ, დაგვეხმარეთ, თუ არა და, სიკვდილი იქაც გველოდა, აქ მოვკვდები თუ იქ, რა მნიშნელობა აქვს-მეთქი. ზუსტად ამ დროს რუსეთიდან მოფრინავდა სატვირთო თვითმფრინავი სომხეთისკენ, ერევანში. გაუბრწყინდა ამ კაცს თვალები და შეგვხსხეს სუ ყველა, ვინც ვიყავით მორჩენილები და ჩავფრინდით ერევანში. სომხებს არ ესიამოვნათ ჩვენი დანახვა. დავჯექით მერე მატარებელში და წამოვედით თბილისში. სექტემბრის თვე იყო..
სავაადმყოფოში მოვხვდით მე და ჩემი შვილი. მიწაზე რომ გვეძინა, შეგვიძვრა რაღაცა და დაგვკბინა. წამალი და არაფერი რომ არ გვქონდა, ეს ნაკბენები ჩირქის ბუდეებში გადაიზარდა. თავის კანიდან დაწყებული, ტანი, ფეხი, სუ ყველაფერი დაჩირქებული გვქონდა. ცოტაც და სისხლის მოწამვლაში გადაიზრდებოდაო, ექიმმა. სიკვდილს გამოგვგლიჯეს ხელიდან. უკაპიკოდ გვიმკურნალეს. ვენაცვალე მაგათ.
მერე ნათესავებმა მიპოვეს ადგილი გლდანის ერთ-ერთ სასტუმროში, პაწაწუნა ოთახში შევსახლდით იქ და რვა წელი ვცხოვრობდით.
სოხუმში დავბრუნდი ერთი პერიოდი, ვითომ, პერემერია რომ იყო.
გვეგონა ვბრუნდებოდით, ბავშვი აქ დავტოვე, ჯერ ბარგს ჩავიტან-მეთქი, ვიფიქრე. ჩავედი სოხუმში და რომ დავბრუნდი თბილისში, სანამ მოვემზადე, რომ ისევ წავსულიყავი, სამ-ოთხ დღეში დაბომბეს სოხუმი და აიღეს.
მე უკვე თბილისში ვიყავი, მაგრამ ჩემი ქმარი არ ვიცოდი ცოცხალი იყო თუ მკვდარი. სოხუმში იბრძოდა. თბილისში ვაგზალზე გამოკრული იყო ცოცხლებისა და მკვდრების სია, ცალ-ცალკე, ხან ერთში ვეძებდი, ხან- მეორეში. ძლივს გადმოვიდა ცოცხალი, იმანაც ტყვეობა გამოიარა. ისიც იმ შტაბში მიიყვანეს. ისე სცემეს აფხაზებმა, არავის გვეგონა თუ გადარჩებოდა. დასიებული იყო. აფხაზმა ძმაკაცმა იცნო და იმან უშველა. ჭუბერის გზიდან გადმოვიდა. არ ვაყოლებდი არაფერს, შეგრძნებისა და მოსმენიც ნერვიც აღარ მქონდა.
ორიათას წელს გადმოვედით ზღვაზე. აქაც საშინელი პირობები იყო, ზოგადად, არ მიგვიღო თბილისმა. სადაც გაიგებდნენ მეგრულ ან სოხუმურ აქცენტს, ეგრევე თავს გვესხმოდნენ, მეტროში, მარშუტკაში. რატომ ჩამოხვედით, რატომ მოხვედითო, გვეუბნებოდნენ. ჩვენი გულისტკივილი და გაჭირვება არ გაითავისეს. მერე 2008 წელს, ცხინვალის ომის შემდეგ, თავადაც რომ იგრძნეს და გამოცადეს, გაჩუმდნენ.
ვბრაზდებოდით იმაზე, რო თბილისში ყველა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა და არც ერთ ეროვნებაზე არ ქონიათ პრეზენზია და ქართველ დევნილთან რა უნდოდათ. ეს გვამწარებდა ჩვენ, მეტი არაფერი. თითქოს მე მინდოდა ყველაფრის ნულიდან დაწყება, ორი სახლის მიტოვება, მიწაზე წოლა და ტყვიებში სირბილი. პატრონი არავინ გვყავდა, პლასტმასის თეფშებზე ვჭამდით. დასაწყისში, პირველი ორი წელი უმუშევრები ვიყავით, არანაირი კონპენსაცია არ მიგვიღია. ჩასაცმელი ჩვენ არ გვქონდა და საჭმელი. მაშინდელმა დევნილობამ შეინახა თბილისი, რომ შემოდიოდა დახმარებები, ვადაგასული პროდუქტი ჩვენზე რიგდებოდა, ხარისხიანი- გასაყიდად გადიოდა. ასე იყო.
ზუსტად ამიტომ, ბრაზი მაქვს მაშინდელ მთავრობაზე. შევარდნაძეზე. მაგან გაგვწირა ჩვენ. ვითომ, რკინიგზის გასაკონტროლებლად რომ შემოვიდნენ, იცოდნენ, ამ ამბავს ომი რომ მოყვებოდა. მით უმეტეს, რუსები ამბობდნენ, გაჩერდით, თორე ისე აგიყრით და მოგიქსევთ აფხაზებს, უკან ჩვენ მოვყვებითო. კარგად იცოდა ეს მაშინდელმა მთავრობამ. სიფრთხილით უნდა მოკიდებოდა საქმეს. თვითონ გამდიდრდნენ და ჩვენ ისევ იქ ვართ, სადაც დაგვყარეს.
მენატრება აფხაზეთი, მაგრამ, ჩემი სახლის ნახვა არ მინდა. ძალიან კარგად მახსოვს, მამაჩემი ხარაჩოზე იდგა, დედა- სკამზე და ბებია ქვემოდან აგურს მიაწოდებდა დედას, დედა- მამას. ასე ააშენეს ორი სართული. ომამდე 40 დღით ადრე მამაჩემი რომ კვდებოდა, რა კარგია, თქვენი ჯავრი არ მიმყვებაო. ერთ თვეში მამაც დავკარგე და მისი ნაშრომ-ნაწვალები ცხოვრებაც, რომელმაც შეიწირა მისი ჯანმრთელობა. ახლა 32 წელია იმ სახლში ვიღაც გადამთიელი ცხოვრობს და ხარობს. არ მინდა ამ სახლის ნახვა.
სახელი, რესპოდენტის თხოვნით, შეცვლილია.
ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი