გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
პოლონეთ უკრაინის საზღვარი ტბელ აბუსერიძის ფოტო

პოლონური სოლიდარობა ორ საზღვარს შორის

მეც ვიყავი პოლონეთში მარტის ბოლოს.

ამ დროს მსოფლიო მედია უკვე გადაჭრელებული იყო ამბებით პოლონურ სოლიდარობაზე. უკვე ნანახი მქონდა ათობით პირდაპირი ჩართვა და ინტერვიუ პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პატარა სასაზღვრო სოფლიდან, მედიკადან, საიდანაც ასიათასობით უკრაინელი გადადიოდა სამშვიდობოს. ამიტომ, მართლა არ მქონდა შეგრძნება, რომ იქ პირველად დავდგი ფეხი. პოლონეთმა ჩვენს წარმოდგენაში ლტოვილთა კრიზისის სურათი შეცვალა. იქ ყოფნისას მახსენდებოდა სანაპიროზე გამორიყული დაღუპული ბავშვებისა და სახელდახელო კარვების კადრები, მაგრამ მერე შევწყვიტე ომგამოვლილ ადამიანთა უბედურების შედარება და იმაზე ფიქრი, ვის უფრო გაუმართლა. 

***

ჟურნალისტები ცხაურებთან ველოდებით ლტოლვილებს ‒ ფიგურალურად, ეს რკინის ღობე ყოფს ომს მშვიდობისგან. გამოქცეული უკრაინელები რამდენიმე წამით სწორედ აქ ყოვნდებიან, ჩვენ მიკროფონებს ვუშვერთ და რუსულად ან ინგლისურად ვეკითხებით ერთსა და იმავეს: საიდან მოდიან, ძაღლი როგორ გამოიყვანეს, იქ ვინ დარჩათ, რა ნახეს, რა გამოიარეს, როგორ გამოაღწიეს...

ბევრი თავიდან გვიშორებს ‒ ეს არ არის საუკეთესო ადგილი, სადაც ადამიანს საკუთარი ისტორიის მოყოლა მოუნდება, მაგრამ სწორედ აქ ტირიან ლტოლვილები სულ რამდენიმე წამით.

ისტორიები პოლონეთიდან

კადრი დიდხანს არ გრძელდება ‒ მოხალისეები ხალხს მიმართულებას აძლევენ დერეფნისკენ, ორ რიგად გაწყობილ კარვებს შორის. მარჯვნივ საჭმელია, ცხელი და სხვადასხვანაირი, მოპირდაპირე დახლებზე ‒ პირველადი საჭიროების ნივთები. მოხალისეს საპნები და შამპუნები კანის ტიპის მიხედვით აქვს დალაგებული, კბილის პასტებიც ასარჩევად არის.

„ალერგიული ხომ არ ხართ“?

„მშრალი კანი გაქვთ“?

შიგადაშიგ მოსასვენებელი კარვებიც გაუმზადებიათ ‒ ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის ‒ და სახელდახელო ვეტერინარული კლინიკა შინაური ცხოველებისთვის...

***

რატომ არჩიეს უკრაინელებმა პოლონეთი?

ქვეყნის დასავლეთით ეს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საზღვარია, თუ რუმინეთთან საზღვარს არ ჩავთვლით, რომელიც ნაწილობრივ კარპატებზე გადის და რთული გასავლელია.

უკრაინა-პოლონეთს შორის 8 საგზაო და 6 სარკინიგზო გამშვები პუნქტია, რომლებიც ომამდეც ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სასაზღვრო წერტილებად მიიჩნეოდა. ომს გამოქცეულმა უკრაინელებმა ამ საზღვრის გადაკვეთა რამდენიმე მიზეზის გამო არჩიეს: პირველ რიგში, ეს განაპირობა პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ‒ თავიანთი სასაზღვრო პუნქტები საფეხმავლო გასასვლელებად გარდაექმნათ, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ პოლონეთის გზა ჯერ კიდევ ომამდე ჰქონდა გავლილი მილიონზე მეტ უკრაინელს. 2021 წელს ამ ქვეყანამ აღრიცხა 1.6 მილიონი ცირკულარული მიგრანტი, მოკლევადიანი სამსახურის მაძიებლები უკრაინიდან, რომლებიც სამუშაო უფლებას ითხოვდნენ. ამ გამოცდილებასთან ერთად, ლტოლვილთა უმრავლესობისთვის იმედისმომცემი იყო კულტურული და ენობრივი სიახლოვე და, რაც მთავარია, საკუთარ სამშობლოსთან ახლოს ყოფნა, შინ დაბრუნების პერსპექტივა. „დაუჯერებელია, მაგრამ დაბრუნების იმედი ყველას აქვს, იმათაც კი, ვინც მარიუპოლიდან გამოიქცა“, ‒ ამბობს იონა კოვალსკა, რეგიონული გამოცემების გაერთიანების ხელმძღვანელი, რომელიც ახლა მოხალისედ მუშაობს და უმეტესად ბინებსა და თავშესაფრებს ეძებს ლტოლვილებისთვის.

სასაზღვრო ქალაქებსა და სოფლებში ადგილი აღარ არის, ლტოლვილთა დიდ ქალაქებში გადმოყვანა კი რთულია, რადგან სახლამდე გზის დაგრძელება აშინებთ.

საზღვარი მედიკასთან ყველაზე დატვირთული აღმოჩნდა, ყველაზე მეტი ლტოლვილი სწორედ აქ შემოდის...

კარვებს შორის მოწყობილ დერეფანში პირველადი საჭიროების ნივთების აღების შემდეგ, ლტოლვილები სადილობენ, ცოტას ისვენებენ და უერთდებიან ტრანსპორტის მომლოდინეთა მორიგ ჯგუფს. აქ გულდასმით უხსნიან, რა ელით მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში და, რაც მთავარია, როგორ უნდა დაიცვან თავი ნებისმიერი არასასიამოვნო თავგადასავლისგან:

ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გავრცელდა ლუდა ხრომიეს ამბავი, რომელიც დედასა და მოხუც ბებიასთან ერთად უცნობმა კაცმა შეიფარა და რამდენიმე დღეში მათ დანით ემუქრებოდა.

სოციალურ ქსელებსა და საიტებზე საეჭვო განცხადებებიც ვრცელდება:

„შევიფარებ მხოლოდ ახალგაზრდა გოგოს ან გოგონებს“.

ჟურნალისტებმა ექსპერიმენტიც ჩაატარეს და მითითებულ ნომრებზე დარეკეს.

აშკარაა, რომ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები კრიზისში გააქტიურდნენ, ამიტომ მედიკაში, საზღვართან, უკვე აღარ მხვდებიან ენთუზიასტი უცნობები, რომლებიც ლტოლვილებს უფასო მგზავრობას, თავშესაფარს ან სხვა დახმარებას სთავაზობენ. უმრავლესობას ალბათ არც ჰქონოდა ბოროტი განზრახვა, მაგრამ აპრილის დასაწყისიდან პოლონეთი უკვე ცდილობს, ეს უპრეცედენტო სოლიდარობა და მხარდაჭერა დაწერილი თუ ჯერ დაუწერელი წესებით მართოს.

მთავარი წესი მაინც ასეთია: ლტოლვილები დანიშნულების ადგილამდე მხოლოდ აკრედიტებული ავტობუსებით/მიკროავტობუსებით უნდა წავიდნენ. კედელზე გაკრული ბანერები ლტოლვილებს აფრთხილებენ, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ტრეფიკინგისგან.

საზღვრიდან ისინი დიდ მოსასვენებელ სივრცეებში ხვდებიან ‒ მედიკაში ამ დროისთვის გამოყოფილია „ტესკოს“ სუპერმარკეტი და სკოლის შენობა. აქვეა სახელდახელოდ მოწყობილი საშხაპეებიც.

პოლონელი ბავშვები



***

უზარმაზარ დარბაზებში ასობით გასაშლელ საწოლზე ჩაძინებულ ადამიანთა გადაღების უფლებას აღარ გვაძლევენ მოხალისეები. ეს შეზღუდვები და წესები, ყოველი ფეხის ნაბიჯზე რომ გხვდება, არ არის მარტივი გადასალახი. ჟურნალისტები მოხალისეებს ვუხსნით, რომ ეს არის ომის სახე, რომელიც უნდა ნახოს მსოფლიომ, თუმცა გულის სიღრმეში უკვე ვიცით ‒

მსოფლიოს აღარ სჭირდება დარწმუნება, რომ უკრაინაში ნამდვილად ომია... რომ საკუთარი სახლებიდან აყრილი შეშინებული ოჯახები თითო გასაშლელ საწოლზეც ეტევიან, ზოგჯერ მთელი ბარგითაც კი, რომელიც გამოიყოლეს.

ყვითელ და ნარინჯისფერ ჟილეტებში გამოწყობილი პოლონელები ერთმანეთს ენაცვლებიან და ცდილობენ, რამდენიმე საათით მაინც მისცენ გამოქცეულებს მშვიდად დაძინებისა და მოსვენების საშუალება. ეს პროცესშივე ყალიბდება ახალ ჰუმანიტარულ მიდგომად. პოლონელებს არ უნდათ, რომ მათი ჰუმანიტარული ფილოსოფიის გამოხატულებად ლტოლვილთა ბანაკები იქცეს.

მკაცრად შემოისაზღვრა კვების საერთო სივრცეებიც

პოლონეთის გასაჭირი

„ადამიანები ვერ მოგიყვებიან ომის ისტორიას ჭამის დროს“, ‒ მეუბნება მოხალისე, -„ლტოლვილთა ეს კრიზისი სხვას არ ჰგავს, ჩვენ გვჭირდება პრაქტიკული მეთოდები სიტუაციის სამართავად და არა უკვე გამზადებული მოდელები. ამიტომ, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის სტანდარტი არ გამოგვადგება. საქმე, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, განსხვავდება იმისგან, რაც ზოგადად კეთდება ლტოლვილთა მიმართ.

როცა ომი წლობით გრძელდება, სიტუაცია სხვანაირია, იქ ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, ეს ხალხი შინ როგორ დაბრუნდება. ჩვენ სხვა ამოცანა გვაქვს ‒ ეს ადამიანები მშვიდად და უპრობლემოდ უნდა დაბრუნდნენ შინ, როცა დრო მოვა, მანამდე კი ხელი უნდა შევუწყოთ, რომ რაც შეიძლება დამოუკიდებლები და ინტეგრირებულები იყვნენ საზოგადოებაში. ერთი სიტყვით, მუშაობა უნდა ვისწავლოთ არა მათთვის, არამედ მათთან ერთად“.

ვიტეკ ჰებანოვსკი ვარშავაში ლტოლვილთა საინფორმაციო კოორდინაციის ცენტრს ხელმძღვანელობს და თავის საქმიანობას ასე აღწერს:

„24 თებერვალს „გუგლში“ დოკუმენტი გავხსენი, წარმოვიდგინე, რა დამჭირდებოდა, ლტოლვილი რომ ვყოფილიყავი, და ყველაფერი ჩამოვწერე. ამას მოჰყვა „ზუმით“ ჩართვა ჩემს მეგობრებსა და კოლეგებთან, რომლებიც ლტოლვილებისთვის რაღაცას აკეთებდნენ ‒ ასე, თავისთვის. დავიწყეთ დოკუმენტში შეტანა, ვინ, სად და როდის რას გააკეთებდა და სად უნდა ენახა ადამიანს ეს ინფორმაცია.

ძალიან მალე ეს დოკუმენტი ორ ვებგვერდად, ერთ რუკად და ორ დიდ მონაცემთა ბაზად გადაიქცა ლტოლვილებისთვის.

დაახლოებით 30 მოხალისე მუშაობს ბაზების განახლებაზე.

მერე გავიაზრეთ, რომ გვჭირდებოდა საერთო სივრცე, რომელშიც, რა თქმა უნდა, ფულს არ გადავიხდიდით. ვარშავის მერიაში მივედით და ვუთხარით, რომ მათ ჩვენი დახმარება სჭირდებოდათ, ჩვენ კი სივრცე გვინდოდა ამისთვის. გაგიკვირდებათ, მაგრამ ზედ ვარშავის ცენტრალურ სადგურთან გამოგვიყვეს ოფისი. მას შემდეგ იქ ვართ და ყველას ვეპატიჟებით, ვისაც საქმის კეთება სურს და ამისთვის ლეპტოპის მაგიდაზე ჩამოდება, დენის წყარო და ჭიქა წყალი სჭირდება“.

ლტოლვილთა საინფორმაციო კოორდინაციის ცენტრმა შექმნა ბაზა, რომელიც ვარშავაში ჩასულ დევნილს ნავიგაციაში ეხმარება. მისი მეშვეობით შეიტყობ, სად უნდა ისწავლო უფასოდ პოლონური, როგორ უნდა იპოვო სამსახური და მიიღო პოლონური პესელი (საიდენტიფიკაციო კოდი), სად უნდა დარეგისტრირდე ფულადი დახმარების მისაღებად, როგორ უნდა გახდე მოხალისე, რა უნდა ქნა, თუ ბავშვი გყავს...

ბაზას ახლავს კონტაქტების ნუსხა ‒ ძალიან ფართო კატალოგი, რომელიც მოიცავს ლტოლვილებთან მომუშავე ყველა ორგანიზაციას, არაფორმალურ ჯგუფს, კომპანიასა და ინსტიტუციას.

***

საზღვარსა და ცენტრალურ სადგურებთან გაწყობილ ბანაკის ტიპის სივრცეებში ადამიანები დიდხანს არ რჩებიან, მათ დაბინავებაზე მოხალისეთა დიდი ჯგუფი მუშაობს.

მოხუცები პოლონეთში

ვარშავის ცენტრალურ სადგურზე, ლტოლვილთა საინფორმაციო ცენტრთან იმ უკრაინელთა რიგი დგას, რომლებსაც სხვა ქვეყანაში უნდათ წასვლა.

„გერმანიაში როგორ წავიდე? იქ ახლობელი მყავს“, ‒ კითხულობს უკრაინელი ქალი.

ასწავლიან, სად უნდა აიღოს ბილეთი, რომელიც უფასოა, თუმცა უკან უფასოდ ვეღარ დაბრუნდება. დაბნეული ჩანს. სადგურზე მოწყობილ დაბინავებისა და ტრანსპორტირების განყოფილებაში ცდილობს საკითხის გარკვევას. მისი გაცილება ნარინჯისფერჟილეტიანმა მოხალისემ ითავა. მოხალისე საბუთების მოწესრიგებაში ეხმარება, ბილეთიც მის ნაცვლად აიღო, ცხელი ყავაც მოუტანა. მატარებელი ჩამოდგა, მაგრამ ქალი არ იძვრის. საქმეში სხვა მოხალისეებიც ერთვებიან, სადგურზე მოწყობილი სამედიცინო პუნქტიდან ფსიქოლოგსაც იძახებენ, აკანკალებული ქალი ჩანთებს ებღაუჭება და მატარებელს ზურგს აქცევს.

„გნებავთ, შემდეგს დაველოდოთ?“

„დიახ, თუ შეიძლება“.

პოლონეთი, დაახლოებით, მილიონ-ნახევარმა ლტოლვილმა დატოვა, 2 მილიონამდე კი ისევ ამ ქვეყანაში რჩება. მხოლოდ ვარშავაში დღეს 266 895 ადამიანით მეტი ცხოვრობს. პოლონეთის მეტროპოლიების გაერთიანების კვლევით, ლტოვილთა დიდი რაოდენობა სასაზღვრო ქალაქ რჟეშოვში დარჩა, სადაც ამ მოკლე დროში მოსახლეობა 53% -ით გაიზარდა. 29%-ით იმატა მოსახლეთა რიცხვმა ვროცლავშიც, სადაც ახლა 190 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს. კრაკოვში ოდნავ ნაკლები ‒ 177 565 უკრაინელი დაბინავდა, რის ხარჯზეც ქალაქის მოსახლეობა 23%-ით გაიზარდა.

სად ცხოვრობს ეს ხალხი? პოლონეთში არ არის არც კომპაქტური ჩასახლებები და არც ლტოლვილთა ბანაკები. უკვე მე-4 თვეა, პოლონელებს უკრაინელთა უმრავლესობა საკუთარ სახლებში ჰყავთ.

მართა იაროშევიჩი, ვარშავის უნივერსიტეტის მიგრაციის კვლევითი ცენტრის (რომელიც მე-4 თვეა პროცესს აკვირდება და სწავლობს) ასოცირებული პროფესორი:

„მოდით, გულწრფელად ვთქვათ, რომ პოლონეთი არასდროს ყოფილა იმიგრაციული ქვეყანა. მეტიც, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ჰომოგენური სახელმწიფო ვართ ევროკავშირში. უხეშად რომ შევაჯამოთ, 90-იანებიდან დაწყებული, ორი ათეული წლის განმავლობაში სულ 100 000-მდე ჩეჩენი ლტოლვილი მივიღეთ, ახლა კი მხოლოდ 2 თვეში გვყავს 3 მილიონი ლტოლვილი. 2008 წლის შემდეგ ჩვენთან, დაახლოებით, 8 000 ადამიანი ჩამოვიდა საქართველოდან. ის 2 მილიონამდე პირი, რომლებიც უკრაინიდან გადმოვიდნენ პოლონეთში, ომამდე სამუშაო ძალას ქმნიდნენ, პოლონეთში დროებით ჩამოდიოდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. შესაბამისად, მათი დაბინავებისა და ინტეგრაციის პოლიტიკაზე არ გვიმუშავია. დიახ, ტრამვაიში ადგილი არ არის, ექიმთან ვერ ჩაეწერებით. რა თქმა უნდა, მოვითმენთ და მოვიცდით, მაგრამ ამისთვის მზად არ ვართ (არც ვყოფილვართ) და ახლა, როცა პირველმა შოკმა გაიარა და რომანტიზმიც მინელდა, სტრატეგია გვჭირდება“.

***

არ ვიცი, პოლონელები თავიდანვე ხვდებოდნენ თუ არა, რომ ომს გამოქცეული ლტოლვილის შეფარებას მხოლოდ ოთახისა და კარადის გამოთავისუფლება არ ეყოფოდა. მათ ეს ადამიანები თავიანთი ტრავმებით, შიშებითა და ღამის კოშმარებით უნდა მიეღოთ.

„ქიმიოთერაპიის კურსის ნახევარიც ვერ მოვასწარი. ომი რომ დაიწყო, შვილებთან ერთად გამოვიქეცი, ქმარი კი უკრაინაში დამრჩა. ექიმთან იმ ოჯახმა მიმიყვანა, რომელმაც შეგვიფარა. არ ვიცნობდი ამ ხალხს. იმდენი მოახერხეს, რომ მკურნალობის კურსს აქ ვაგრძელებ, უფასოდ“, ‒ ამბობს სვეტლანა, რომელიც „ჟაფა დობრაში“ გავიცანი, საგაზაფხულო ფეხსაცმლის ძებნაში იყო გართული, სანამ გამოველაპარაკებოდი.

„ჟაფა დობრა” ქართულად „სიკეთის გარდერობს“ ნიშნავს და არაფრით განსხვავდება რომელიმე ცნობილი აუთლეტისგან: ტანსაცმელი ზომისა და სეზონის მიხედვით საკიდებზეა გადანაწილებული, გასახდელიც რამდენიმეა. რასაც აირჩევ, ბრენდირებულ ჩანთებში ჩაგიწყობენ და გამოგატანენ. საწყობში ათობით მოხალისე მთელი მსოფლიოდან გამოგზავნილ ჰუმანიტარულ ტომრებს ხსნის და ტანსაცმელს ახარისხებს. რას არ ნახავ აქ, საკარნავალო ფორმებსა და საქორწილო კაბებსაც კი. უკრაინელებს აქ დღეში ერთხელ შეუძლიათ მოსვლა და იმდენი ტანსაცმლის არჩევა, რამდენიც სჭირდებათ. მთავარია, საყიდლებზე სიარულის შეგრძნება ჰქონდეთ, მოიზომონ, მოირგონ და „იყიდონ“ ‒ უფასოდ. 

ლტოლვილთა მხარდაჭერის სხვა იდეების მსგავსად, „სიკეთის გარდერობიც“ სამოქალაქო პირებსა და საინიციატივო ჯგუფებს ეკუთვნით.

„ეს იყო პოლონეთისთვის ისტორიული მომენტი და ერთგვარი პრივილეგიაც. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გვყავს, რომლის დისკრედიტაციასაც ვერ და არ უნდა ახდენდნენ პოლიტიკოსები. ამ ხალხს ბუჩას ვერაფერი დაავიწყებს, ვერაფერი გაუფერმკრთალებს იმ წამებასა და ტკივილს რომელიც გამოიარეს, მაგრამ მთავარი იყო, ეს საქმე არ ჩაგვეფლავებინა“, ‒ ამბობს ვიტეკ ჰებანოვსკი.

პოლონეთი რომ თავის ისტორიასაც წერს ამ ომში, ბენ სტენლიმ, ვარშავის უნივერსიტეტის პოლიტოლოგმა ახსენა „გარდიანთან“ ინტერვიუში:

„რუსეთის უკრაინაში შეჭრა პოლონეთისთვის ისტორიული „ხომ გეუბნებოდით“ მომენტია.

ვარშავა ახლა პოზიციონირებს, როგორც დედაქალაქი, რომელიც წლების განმავლობაში აფრთხილებდა ევროპას, რომ ეს მოხდებოდა. და ახლა, როცა სიმძიმის ცენტრი ევროპის აღმოსავლეთით არის გადმოტანილი, კრიზისი პოლონეთს აძლევს შესაძლებლობას, თავი რეგიონულ ლიდერად გამოაცხადოს. და როგორც ლიდერი, ის ცდილობს, დასავლეთი უფრო მკაცრ ქმედებათა საჭიროებაშიც დაარწმუნოს“.

ეს განუზომელი ჰუმანიტარული ძალისხმევა, რომელიც დიდწილად სამოქალაქო საზოგადოების ზურგზე გადადის, პოლონეთის მთავრობას სითამამეს მატებს, რომ ევროკავშირს ღიად მიანიშნოს: დროა, ევროპამ წარსულს ჩააბაროს ძველი გაუგებრობები და პოლონეთს წვდომა მისცეს დაბლოკილ მილიარდებზე, რომელიც პანდემიის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის ფონდში უნდა ჩარიცხულიყო. ლაპარაკია 36 მილიარდზე, რომლის გრანტებისა თუ სესხების სახით გაცემა ბრიუსელმა განგებ გააჭიანურა პოლონეთისთვის.

საქმე ის არის, რომ ევროკავშირი პოლონეთს დემოკრატიისგან გადახვევას ედავება. დაძაბულობა 7 წელია გრძელდება და პოლონეთის მმართველი პარტიის ‒ „კანონი და სამართლიანობის“ პოლიტიკას უკავშირდება, რომლის ლიდერია იაროსლავ კაჩინსკი. ამ პარტიას წარმოადგენს პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდაც, ვინც ასეთი რამ თქვა: „ევროკავშირი წარმოსახვითი ერთობაა, საიდანაც დიდი სარგებელი არ გვაქვს“.

2015 წელს დუდამ შთამბეჭდავად მოიგო პრეზიდენტობის პირველი ვადის არჩევნები. ის სოციალური კონსერვატორია, რომელიც ამბობს, რომ ტრადიციული ოჯახის მოდელის დაცვა სურს.

მარტში მან ვეტო დაადო კანონს, რომელსაც სკოლებში ბავშვები მორალური გარყვნილებისგან უნდა დაეცვა და რომლის ინიციატორია პოლონეთის განათლების მინისტრი, LGBTQ+ უფლებების გაცხადებული მოწინააღმდეგე.

„ჩვენ არ გვჭირდება ახალი კონფლიქტები“, ‒ თქვა დუდამ, თუმცა ეს დღის წესრიგიდან არ ხსნის პრობლემებს, რომელთა გამოც ევროკავშირი ეჭვის თვალით უყურებს პოლონეთის დემოკრატიზაციის პროცესს, მათ შორის კანონს, რომელიც აბორტს კრძალავს. ღირებულებათა გარდა, ევროკავშირსა და პოლონეთს შორის გაუგებრობის მთავარი მიზეზია კანონის უზენაესობა და თავისუფალი მართლმსაჯულება.

ასე თუ ისე ყველა თანხმდება, რომ პოლონეთს სახსრები სჭირდება ლტოლვილთა ღირსეულად მისაღებად, მაგრამ ამ ფულს თავისი ფასი აქვს: ევროკავშირი მოითხოვს, პოლონეთმა შეასრულოს დაპირება და გააუქმოს უზენაესი სასამართლოს დისციპლინური ტრიბუნალი ‒ მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური წნეხის ინსტრუმენტი, რომელიც ევროკავშირის კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

***

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის წყალობით, პოლონეთი ევროკავშირის ცუდი ბიჭობიდან წარჩინებულ მოსწავლედ გადაიქცა“, ‒ წერდა გამოცემა „პოლიტიკო“ 3 მარტს, როცა პოლონეთს უკრაინიდან 500 000-მდე დევნილი ჰყავდა შეფარებული.

ომის მეოთხე თვეს კი, რიგითი პოლონელის პერსპექტივიდან, პროცესი ასე გამოიყურება: პოლონეთის ხელისუფლება ქათინაურებს იღებს იმისთვის, რაშიც ფულს ჩვეულებრივი ხალხი ხარჯავს.

„ეს ფული იწურება, ჩვენ კი ისიც არ ვიცით, უკვე რამდენი დაიხარჯა“ ‒ გვეუბნება მართა იაროშევიჩი.

„როგორც პოლონეთის რიგითი მოქალაქე, ვამბობ, რომ ფული ამ ეტაპზე კატასტროფულად გვჭირდება. მე რომ ევროპის კომისია ვიყო, ახლა დათმობაზე წავიდოდი: თუ ცენტრალური მთავრობისთვის არ უნდათ ამ ფულის მიცემა, მუნიციპალიტეტებს მისცენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს... უბრალოდ, მოგვცენ, რადგან ომი გრძელდება, ჩვენ კი ჯერ ისევ სოლიდარობა და იმპროვიზაცია გვაქვს მხოლოდ.“

ნატალია გმურსკოვსკა, წარმოშობით უკრაინელი აქტივისტი, რომელიც უკვე 30 წელია პოლონეთში ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ სოლიდარობის ყველაზე ინოვაციურ მოდელთა ავტორები თვითმმართველობებში მუშაობენ და არა ცენტრალურ ხელისუფლებაში:

„პოლონეთის ხელისუფლება მიხვდა, რომ თვითმმართველობის დონეზე სერიოზული სამოქალაქო რესურსი იკრიბებოდა; გროვდებოდა ფული და სხვა სახის დახმარება, მოდიოდნენ ადამიანები... ცხადია, უნდოდათ, ეს რესურსი მიმართულიყო ზემოთ, ცენტრში, და იქიდან გადანაწილებულიყო, თუმცა თვითმმართველობებმა ამაზე უარი თქვეს“.

გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლად მიღება არჩია ლუბლინმაც, სადაც ნატალია ცხოვრობს და მუშაობს. მისი თქმით, ამ პოლონურ ქალაქში სწრაფად და მარტივად მოგვარდა რეგისტრაციის პროცესი, მათ შორის, საიდენტიფიკაციო ნომრის (პესელი) გაცემა, რომელიც ადამიანებს დაზღვევის, ჯანდაცვისა და განათლების მისაღებად სჭირდებათ. პოლონური მეტროპოლიების გაერთიანების კვლევით, პესელი დღეს პოლონეთში ლტოლვილთა 40%-ს აქვს აღებული.

საზღვარზე მათ ეკითხებოდნენ კვალიფიკაციის შესახებ, შეძლებდნენ თუ არა სკოლებსა და ბაღებში ასისტენტებად მუშაობას. მთავარი, რაც ლუბლინის მერიამ ყველაზე დროულად მოიფიქრა, არის ერთგვარი მოლაპარაკების, შეთანხმების ტექსტი უკრაინელ ლტოლვილებსა და პოლონელ მასპინძლებს შორის. ამ კონტრაქტში გაიწერა, რამდენი ხნით და რა პირობებით გაიყოფდნენ სივრცეს სახლში მხარეები. სწორედ ამიტომ, ახლა ლუბლინელებსა და მათთან მცხოვრებ ლტოლვილებს შორის ნაკლები დაძაბულობაა, ყველაფერი თავიდანვე გარკვეულია ‒თანაცხოვრების წესებიცა და ხანგრძლივობაც. ცხადია, საკუთარ სახლში შეფარება ნებაყოფლობითია, მაგრამ პოლონეთში მოქმედებს განკარგულება, რომელიც კრძალავს ლტოლვილის ქუჩაში გაშვებას და მასპინძელ ოჯახს ავალდებულებს ალტერნატიული თავშესაფრის მოძიებასა და შეთავაზებას.

ამ ტიპის განკარგულებებმა ომს გამოქცეული უკრაინელი ხალხი მერეც უნდა დაიცვას, როცა ხალხში სოლიდარობის ლიმიტი ამოიწურება. იაროშევიჩის თქმით, ეს დრო უკვე ახლოსაა, იმპროვიზაციის ეტაპი დასრულდა, ახლა საჭიროა სისტემა და, სულ მცირე, ერთწლიანი თანაცხოვრების სტრატეგია.

***

მედიკის საზღვართან ძნელად თუ წარმოიდგენ, რომ ქვეყნის მეორე ბოლოში, პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე, ადამიანები ჰიპოთერმიით იხოცებიან; რომ პოლონეთი სამართლიანად ამარტივებს ბიუროკრატიას ერთ საზღვარზე ბარიერების მოსახსნელად, მეორეზე კი აშენებს 186 კილომეტრი სიგრძისა და 5 მეტრის სიმაღლის კედელს, რომლითაც ათასობით ავღანელ, ერაყელ და სირიელ თავშესაფრის მაძიებელს უკეტავს ევროპის კარს.

საერთაშორისო მედიაში ლტოლვილთა ამ კრიზისს „ლუკაშენკოს ბოროტ თამაშს“ უწოდებენ და შესაძლოა, სამართლიანადაც:

თავშესაფრის მაძიებლებს ბელორუსიაში ლუკაშენკო ჯერ მასპინძლობს, შემდეგ კი „ევროპის კარიბჭისკენ“ მიუთითებს.

„თქვენ შორის ბევრია ისეთი, ვისაც ოჯახი გერმანიაში ჰყავს. ჩვენ მივმართავთ გერმანიას: წაიყვანეთ ეს ხალხი და დაეხმარეთ ოჯახის წევრებისა და ნათესავების მოძებნაში. თუ პოლონეთსა და გერმანიას ჩემი არ ესმით, ჩემი ბრალი არ არის“... ‒ ასე მიმართა ბრუზგეში, პოლონეთის საზღვართან კარვებში გამომწყვდეულ ხალხს ლუკაშენკომ ხის სახელდახელო ტრიბუნიდან.

მიიჩნევა, რომ საზღვარზე სპეციალურად შექმნილი კრიზისით ბელარუსის პრეზიდენტი დასავლურ ჰუმანიზმს ცდის; იგი სამაგიეროს უხდის ევროპას თავისი ოფიციალური პირებისა და კომპანიების საწინააღმდეგო სანქციებისთვის, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაუწესდათ. ლუკაშენკოს გამარჯვებას ბელარუსში პროტესტის დიდი ტალღა და არეულობა მოჰყვა, რომელიც პრეზიდენტმა სისხლში ჩაახშო, ქუჩაში გამოსული ხალხი დაარბია და დაიჭირა.

2021 წლის ზაფხულიდან ქვეყანამ სავიზო რეჟიმი გააუქმა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ზოგიერთი სახელმწიფოსთვის, ამავდროულად კი გახსნა ტურისტული სააგენტოები, რომელებიც თავშესაფრის მაძიებლებს მარტივ და იაფ გზას სთავაზობდნენ ევროპისკენ. ეს გზა ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე, ბრუზგეს ბანაკში მთავრდება, საიდანაც ევროპა ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ გამშვები პუნქტიდან იქ ვერავინ მოხვდება. ამიტომ, თავშესაფრის მაძიებლები პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას ღამით, უღრან ტყეში გზის გაგნებით ცდილობენ. ზოგი გზაშივე იღუპება, როგორც ის ნიგერიელი კაცი, რომელიც მკვდარი იპოვეს ოლჩოვკას ტყეში, ერთი ზურგჩანთით, ან 19 წლის სირიელი ბიჭი, ალ-ჰასანი, მდინარეში რომ დაიხრჩო ბელარუსის საზღვრიდან 7 კილომეტრის მოშორებით. ახლა ის პოლონური სოფლის, ბოჰონიკის მუსლიმური სასაფლაოს ბოლოშია დაკრძალული ‒ ძალიან შორს სირიიდან, მშობლიური ქალაქიდან, ჰომსიდან. მისი დამარხვა ბოჰონიკელ მუსლიმ თათრებს უთავიათ, მე-17 საუკუნეში რომ ჩამოსახლებულან პოლონეთი-ბელორუსიის საზღვარზე.

სიკვდილს როგორღაც გადაურჩნენ ავღანელები, რომლებიც 18 აგვისტოს უკვე საზღვრის პოლონურ მხარეს იყვნენ. ამაზე წერდა „ამნესტი ინტერნეიშენალიც“, რომელმაც 32 ავღანელის ‒ 27 კაცის, 4 ქალისა და ერთი არასრულწლოვანი გოგონას მარშრუტი სატელიტური გამოსახულებებისა და ფოტოების 3D რეკონსტრუქციის მეშვეობით აღადგინა. ის ამტკიცებს, რომ 19 აგვისტოს პოლონეთმა უკვე სამშვიდობოს გამოსული ხალხი უკან, ბელარუსის საზღვარზე დააბრუნა ‒ უკანონოდ და ძალდატანებით.

რა ელით ასეთ ადამიანებს ბელარუსის საზღვარზე?

შიმშილი, უწყლობა, დაავადებები, რომლებიც გადატენილ კარვებში ვრცელდება, საბოლოოდ კი ‒ იქ დაბრუნება, საიდანაც გამოიქცნენ.

***

„ბელარუსი მტრული ქვეყანაა, რომელთანაც არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და, რა თქმა უნდა, პოლონეთის ხელისუფლება საფრთხედ აღიქვამს ყველას, ვინც შეიძლება იქიდან ჩვენს ტერიტორიაზე მოხვდეს... არსებობს შპიონაჟის საფრთხეც“, ‒ გვეუბნება მართა იაროშევიჩი. ვიტეკ ჰებანოვსკი კი მას სირცხვილის ზღვარს უწოდებს:

„უნდა ვაღიაროთ, რომ სიამაყის საზღვართან ერთად, სირცხვილის საზღვარიც გვაქვს. ხალხი გადარჩენისთვის მოდიოდა და ჩვენ უკან ვაბრუნდებდით, ან ტყეში ვტოვებდით, სადაც იხოცებოდნენ. არ ვამბობ, რომ ყველა მათგანი ლტოლვილია... რომ ყველა უნდა მივიღოთ პოლონეთში... მაგრამ მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი ამბავი მოგვითხრონ“.

ამას მოუწოდებს პოლონეთს „ამნესტი ინტერნეიშენალიც“:

„ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს თავშესაფრის მაძიებელთა ძალდატანებით გაბრუნება. მათ უნდა მისცეს ნორმალური საცხოვრებელი, წყალი, საჭმელი, პირველადი მოხმარების ნივთები... და სამართლებრივი დახმარებაც გაუწიოს“.

2021 წლის სექტემბრიდან პოლონეთის საზღვარზე მოხალისეებიც ვეღარ მიდიან, რადგან 2 სექტემბერს მთავრობამ იქ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ეს ნიშნავს, რომ იმ საზღვართან ჟურნალისტები აღარ დგანან და არ წერენ ემოციურ ჩართვებს კარვებიდან; იქ აღარ ურიგებენ ბავშვებს სათამაშოებს, აღარ გვიყვებიან გულისგამგლეჯ ისტორიებს და აღარ მიჰყავთ ადამიანები თავიანთ სახლებში დასაძინებლად.


ავტორი: თამარ მშვენიერაძე, გადაცემა"რეალური სივრცის" რეპორტიორი
ფოტოები: ტბელ აბუსერიძე

logos

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა