გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
პოსტსაბჭოთა ტრიუმფი და ტრავმა 2000-იანი წლების ქართულ დოკუმენტურ კინოში ლუკა ბედოშვილი

პოსტსაბჭოთა ტრიუმფი და ტრავმა 2000-იანი წლების ქართულ დოკუმენტურ კინოში | ლუკა ბედოშვილი

თავისუფალი კამერით აღბეჭდილი თბილისელი ახალგაზრდების ცხოვრება და მათი თვითგამოხატვის დაუოკებელი სურვილი 90-იანი და 2000-იანი წლების მიჯნაზე; ემიგრანტი მუსიკოსის გერმანული ცხოვრების ყოველდღიური პერიპეტიები და მშობლის ცრემლნარევი სენტიმენტები შვილის სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივასა თუ უპერსპექტივობაზე; მთასა და ბარში მცხოვრები ქართველი ქალების პორტრეტი და მათ მიერვე აღწერილი საკუთარი საზოგადოებრივი როლი, განცდები და სურვილები; ემიგრაციაში მყოფი ქალების მუხლჩაუხრელი შრომა საქართველოში დარჩენილი ოჯახების დასახმარებლად; ომები და მათი ხანმოკლე თუ ხანგრძლივი ზეგავლენა ხალხის ფსიქოემოციურ და სოციალურ მდგომარეობაზე; სოფლის მცხოვრებლები მსოფლიო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის, პოსტსაბჭოთა ნეოლიბერალური სისტემისა და საკუთარი სურვილების პირისპირ; ახალგაზრდული ბანაკი, როგორც ახალ თაობაში კრიტიკული ანალიზისგან დაცლილი და ლოზუნგებით გაჯერებული პატრიოტიზმის გაღვივების საშუალება; ქართული სოფლების ცხოვრება და ტრავმის თუ ყოველდღიური სიმძიმის დაძლევის იქ არსებული კოლექტიური მეთოდები – ეს იმ თემათა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ამ პერიოდის დოკუმენტური კინო იკვლევს.

თანაბრად ნაირგვარია ის აუდიო-ვიზუალური გამომსახველობის ფორმები, რომელთა მეშვეობითაც 2000-იანი წლების კინორეჟისორები აღნიშნულ თემატიკას კამერაზე აღბეჭდავენ და საეკრანო სახეს აძლევენ. ამისდა მიუხედავად, აღსანიშნავია ის საერთო მახასიათებელი, რომელიც ამ დროს შექმნილი ფილმების უმეტესობას ფონად გასდევს და ერთმანეთთან აკავშირებს. ეს არის ორ, ერთი შეხედვით, ურთიერთსაპირისპირო ცნებას, კერძოდ, ტრავმასა და ტრიუმფს შორის მცხოვრები საზოგადოების კულტურული მეხსიერებისა და მასთან დაკავშირებული ფსიქოემოციური მდგომარეობების ასახვა. ამ მხრივ საინტერესოა კულტურული ტრავმის, როგორც წარმოუჩენელი ფენომენის, დოკუმენტური კინოს საშუალებით გადმოცემის გზების შესწავლა 2000-იანი წლების ქართული დოკუმენტური კინოს მაგალითზე.

ტრავმული ფონი ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ სოციოპოლიტიკურ დისკურსზე, არამედ შემოქმედებითი გამომხატველობის ფორმებსა და, მათ შორის, კინოზე.

ეს ტრავმული ფონი, დიდწილად, საბჭოთა წარსულისა და ტურბულენტური 90-იანი წლების მძიმე გამოცდილების შედეგია, რომელიც 2000-იან წლებშიც გაგრძელდა. ომისა და მისი შედეგებით გამოწვეული ტრავმა (რომლის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე საყოველთაო შეთანხმება არსებობს) განყენებულად არ შეიძლება განიხილებოდეს იმ სირთულეებისგან, რომელთა გავლაც ქართულ საზოგადოებას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მოუწია. მათ თან ერთვის სხვადასხვა უმცირესობისა და მოწყვლადი საზოგადოებრივი ჯგუფის ცალკეული პრობლემატიკა და ტრავმები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის დიდწილად შეუმჩნეველი და უარყოფილიც კი რჩება.

ისეთ გამოწვევებს, როგორებიცაა ომი და დაუცველობა, სოციოეკონომიკური სტაგნაცია, მასობრივი ემიგრაცია, სოფლების დაცლა, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების რთული უფლებრივი მდგომარეობა, მეორე მხრივ, საზოგადო და ხშირად ეროვნული მნიშვნელობის წარმატებები – ერთგვარი ტრიუმფალური მომენტები ერთვის. ნინო ჩიქოვანი, ქეთევან კაკიტელაშვილი, ირაკლი ჩხაიძე, ივანე წერეთელი და ქეთევან ეფაძე 2022 წლის საეტაპო კვლევაში საქართველო: ტრავმა და ტრიუმფი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე 90-იან წლებში დამოუკიდებლობის მოპოვებით განცდილ საზოგადო ტრიუმფსა და შემდგომი მრავალშრიანი კრიზისით მიღებულ კოლექტიურ ტრავმებს შორის კონტრასტზე აკეთებენ აქცენტს და ამ პერიოდის სოციოკულტურულ ფენომენთა კვლევისთვის ერთგვარ თეორიულ ჩარჩოს აყალიბებენ. აღსანიშნავია, რომ ტრავმა-ტრიუმფის დიქოტომია არა მხოლოდ 90-იანი, არამედ შემდგომი ათწლეულების ანალიზისთვისაც რელევანტურია.

როგორც 2000-იანი წლების ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისე ამ პერიოდის კინოშიც, აღსანიშნავია ტრავმასა და ტრიუმფს, როგორც ორ ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობას შორის კონტრასტი და ამ კონტრასტში მოძრავი ინდივიდებისა და საზოგადოების ეკრანული რეპრეზენტაცია.

იმის გამო, რომ ტრავმა ადამიანისა თუ სოციუმის ცნობიერებაში ღრმად ილექება და ხშირად ტრავმული გამოცდილება კონკრეტულ აღქმით ორგანოს არ უკავშირდება, კინო, როგორც მულტიმედიური ფორმა, ტრავმაზე სასაუბროდ და მისი ამა თუ იმგვარად აღბეჭდვისა და ინტერპრეტირებისათვის განსაკუთრებულ პლატფორმას წარმოადგენს. კულტურული მეხსიერებისა და ტრავმის ფენომენის გამოხატვის თვალსაზრისით, კინოს დროსთან კავშირიც მნიშვნელოვანია, რადგან, ლუკმანის თქმით, ადამიანის არსი მის დიაქრონიულ იდენტობაშია, რომელიც დროის მსვლელობასთან ერთად იგება (Luckmann 1983). ამასთან, კინო კულტურული მეხსიერების სხვადასხვა თაობაში განსხეულების ძლიერი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს, რამდენადაც იგი ერთ-ერთ იმ ინსტიტუციათაგანია, რომელიც მეხსიერების არეებს ქმნის და, შესაბამისად, კოლექტიურ მეხსიერებას ინახავს, აღქმად ფორმას აძლევს მას.

ამ მხრივ, მნიშვნელოვანია დოკუმენტურ კინოსა და რეალობას შორის კავშირი, რადგან იგი არა მხოლოდ დაკვირვებად ან გონებით განჭვრეტად მოცემულობებს, არამედ გრძნობათა და აღქმათა განზომილებებს, ფსიქოემოციურ, აფექტით დატვირთულ რეალობასაც აღწერს. რამდენადაც აფექტი შინაგან შრეებში ცნობიერს მიღმა არსებულ სხეულებრივ ფენომენად მიიჩნევა, მასზე დაკვირვება და მისი აღბეჭდვა კოგნიტიურ-ლინგვისტური ჩარჩოდან შეუძლებელია. სწორედ აქ ვლინდება დოკუმენტური კინოს, როგორც სხეულებრივ ფენომენთა აღმბეჭდი აგენტის, როლი.

ტრავმა-ტრიუმფის გადმოსახედიდან, 2000-იანი წლების დოკუმენტურ კინოში, ძირითადად, ოთხი თემატური მიმდინარეობა გვხვდება: ომი და მისი შედეგები; პოსტსაბჭოთა პოლიტიკური და სოციოეკონომიკური სტაგნაცია; ემიგრაცია და საზღვარგარეთის გამოცდილება; და ქალების მდგომარეობა პატრიარქალურ საზოგადოებაში.

ომის თემატიკაზე შექმნილი დოკუმენტური კინო, ძირითადად, არა თავად ომით და ომის დროს განვითარებული მოვლენებით, არამედ მისი თანმდევი პროცესებით, ამ პროცესების ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე ასახვის თავისებურებებით ინტერესდება. ნინო კირთაძის „ზოგი რამ საქართველოს შესახებ“ (2010) ერთადერთია, რომელიც თავად ომზე, მის წინამდებარე მოვლენებსა და შედეგებზე კონცენტრირდება და ამ 2008 წლის აგვისტოს სოციოპოლიტიკურ პერიპეტიებს ასახავს. დევნილთა პრობლემებს, მათი ყოველდღიური რეალობის ასპექტებსა და ამ ასპექტების ფსიქოემოციურ განზომილებაზე გავლენას იკვლევს ისეთი ფილმები, როგორებიცაა: „გზავნილი ქართველებს“ (თამარ შავგულიძე, 2005), „ახალი დევნილები“ (ლია ჯაყელი, 2009), „დადუმებულები“ (სალომე ჯაში, 2009), „KNO3 შავი დენთი“ (ნინო ღვედაშვილი, 2009), „ზოგი რამ საქართველოს შესახებ“ (ნინო კირთაძე, 2010), „ცხოვრება – ტრანზიტი“ (თამუნა ჯალაღანია, ვალერი ლეონი, 2010). ეს ფილმები მრავალგვარი გამომხატველობის ხერხებით სწავლობენ ომით დაზარალებულთა ტრავმულ გამოცდილებებს, ამ გამოცდილებათა აფექტურ შრეებს და მათ გავლენას პერსონაჟების პოსტტრავმულ ცხოვრებაზე. 

„ცხოვრება - ტრანზიტი“ [თამუნა ჯალაღანია, ვალერი ლეონი, 2010]

ომის თემატიკით დაინტერესებულ ამ პერიოდის ფილმებში აღსანიშნავია პოტენციური ტრიუმფის ორსახოვნება. იძულებით გადაადგილებული პირები ახალი ცხოვრების დასაწყებად, ერთი მხრივ, ტრავმული გამოცდილების დავიწყებას, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ, მეორეს მხრივ კი აშკარაა ომით დაზარალებულთა დიდი ნაწილის ჟინი, ახსოვდეს და არ დაივიწყოს ის ტრავმა, რომლის გადატანაც მოუწია. ამ მხრივ, დოკუმენტური კინო, როგორც არდავიწყების, დამახსოვრების ინსტრუმენტი, არსებითად ეხმიანება ამ სურვილს და ტრავმულ ფსიქოემოციურ თუ სოციოეკონომიკურ მდგომარეობას კამერაზე აღბეჭდავს და ასე იმახსოვრებს.

იდეოლოგიზებული საზაფხულო ბანაკის მეშვეობით ომის ტრავმის პატრიოტულ სულისკვეთებად გარდაქმნის მცდელობის შესახებაა „ლიდერი ყოველთვის მართალია“ (სალომე ჯაში, 2010). ექსპერიმენტულ ნამუშევარში „ცხელი წერტილები / ეთნოგრაფიული იმპროვიზაციები“ (ვაჟა ზუბაშვილი, 2022) სამხედრო ტრავმა და ომის მძიმე მემკვიდრეობა დღესასწაულით, ერთგვარი ტრიუმფითაა გადაფარული. დღესასწაულსა და ომს, სიმძიმესა და სიმსუბუქეს შორის კონტრასტი ეხმაურება ქვეყანაში იმ დროს არსებული ძალადობით, სამხედრო აგრესიით, უსამართლობით გამოწვეულ გადაღლილობას და ერთგვარ ამოსუნთქვასთან ასოცირდება.

პოსტსაბჭოთა პოლიტიკური და სოციოეკონომიკური სტაგნაციის პერსპექტივიდან შეგვიძლია განვიხილოთ ამ პერიოდის ფილმები, როგორებიცაა „ზაჰესი 708“ (თამუნა ქარუმიძე, 2001), „ჩე...“ (ალექსანდრე ქორიძე, 2003) „Power Trip / გაუნათებელი სინათლე“ (Paul Devlin, 2003), რომლებიც ორი ათასწლეულის მიჯნაზე ტრავმული, ბნელი ოთხმოცდაათიანების გამოცდილებიდან თავის დაღწევის, ახალი საზოგადოებრივი წესრიგის დაწყების სურვილს და ამ სურვილის განხორციელების პროცესს ასახავენ.

„Power Trip / გაუნათებელი სინათლე“ [Paul Devlin, 2003]

სოფლის ცხოვრებას აღბეჭდავენ „უკანასკნელნი“ (ალექსანდრე და რატი რეხვიაშვილები, 2006), და „ხმელეთის 0,074%. სოფელი“ (გელა კანდელაკი, 2007), რომლებშიც ცივილიზაციას მოწყვეტილი, დაცლილი სოფლების ყოფა, იქ მცხოვრებთა ტრადიციები და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება ვლინდება. „მათი ვერტმფრენი“ (სალომე ჯაში, 2006) და „მილსადენი მეზობლად“ (ნინო კირთაძე, 2005) სოფლის მონოტონურ, ერთფეროვან ცხოვრებაში „უცხო სხეულის“ უეცრად შემოჭრას ეთმობა, რომელსაც პირველ შემთხვევაში სოფლის ჩვეულ ცხოვრებაში ახალი ხალისი შეაქვს, მეორე შემთხვევაში კი – თავდაყირა აყენებს. ეს ფილმები ტრავმული წარსულისა და მძიმე აწმყოს გამოცდილებიდან თავის დაღწევის საშუალებად ტრივიალურ ტრიუმფს სახავენ, რომელიც ტრადიციების შენარჩუნებაზე ან ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლენილ რიტუალზე გადის. „მეიდანი სამყაროს ჭიპი“ (დავით ჯანელიძე, 2005) და „ახმეტელის 4“ (არჩილ ხეთაგური, 2007) ქალაქის ცხოვრებაზე, ურბანულ გარემოში მეზობელთა ურთიერთობაზე კონცენტრირდება. პირველ მათგანში ტრავმულ წარსულსა და სოციოეკონომიკური სტაგნაციით მოცულ აწმყოსთან ძველი თბილისის კულტურული მრავალფეროვნებაა შეპირისპირებული, მეორეში კი —მეზობელთა შინაურული ურთიერთობები, რომლებიც მეტაფორა და 2000-იანი წლების ქართული საზოგადოების ერთგვარი სურათხატია.

ემიგრაციასა და საზღვრებიდან გასვლას, როგორც პოსტსაბჭოთა საქართველოს რეალობაში მნიშვნელოვან იმედს, ეთმობა ამ პერიოდში შექმნილი დოკუმენტური ფილმების დიდი ნაწილი.

გარდა ფილმისა „სტიპენდიანტები“ (ალექსანდრე ქორიძე, 2004), რომელიც თბილისის კონსერვატორიის სტუდენტების იტალიაში ცხოვრების გამოცდილებაზე მოგვითხრობს, 2000-იან წლებში ამ თემატიკაზე შექმნილი ფილმები იმედსა და სევდას, ტრავმასა და ტრიუმფს შორის დიქოტომიას ეფუძნება.

ემიგრაციას, ქვეყნის საზღვრებიდან გასვლას, როგორც მიუწვდომელ ოცნებას, ეხმიანება „ალსტრომის სინდრომი“ (ალექსანდრე ქორიძე, 2001) და „რა თქმა უნდა, ამერიკაში“ (ნინო ფურცხვანიძე, პიტერ იან სმიტი, 2009), რომლებშიც საზღვრების გარღვევა ტრავმასა და უიმედობაზე გამარჯვების, ცხოვრების თავიდან დაწყების სინონიმია. განსაკუთრებული ნიუანსურობითაა აღწერილი აშშ-ში არალეგალურად შეღწევის, იქაურ რეალობაში თავის დამკვიდრებისა და ემიგრაციასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული სირთულეების აფექტურ-ემოციური პერიპეტიები ფურცხვანიძისა და იან სმიტის ნამუშევარში.  ამერიკის ციხის უდანაშაულო ქართველ მსჯავრდებულზეა „ამერიკა ერთ ოთახში“ (დავით კანდელაკი, 2007), რომელშიც 90-იანების ტრავმასა და განუკითხაობას გაქცეული კაცის ფსიქოემოციურ პორტრეტსა და მისი მდგომარეობის აბსურდულობას რეჟისორი ოთხ კედელში გამომწყვდეული პერსონაჟის ხმას ნიუ-იორკის კადრებთან სინთეზში აღბეჭდავს.

„ამერიკა ერთ ოთახში“ [დავით კანდელაკი, 2007]

ფილმი „ქალები საქართველოდან“ (ლევან კოღუაშვილი, 2009) აშშ-ში მომვლელად წასული ქართველი ქალების გამოცდილებებზე, შეგრძნებებზე რეფლექსიაა, რომელშიც ზედმიწევნით აისახება ემიგრაციასთან ასოცირებულ ფინანსურ კეთილდღეობასა და იმ მსხვერპლს შორის დუალიზმი, რომლის გაღებაც სამშობლოდან გადახვეწილ და ოჯახს მოწყვეტილ ქალებს უწევთ.

ფილმებში „ხახვის ცრემლები“ (ლევან ღლონტი, 2003) და „ეს გოგონა ჩემია / This Girl is Mine“ (გია ჯანელიძე, 2010) აღსანიშნავია ის აფექტურ-ემოციური კონტრასტი, ერთგვარი გაორება, რომლის წინაშეც სამშობლოდან მოშორებით მყოფი ადამიანი დგას. პირველ შემთხვევაში განსაკუთრებით საგულისხმოა ევროპაში ემიგრირებული მუსიკოსის დედის მონოლოგის სცენა, როგორც თავისებური მეტაფორა ემიგრაციისა და მასთან დაკავშირებული გაორებული, ურთიერთსაპირისპირო და ერთმანეთის გადამფარავი ემოციებით სავსე მდგომარეობისა, რომელიც სევდასა და სიხარულს, ტრიუმფსა და მის თანმდევ სირთულეებს აერთიანებს. მეორე შემთხვევაში რეჟისორი ქართული ყოფის სიმძიმესა და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების წარმატებას შორის დიქოტომიით ინტერესდება, რომლის სწორხაზოვნებასაც ფილმის დასასრულს არღვევს და ამ  დიქოტომიის კომპლექსურობაზე აკეთებს აქცენტს.

2000-იანი წლების ქართული დოკუმენტური კინო ქალების თემით საუკუნის დასაწყისშივე ინტერესდება და ფილმით „მირაჟი“ (ამირან ამირანაშვილი, 2000) ალბათ ყველაზე მივიწყებულ, პატიმარ ქალებს ეხმიანება. ფილმი შინაურული, ფამილიარული კადრირებით აღწერს ქალთა კოლონიის ბინადართა მიერ მათ მძიმე, ტრავმულ გამოცდილებებზე თეატრალური დადგმის საშუალებით გამარჯვების მოპოვების ჟინს. „გემღერებოდეს დედაო“ (ზურაბ ინაშვილი, 2008) სოფლად, ქალაქად, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქალის პორტრეტს ხატავს. ფილმის სამივე ნაწილში აშკარაა ახალგაზრდობის სურვილებისა და ოცნებების განუხორციელებლობის ტრავმა, რომელსაც მასობრივი ურბანიზაციისა და ემიგრაციის ფონზე სოფლებისა და, ზოგადად, ქვეყნის დაცლის სევდა ახლავს თან. მეორე მხრივ, ფილმის სათაური, ისევე როგორც მუსიკალური ჩანართები, მაყურებელს ამ სევდის გაქარწყლების იმედს უსახავს და დედის სიმღერის ხალისს ერთგვარ გამარჯვებად წარმოაჩენს. „ალცნეი“ (ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი, 2009) პატრიარქალურ საზოგადოებაში განსაკუთრებული შუამავლის როლის მქონე უხუცეს ქალზეა, რომლის ცხოვრების საზრისს სხვათა პრობლემების მოგვარება, შუამავლობა წარმოადგენს და რომელიც სხვების სირთულეების დაძლევას საკუთარ ტრიუმფად აქცევს.  

„ალცნეი“ [ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი, 2009]

ფილმში „შინ და უკან“ (ლევან ღლონტი, 2009) ეკრანზე ზედმიწევნითაა ასახული ძალადობრივ, მჩაგვრელ გარემოში გაზრდილი ქალი პერსონაჟის აფექტურ-ემოციური შრეები, პერსონაჟისა, რომლისთვისაც სამყაროს სილამაზის განცდის უნარი ტრავმულ წარსულზე და ამ წარსულით ნასაზრდოებ აწმყოს სირთულეებზე გამარჯვების უალტერნატივო გზაა. პატრიარქალურ სისტემაში ქალების მდგომარეობის კინოს გზით გამოხატვის ფორმებზე საუბრისას განსაკუთრებით აღსანიშნავია რეჟისორ ლია ჯაყელის შემოქმედება, რომელიც რიგითი ქართველი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების ყოფითი და ფსიქოსოციალური მდგომარეობით ინტერესდება.  „უჩინარნი“ (ლია ჯაყელი, 2002) და „მთავარი“ (ლია ჯაყელი, 2007) ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქალთა უხილავ შრომასა და ჩაგრულ, უუფლებო ყოფაზეა. რეჟისორი არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობის საკითხსაც ეხება და ხმაწართმეული ქალების გარდა, მათზეც კონცენტრირდება, ვინც ენის შესწავლით, მჩაგვრელ პატრიარქალურ სისტემასთან შებრძოლებით წარმატებას მიაღწია და საზოგადოებაში თავის დამკვიდრება შეძლო. „რა ვიცი...“ (ლია ჯაყელი, 2004) დაქვრივებული ქალის მაგალითზე, რომელმაც ქმრის გარდაცვალებით მიღებული ტრავმის დაძლევის გზა ორი შვილისა და გარდაცვლილი ქმრის ხსოვნისთვის საკუთარი ცხოვრების მიძღვნაში იპოვა, ქართულ ოჯახს, როგორც ქალის შემზღუდველ ინსტიტუტს წარმოგვიდგენს. ლია ჯაყელი თავის ფილმებში ქალთა აფექტურ-ემოციურ შრეს, როგორც მუსიკალური გაფორმებით, ისე მონტაჟისა და კადრის აგების ხერხებით ავლენს და ქალის, როგორც პატრიარქალური ჩაგვრის ობიექტის პრობლემები განსაკუთრებული ნიუანსურობით გადმოაქვს ეკრანზე. პრობლემები, რომლებიც სოციოპოლიტიკური დისკურსის საგნად იშვიათად თუ იქცევა.

ტრავმა-ტრიუმფის, როგორც სოციოპოლიტიკურ-კულტურული პარადიგმის აქტუალურობა და მნიშვნელობა 2000-იანი წლების ქართულ დოკუმენტურ კინოშიც აშკარაა. განხილული ფილმების უმეტესობა სწორედ სხვადასხვა ფაქტორით განპირობებულ კოლექტიურ ტრავმებს ეხება და ამ ტრავმების გადალახვის, მათზე გამარჯვების აუდიოვიზუალურ თხრობას წარმოადგენს.

ამდენად, ეს ფილმები მეხსიერების არეების როლსაც ითავსებენ, მეხსიერების, რომლებშიც კოლექტიური ტრავმა ხორცს ისხამს და კულტურული გამოხატვის საგნად იქცევა. როგორც ზოგიერთ ფილმში ჩანს, ხშირად ტრავმაზე, საზოგადოებისთვის ნაცნობ ინდივიდუალურ სირთულეებზე გამარჯვება ტრივიალურ, რიტუალურ აქტზე გადის, რასაც კოლექტივი ერთგვარ ფსევდო ტრიუმფამდე მიჰყავს, რომელიც, როგორც წესი, ტრავმულ გამოცდილებას დროებით, ზედაპირულად ამსუბუქებს. სხვა შემთხვევებში ამ ტრავმის გადალახვის, კოლექტიური ტრიუმფის მიღწევის რაციონალური გზებია დასახული, რომელთაც კოლექტივი საერთო კეთილდღეობამდე გაცნობიერებულად უნდა მიიყვანონ. ამ მხრივ დოკუმენტური კინოს მნიშვნელობა მის აფექტურ ბუნებაზე, პერსონაჟთა ფსიქოემოციური მდგომარეობის, მათი შინაგანი განწყობებისა და დამოკიდებულებების აუდიო-ვიზუალური ხერხებით ასახვის უნარზე გადის. ზემოთ განხილული მაგალითები დოკუმენტური კინოს იმ ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც თვითრეფლექსური, ეპისტემოლოგიურად და ესთეტიკურად კომპლექსური სტილით და საკუთარი სუბიექტურობის გაცნობიერებით იკვლევს რეალობას, რაც, თავის მხრივ, ინტერპრეტაციას, კონცეპტუალიზაციას და კომენტირებასაც შეიძლება მოიაზრებდეს. საინტერესო და დღემდე აქტუალური საკითხები და მრავალფეროვანი გამომსახველობითი გზები მივიწყებული 2000-იანი წლების ქართული დოკუმენტური კინოს უფრო ფართო და სიღრმისეული კვლევის საჭიროებას უსვამს ხაზს, რაც დღევანდელ საზოგადოებას ამჟამინდელ სირთულეებთან მიმართებით ჯანსაღი დისკუსიის წარმართვაში დაეხმარება და აწმყოს სირთულეების წარსულის გამოცდილებებთან დაკავშირებაში, მათ კონტექსტუალიზებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

______________________________

ჩიქოვანი, ნინო, ქეთევან კაკიტელაშვილი, ირაკლი ჩხაიძე, ივანე წერეთელი, ქეთევან ეფაძე. საქართველო: ტრავმა და ტრიუმფი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე. თბილისი: სამშობლო, 2022.

Luckmann, Thomas. "Remarks on Personal Identity: Inner, Social and Historical Time." Identity: Personal and Socio-Cultural. Ed. Anita Jacobson-Widding. Atlantic Highlands, NJ: Humanities, 1983.

ავტორი: ლუკა ბედოშვილი

სტატია ნაწილია DOCA - დოკუმენტური კინოს ასოციაციის დაკვეთით მომზადებული კვლევისა “1990-იანი და 2000-იანი წლების ქართული დოკუმენტური კინო”. კვლევის შედეგად თავმოყრილი ფილმების პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ ნოემბერსა და დეკემბერში დოკას კინოკლუბში, კინოთეატრ ამირანში, ყოველ სამშაბათს, 7 საათზე.

კვლევისა და კინოპროგრამის მხარდამჭერია ევროპის ფონდი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა