ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ომის პური | დიანა ანფიმიადი

2008 წელია, აგვისტოს დასაწყისი, ომი. ორი დღეა საბერძნეთიდან ჩამოვედი, ნანამ სახლში მარტო არ დამტოვა, თავისთან წამიყვანა. ნანა აფხაზეთის ომგამოვლილია, ამიტომ კარგად იცის, ასეთ დროს მარტო არყოფნის ფასი. ჯერ დილაა, ბავშვებს სძინავთ, ღამით თემქაზე რაღაც აფეთქდა და რამდენიმე საათი თავშესაფარში – ჩეხური პროექტის ბინის აბაზანაში გავატარეთ. ბიჭმა, რომელიც მეპრანჭება, მესიჯი მომწერა: – გამოგივლი, ყველას ვემშვიდობებიო. ადრიანი დილაა, ნანას და ბავშვებს სძინავთ. ვიცვამ და ჩუმად გარეთ გავდივარ. მეეზოვეები ეზოს ასუფთავებენ, აგვისტოში უკვე ბევრი ხმელი ფოთოლია. ახლოს მაღაზიას ვპოულობ, მიკვირს, რომ ღიაა, წყალს ვიყიდი და ზღვისკენ ავალ. ნელა მივდივარ, მივიზლაზნები. მაღაზიასთან პურის მანქანას ტვირთავენ. ვუყურებ ერთნაირ ყუთებში ჩალაგებულ მრგვალ, მოგრძო და აგურის ფორმის პურებს, მერე ფუნთუშებიც შეაქვთ, შაქარმოყრილი, სავარაუდოდ, ქიშმიშიანი. მაღაზიაში შევდივარ, ფუნთუშებს ვყიდულობ და სანამ გამოვალ, უკვე ვილუკმები. გამყიდველი პაწია ტელევიზორს უყურებს, იქ ცეცხლწაკიდებული გორის კადრებია. ვილუკმები ჩემს ფუნთუშას და ვცდილობ, ყველა ფიქრი ამ ფუნთუშას ეკუთვნოდეს. ომიდან – მშვიდობაში გადმოვყავდე, ვანილისა და შაქრის მტვერში.

ვფიქრობ, რატომაა, რომ დღემდე, როცა იმ აგვისტოს ვიხსენებ, ეს ფუნთუშის ეპიზოდი სანგრად მეგულება. რატომაა, რომ ყველაზე რთული დღეების დროს გამომცხვარის, ვანილის, დარიჩინის სუნი მამშვიდებს. რატომ ნახულობდა ჩემი სოხუმელი მეგობარი სიზმრებში შოკოლადის ტორტს, რომლის ერთ ნაჭერს თეფშზე გარდაცვლილი დედა უდებდა. რატომ არის, რომ ადამიანებისთვის კერძი ერთი მხრივ ის რაღაცაა, რომლისთვისაც სულ უნდა მოიცალო, მეორე მხრივ, ის, რაც სულს მოგაბრუნებინებს. რა კავშირია ამ ყველაფერს შორის?

რამდენ ომსა და მშვიდობას ინახავს ადამიანის მეხსიერება?

პარტიზანი ქალებისთვის ომს კვამლის სუნი აქვს, არასრულწლოვანი მოხალისეებისთვის – შოკოლადის კანფეტის, რკინის ტოლჩაში მოდუღებული ჩაი სახლის ალუზიაა, შაქრის ნატეხი – სიმშვიდის. გააზრება, რომ სასტიკი, არატიპური, განსაკუთრებული რეალობის მიუხედავად, ეს მაინც ის სამყაროა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ცხელი სასმელით სავსე ჭიქას თითები შემოაჭდონ, კონსერვის ქილა ცეცხლზე შეათბონ, კარამელი ენის ქვეშ დაიდნონ. ეს მაინც ადამიანების სამყაროა, სადაც ადამიანმა უნდა გაიმარჯვოს. ომის დროს საკვები თან თავის მოტყუებაა, რომ იმ რამდენიმე წამის მანძილზე, სანამ ცხელ წვნიანს ვხვრეპ, ჭურვი არ ჩამოვარდება. თან ოცნებაა მშვიდობიან დროზე და თან, ყველაზე მთავარი ინსტინქტი – ოღონდ ამ წუთში გადავრჩე და მერე რამე იქნება.

ამბების ეს კალეიდოსკოპი სხვადასხვა ომს, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანას აერთიანებს. აქ ჩანს ადამიანი, რომელიც გაგანია ომში ჩვილი ბავშვივით სამყაროს ეწაფება ყველა გრძნობითა და შეგრძნებით.


მარო მაყაშვილი
10 ოქტომბერი, 1918 წელი
წერილი მამას...

„…საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.

შენი მარო


დაკარგული ბავშვები

დავკარგეთ ეს ბავშვები. მივიდა ეს ბავშვი და ერთ კაცსა პური მიაქ. ორი სომინი პური უჭირავს ღლიაში და მიაქ. და შიეხვეწებიან პატარები, რო: ძიაო, ერთი ლუკმა პური მოგვეციო! და ეტყვის, რო: შვილოო, წამოდით ჩემ სახშიო! – არ მისცენს იქა. წაიყვანს ამ ბავშვებ. მისცენს პურსა და წაიყვანა და დაყიდა ეს ბავშვები.

ხოდა წაგვიყვანეს და რო წაველით, ცხრა დღე პური არ გვაჭამეს. ისე ვიყავით რო! ლეღვით ვიყავით, ლეღვს ვჭანდით. ღამე ლეღვ შევშჭანდით, მივიდოდით, დაჶწვებოდით, წავიჩხუბებოდით. ძირ ვიწექით, პოლზე, დეგვეხვეოდა ბაღლინჯო, ვჩხუბონდით, ერთი-ერთმანეთს ვცენდით, რო: შენ რატო არ თქვი, რო პური მინდა, შენ რატო არ თქვი რო პური მინდა. დილით რო ავდგებოდით, კიდე გვეტყოდნენ! პური გშივათ? – არა! გავიდოდით და ლეღვ ვსჭანდით, ერთი ცხრა დღე ასე ვიყავით.

სოფელი სარო, ასპინძა, სამცხე-ჯავახეთი 
ჩაწერის წელი: 1991
მთქმელი: მარუსა თოთაძე-ბერიძე
ქართული დიალექტური კორპუსი



ადგილი არ არის

„თათრებმა რო გაგვაქციეს, შვილო? თორმეტი წლისა ვიყავი, თორმეტი-ცამეტის. მოვიდნენ თათრები, გაგვაქციეს ჩვენ, წაველით! ასე მოვიდნენ, რო გვაშინებდნენ, მოდიოდნენ. მამაჩემმა თქვა რო, ჩემ ძმას უთხრა, რო ურემზე ალაგი გააკეთე, ურემშიო, რო მალაქაჲო და გიოჲ წავიყვანთო – ჩემ დიშვილებზე. ჩემ ძმამ უთხრა, რო: მეო მაგათ ვერ წავიყვანო, საჭმელ-სასმელი მიგვაქო, პროდუქტი მიქვონდა, ფქვილი ბევრი ქვონდა – რამე, მიქვქონდა – რამე, მივდიოდით და – მაგ ბავშვებსაო ვერ გავუკეთამ ალაგსაო, რო ურემში დავაჯვდინოო. ურემშიო – ანჯახ პური წავიღოთ, რამე წავიღოთო! მერე რო ჩაალაგეს, პური – რამე ჩაალაგეს, ბავშვების ალაგი არ დაჰტვიეს და მეც მყანდა კიდე, ხუთი წლის და მყანდა. მერე მოვიდნენ, შომოვიდა დედაჩემი ტირილით, რო დედა, შვილოო! – იმახსორვან, გენაცვალე?! – შომოვიდა დედაჩემი ტირილით, რო: სამსონამო თქვაო, რო მეო ბავშვებსაო ურემზეო ვერ დავაჯვდენო, ალაგი არ არისო“.

სოფელი სარო, ასპინძა, სამცხე-ჯავახეთი 
ჩაწერის წელი: 1991
მთქმელი: მარუსა თოთაძე-ბერიძე
ქართული დიალექტური კორპუსი

 

პური

გამოვაცხობინე ჩემ ძალუას პური. დილით როიცა თათარი შემოვიდა, პურ ვჭამდი. თათარს არშინიანი ჯოხი ეჭირა, კისერში რო დამცხო, მე მეგონა, რო დედამიწა ჩაინტვრა-მეთქი, მითხრა: პურ რათ ჭამო? ამიღეს აქედანა, იმრაინათ მცემეს, რო სულ მარჯვენა მენჯი გასივებული მქონდა.

ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთი
ჩაწერის წელი: 1984
ქართული ენის ჯავახური დიალექტი



ხურმა

მუჰაჯირათ რომ მოვდიოდით, ჩამევიარეთ ქუედა აჭარას ხურმები იყო დაკონწლილი, ძალიან მომინდა ჭამა, მარა ვინ გაჭმევდა!

ენა / დიალექტი: მუჰაჯირული – ზემოაჭარული
ჩაწერის ადგილი: თუფექჩი ქონაქი, ინეგოლის რაიონი, თურქეთი
ჩაწერის წელი: 1989
მთქმელი: მუნთაჰა ბაიკოზოღლი-თავდგირიძისა
ქართული დიალექტური კორპუსი

 

მანო სვანიძის ფოტო


ფოტო: მანო სვანიძე

სუნი

პარტიზანი ქალისათვის კი ომი დღემდე კოცონის სუნთან ასოცირდება: „კოცონს ვიყენებდით ყველაფრისთვის: პურსაც ზედ ვაცხობდით, საჭმელსაც ვხარშავდით, ნაკვერჩხლებზე ტყავკაბას დავაფენდით და ზედ ნაბდის ჩექმებს ვაშრობდით. ღამღამობითაც მასთან ვთბებოდით...“

ე. ვისოცკაია
სვეტლანა ალექსიევიჩი, „ომს არა აქვს ქალის სახე“


ამბავი 7 – აგვისტო, მურაბები

მთელი ღამეები, აესე დამჯდარი ვიყა ფანჯარასთან. აესენი მტკიოდა, იდაყვები. სპიჩკა, ერთი ღერი ამოღებული მეკავა, რო დრო არ დამეკარგა, შუქი ხო არ იყო და ვინმე შემოსულიყო, უცებ რო გამეკრა და დამენახა. ესე ვიცავდი ხოლმე ამ მოხუცებსა, რო ეძინათ. დღე კიდე, ხო აგვისტო იყო თანა და პამიდორი მქონდა ქვეყანა დამწიფებული. წავიდოდი ორი ვედრითა, პამიდორსა მოვიტანდი, გაქანებული კონსერვებსა ვაკეთებდი. პავიდლოებიო, მურაბებიო, ვაკეთებდი და რო შემოდიოდნენ, ეცინებოდათ. შენთვინაო ომი არ არიო? მე უთხარი, ომი ცოტა ხანი იქნება, დამთავრდება და ზამთარში ჩემმა ხუთმა შვილმა რა ჭამოს-მეთქი. იმდენი რამე გავაკეთე ამ ომის დროსა. პურსაც ყოველდღე ვაცხობდი თონეში.

ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“

 

ტყვედ

საღამოთი რო მივიდოდეთ, მავთულ-ხლართებში შეგვყრიდეს და იქ ბოჩკები იდგა კომბოსტოანი და იმის ნახარშით, გოგრა, კომბოსტო, იმ წვენს დაგვისხმოდეს. კატილოკი ვისაც არა გვქონდა, პილოტკა ქუდებს მოიხდიდეთ, ამ პილოტკა ქუდებში ჩაასხამდა, გასდიოდა იმას, აბა გაუიდოდა მა რა! დავხვრეპავდით. მერე გადავაბრუნებდეთ იმ ქუდს იგრე დავიხურავდეთ.

დიალექტი: თუშური
ჩაწერის ადგილი: სოფელი ხისო, ახმეტა
ჩაწერის წელი: 1991
მთქმელი: ზურაბ ნაცვალაძე
ქართული დიალექტური კორპუსი

 

ინფორმაციის წყარო

ორის თხუთმეტი წუთი: მეორედ საუზმის დროა. თითოეული ღებულობს ერთ ფინჯან წვნიანს და, თუ გვაქვს, რაიმე შესატანებელსაც. ჰენკ ვან სანტენი კმაყოფილი ზის სავარძელში, ხელში გაზეთი უჭირავს, გვერდით კატა უზის, წინ კი წვნიანი კერძი უდგას. ყოველივე ეს სიმყუდროვის აუცილებელი ატრიბუტებია. ბატონი კოოპჰოისი გვიამბობს, რა ხდება ქალაქში. ინფორმაციის შესანიშნავი წყაროა.

ანე ფრანკის დღიური

 

საინგილო, ომში
გაგზავნილი ხორბალი

ხალხ კაი, ბერ კაცევ გოქონდა, უგი გუთნი ჴნავდნენ ჴელი გუთნი, თორმეტდენა გუთან გოქონდა, ესე იგი, სამ ტრაქტორ ჩიდიოდ – თორმეტ გუთან. ას, ორას წყüლ, რა ეყო – შანამბავ ზროხაჲ გოქონდა, უგე საყდარ სკლად ეყო ემაშინ, მანდ ხორბალ გოქონდა, ჰალა ემი-იმი აყრევზე – წაღან სკლადევ არ ეყო, აყრევზე ყრიდნენ ემი-იმის. ბევრ ხორბალ გოქონდა. ნუ, ომშიაც უგზავნიდით.

ქართული დიალექტური კორპუსი

 

საცხობი

მე და ჩემს ქმარს საცხობი გვქონდა. დღე და ღამე ცომს ვზელდი და ვაცხობდი, როგორც ომამდე. წამითაც არ გავჩერებულვარ. ჯარისკაცები უნდა გამომეკვება, სოფელში დარჩენილ ადამიანებს პური არ უნდა გამოლეოდათ. საწოლები სარდაფში ჩავიტანეთ და მოხუცებისთვის თავშესაფარი მოვაწყვეთ. გაზაანთში გაიგეს, ვიღაცამ გაიტანა ხმა, რომ ჩვენს სახლში სამხედროები აფარებდნენ თავს. უშენდნენ და უშენდნენ სახლს, ჩემს საცხობს...

ბოლოს წამოსვლა გადავწყვიტეთ. ჩემს ქმარს ვუთხარი, რომ ჩვენი მარტო დარჩენილი მოხუცი მეზობელი ქალის გარეშე სოფელს არ დავტოვებდი. ყოფილი ექთანი იყო, სოფელზე დიდი ამაგი ჰქონდა და ავადმყოფობის გამო, სიარული აღარ შეეძლო… ის ქალი საბანში გადახვეული ჩავაწვინეთ მანქანაში, მისი ძმაც წამოვიყვანეთ, ჩავდეთ საბარგულში ახალთახალი ტელევიზორი და წამოვედით… სანამ სახლიდან გამოვიდოდით, სარდაფში სუფრა გავშალე და დავტოვე. ვიცოდი, ჯარისკაცებს მოშივდებოდათ....

დინა ოგანოვა; სალომე ბენიძე, sHEROes

 

შეუჭმელი წვნიანი

„ასეც ყოფილა, ბრძოლის შემდეგ არავინ დარჩენილა... მოხარშავ დიდი ქვაბით წვნიანს, ფაფას, მჭამელი კი არავინაა...“

ი. ზინინა, რიგითი, მზარეული სვეტლანა ალექსიევიჩი, „ომს არა აქვს ქალის სახე“



მშიერი ზურგი

ომი დაიწყო. ომში ვიყავით მშივრები, ტიტლიკანები, ჩემი დედამთილი იგეთი იყო რო, მე და ჩემი მაზლი ვშრომობდით, გვიწერამდნენ პურსა, იმაჲ კიდე უჩუმრად გაიქონდა [...] ღვინო, არაყსა ყიდულობდა. და ჩვენ კიდე მშივრები ვიყავით. სამუშაოზე ხან ჩანები შემეკვრებოდა, რო ჭამა მინდოდა და არა მქონდა. განზე დავჯდებოდი. მამიტანდნენ გოგოები იქა, ჯერ ვიტირებდი, ვიტირებდი, მემრე ჩანებ ვეღარა ვხსნიდი, რო მეჭამა ხოლმე.

თავთავზე, რო გავიპარებოდით ხოლმე, აი გაჭენებული კინაღამ ზედ არ შაგვდგებოდა, რო დიდი ძეძვები იყო, იმ ძეძვებში ვიმალებოდით. ხოლმე თავთავი მოვკრიფოთო, შიმშილობა რო იყო, ცოტაჲ გამოვფშვნეტავდით და წავიღებდით წისქვილში, გამოაცვლევინებდით და კეცებში გამოაცხობდით ხოლმე.

დიალექტი: კახური
ჩაწერის ადგილი: სოფელი გავაზი, ყვარელი
ჩაწერის წელი: 1988
ქართული დიალექტური კორპუსი

 

 

მარწყვი

ერთ ოჯახში ვიყავი... ცოლ-ქმარი ორივე იბრძოდა. ერთმანეთი ფრონტზე გაიცნეს და იქვე იქორწინეს: „ქორწილი სანგარში ვიზეიმეთ. ზედ ბრძოლის წინ. თეთრი კაბა გერმანული პარაშუტისაგან შევიკერე“. ქმარი მეტყვიამფრქვევე ყოფილა, ცოლი – მეკავშირე. ჩემი მისვლისთანავე მამაკაცმა ცოლი სამზარეულოში გაგზავნა, რამე მოგვიმზადეო. უკვე ჩაიდანიც წამოდუღდა, ბუტერბროდებიც დაჭრილია, ქალი გვერდით ჩამოგვიჯდა, ქმარმა კი ისევ წამოაყენა: „მარწყვი სადღაა? ჩვენი აგარაკის ნობათი?“ ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ უხალისოდ დაუთმო ადგილი, თან დაარიგა: „როგორც გასწავლე, ისე მოჰყევი. ცრემლისა და ქალური წვრილმანების გარეშე: როგორ გინდოდა გაპრანჭვა და როგორ ტიროდი, ნაწნავი რომ შეგაჭრეს“. მერე ქალმა ჩურჩულით გამანდო: „მთელი ღამე „დიდი სამამულო ომის ისტორიას“ მაკითხებდა. ეშინოდა, ახლაც ეშინია, ვაითუ რაღაც არასწორად გავიხსენო“.

სვეტლანა ალექსიევიჩი, „ომს არა აქვს ქალის სახე“

 

 კანფეტები

„ზაფხული იწყებოდა... სამედიცინო სასწავლებელი დავამთავრე. დიპლომი ავიღე. დაიწყო ომი! მაშინვე გამომიძახეს კომისარიატში და მიბრძანეს: „ორ საათს გაძლევთ. გაემზადეთ. ფრონტზე გიშვებთ“. ყველაფერი ერთ პატარა ჩემოდანში ჩავაწყვე.

– რა წაიღეთ თან ომში?

– კანფეტები.

– როგორ?

– კანფეტებით სავსე ჩემოდანი. იმ სოფელში, სადაც სასწავლებლის შემდეგ გამანაწილეს, საწყისი თანხა გამომიყვეს. მოკლედ, ფული მქონდა, ჰოდა, მეც მთელი ამ ფულით ერთი ჩემოდანი შოკოლადის კანფეტები ვიყიდე. ვიცოდი, ომში ფული არ დამჭირდებოდა. ზემოდან დავადე ჩვენი კურსის ფოტოსურათი, რომელზედაც მთელი ჩემი გოგონები იყვნენ. მივედი კომისარიატში, პოლიტხელმძღვანელი მეკითხება, სად გაგამწესოო. მე ვეკითხები: ჩემს მეგობარს სად უშვებთ-მეთქი. მე და ის მეგობარი ერთად ჩამოვედით ლენინგრადის ოლქში, ის მეზობელ სოფელში მუშაობდა თხუთმეტი კილომეტრის მოშორებით. იცინის: „შენმა მეგობარმაც ზუსტად ეს იკითხა“. ჩემოდანი გამომართვა, „პოლუტორკამდე“ რომ მიეტანა, რომელსაც სადგურამდე უნდა მივეყვანეთ. მკითხა, ასეთი მძიმე რა გიდევსო. კანფეტები-მეთქი, მთელი ჩემოდანი. დადუმდა. ღიმილი გაუქრა.

სვეტლანა ალექსიევიჩი, „ომს არა აქვს ქალის სახე“

 

 

ცხელი კვერები

„– ოთხი დღეა მოვდივართ... ერთგან ცეცხლი დავანთეთ, სიდედრმა ტაფაზე პურის კვერების ცხობა დაიწყო, შებრაწული კვერების სუნი შორს გაიფანტა. პირველად რამდენიმე დღის ნაშიმშილარი ჯარისკაცი მოგვიახლოვდა, ერთი კვერი მთხოვა. სიდედრმა ორი მისცა. ჯარისკაცი ჩვენთან ჩამოჯდა, შეისვენა, ძალა მოიკრიბა და წასვლის წინ ჩემს უმცროს შვილს ფული აჩუქა, ბავშვი ნაცნობ ქალს ეჯდა კალთაში. ქალმა მიიხედ-მოიხედა, მალულად გამოართვა ბავშვს ფული და ხალათის ჯიბეში ჩაიცურა. შემდეგ ვიღაც ახალგაზრდა ქალი მოვიდა, გვთხოვა, შვილს მთელი დღეა არაფერი უჭამია, იქნებ კვერი მომცეთო. სიდედრმა მასაც ორი კვერი მისცა. ქალი უკან შებრუნდა. ვხედავ, ხეს ამოეფარა და სწრაფად დაიწყო ცხელი კვერების ჭამა. რატომღაც ყველაზე მეტად მაშინ შემეცოდა ხალხი. სიდედრმა სულ დაარიგა კვერები, ბავშვები ბოლოს გაახსენდა, თან იმეორებდა, ღმერთი გვიშველის, ღმერთი გვიშველისო. მგონი, გვიშველა მართლაც უფალმა და სამშვიდობოს გავედით, თუმცა გააზრებული არა მაქვს, რა გველის, ახლა საით უნდა წავიდე, რა იქნება...“

გურამ ოდიშარია, „დევნილთა უღელტეხილი“




გარეკანის ფოტო: გიორგი ყოლბაია


შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა