ორდერების დასტა | ალეკსეი გასტევი
ალეკსეი გასტევი (1882-1939 ‒ დახვრეტილია) ‒ საბჭოთა რუსი ავანგარდისტი პოეტი და ინტელექტუალი. 1921 წელს აფუძნებს შრომის ცენტრალურ ინსტიტუტს (Центральный институт труда (ЦИТ)) და წყვეტს ლექსების წერას. ЦИТ-ს გასტევი უწოდებს საკუთარ ბოლო ხელოვნების ნაწარმოებს. წარმოდგენილი ორი ტექსტი შესულია მის უკანასკნელ პოეტურ კრებულში „ორდერების დასტა".
„(დღეს) პოეტი ხდება ან სიტყვის მეყალიბე (ხლებნიკოვი, კრუჩონიხი), ან საკუთარ ნაწარმოებებში შეიერთებს ქუჩის ენას, ორატორულ და სასაუბრო ენებს (მაიაკოვსკი) და ა.შ. ასე ხდება პოეტური ფორმების სოციალიზაცია და მასთან ერთად ქრება საუკუნოვანი ზღვარი ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის: პოეტი იწყებს მეტყველებას სოციალურად აქტიურ ენაზე, სოციალური საქმის სახელით. ამ აზრით, გასტევის „ორდერების დასტა“ წარმოადგენს მოწინავე პროლეტარული პოეტის სიმპტომატურ და უაღრესად მნიშვნელოვან ნაწარმოებს.
„დასტა“ არაა ლექსები და არც ლექსები პროზად. „დასტას“ ლიტერატურულ ფორმას არ ჰყავს წინამორბედი ხელოვნებაში. ის მოკლებულია ესთეტიკურ ტრადიციას და უკვე მხოლოდ ამიტომ ვერ დაეყრდნობა ენის ცხოვრებისგან გამოყოფილ პოეტურ კანონებს. გასტევმა მიმართა სხვა, დამოუკიდებელ და პირველად მის მიერ გამოყენებულ მეთოდს ლიტერატურული კომპოზიციის: მან ნიმუშად აიღო პრაქტიკული ენის არსებული ხერხები, სახელდობრ, ტექნიკური და ნაწილობრივ, სამხედრო ენის...“ – ბ. არვატოვი, 1921 წ.
ორდერი 05
პანაშვიდი პლანეტების სასაფლაოზე.
ღმუილი სამყაროთა კატაკომბებში.
მილიონები, მომავლის სარქველში.
მილიარდები, ხელსაწყოზე უფრო მტკიცენი.
გონების კატორღა.
გულის ბორკილები.
დააინჟინრეთ ობივატელები.
ჩაასეთ მათ გეომეტრია კისერში.
ლოგარითმები მიეცით ჟესტებად.
გაუუხამსეთ რომანტიკა.
ტონობით აღშფოთება.
სიტყვის ნორმალიზაცია პოლუსიდან პოლუსამდე.
ფრაზები ათობითი სისტემით.
მეტყველების საქვაბე წარმოება.
განადგურდეს სიტყვიერება.
გადახორხეთ გვირაბები.
აიძულო ისინი ილაპარაკონ.
ცა – წითელი აღსაგზნებად.
კბილანები – ზესიჩქარე.
ტვინმანქანები – ჩატვირთვა
კინოთვალი – დაყენება.
ელექტრონერვები – მუშაობა.
არტერიოტუმბოებო, გადაქაჩეთ.
ორდერი 09
გაჩაღდეს ბრძოლა.
ხელებით, მკერდით.
არ ვარგა.
ბრძოლა ჰიპნოზით.
მანევრი უკანდახევით.
მობილიზება ოთხ მაგისტრალზე.
სილოგიზმების ბრძოლა.
მანომეტრის მონაცემები.
დაიწვას იგრეკ-გამოსხივებით.
ჟანგბადით გაძლიერებულად გამდიდრდეს ზურგი.
მოწინააღმდეგის აზოტირება.
ტვინების გამორეცხვა.
პაუზა.
სივრცეში ორიენტირების დაკარგვა.
ჩაირთოს დროის განცდა.
ბრბოს დაეცეს წყვდიადი.
ადამიანთა დამბა ადამიანთა დამბის ქვეშ.
შეშლილო ქალებო, შობეთ.
შობეთ ახლავე, დაუყოვნებლივ.
კრებულიდან „ორდერების დასტა"
1921 წელი