გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ნიკა სახანბერიძე გამოფენა

ნიკა სახანბერიძე: ხელოვნება, რომელიც გარემოს ქმნის

21 ივნისს “ჰარაკის” სივრცეში ნიკა სახანბერიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა და 25 ივნისს დაიხურა. დიდი ხნის შემდეგ, ქართულ აუდიტორიას პირველად მიეცა შესაძლებლობა, მხატვრის შემოქმედება მასშტაბური ექსპოზიციით ენახა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნიკა ნიუ-იორკში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც გასულ წელს გარდაიცვალა. ამიტომ ეს გამოფენა მხოლოდ მისი ნამუშევრების ჩვენება არ ყოფილა, ის ერთგვარი დაბრუნება იყო.

ოჯახის წევრების კურატორობით განხორციელებულმა გამოფენამ, რომელშიც დაახლოებით ორასამდე ნამუშევარია წარმოდგენილი, სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები გააერთიანა და შესაძლებელი გახადა ავტორის მრავალწლიანი შემოქმედებითი გზა ერთი მთლიანობის სახით დანახულიყო.

“ჰარაკის” ორი დიდი საგამოფენო დარბაზი მთლიანად არტისტის შემოქმედებამ დაიკავა. ერთ სივრცეში წარმოდგენილია ადრეული ფერწერა, ზეთი ტილოზე, დიპტიქები, ტრიპტიქები და სერიები, სადაც მკაფიოდ იკითხება მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ფერის, ფორმისა და მატერიის მიმართ. მეორე დარბაზში კი თავმოყრილია სტიკერები, ბრჭყვიალებით დაფარული ზედაპირები, აკრილის ობიექტები, ორგმინის სკულპტურები, სილიკონისა და ტექსტილის კედლის რბილი ობიექტები.

ეს მრავალფეროვანი მასალებისგან შექმნილი ინსტალაციური გარემო იმ დროის ადგილობრივი მხატვრული პრაქტიკისათვის ახალი ვიზუალური და მატერიალური გამოცდილება იყო. 

მატერიალური ტრიუმფი კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ ნიკა სახანბერიძისთვის მედიუმი არასოდეს ყოფილა შეზღუდული.

განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა იმის დანახვა, რომ მისი ნამუშევრები თითქმის ნებისმიერი სივრცის ორგანულ ნაწილად იქცევა. ჰარაკის წითელი აგურის კედლები და ინდუსტრიული ხასიათის არქიტექტურა,თითქოს, ურთულესი გარემო უნდა ყოფილიყო ამ ნამუშევრების სათანადოდ წარმოსაჩენად, თუმცა პირიქით მოხდა. მისმა ტილოებმა, დიპტიქებმა, ტრიპტიქებმა და ობიექტებმა სივრცეში ისეთი რიტმი შექმნეს, რომელიც არქიტექტურას არ დაემორჩილა, პირიქით, თავად წარმოშვა საკუთარი მუსიკა. ამ განცდას კიდევ უფრო აძლიერებდა გამოფენის ფონად გაჟღერებული ექსპერიმენტული მუსიკა, რომელიც ნიკას ესთეტიკური სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო.

მისი ნამუშევრები პირველად 2001 წელს ვნახე. მოგვიანებით დავმეგობრდით. თავიდანვე აშკარა იყო, რომ ეს იყო ხელოვანი, რომელსაც იშვიათი სიცხადით ჰქონდა გააზრებული საკუთარი მხატვრული პოზიცია.

2000-იანი წლების დასაწყისის თბილისი სრულიად განსხვავებული იყო. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო კონტექსტთან კავშირი - შეზღუდული. ინფორმაცია ფრაგმენტულად ვრცელდებოდა. თითქმის არ არსებობდა ის ინფრასტრუქტურა, დისკურსი და სივრცეები, რომლებიც ახალგაზრდა ხელოვანს საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობას მისცემდა. სწორედ ამ გარემოში გამოჩნდა ნიკა სახანბერიძე, ავტორი, რომელმაც ძალიან ადრეული ასაკიდან, როგორც ერთხელ თავად მითხრა, 17 წლიდან, ზუსტად იცოდა, რას ქმნიდა, როგორ უნდა არსებულიყო მისი ნამუშევარი და რა კონტექსტში უნდა შეხვედროდა მას მაყურებელი.

მეტისმეტად ახალგაზრდას,უკვე ჰქონდა ინტუიციური განცდა იმისა, თუ რა პირობებში და რა ხარისხის სტანდარტებით უნდა არსებობდეს ნამუშევარი, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს არა მხოლოდ აქტუალური, არამედ ისტორიულად მდგრადი. ალბათ სწორედ ამიტომ ანიჭებდა ასეთ მნიშვნელობას მასალას, ქვეჩარჩოს, პრეზენტაციის ფორმასა და სივრცეს. მისთვის ნამუშევარი მხოლოდ გამოსახულება არ იყო, - არამედ ის მთლიანობა, სადაც იდეა, მასალა, შესრულება და გარემო ერთმანეთისაგან განუყოფლად არსებობდა.

თბილისს იმ ხანად სწორედ ასეთი სივრცეები და დისკურსი აკლდა. თუმცა, ნიკა იმ ხელოვანთა რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, რომლებიც არსებული პირობების მოლოდინში რჩებიან. ის თავად ქმნიდა იმ გარემოს, რომელიც მის ხელოვნებას სჭირდებოდა.

მისი ადრეული ფერწერა ძირითადად ნაცრისფერ ტონალობებზე იყო აგებული. თუმცა ეს არ იყო უფერული ან ნეიტრალური ნაცრისფერი. ეს იყო რთული, მრავალშრიანი, ცოცხალი ფერი, რომელიც ხშირად თავად მატერიად იქცეოდა. მის ტილოებზე შეიძლება გეგრძნო საღებავის ფიზიკური არსებობა, მისი სიმძიმე, ტექსტურა და მოძრაობა. ნაცრისფერი და ფერი მისთვის ურთიერთსაპირისპირო კატეგორიები არ ყოფილა. როგორც ნაცრისფერში, ისე ყველაზე ინტენსიურ ფერებში, ის ერთსა და იმავე მხატვრულ ამოცანებს წყვეტდა.

ნაცრისფერი ფორმას, სტრუქტურასა და რიტმს უფრო მკვეთრად გამოკვეთდა, მაშინ როდესაც ფერი იმავე იდეებს სხვა ემოციური ინტენსივობით ავითარებდა.

ფერი მისთვის არასოდეს ყოფილა დეკორატიული ინსტრუმენტი. წლების განმავლობაში მასთან ურთიერთობისას სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ ფერების საშუალებით გამოხატავდა საკუთარ დამოკიდებულებებს, ინტუიციებსა და პასუხებს იმ კითხვებზე, რომელსაც კონკრეტული დრო, გარემო და რეალობა უჩენდა. ფერი მისთვის აზროვნების ფორმა იყო.

ნიკა სახანბერიძის შემოქმედებაზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი აუარო მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მასალისა და ოსტატობის მიმართ. იგი იმ იშვიათ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისთვისაც იდეა, მასალა და შესრულება განუყოფელია.

მისი დამოკიდებულება სამუშაო პროცესის მიმართ უკომპრომისო იყო.

იმისმიუხედავად, მუშაობდა ზეთით, აკრილით, ორაკალით, ტექსტილით თუ სილიკონით, ყველა მედიუმში ინარჩუნებდა იმავე ოსტატობის დონეს, იმავე ხარისხის მოთხოვნას, იმავე უკომპრომისო ყურადღებას მასალისა და შესრულების მიმართ. მის ნამუშევრებში ყოველთვის იგრძნობა მასალის ღრმა ცოდნა, შესრულების განსაკუთრებული კულტურა და ხარისხისადმი თითქმის რადიკალური ერთგულება.

ეს დამოკიდებულება მხოლოდ ხილულ ნაწილს არ ეხებოდა. ქვეჩარჩოს კონსტრუქცია, ტილოს გადაჭიმვის სიზუსტე, ზედაპირის მომზადება, ყველაფერი იმავე სერიოზულობით იქმნებოდა, როგორც საბოლოო გამოსახულება. ხშირად შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მისთვის ნამუშევრის უხილავი ნაწილებიც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ის, რასაც მაყურებელი ხედავდა.

ერთ-ერთ საუბარში მითხრა, რომ როდესაც ორაკალით მუშაობა დაიწყო, ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ გარდაიცვალა მეჩარჩოვე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ქვეჩარჩოებს ამზადებდა. ეს თითქოს უმნიშვნელო დეტალია, თუმცა ძალიან ბევრს ამბობს მის დამოკიდებულებაზე. მას არ შეეძლო ხარისხის დათმობა. ამიტომ ტრადიციული ფერწერიდან სხვა მედიუმში გადასვლა მისთვის კომპრომისი კი არა, ახალი შესაძლებლობის აღმოჩენა გახდა.

ხშირად მახსენდება ერთი საუბარი, როდესაც მითხრა: „მე აბსტრაქტული ექსპრესიონისტი მხატვარი ვარ, ხომ იცი?“

შემდეგ გაიხსენა, რომ ვიღაცამ ურჩია, აღარ ეხმარა ეს ტერმინი, რადგან ეს მიმდინარეობა მოძველებულად ითვლებოდა. მან მხოლოდ გაიღიმა და უპასუხა, რომ იმ ისტორიაში რაღაც აკლდა აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს და ეს დაკარგული ნაწილი თავად იყო.

ეს ფრაზა ზუსტად გამოხატავს მის დამოკიდებულებას ხელოვნების მიმართ. იგი არასოდეს ცდილობდა რომელიმე მიმდინარეობის გამეორებას. პირიქით, მიაჩნდა, რომ ისტორია დასრულებული არ იყო და ჯერ კიდევ არსებობდა სივრცე ახალი ენერგიისა და ახალი ინტერპრეტაციებისთვის.

მის ხასიათზე საუბრისას,აუცილებელია ითქვას, რომ ის არ იყო ცოდნის დამალვისკენ მიდრეკილი ადამიანი. მუდმივად აზიარებდა მუსიკას, ტექნიკებს, მასალებსა და ვიზუალურ აღმოჩენებს. თუ რაიმე აინტერესებდა, სურდა სხვებისთვისაც გაეცნო. ის არ იყო გეითქიფერი, არ აკონტროლებდა, ვის ექნებოდა წვდომა ხელოვნების სამყაროზე. კულტურა მისთვის გასაზიარებელი იყო.

ამავე მიზეზით, ხშირად იჭრებოდა სხვის სივრცეებში. არა აგრესიულად, არამედ შემოქმედებითი ინტერვენციის სახით.

ამ ინტერვენციების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მაგალითი იყო პერფორმანსი, რომლის დროსაც დიდი მრგვალი სარკე ლესელიძის ქუჩაზე გააგორა. იდეა ერთი შეხედვით მარტივი იყო, ადამიანებს საკუთარი თავი დაენახათ. თუმცა სინამდვილეში ეს იყო მცდელობა, ქალაქს საკუთარი თავისთვის შეეხედა. ქუჩაში მოძრავი ადამიანები მოულოდნელად საკუთარი თავის დამკვირვებლები ხდებოდნენ.

მისი ცხოვრება და ხელოვნება ერთმანეთისგან განუყოფელი იყო. მუდმივად მოძრაობდა, სწრაფად საუბრობდა, სწრაფად მოქმედებდა. ატარებდა გამორჩეულ სათვალეებს, უსმენდა იმ დროისთვის ყველაზე რადიკალურ მუსიკას და თითქოს ყოველთვის იმ ენერგიით ცხოვრობდა, რომელსაც საკუთარ ნამუშევრებში აქცევდა.

2005 წელს მის პრაქტიკაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. ტრადიციული ფერწერა, ტილო, ქვეჩარჩო, ზეთი თანდათან ჩაანაცვლა ჩუტყვავილამ და სხვადასხვა მასალასთან მუშაობამ, რომლებმაც შემდგომ წლებში მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა.

ჩუტყვავილა ექვსფურცლიანი, გამარტივებული ყვავილის ფორმაა, რომელსაც ნიკა ორაკალის ფურცლებიდან ჭრიდა. ეს იყო თვითწებვადი ვინილისგან ხელით გამოჭრილი სტიკერი, რომელსაც სხვადასხვა ზომით ამზადებდა.

ჩუტყვავილა მხოლოდ ვიზუალური ფორმა არ ყოფილა, ის იყო არტ ეპიდემია (ასე ვუწოდებდით მას)  ორაკალისგან შექმნილი ეს ყვავილი სწრაფად გასცდა საგამოფენო სივრცეს და ქალაქის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ის ჩნდებოდა წიგნებზე, რვეულებზე, ჩანთებზე, მობილურ ტელეფონებზე, სახლებში, კედლებსა და სხვადასხვა სივრცეში, ხშირად დაუკითხავადაც.

იმ პერიოდის თბილისისათვის ეს საკმაოდ თამამი ჟესტი იყო. მაშინ, როდესაც ადგილობრივი ვიზუალური კულტურის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ თავშეკავებული და ფერმკრთალი იყო, მისი ინტერვენციები გამოკვეთილად, ხმამაღლა და დაუფარავად იჭრებოდა გარემოში.

ამავე პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მისი მცირე ზომის სკულპტურები, რომლებიც ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც გამორჩეული მიგნება იყო. ეს ობიექტები მთლიანად აკრილის საღებავისგან იქმნებოდა. მათი შექმნის პროცესი კოლოსალურ სამუშაო სივრცეს მოითხოვდა, სივრცეს, რომელიც მას თითქმის არასოდეს ჰქონდა იმ მასშტაბთან შედარებით, რომელშიც ფიქრობდა და მუშაობდა.

სტუდიაში სტუმრობისას შეამჩნევდი ჰაერში, სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებულ დაფებს, რომლებზეც აკრილის საღებავი შრებოდა. სივრცის დეფიციტი საბოლოოდ პროცესის ნაწილად იყო ქცეული. გაშრობის შემდეგ ეს ფენები დამოუკიდებელ მატერიად გარდაიქმნებოდა, მათგან კი შემდგომ მინიატიურული სკულპტურები და რთული არტ-ობიექტები იქმნებოდა.

ნიკა მუდმივად იკვლევდა მასალას, ატარებდა ექსპერიმენტებს და ხშირად თავად იგონებდა იმ მეთოდებს, რომლითაც შემდეგ მუშაობდა. გარკვეული აზრით, იგი არა მხოლოდ ნამუშევრებს ქმნიდა, არამედ საკუთარ ტექნოლოგიებსა და საკუთარ მატერიალურ ენასაც.

დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩუტყვავილა ობიექტზე ბევრად მეტი იყო.

ხელოვნების ისტორიაში უამრავი ავტორი ქმნის ნამუშევრებს. ბევრად უფრო იშვიათია შემთხვევა, როდესაც ხელოვანი ქმნის ვიზუალურ ენას, რომელიც საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში გადადის და კოლექტიური მეხსიერების ნაწილად იქცევა.

მოსწავლეები, სტუდენტები და ახალგაზრდები ჩუტყვავილას საკუთარ ნივთებზე აკრავდნენ. ის ვრცელდებოდა ადამიანების მეშვეობით და არა ინსტიტუციების. სწორედ ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კულტურულ ფენომენად, რომელიც იმ პერიოდში წარმოიშვა.

2014 წელს ნიკა სახანბერიძე ნიუ-იორკში გადავიდა.

მაგრამ ჩუტყვავილა დარჩა.

დღესაც შესაძლებელია თბილისის სახლებში ამ ობიექტების აღმოჩენა, ზუსტად იმ ადგილებში, სადაც ისინი წლების წინ გამოჩნდა.

ალბათ, სწორედ აქ უნდა ვეძებოთ ნიკა სახანბერიძის მნიშვნელობა.

არა მხოლოდ ცალკეულ ნამუშევრებში, არა მხოლოდ ფერწერაში, ობიექტებში ან პერფორმანსებში.

მან შექმნა საკუთარი ვიზუალური ენა, საკუთარი კულტურული გარემო და საკუთარი დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ესთეტიკური გავლენა.

მისი შემოქმედების დიდი ნაწილი ავტორმა სიცოცხლეშივე გააჩუქა.ოჯახის საკუთრებაში მხოლოდ მცირე ფრაგმენტია დარჩენილი. ამიტომ თითოეული შემორჩენილი ნამუშევარი არა მხოლოდ მხატვრული ღირებულების მატარებელია, არამედ კულტურული მეხსიერების მნიშვნელოვანი ნაწილია.

დღეს უკვე შესაძლებელია იმის დანახვა, რომ ნიკა სახანბერიძის ადგილი თანამედროვე ქართული ხელოვნების ისტორიაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი, გავლენიანი და თვითმყოფადი ხელოვანისა, რომელმაც საკუთარი ეპოქის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა