პროტესტი აფეთქებიდან ბოლო წერტილამდე
23.05.2024 | 15 წუთიანი საკითხავიფიქრები იმაზე, თუ როგორ ან რატომ ჩნდება ინერცია ავტორიტარულ რეჟიმში მცხოვრებ საზოგადოებაში - პარალელები და ანტიპარალელები რეგიონული კონტექსტიდან.
ინტერვიუ მურათ ონოქთან, სტამბოლის კოჩის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორთან, 2013 წლის თურქეთის მასშტაბური საპროტესტო ტალღის შესახებ მაშინ ჩავწერეთ, როცა საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სახელით განსახილველად კვლავ წარმოადგინეს, თბილისი კი საპასუხო მასობრივმა პროტესტმა მოიცვა.
სამოქალაქო საზოგადოება კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას ხელისუფლებისგან შარშანდელი მარტის დემონსტრაციების შემდეგ აღარ ელოდა. მით უფრო, რომ მაშინ პირობა დაიდო: კანონს გაიწვევდნენ და მის განხილვას აღარ დაუბრუნდებოდნენ. ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ კი ხელახლა დარეგისტრირდა კანონი, რომელსაც პროტესტანტებმა „რუსული“ ჯერ კიდევ შარშან დაარქვეს, რადგან, მათი აზრით, კანონის მთავარი მიზანი გამჭვირვალობა კი არა, სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაა.
ჩვენს რეგიონში უხვადაა მაგალითები ისეთი საზოგადოებებისა, რომლებიც თითქმის სრულად გამქრალი სამოქალაქო ინსტიტუციების, რეპრესიების და ავტორიტარიზმთან შეგუების პირობებში ცხოვრობს.
"ფრიდომ ჰაუსის" ბოლო ანგარიშში თურქეთის შესახებ, მაგალითად, წერია, რომ ის ისევ შედის იმ არათავისუფალი ქვეყნების სიაში, სადაც მთავრობის ავტორიტარიზმი იზრდება და „საკონსტიტუციო ცვლილებებით, ოპონენტების დასჯითა და კრიტიკით ძალაუფლების კონსოლიდირება ხდება“ (ფრიდომ ჰაუსი, 2024).
თურქეთში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მმართველობა 2002 წელს დაიწყო. ბოლო მასშტაბური პროტესტი კი ამ ქვეყანას 2013 წლის შემდეგ აღარ უნახავს. მაშინ, სტამბოლის გეზის პარკის გადასარჩენად, ჯერ ქუჩაში ადამიანების მცირე ჯგუფი გამოვიდა, თუმცა, ხელისუფლებამ ისინი ისეთი შეუსაბამო სისასტიკით დაარბია, რომ გეზის მიმდებარე არეალი და სტამბოლის სხვა ცენტრალური უბნებიც უმალ გაივსო მილიონობით დემონსტრანტით. გეზის პროტესტი - ქუჩების დაკავებითა და პიკეტირებით, ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, შემდეგ კი ისტორიაში შევიდა, როგორც უკიდურესად აგრესიული მეთოდებით დასჯილი სამოქალაქო პროტესტი, რომლის მონაწილენიც სასჯელს დღემდე იხდიან.
მურათთან ერთად, გეზის პროტესტის გახსენებით, შევეცადეთ უკმაყოფილების ამოფრქვევის ტრაექტორია დაგვენახა დასაწყისიდან მის ბოლო წვეთამდე.
პ.ს. მურათ ონოკის დახმარებით, ინტერვიუ შევსებულია თურქეთის აკადემიური წრის წარმომადგენელთა კომენტარებით. თავად ონოკის საკვლევი თემებია - სისხლის სამართალი, ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სისხლის სამართალი. ამჟამად ის არის თურქეთის პრესის საბჭოს გამგეობის წევრი და Turkish Penal Law Association-ის წევრი.
...
თამარ ბაბუაძე: მურათ, სტამბოლში 2013 წელს გამართული გეზის პროტესტის დაწყების თარიღი, ცხადია, ცნობილია, მაგრამ პირადად თქვენთვის როდის დაიწყო? გახსოვთ მომენტი, როდესაც იფიქრეთ, რომ რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი იწყებოდა?
მურათ ონოქი: დიახ, ცნობილია მომენტი, როცა პროტესტი ეროვნული მასშტაბის გახდა - მაისის ბოლო იყო, როდესაც მძლავრად იხუვლა. თუმცა მანამდე გეზის პარკში კამპანია დემონსტრანტთა მცირე ჯგუფმა დაიწყო. ისინი გამოვიდნენ ქალაქის ინტენსიური განაშენიანების, მათ შორის პარკებში დაგეგმილი მშენებლობების გასაპროტესტებლად. სტამბოლი დიდი და ხალხმრავალი ქალაქია, სადაც მწვანე ზონების დეფიციტი ისედაცაა. 2013 წელს კი ხმა გავრცელდა, რომ სტამბოლის შუაგულში მდებარე გეზის პარკშიც გეგმავდნენ მშენებლობას, თანაც კანონიერად გამართული სამშენებლო ნებართვის გარეშე, ასევე, იმ ადმინისტრაციული და სასამართლო გადაწყვეტილებების უგულებელყოფით, რომლებიც ამგვარ მშენებლობას კრძალავდა.
თავდაპირველად, დემონსტრანტებმა გეზის პარკში მჯდომარე აქცია გამართეს. პოლიციამ ისინი არაპროპორციული ძალით დაშალა. პოლიცია გამოვიდა სხვა ქალაქებში შეკრებილი ხალხის დასაშლელადაც, მიუხედავად იმისა, რომ იქაც პროტესტანთა რიცხვი იმ ეტაპზე დიდი ჯერ კიდევ არ იყო. სწორედ ამ შეუსაბამო ძალის გამოყენების შემდეგ, ერთი პარკის დასაცავად გამართული აქცია გადაიზარდა მასობრივ ანტისახელისუფლებო პროტესტში, რომელიც ბევრ სხვა ქალაქში გავრცელდა.
Emin Özmen [Magnum Photos]
პოლიციის მიერ აქციის პირველად დარბევისას მე ისევე, როგორც ბევრმა სხვა ადამიანმა თურქეთში, ცოტა რამ ვიცოდით იმ ხალხის შესახებ, რომლებიც გეზის გადარჩენას ცდილობდნენ. სწორედ გადამეტებული ძალის გამოყენებამ მოაქცია გეზი ყველას ყურადღების ცენტრში. ამ დროისთვის, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში, სხვადასხვა მიზეზის გამო, უკვე იზრდებოდა უკმაყოფილება ხელისუფლების და მისი ქმედებების მიმართ. ბევრი ადამიანი იმასაც განიცდიდა, რომ ხელისუფლება ხალხს არ უსმენდა. მმართველი პარტია AKP [1] სულ უფრო შორდებოდა დემოკრატიულ კურსს, სეკულარულ იდეებს და უგულებელყოფდა კანონის უზენაესობას. ვიტყოდი, რომ საპროტესტო აფეთქება გამოიწვია ზოგადად არსებულმა უკმაყოფილებამ, გეზის პარკთან და სხვა მწვანე ადგილებთან დაკავშირებულმა მღელვარებამ და გადამეტებული ძალის გამოყენებამ ერთად. გეზის პარკმა საზოგადოებას გაუხსნა გზა, რეაქცია გამოეხატათ ყველაფერზე, რაც არ მოსწონდათ. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ რეალურად პროტესტის ყველა მონაწილე ხელისუფლების მოწინააღმდეგე არ ყოფილა.
თამარ ბაბუაძე: პროტესტების დროს მოთხოვნები და სლოგანები ხშირად შეცვლილა - ეს ბევრგან გვინახავს. რბილი პოლიტიკური ლოზუნგები თანდათან უფრო რადიკალური და მომთხოვნი გამხდარა და საქმე მთავრობის გადადგომის მოწოდებამდეც მისულა. გეზის პროტესტის დროს ამ უკიდურესი წერტილისთვის არ მიუღწევია ხალხის მოთხოვნას? გახსოვთ ამ ლოზუნგების შინაარსი ახლა?
მურათ ონოქი: რა თქმა უნდა, მთავრობისა და ერდოღანის საწინააღმდეგო ლოზუნგები ბევრი იყო, გადადგომის დაჟინებული მოწოდებებიც ისმოდა. ღვივდებოდა იმედი, რომ ეს პროტესტი „რაღაც დიდში“ გადაიზრდებოდა, შეიძლება ზოგს იმის იმედიც ჰქონდა, რომ ხელისუფლება გადადგებოდა. თუმცა არ მგონია, რომ ხალხს ამგვარი მოლოდინი დასაწყისშივე ჰქონოდა. მეტიც, არც მოგვიანებით წარმოედგინათ კონკრეტული პოლიტიკური შედეგი. ისინი ბედნიერები იყვნენ იმითაც, რომ მთელ მსოფლიოს აჩვენეს მთავრობის მიმართ საკუთარი უკმაყოფილება. ხანდახან გჭირდება პლატფორმა ან არხი საკუთარი ფრუსტრაციის გამოსახატად.
ეს ორთქლის გამოშვებას ჰგავს, რადგან ამ უსამართლობისა და უკმაყოფილებისგან ძალიან გადაღლილი და გამოფიტული ხარ.
ამ თვალსაზრისით გეზი შესანიშნავი პლატფორმა აღმოჩნდა - პროტესტანტებმა დაინახეს, რომ მათი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასობრივ არეულობას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. სოციალურ მედიაში, პარალელურად, „ბოდვები“ ვრცელდებოდა, რომ, თითქოს, თუ პროტესტი კიდევ, განსაზღვრული დღეების განმავლობაში, გაგრძელდებოდა, ხელისუფლებას გადადგომა მოუწევდა, ანდა, მეტიც, კანონის ძალით, ის ავტომატურად გაუქმდებოდა (!). თუმცა, მაინც არ მჯერა, რომ მაშინ, იმ დღეებში, ასეთი სიბრიყვეების იმედი ბევრ ადამიანს ჰქონდა.
თამარ ბაბუაძე: მოდი, დავუბრუნდეთ თქვენს პირად საწყის წერტილს - თქვენ რამ გაიძულათ, შეერთებოდით პროტესტს?
მურათ ონოქი: მაისის ბოლოს, მგონი 31 მაისი იყო, პარასკევი - მშობლიურ ქალაქ იზმირში აკადემიურ ღონისძიებაზე ვიყავი, საღამოს დრო ვიხელთე და კლუბში წავედი მეგობრებთან ერთად. იქიდან რომ გამოვედით, ყური მოვკარით ამბავს მომიტინგეების მიმართ პოლიციის ძალადობის შესახებ. მოვლენები ამის შემდეგ უეცრად განვითარდა: ჩვენ რომ დიდ გამზირზე მოვსეირნობდით, იმ დროს იზმირში ჩვენს სიახლოვეს პოლიცია დიდი რაოდენობით წიწაკის სპრესის იყენებდა მომიტინგეების წინააღმდეგ. მერე გაზიც სწრაფად გავრცელდა და ყველაფერი ქაოსმა მოიცვა. პანიკაში მყოფი ხალხი გაქცევას ცდილობდა. ჩვენ სამნი ვიყავით და ერთ-ერთთან კონტაქტი მალევე დავკარგეთ. ის, თურმე, ამასობაში ცდილობდა სადმე გაფრქვეული გაზისგან თავშესაფარი ეპოვა. სიურრეალურ, შოკისმომგვრელ სიტუაციაში აღმოვჩნდით. იმ მომენტამდე ვერაფრით მივხვდებოდი, რომ რაღაც სერიოზული ხდება.
Emin Özmen [Magnum Photos]
საბოლოოდ, სტამბოლში, გეზის პარკში დაწყებული პროტესტი, არა მარტო იზმირში, არამედ ბევრ სხვა მთავარ ქალაქში გავრცელდა. სტამბოლშიც, დღითიდღე სულ უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ტაქსიმზე მისვლა. მუნიციპალიტეტი ცდილობდა, სატრანსპორტო სისტემის შეფერხებით ამ პროცესისთვის ხელი შეეშალა, მაგრამ - ამაოდ.
ტაქსიმზე რამდენიმე რამის გამო მივედი: მინდოდა დამეცვა გეზის პარკი, რეაქცია მქონოდა ხელისუფლების მიერ საზოგადოების პროტესტის უგულებელყოფაზე, ეს იყო ჩემი პასუხი პოლიციის ძალადობაზეც და ზოგადი უკმაყოფილებაც მქონდა ხელისუფლების მიმართ. მინდოდა სოლიდარობა გამომეხატა იქ მყოფი ხალხის მიმართ...
დაახლოებით, იმავე პერიოდში მოსახლეობის ნაწილს არც ის მოსწონდა, რომ მთავრობა გარკვეულ „ცხოვრების წესშიც“ ერეოდა (მაგალითად, ზრდიდა შეზღუდვას ალკოჰოლური სასმლის მოხმარებაზე).
გეზის დღეებში, თითქოს, ჰაერში ტრიალებდა განცდა, რომ არ შეიძლებოდა, პროტესტის გარეთ დარჩენილიყავი; რომ ვერ მიატოვებდი იმ ადამიანებს, რომლებიც რისკის ფასად იცავდნენ საზოგადოებრივი სიკეთის და სამართლიანობის იდეას.
ხალხის ბრაზს, რა თქმა უნდა, ამძაფრებდა დამამცირებელი ენაც, რომელსაც ერდოღანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებდა - მისი მთავრობა მთელი პროცესის და მასში მონაწილე ადამიანების კრიმინალიზებას ცდილობდა. ვერ ივარგა მეინსტრიმ მედიამაც. მათ სათანადოდ ვერ გააშუქეს საპროტესტო აქციების პირველ დღეები, როდესაც მონაწილეთა რაოდენობა დიდი იყო. ამან აგრეთვე გააბრაზა ხალხი.
თამარ ბაბუაძე: კიდევ რით იყო უნიკალური ის პირველი დღეები, როცა ბრაზი კულმინაციას აღწევდა?
მურათ ონოქი: უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ რისკის და, ასევე, ერთობის შეგრძნება იყო უნიკალური. სოლიდარული მზადყოფნა თუნდაც პოლიციის მხრიდან წამოსული ფიზიკური ძალადობის გასაძლებად, მტკიცე წინააღმდეგობის გასაწევად. იმის დანახვა, რომ ამ ქვეყანაში, თურმე, ძალიან ბევრი ხალხი იყო უკმაყოფილო მთავრობის გადაწყვეტილებებით და ახლა საკუთარ კეთილდღეობას რისკავდა რაღაცის შესაცვლელად. თავისებურ კმაყოფილებას გვგვრიდა იმის გააზრებაც, რომ მთავრობა უკვე შეშფოთებული ჩანდა; რომ შენს ხმას, როგორც იქნა, გაიგონებენ, რომ აიძულებ მთავრობას სულ მცირე, შეგამჩნიოს მაინც.
განსაკუთრებულ იმედს გვაძლევდა იმის ხილვაც, რომ განსხვავებული პოლიტიკური, იდეოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური გამოცდილების მქონე ხალხი ერთად მოქმედებდა.
ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ერთად იყო გეზის პროტესტის მამოძრავებელი ძალა.
თამარ ბაბუაძე: რაღაც ეტაპზე მაინც გაჩნდა განცდა, რომ გეზი რეჟიმის დრამატულ ცვლილებას გამოიწვევდა? საპროტესტო კვირების განმავლობაში მოლოდინები ხომ გეცვლებოდათ?
მურათ ონოქი: როდესაც პროტესტზე გავდიოდი, როდესაც ჩემი მეგობრები გადიოდნენ, არც ერთი არ ვეუბნებოდით ჩვენს თავს, რომ ჩვენს ნაბიჯებს კონკრეტული შედეგები მოჰყვება.
გეზი არ ყოფილა არც ცენტრალიზებული და არც კარგად ორგანიზებული მოძრაობა. მომიტინგეთა უმრავლესობას, მჯერა, არ ჰქონდა ცხადი წარმოდგენა, თუ რა უნდა მოჰყოლოდა მათ აქტიურობას. რადგანაც ყველაფერმა სპონტანურად იფეთქა, წინასწარ შედგენილი სტრატეგიული გეგმაც არავის აღმოაჩნდა. მაგალითად, ხალხის იმ ნაწილმაც კი, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ მთავრობა გადადგებოდა, არ იცოდა, რა უნდა გაკეთებულიყო, თუ გადადგომის მოწოდებას ხელისუფლება არ დათანხმდებოდა. ვფიქრობ, ამ კითხვებზე პასუხები დღესაც არავის აქვს.
არსებობდა იმედი, რომ ეს მასობრივი პროტესტი ახალ პოლიტიკურ გარემოს შექმნიდა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობები ქვევიდან აღმოცენდებოდა, ანდა ოპოზიცია განახლებულ ენერგიასა და ძალას მოიპოვებდა. თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ მართალია, მთავრობა საწინააღმდეგოს ამტკიცებს, მაგრამ სინამდვილეში გეზის პროტესტი სუსტად ორგანიზებული გახლდათ. ისიცაა, რომ პოლიტიკური პარტიები, ამა თუ იმ მიზეზის გამო, სათავეში ვერ ჩაუდგნენ ამ მძლავრ ტალღას.
ხელისუფლებას სჯერა, რომ გეზის მოძრაობას უცხოური ორგანიზაციები აფინანსებდნენ და რომ პროტესტის სხვადასხვა მიმართულების ლიდერები ან პირდაპირ თანამშრომლობდნენ ამ უცხოურ ძალებთან, ან მათ აქტიურობას მტერი ინსტრუმენტად იყენებდა.
დღეს ამ მიზეზით დაკავებულები არიან ისეთი პირები, როგორებიც არიან ბიზნესმენი ოსმან კავალა და პარლამენტის ყოფილი წევრი ჯან ატალაი. თუმცა, ჩემნაირ საშუალო სტატისტიკურ მომიტინგეს მაშინ მათი პროტესტში ჩართულობის შესახებ არაფერი სმენოდა. უხეშად რომ ვთქვათ, მათ დააბრალეს გეზის მოძრაობის ორგანიზებით ხელისუფლების დამხობის მცდელობა.
როცა დრო გავიდა და პროტესტი კვლავ გრძელდებოდა, მეც, სხვა ბევრის მსგავსად, გავაცნობიერე, რომ ამბავი დასრულდებოდა. მხოლოდ იმის მოლოდინი მქონდა, რომ მთავრობა მომხდარს გაკვეთილად მიიღებდა და ამიერიდან მაინც დაუთმობდა მეტ ყურადღებას მოსახლეობის სხვადასხვა ფენიდან წამოსულ აზრებსა და სურვილებს.
თამარ ბაბუაძე: შეგვიძლია ვიფიქროთ ვერსიებზე, თუ როგორ, რა ძალაზე დაყრდნობით, გაგრძელდა გეზი ასე ხანგრძლივად? რა თქმა უნდა, ხანგრძლივი პროტესტის დროს მუშაობს კოლექტიური მუხტი, როდესაც ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და არჩევანი გიჟური კოლექტიური ტალღის ქვეშ იკარგება, მაგრამ, კოლექტიური ბრაზის აფექტის გარდა, კიდევ რის გამო გაძლო გეზის პროტესტმა ამდენ ხანს?
მურათ ონოქი: ამ კითხვის ექსპერტად არ გამოვდგები, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ დემონსტრანტებმა დიდხანს, თითქმის ბოლომდე, ვერ დაინახეს დამაკმაყოფილებელი პასუხი ხელისუფლების მხრიდან. პოლიციამ კი, პირველი დარბევების შემდეგ, ასობით ათასი ადამიანის შეკრებას ხელი აღარ შეუშალა. ხელისუფლება, ვფიქრობ, რომ მიენდო დროის ფაქტორს – ბოლოს და ბოლოს, ხომ დაიღლებოდა ხალხი და პროტესტს შეწყვეტდა?
Lam Yik Fei [Getty Images]
გეზი ხანგრძლივად გაგრძელდა იმიტომაც, რომ ბევრი მონაწილისთვის ეს პროტესტი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. მათი საქმეების დღიურ განრიგში ჩაჯდა. „ნახევრად კომუნალური“ ცხოვრება გაჩაღდა გეზიში - ჩადგეს კარვები, მორიგეობდნენ აქციებზე, თან სამსახურებში დადიოდნენ.
ბევრი ადამიანი კარგ დროს ატარებდა, დღესასწაული იყო იქ ყოფნა, ამაყობდნენ თავიანთი ჩართულობით და ამ მუხტის შესუსტება არ უნდოდათ.
ხალხის მონდომებას და სიმტკიცეს ზრდიდა ის ფაქტიც, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას მსხვერპლი მოჰყვა (პროტესტის განმავლობაში შვიდი ადამიანი გარდაიცვალა). ამის შემდეგ ასე უბრალოდ ვერ დაიშლებოდნენ, სანამ ხელისუფლებისგან არ მიიღებდნენ ადეკვატურ გამოსავალს.
ხალხს აბრაზებდა ისიც, რომ მედია სათანადოდ არ აშუქებდა გეზის ამბებს. თუმცა, ხდებოდა ისეც, რომ ზოგი ცნობილი ადამიანი, ვისაც მედიაში გამოჩენა შეეძლო, საკუთარ სტატუსს და ეთერს, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების წინაშე გამოსვლისას, პროტესტის მხარდასაჭერად იყენებდა. ეს ახალი ტიპის აქტივიზმი იყო. რიგითი მოქალაქეები აქციებს აწყობდნენ იმ მეინსტრიმ მედიის შენობების წინ, რომლებიც არასათანადოდ აშუქებდნენ გეზის პროტესტს (ასეთები იყო Habertürk, NTV, CNN). მაგალითად, პირველ, ყველაზე დაძაბულ დღეებში, CNNTürk-ი ამ მოვლენების გაშუქების ნაცვლად, ვარხვებზე დოკუმენტურ ფილმს აჩვენებდა.
გარდა ამისა, თუ შევადარებთ 1970-იან წლებს, უნდა ითქვას, რომ პროტესტის მეტი მშვიდობიანი მეთოდები განვითარდა. ამის მაგალითებია „მდგომარე კაცი“ (კაცი გაშეშებული დგას პოლიციის წინ); კაცი, რომელმაც პიანინო მიიტანა ტაქსიმზე და იქ უკრავდა; „ქალი წითლებში“ (ქალი წითელი ლამაზი კაბით უბრალოდ სახეს აბრუნებს და თითქმის არ იმჩნევს პოლიციის მიერ გამოყენებულ წიწაკის სპრეის).
გეზის პროტესტისას, ასევე, მოაწვეს სამოქალაქო ფორუმები სტამბოლის სხვადასხვა ნაწილში. თუმცა, ეს ფორუმები დიდხანს არ გაგრძელებულა და არც ნაყოფიერი ყოფილა. მე არ ვმონაწილეობდი, თუმცა, მონაწილეთაგან ვიცი, რომ კონკრეტული მიზანი შეკრებებს არ ჰქონია და ორგანიზებულობაც აკლდა.
თამარ ბაბუაძე: შეგვიძლია, რომ ვცადოთ გეზის პროტესტის კონცეპტუალიზაცია ახლო წარსულის გადასახედიდან? სხვანაირად რომ ვთქვათ, გეზის ხალხს ჰქონდა თუ არა ქუჩის ჯანყის გამოცდილება? წინააღმდეგობის გაწევის ხორცშესხმული კოლექტიური მეხსიერება, რომელიც გეზის დროს გააქტიურდა როგორც, თუნდაც, არაცნობიერად ბიძგის მიმცემი ძალა?
მურათ ონოქი: რა თქმა უნდა, გეზამდე თურქეთს ჰქონდა მასობრივი დემონსტრაციების ისტორია. ზოგიერთი მათგანი სისხლიანი იყო. ასევე, ერთი რამ მინდა ავხსნა. 1980 წლის გადატრიალების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება ცდილობდა, შეექმნა „აპოლიტიკური თაობა“, რათა თავიდან აერიდებინა იდეოლოგიური განსხვავებების გამო შეტაკებები ქუჩებში, რაც 1980 წლამდე ხშირი იყო. ამ თაობისთვის (ქურთების გამოკლებით) გეზის პროტესტი აღმოჩნდა პირველი ქუჩის მოძრაობა, რომელსაც შეუერთდა. ანუ, გეზის დროს დავინახეთ, რომ როდესაც ავტორიტარიზმი და ჩაგვრა იმატებს, ამ (“აპოლიტიკურ”) თაობასაც კი სურს მობილიზაცია და ხმის ამოღება.
პროტესტის გამოცდილება თურქთა შორის არსებობდა, თუმცა, გეზის პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა, დღეების რაოდენობა, გეოგრაფიული არეალი ყველა ამ წინა პროტესტთან მიმართებით შეუდარებელი და ისტორიულია.
საერთაშორისო მედიის გაშუქების მასშტაბიც ახალი იყო. გარდა ამისა, თურქეთში ბევრი შეტაკება მომხდარა ქუჩაში, მაგრამ არ მგონია, რომ გეზის პროტესტამდე შეგვიძლია ვისაუბროთ მთავრობის წინააღმდეგ ზოგად ჯანყზე. სამწუხაროდ გეზის ერთ-ერთი მემკვიდრეობა ისიცაა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა დარწმუნებულიყო, რომ გეზი აღარ განმეორდება.
გეზის ლიდერებად შერაცხული კავალა და ატალაი დღემდე ციხეში არიან. ოსმან კავალა 2017 წლიდანაა დაკავებული გეზის პროტესტის ფინანსური დახმარების გზით მთავრობის დამხობის მცდელობისთვის. 2022 წელს სასამართლომ მას სამუდამო, შვიდ სხვა აქტივისტს კი - 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მისი დაკავება კანონსაწინააღმდეგოა, მაგრამ ჩვენ არ ვასრულებთ ამ გადაწყვეტილებას. ზემოთ აღნიშნულ 7 მომიტინგეს შორისაა კიდევ ერთი აქტივისტი, უკვე ნახსენები, ჯან ატალაი. თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ სამჯერ გამოიტანა გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ და თქვა, რომ უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ თურქეთის საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას და უარს ამბობს გამოშვებაზე. პირველად ხდება ისტორიაში, როდესაც საკასაციო სასამართლო ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს.
გეზის პროტესტს სისხლის სამართლის ბევრის საქმის აღძვრა მოჰყვა (ბრალდებულთა რაოდენობის თვალსაზრისით), როცა მკაცრი სასჯელი გამოიყენეს მონაწილეთა ჯგუფების მიმართ. ასევე, კანონმდებლობაში შეიტანეს ისეთი ცვლილებები, რომ პოლიციის და ადგილობრივი ხელისუფლების ძალაუფლება გაიზარდა. განსაზღვრეს ახალი დანაშაულები, რომლებიც მომიტინგეებს ეხება. გეზის და ტაქსიმის ტერიტორიაზე დემონსტრაციები სრულად აიკრძალა. ამ მიდამოებში პოლიციის დიდი რაოდენობა სულ შესამჩნევია. ძალიან მცირე აქციებიც კი დღეს პოლიციის ზედამხედველობის ქვეშაა.
თუ დემონსტრანტებმა წინასწარ არ შეატყობინეს პოლიციას, შლიან, ხანდახან ფიზიკური ძალის გამოყენებით. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს არაკანონიერი ქმედებაა, რადგან თურქეთის კონსტიტუციის თანახმად, აქციის ჩასატარებლად წინასწარი ნებართვა საჭირო არ არის. თუ დემონსტრაცია „მშვიდობიანია”, ის კანონიერია, შესაბამისად, მისი ჩატარების ნებართვაც უნდა არსებობდეს. თუმცა, პრაქტიკა სხვანაირია თურქეთში.
მნიშვნელოვან დღეებში, როგორიც პირველი მაისის ოფიციალური დღესასწაულია - მშრომელთა და სოლიდარობის დღე – დემონსტრაციები დაშვებულია მხოლოდ ადმინისტრაციების მიერ მონიშნულ პატარა ადგილებში. უფრო მეტიც, პოლიტიკურ განცხადებებში ყოველთვის ძალიან ცხადად და პირდაპირ აფიქსირებენ ხოლმე, რომ მძიმე ფასს გადაიხდის ყველა, ვინც დაგეგმავს ან ჩაერთვება ისეთ მასობრივ გამოსვლებში, რაც მოგვაგონებს გეზის.
ასე რომ, ქუჩაში გასვლა პროტესტისთვის დღეს თურქეთში აღარ მიიჩნევა ეფექტურ საშუალებად. პოლიტიკური დისკურსითა და პროსამთავრობო მედიის ძალისხმევით ხალხში მომწიფდა მოსაზრება, რომ ქუჩის პროტესტი უკანონოა. ფაქტობრივად, ოპოზიციაც კი შეეგუა ამ აზრს. შეიძლება ეშინიათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ასეთ აქციებს აღარ დაუჭერს მხარს, რადგან არალეგიტიმურია. საერთოდ, მეჩვენება, რომ დემოკრატიული მოთხოვნებისთვის ქუჩის დაკავება კრიმინალიზებული და დემონიზებულია საჯარო განხილვებშიც კი.
მთავარი განსხვავება, რაც გეზის შემდეგ შეინიშნება, სწორედ ქუჩის პროტესტის მარგინალიზაციაა. როგორც ჩანს, წარმატებული გამოდგა მთავრობის გეგმა, დაერწმუნებინა ახალგაზრდობა სახელმწიფოს (სინამდვილეში მთავრობის) ავტორიტეტის პატივისცემაში. მაგალითად, გეზამდე ცოტა ხნით ადრე, 2011 წელს, მთავრობამ წარადგინა ახალი შეზღუდვები ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით (უსაფრთხოების ფილტრები და უცენზურო შინაარსის დაბლოკვა). ამას მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი დემონსტრაცია მოჰყვა. დღეს ასეთი დემონსტრაციები აღარ არის ამის მსგავსი ან უფრო შემზღუდველი ქმედებათა წინააღმდეგ. ჩანს, რომ ხელისუფლებამ წარმატებით მოახერხა, ქუჩის აქტივიზმის ხელახლა გამოღვიძებისთვის შეეშალა ხელი - მან ეს მოახერხა იმით, რომ მსგავსი დემონსტრაციები სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ტერორიზმთან გააიგივა.
თამარ ბაბუაძე: კიდევ რა რეაგირება ჰქონდა მთავრობას? თუ ვამბობთ, რომ გეზი ხელისუფლებისთვისაც გაკვეთილი იყო, მაშინ რა იყო მათი საშინაო დავალება გარდა აქტივისტების დაჭერისა, სასამართლო განხილვებისა, გასამართლებისა და დაპატიმრებისა?
მურათ ონოქი: AKP-ს ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი გეზის პროტესტზე ის იყო, რომ ყველაფერი გააკეთა, ასეთი მასშტაბური ქუჩის გამოსვლების გამეორება აღარავის რომ გაერისკა. შესაბამისად, მომიტინგეთა სურვილი, რომ ხელისუფლებას რამე შეესმინა, ვერ შესრულდა. ხელისუფლებამ სმენა დაიხშო.
გეზის შემდეგ რამდენიმე სამართლებრივი ღონისძიება შემოიღეს. დღეს გუბერნატორი გარკვეულ პირობების არსებობისას (როგორიცაა: „მინიშნებების არსებობა, რომელიც აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი წესრიგი ან უსაფრთხოება დაირღვა ან შეიძლება დაირღვეს ისე, რომ შეჩერდეს ან შეწყდეს ჩვეულებრივი ცხოვრება“) უფლებამოსილია, მიიღოს ზომები, მაგალითად, 15 დღით შეზღუდოს გარკვეულ ადგილზე შესვლა ან გარკვეულ ადგილას ან კონკრეტული დროით შეზღუდოს ადამიანებისა თუ მანქანების შეკრება ან მოძრაობა. რომელიმე მათგანის შეუსრულებლობას შეიძლება თავისუფლების აღკვეთა მოჰყვეს.
სხვა კანონის მიხედვით კი, თუ საჯარო დემონსტრაციის მონაწილე ვინაობის დამალვის მიზნით სახეს დაიფარავს, დანაშაულად ჩაითვლება. სასჯელი ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობას ითვალისწინებს. აუცილებელი არ არის ძალადობრივი პროტესტი იყოს, ან რაიმე დანაშაული ჩაიდინოს აქციის მონაწილემ, უბრალოდ ქუჩის შეკრებაზე გასვლა და მასში მონაწილეობა სახის დაფარვით უკვე დანაშაულია.
პოლიციის კანონის შესწორებული დებულების თანახმად, საჯარო საკუთრებაზე თავდასხმის მცდელობის შემთხვევაში პოლიციას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მიენიჭა.
მთავრობის წისქვილზე დაასხა წყალი იმ ფაქტმაც, რომ ყველაზე ძლიერი მედიაჯგუფი Dogan Medya ძალზედ პროსამთავრობო ჯგუფის ხელში გადავიდა. ამან AKP-ს საზოგადოებრივ დისკურსსა და შეხედულებებზე გაბატონების ძალა მისცა.
ახლა გეგმა აქვთ, რომ თურქულ საჯარიმო კოდექსში ჩაემატოს ნაწილი უცხოური უწყების/გავლენის აკრძალვის შესახებ. ამ მუხლების ფორმულირება საკმაოდ მოქნილია, ჯარიმები კი - მართლაც მკაცრი. ეს სულ ახალი ინფორმაციაა, რასაც თურქულ პოლიტიკურ თუ აკადემიურ სივრცეში განხილვა ჯერ არ მოჰყოლია.
თამარ ბაბუაძე: შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი ორი მაგალითი თუ რა მოხდა გეზის შემდეგ. ამას დაჟინებით გთხოვთ რადგან ეს ისეთი დიდი ამბავი იყო, რაღაც პოზიტიური გამოცდილებაც უნდა დარჩენილიყო, რაღაც, რაც სამომავლო აქტივიზმის გამოცდილებას შექმნიდა.
მურათ ონოქი: სამწუხაროდ ამგვარ გამოცდილებაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არ გვქონია. თუმცა მთავარი დემონსტრაცია, რაც გეზის შემდეგ მოეწყო, გახლდათ ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული „სამართლის სვლა“, რომელიც თურქეთის მრავალ ქალაქში ჩატარდა. ეს აქცია 2017 წლის 15 ივნისს დაიწყო ანკარაში და 9 ივლისს დასრულდა. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ 450 კმ გაიარა და მთელი ამ დროის განმავლობაში ათასობით ადამიანი აიყოლია.
იყო რამდენიმე სხვა დემონსტრაციაც. მახსენდება რამდენიმე პროტესტი გარემოს დაცვის საკითხებზე როგორიცაა მაღაროს ან კაშხლების ოპერირების ან ტყის გაჩეხის შესახებ გამოსვლა. თუმცა, თქვენ რომ მიამბობდით “ნამოხვანის პროტესტზე” თურქული კომპანია „ენკას” წინააღმდეგ, ჩვენთან რომელიმე მსგავს პროტესტს არც ასეთი წარმატებისთვის მიუღწევია. ასევე, არ მახსენდება პირდაპირ მთავრობის საწინააღმდეგო რაიმე დიდი პროტესტი გეზის შემდეგ. ერთი ეგაა, ქალთა ორგანიზაციები აქტიურობდნენ ხოლმე ყოველ 8 მარტს, თუმცა ტაქსიმზე მდებარე ისტიკლალის გამზირზე მოწყობილი ღამის აქციის შემდეგ, აღარავის აქვს უფლება, იქ აქციით გავიდეს. ახლა პოლიცია ყოველწლიურად დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმაზე, რომ ამ დღეს ქალებმა ტაქსიმზე ვერ შეაღწიონ.
დამოუკიდებელი მედიის მიერ სიღრმისეული გაშუქებასაც არ შეუძლია პროცესების გააქტიურება. საერთოდ, თურქეთში მედია უკიდურესად პოლარიზებულია.
პროსამთავრობო მედია, რომელიც მთავრობიდან და საჯარო უწყებებიდან ფინანსდებიან, პროტესტის კრიმინალიზებას მყისვე ახდენენ და აჩვენებენ მომიტინგეთა მხოლოდ უარყოფით მხარეს.
მაგალითად, მათ ძალადობას. ოპოზიციური მედიაც ძალიან მიკერძოებულია. ისინი, როგორც წესი, მხოლოდ მთავრობის ქმედებების პრობლემურ მხარეს უსვამენ ხაზს და არ უყურებენ მთლიან სურათს.
მწვავე საკითხებად დგას ჩვენთან ბრალდებები კორუფციის ანდა სახელმწიფო სახსრების არასწორად განკარგვის შესახებ, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, სიმდიდრის არათანაბარი განაწილება და სხვა. თუმცა, ამ საკითხებზე უკმაყოფილებას არ მოჰყვება მასობრივი პროტესტი. და როგორც გითხარით, ხელისუფლება ზრუნავს, რომ ეს არც დაუშვას.
ასე რომ, მე პირდაპირ ვამბობ, ჩვენთან, გეზის მსგავსი აღარასოდეს არაფერი იქნება.
თამარ ბაბუაძე: როდის დასრულდა პირადად თქვენთვის ეს პროტესტი და რა ემოცია მოჰყვა მას - გქონდათ ფრუსტრაციის ან მაინც რაიმეს მიღწევის შეგრძნება?
მურათ ონოქი: ოფიციალურად პროტესტი აგვისტოს ბოლოს დასრულდა. თუმცა პირადად ჩემთვის ივნისში უკვე მორჩა. ეს ის დროა, როცა პოლიცია შემოვიდა და ჯერ გეზი და შემდეგ ტაქსიმი გაათავისუფლა. ეს ის დროცაა, როცა მოძრაობამ ნდობა დაკარგა.
მეც იმ ხანად ქუჩის აქტივიზმიდან სოციალური მედიის აქტივიზმში გადავედი. ყოველ შემთხვევაში, აქციებში ნაკლებად ვმონაწილეობდი.
ჩემთვის ყველაფერი საკმაოდ ნათელი გახდა, აღარ არსებობდა სხვა რაიმეს მიღწევის შესაძლებლობა გარდა იმისა, რომ ქალაქის ცენტრის დაკავება გეზის პროტესტანტებს გაურკვეველი ხნით კიდევ გაეხანგრძლივებინათ. ასევე, ეს პროტესტი ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა პროვოკატორებისთვის და ექსტრემისტული დაჯგუფებებისთვის, შესაბამისად მრავლად იყო ძალადობა, ვანდალიზმი, საჯარო და კერძო საკუთრების დაზიანება, როგორიცაა შუშების ჩამსხვრევა, და სატრანსპორტო მანქანების დაწვაც კი.
Emin Özmen [Magnum Photos]
გეზის შემდეგ ხალხმა დაინახა, რომ საჭირო იყო ამ ტალღის მოქცევა პოლიტიკურ ჩარჩოში. მაგრამ ეს არ მოხდა. პირველი, იმიტომ რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად მოახდინა პროტესტის კრიმინალიზება და ყველას მთავრობის დამხობის დანაშაული მოახვია. მეორე იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიები მოძრაობას მხარს არც უჭერდნენ (ან მხოლოდ ნაწილობრივ უჭერდნენ). ისინიც კი, რომლებიც მხარს უჭერდნენ, ორაზროვანნი იყვნენ, ცდილობდნენ, რომ ზედმეტად არ გამოჩენილიყვნენ მომიტინგეთა მხარდამჭერებად ან საზოგადოების უმრავლესობის თვალში არ დაეზიანებინათ საკუთარი რეპუტაცია.
თუმცა, მაინც მჯერა, რომ გეზის შემდეგ საერთო გრძნობა იყო სიამაყე, რადგან მოძრაობას რამდენიმე ხელშესახები შედეგი ჰქონდა. დაწესებულება, რომელიც გეზის პარკში უნდა აშენებულიყო, ვერ აშენდა და ხეებიც კვლავ დგანან. თან მთავრობას პირველად მოუწია ყურადღება მიექცია ხალხისთვის, რომელსაც იქამდე უგულებელჰყოფდა. ხელისუფლება გვიქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს არ ვარსებობთ, „ჩვენ, მილიონები“ სინამდვილეში უმცირესობა ვართ. შემდეგ კი იძულებული გახდა, გაეთვალისწინებინა ჩვენი ხმა.
თამარ ბაბუაძე: პოზიტიური ცვლილებებისთვის მოტივირებული თქვენნაირი ადამიანები როგორ ახერხებთ ფუნქციონირებას ამ შეზღუდულ გარემოში, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი ქმნის მოქალაქეებისთვის?
მურათ ონოქი: გააჩნია როგორ უყურებ ამ დაბრკოლებებს. მე მებრძოლი ადამიანი ვარ, რომელიც არ ნებდება. მჯერა, რომ როცა იბრძვი, შეიძლება წააგო, მაგრამ ვერაფერს მიაღწევ ბრძოლის გარეშე. სწორი საქმისთვის ბრძოლა გამარჯვების გარანტიას არ იძლევა, მაგრამ უბრძოლველობითა და დანებებით დამარცხება გარდაუვალია. ასე რომ, წარმატების მისაღწევად ერთადერთი გამოსავალი გაქვს - ბრძოლა.
გარდა ამისა, მე იურისტი ვარ და აკადემიას წარმოვადგენ. თურქეთში არსებული ვითარება ნიშნავს, რომ მე უფრო მეტი მაქვს საბრძოლველი და შესაბამისად მეტი რამაა რისი მოპოვებაც შემიძლია, ვიდრე, მაგალითად, ჩემს კოლეგებს დასავლეთ ევროპაში. რადგან მათ უკვე მეტი აქვთ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. მათ არ სჭირდებათ იმდენი ძალისხმევა გასწიონ, რამდენიც მე მჭირდება.
გარემო, რომელშიც ვცხოვრობ, არაა იდეალური, მაგრამ ეს ისაა, რისი გათვალისწინებაც მიწევს. ამ რეალობას ვუსწორებ თვალს და ვმოქმედებ შესაბამისად.
შეიძლება ღირდეს იმის აღნიშვნაც, რომ ბოლო რამდენიმე ადგილობრივ თუ საყოველთაო არჩევნებში მოხალისეთა ძალიან დიდი რაოდენობა ოფიციალურად თუ არაოფიციალურად ასრულებდა თავის მოვალეობას არჩევნების უსაფრთხოების და სანდოობის უზრუნველსაყოფად. ასეთ აქტივობებში მეც მიმიღია მონაწილეობა.
თამარ ბაბუაძე: თქვენი ყოველდღიური ბრძოლისთვის რა არეალი გაქვთ?
მურათ ონოქი: რადგანაც აკადემიაში ვარ, შესაძლებლობა მაქვს ჩავატარო ლექციები უნივერსიტეტში, მოვამზადო პრეზენტაციები მთელი თურქეთის მასშტაბით და ვწერო ამბები, რასაც ხალხი კითხულობს. სოციალური მედია ძალიან აქტიურია თურქეთში. ჩემი როგორც პროფესია, ასევე სოციალური მედია (და ხანდახან ტრადიციული მედია) ყოველდღიურად მაძლევს მოსაზრებების გავრცელების შესაძლებლობას. რადგანაც აკადემიური წოდება მაქვს, ხალხი უფრო მეტად მისმენს, მაგრამ რიგითი მოქალაქეც რომ ვყოფლიყავი, მაინც მექნებოდა მოვალეობა, რომ მესაუბრა იმაზე, რაც სწორად მიმაჩნია. ყველა ჩვენგანს ერთი ხმა აქვს, ყველა ჩვენგანს შეგვიძლია ვესაუბროთ ჩვენ გარშემომყოფებს, რათა ავუხსნათ, რატომ მიგვაჩნია რაღაც სწორად ან არასწორად. არ ველოდები, რომ ხალხი გმირი იქნება. მაგრამ ველოდები, რომ ყველა ინდივიდუალურად ეცდება სწორად მოქმედებას. თუ ყველა ამ ცნობიერებით იმოქმედებს და სუფთა ხელებს შეინარჩუნებს, მაშინ ყველაფერი შეიცვლება.
თამარ ბაბუაძე: ბოლო არჩევნები თურქეთში - რა შეცვალა?
მურათ ონოქი: ერდოღანმა თქვა, რომ ხალხისგან შეტყობინება მიიღო; რომ დაინახა - ხალხს ცვლილებები უნდა. ის ძალიან გამოცდილი და პრაგმატული პოლიტიკოსია. მე ვფიქრობ, რომ იცის, რომ მის მიმართ არსებული კრიტიკის გაანალიზება სჭირდება და რომ სულ უფრო მეტ ადამიანს მართლა სურს ამა თუ იმ საკითხის ძირეული ცვლილება.
მაგრამ რას გააკეთებს ერდოღანი ამ ცვლილების ხორცშესასხმელად? დაუშვებს მეტ დემოკრატიას? თუ ყველაფრის კიდევ უფრო მეტად გაკონტროლებას ეცდება? ფიქციურად შეცვლის მთავრობის წევრებს თუ აპირებს ძირეულ ცვლილებას, მაგალითად, ოპოზიციის მოსმენას, არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის მიღებას?
ბიუროკრატია შეიძლება უფრო გაბედული და მტკიცე გახდეს პოლიტიკის წინააღმდეგ. შეიძლება ამას სასამართლო სისტემაზეც ჰქონდეს გავლენა, სასამართლოზე, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაკლებად აქცევდა ყურადღებას ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
თამარ ბაბუაძე: მართლა ფიქრობთ, რომ ერდოღანს შეუძლია დათმობაზე იმდენად წასვლა, რომ პროცესის დემოკრატიზაცია დაუშვას?
მურათ ონოქი: მოდი, პირდაპირ ვთქვათ. ერდოღანმა თუ ამ არჩევნებზე ხმები დაკარგა, ეს არ მომხდარა დემოკრატიის დეფიციტის ან ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. მას ხმები დააკლდა გაუარესებული ეკონომიკის გამო. თუმცა, მეცნიერები ყოველთვის ამტკიცებენ, რომ ცუდი ეკონომიკა დემოკრატიის და კანონის უზენაესობის არარსებობის პირდაპირი შედეგია. ასე რომ, ერდოღანმა შეიძლება იფიქროს, რომ მას სჭირდება უკეთესი დემოკრატია და მეტი კანონის უზენაესობა სწორედ ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. თუ ამას მიხვდება, მას ყველაფრის შეცვლის შანსი აქვს. მაგრამ თუ ვერ ხედავს მათ შორის კავშირს, მაშინ ძალიან გაუჭირდება ტალღის ცვლილება.
Emin Özmen [Magnum Photos]
მეტიც, არ მგონია, რომ ხელისუფლება პროტესტისა და დემონსტრაციების მიმართ მკაცრ პოლიტიკას შეცვლის. ერდოღანს ახლაც სჯერა, რომ ამ პროტესტების უმრავლესობას მართავს კრიმინალური წრე, რომელიც უცხოეთის ჩარევით მოქმედებს და რომ თურქეთის მტრები ცდილობენ თურქი ხალხით მანიპულირებას. ჩემი აზრით, მას ამ ნარატივის მართლა სჯერა. მაგალითად, ხელისუფლების შიგნით გავრცელებულია იდეა, რომ LGBTQI უფლებებისთვის მოძრაობა გახლავთ დასავლეთის გეგმაა თურქეთის ტრადიციული ოჯახური სისტემის დასანგრევად. ისიც ჩანს, რომ ეს იდეა თურქულ ელექტორატშიც ფესვგადგმულია.
თუ მხარდამჭერების დაკარგვას დაიწყებ, გარკვეულ დათმობებზე უნდა წახვიდე და მიიღო კონკრეტული მოთხოვნები, რომლებსაც ადრე უარყოფდი.
შეიძლება ეს ის პროცესია, რომლის მოწმენიც თურქეთში მალე ვიქნებით. თუ ასეა, ეს ცხადია, ყველას დაეხმარება - ერდოღანსაც და თურქეთის მოსახლეობასაც.
გარკვეული დროის განმავლობაში, AKP ახალი კონსტიტუციის შემუშავებას ცდილობდა. ვნახავთ, ეს ძალისხმევა საკონსტიტუციო რეჟიმის ცვლილებას გამოიწვევს თუ არა. შეეძლება ოპოზიციას ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა? იქნება ახალი კონსტიტუცია ლიბერალური? თუ მთელი ძალისხმევა სინამდვილეში ემსახურება იმას, რომ სისტემა შეიცვალოს ძალაუფლების კიდევ უფრო კონსოლიდაციისთვის? ახლა ასეა - ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ ერდოღანს და მის ახლო გარემოცვას აქვს.
______________________________
[1] AKP აბრევიატურაა პოლიტიკური პარტიისა Adalet ve Kalkınma Partisi, სამართლისა და განვითარების პარტია, რომელიც მათივე აღწერით კონსერვატიულ-დემოკრატიულია და 2003 წლიდან მართავს თურქეთს.
ქავერის ფოტო: Osman Orsal (REUTERS)
გამოყენებული ფოტოები: Emin Özmen (Magnum Photos); Lam Yik Fei (Getty Images)