ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ორი ფსევდონიმი | ინტერვიუ პასმურ რაჩუიკოსთან

ჩემი დიდი ბაბუა ასტრახანელი კაზაკია. სამხედრო სამსახური ჩეჩნეთში გაიარა და ოქტომბრის რევოლუციამდე რკინიგზის მცველად მუშაობდა. ბებიას იქ შეხვდა. ერთადერთი ვარ ოჯახში, ვინც როსტოფონდონში დაიბადა.

დედაჩემი და მამაჩემი მინვოდიდან არიან ‒ სტავროპოლის ოლქია კავკასიის უკიდურესი ჩრდილოეთი.

ჩეჩნეთის ომის მერე როსტოვშიც ყველაფერი აირია. ამ ანტიტერორისტული კამპანიის მერე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ერთ დღესაც გავიგეთ, რომ ტერორისტებმა მოსკოვში მრავალსართულიანი სახლი ააფეთქეს. იგივე განმეორდა ვოლგოდონსკშიც. ტერორისტების გაკეთებულიაო, ამბობდნენ.

rajike.painting1

როსტოვი გახდა ნაცრისფერი, ნისლიანი, სუპერკრიმინალური ქალაქი ‒ ნული პერსპექტივით. მახსოვს, როგორ მორიგეობდნენ ჩემი მშობლები ღამღამობით ‒ სამ საათზე დგებოდნენ და სახლის გარშემო პატრულირებდნენ.

rajike2

თექვსმეტის გავხდი თუ არა, ჩავალაგე ერთი ზურგჩანთა, მივდივარ-მეთქი, ჩემებს ვუთხარი და მოსკოვში წავედი. ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი, მაგრამ ორ თვეში უკან დავბრუნდი. თვრამეტისა მეორედ წავედი, უკვე სანკტპეტერბურგში. ფილოლოგიურზე ჩავაბარე, მარტო იმიტომ, რომ სახლიდან გამოქცევა რამენაირად გამემართლებინა.

მხოლოდ რენესანსის მხატვრობა მაინტერესებდა. უნივერსიტეტის შემდეგ მთელ დროს გალერეებსა და მუზეუმებში ვატარებდი. ერთხელაც ავდექი და მეც დავხატე.

rajike.painting4

ჰანს ჰოლდეინის რეპროდუქცია მქონდა, რომელზეც ვგიჟდებოდი ‒ „ქალი ციყვით“. პირველი ნახატი იმის მიხედვით გავაკეთე. ის ნამუშევარი ერთმა თეატრის რეჟისორმა იყიდა.

სწორედ ასე დავიწყე. ეს რაღაცნაირი საჭიროებაა ჩემთვის. სხვანაირად ვერ ვლაპარაკობ.

ჩემი მისტიფიკაციები პირველად ჯგუფურ გამოფენაზე გამოვიტანე ‒ გალერეა „ლიუბაში“, ხამზად მუსაევის ფსევდონიმით. მეორე ფსევდონიმი „გუგლში“ ვიპოვნე, სლავური სახელების ძებნისას შემთხვევით გადავაწყდი, და პასმურ რაჩუიკო დავირქვი.

როსტოვში მაშინ ჩავედი, როცა მამა გარდაიცვალა. პეტერბურგში აღარ დავბრუნებულვარ. ეს მართლა მშვენიერი ქალაქია. უბრალოდ, ბოლომდე გწოვს ენერგიას, ნელ-ნელა გკლავს.

თბილისზე მეგობრები მიყვებოდნენ. ფოტოებით ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ უყვარდათ ეს უცნაური ადგილი, მაგრამ მაინც ავდექი და ერთი ჩემოდნით ჩამოვედი. მესამე წელია აქ ვცხოვრობ.

rajike.avlabari

უკრაინის ომამდე ვფიქრობდი, რომ სანამ რუსული პასპორტი მიჭირავს ხელში და ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელიც რუსეთს ოკუპირებული აქვს, ჩემი ქვეყნის კრიტიკა ძალიან იოლი გამოსავალია. ომის მერე აღარ დამრჩა არჩევანი ‒ ახლა იძულებული ვარ, ყველგან ვიყვირო ‒ „პუტინ ხუილო!“ ‒უბრალოდ იმისთვის, რომ არსებობის უფლება მოვიპოვო. არადა, ეს არ არის ჩემი ენა. ჩემმა ქვეყანამ წამართვა არჩევანი.

იმიტომ, რომ ეს ომი მართლა ჩვენი დუმილის შედეგია.

დღეს აღარ გვაქვს დუმილის უფლება!

ომის მერე რაღაცნაირად დამოკლდა გეგმები, წარმოსახვაშიც კი გაქრა შორი მომავალი. რაც განადგურებს, არის დანაშაულის განცდა. ამოვწურე ყველა ემოციური და ფინანსური რესურსი. ბოლომდე გამოვცარიელდი. ხანდახან უბრალოდ ვცდილობ, დავივიწყო ფაქტი, რომ ომია. ვიცი, რომ ესეც ჩემი პრივილეგიაა ‒ მე შემიძლია დავიწყება, ჩემი მეგობრები კი ჯერ კიდევ უკრაინაში რჩებიან.

აქედან წასვლაზეც ვფიქრობდი, როცა პირველი რუსოფობიის ტალღა მოვარდა,

მაგრამ ახლა მგონია, რომ შევძლებ ამასთან გამკლავებას.

ჩემი პეტერბურგელი მეგობრებისგან განსხვავებით, მე უკვე ვგრძნობ, რომ აქაური ვარ... იმიტომ, რომ ვიცი, როგორ დავრჩე უჩინრად.

rajike6


logos

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა