რისი მძევალია პუტინი?
01.03.2022 | 7 წუთიანი საკითხავი
დიალოგში მონაწილეობენ: არქიმანდრიტი კირილე ჰოვორუნი - სტოკჰოლმის თეოლოგიის სკოლის თეოლოგიის უკრაინელი პროფესორი, თეოლოგიის დოქტორი.
თორნიკე მეტრეველი - რელიგიის სოციოლოგი, სოციალური მეცნიერების დოქტორი, ლუნდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის უკრაინის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი.
თორნიკე მეტრეველი: დღეს ყველა შეშფოთებულია ამ ბარბაროსული თავდასხმებით. და მე მინდა დავინახოთ ამ ომის დინამიკა და უკრაინის ოკუპაცია უფრო გლობალურ კონტექსტში. რას ფიქრობთ რუსულ იმპერიალიზმზე, პუტინის ახლანდელ სტრატეგიებზე?
კირილ ჰოვორუნი: ვისურვებდი, რომ ეს არასდროს მომხდარიყო. ეს ნამდვილად არის ის, რასაც ვერასდროს ვიჯერებდი რომ მოხდებოდა. მედიასაც, რომელიც საკმაოდ კარგად ართმევს თავს ომის გაშუქებას, მაინც არ შეუძლია ბოლომდე აღწეროს ის, რაც ახლა აქ ხდება. შოკისმომგვრელია, ეს ღამის კოშმარია, რომლიდანაც გამოღვიძებას ელოდები. ადამიანებს აქამდე მსგავსი არაფერი გამოუცდიათ. ხალხი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რაშია საქმე. ეს კოშმარი, ალბათ, სულ თან გაგვყვება. შეიძლება ქართველებმა უკეთ გაგვიგონ, ვიდრე ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა. მაგრამ მგონია, რომ დღეს რაც აქ ხდება, ამას ქართველებიც კი ვერ გაიგებენ ბოლომდე.
მედიაში ამბობენ, რომ ეს არის ომი, რომელიც მოულოდნელად დაიწყო. რომ ამას ვერავინ იფიქრებდა. დღეს კი ეს არის ყველაზე ფართომასშტაბიანი და სასტიკი ომი ევროპაში. რა თქმა უნდა, ომი იყო საქართველოშიც და ომი იყო სოხმეთშიც, მაგრამ ამ ომის მასშტაბები ბევრად უფრო დიდია.
ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, ეს ომი არც ისეთი მოულოდნელი იყო. ეს არის კიდევ ერთი ესკალაცია იმ ომის, რომელშიც 2014 წლიდან ვცხოვრობთ. ჩვენთვის ეს არ არის ომის დასაწყისი.
უბრალოდ ეს არის ომის ის საფეხური, რასაც ვერ ვიფიქრებდით, რომ გადავაბიჯებდით. ომის იდეოლოგიური კონტექსტი არ შეცვლილა, არც აქტორები. ისევ არის - პუტინი, ვინც ეს ომი წამოიწყო 2014 წელს და მეორე მხარეს - უკრაინელი ხალხი.
ჩემი ჰერმენევტიკული გადმოსახედიდან, ეს არ არის ომი კლასიკური გაგებით. ეს მაიდანის გაგრძელებაა. მე მას ვუწოდებ: მაიდანს # 3. ასევე შეგვიძლია ვუწოდით მაიდანი # 4, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ მაიდანის ციკლი სტუდენტების რევოლუციით დაიწყო ოთხმოცდაათიანების დასაწყისში. მაშინ სტუდენტებმა გააპროტესტეს კომუნისტური რეჟიმი უკრაინაში და გარკვეულწილად პოლიტიკური კლიმატიც შეცვალეს ქვეყანაში. ამან მისცა ფუნდამენტური ბიძგი საზოგადოებრივ პროტესტებს, მათ შორის იყო 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუცია. შემდეგ 2014 წლის რევოლუცია და 2022 წელს ეს უკვე კულმინაციაა, ამ საზოგადოებრივი მანიფესტაციების აპოთეოზი.
ამ წლების განმავლობაში უკრაინელ ხალხში გარკვეული ტრანსფორმაციები მოხდა, რასაც უფრო ევოლუციად ვხედავ. ამ რევოლუციებს უკრაინელი ხალხის ევოლუციებს ვუწოდებდი. ევოლუცია - დემოკრატიზაციისა და რესპუბლიკის არსის გაგებით, რაც სრულიად ეწინააღმდეგება იმ ავტოკრატულ მოდელს, რომელსაც პუტინის სახელით სთავაზობდნენ ხალხს. ახლა ჩვენ ისევ ამ იდეას ვიცავთ და უკრაინელ ხალხში ისევ ევოლუცია მიმდინარეობს.
მინდა გითხრათ, რომ რელიგია აქაც, ისევე როგორც მაიდანის სხვა სერიებში, დიდ როლს თამაშობს.
თ. მ.: საინტერესო იყო პუტინის გამოსვლაც, სადაც ის რუსულ იდეაში, რუსეთის მსოფლიო როლში სწორედ რელიგიურ კომპონენტებს უსვამდა ხაზს. თქვენს წიგნში საუბრობთ მართლმადიდებლობასა და მართლმადიდებელ პოლიტიკოსებზე. საინტერესოა, როგორ ამართლებენ ისინი ომს? რა იდეას იშველიებენ?
კ. ჰ.: მე ვიტყოდი, რომ პუტინის რეჟიმი არ დაწყებულა ამ იდეოლოგიით. მაგრამ ნელ-ნელა ნათელი გახდა, რომ ეს იდეოლოგია სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო რეჟიმის შესანარჩუნებლად. თავდაპირველად ისევ რუსულ ეკლესიაში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც რუსულ იდეოლოგიაზე საუბარი ხმამაღლა დაიწყეს.
რუსული იდეა იყო, რომ რუსეთია მსოფლიოს ცენტრი, მთავარი ძალა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, ქვეყანა უკიდურესად დასუსტდა. რუს ხალხს აღარ ჰქონდა პასუხი მთავარ კითხვაზე: „რატომ, რისთვის უნდა ვიარსებოთ?“ ხალხს არ გააჩნდა ინსტრუმენტები, არავინ ჰყავდა, ვინც ქვეყანას გაძლიერებასა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ინტეგრაციაში დაეხმარებოდა. საზოგადოება ასეთი არჩევანის წინაშე დადგა: ან ასეთ ქვეყანაში უნდა ეცხოვრათ, ან წასულიყვნენ პერიფერიებში, ან სხვა ქვეყნებში და იქედან ყოფილიყვნენ რუსული ცივილიზაციის ნაწილი. ბოლოს კი გადაწყვიტეს, რომ რუსულ ცივილიზაციას გადასარჩენად მაინც ტრადიციული ძალის გამოყენება სჭირდება.
ესაა ძალა, რომელიც პერიფერიებში, ან შესაძლოა რუსეთის ფარგლებს გარეთაცაა კონცენტრირებული. რუსებს უნდა დაებრუნებინათ ქვეყნისთვის პოტენციალი, შესაძლებლობა, რომ რუსეთის არსებობას მსოფლიოში ისევ მისცემოდა აზრი.
თუმცა, 2000-იან წლებში რაღაც დაემართა ამ იდეოლოგიას, სრულიად ახალი დინამიკა შეიძინა - ცენტრიფუგური. ხალხმა დაიწყო იმის დაჯერება, რომ პერიფერიები არ წარმოადგენენ რუსეთის ცივილიზაციის მთავარ ძალას. მთავარი ძალა - ესაა ცენტრი, ხალხი, რომელიც ცენტრში ცხოვრობს. მხოლოდ მათ შეუძლიათ ახალ იდეებზე მუშაობა და ძალის თუნდაც დასავლეთისკენ მიმართვა. სურდათ რუსული ღირებულებები მთელს მსოფლიოში გაევრცელებინათ. ეს რუსული სამყაროს მთავარ იდეად იქცა. ამ ტრანსფორმაციაში გადამწყვეტი როლი ჰქონდა რუსულ ეკლესიას. ახლა, როცა იდეოლოგიამ დინამიკა და მიმართულება შეიცვალა, ეს უფრო საშიში გახდა. დღეს ეს არის ახალი იმპერიალისტური იდეის და პროექტის მატარებელი ქვეყანა.
2000-იანების დასაწყისში მე მყავდნენ მეგობრები, ვინც ამ იდეოლოგიას უჭერდნენ მხარს. ეს საკმაოდ ლიბერალური და გონებაგახსნილი ხალხი იყო. ისინი ახლაც ასეთები არიან. უბრალოდ, ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო ლიბერალურ იმპერიას რომ ადვოკატირებდნენ. მათ თან უნდოდათ ყოფილიყვნენ ლიბერალურები, მაგრამ თან უნდოდათ, რომ იმპერია შეექმნათ.
სწორედ ამ იდეის განვითარებას ვაკვირდებით დღეს, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ჩნდება, მათ შორის ეკლესიაშიც: როცა გინდა იყო ლიბერალური, მაგრამ თან გინდა იმპერია გქონდეს.
რაც პუტინის რეჟიმი კიდევ უფრო კონსერვატიული გახდა, რუსულმა ეკლესიამ მისი იდეების გაზიარება დაიწყო. იმავე აზრებს არტიკულირებენ და იმავე ღირებულებებს ერთგულებენ. ესაა ერთგვარი სულიერი სტაბილურობა, რომელმაც რუსული საზოგადოება გააერთიანა. უბრალოდ, ამ იდეების გასავრცელებლად მათ დასჭირდათ (სსრკ-ს) ტერიტორიის განახლება - რუსეთის ახალი იმპერია. სწორედ ეს არის ყველა ამ ელემენტის კომბინაცია. რუსული იდეოლოგია, რომელიც ადრე საკმაოდ ლიბერალური იყო გახდა კონსერვატიული. დღეს ეს იდეოლოგიური მექანიზმი კულმინაციაშია. პუტინიც იყენებს მას. რაც მეტად კონსერვატიულია რუსული რეჟიმი, ეკლესიაც უფრო მეტად უჭერს მას მხარს. დღეს ეკლესიაც რეჟიმის ღირებულებებს არტიკულირებს.
მოკლედ, ახალი იმპერიის შექმნის იდეა, რომელიც თავდაპირველად საკმაოდ ლიბერალური ჩანდა, დღეს კონსერვატიული დღის წესრიგის ფუნდამეტია. ამ ახალ, კომპლექსურ, იდეოლოგიურ მექანიზმს იყენებს დღეს პუტინი საკუთარი მიზნების მისაღწევად.
თ. მ.: მე სულ მაინტერესებდა, როგორი ადამიანები მართავენ ამ სისტემას. მაგალითად როგორი ტიპის ქრისტიანია პუტინი? ეკლესიის გარემოცვიდან როგორი ადამიანები არიან პუტინთან ყველაზე დაახლოებული პირები? რას ფიქრობენ, როგორ აზროვნებენ ეს ადამიანები?
კ. ჰ.: მიუხედავად იმისა, რომ პუტინს პირადად არ ვიცნობ, მგონია, რომ მას არც შესაძლებლობა აქვს და არც სურვილი გაამჟღავნოს რეალურად რისი სწამს. მე მგონია, რომ საერთოდ არაფრის არ სწამს. ბოლო ხანებში გამოჩნდა, რომ ის კომუნისტური იდეოლოგიითაც კი იმედგაცრუებული იყო. ამ დროს კომუნისტური პარტიის წევრი იყო. მაგრამ როგორც ყველა პატარა წევრს, არც მას სჯეროდა ბოლომდე იმ იდეალების. მისი იმედგაცრუების გამომჟღავნების მაგალითი იყო თუნდაც 2022 წლის 21 თებერვალი, უკრაინაში შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთებული განცხადება. მაშინ მან დიდი ლექცია წაიკითხა იმაზე, თუ რა როლი უკავია რუსეთს მსოფლიოში. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა შესაძლებლობა გვქონდა მის ტვინში ჩაგვეხედა. გამოამჟღავნა, რომ ეზიზღება კომუნისტური იდეოლოგია. ჩემი აზრით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას არ სწამდა არანაირი იდეოლოგიის. თუმცა, შემდეგ, ჩემი სუბიექტური აზრით, კვლავ დაუბრუნდა იდეოლოგიურ აზროვნებას და ამაში დიდი წვლილი ეკლესიამ შეიტანა. მას ახლა რაღაც დოზით სულიერება გააჩნია.
როგორც ხალხი ამბობს, მისი სულიერი მამა მოსკოვის ახლანდელი მიტროპოლიტი იყო. თუმცა, თავად პუტინს ეს ღიად არასდროს უთქვამს. ჩემი აზრით, პუტინის სურვილი - დაბრუნებოდა სულიერებას და ნაწილობრივ მართლმადიდებლობას - იმაზე მიუთითებს, რომ მას ისევ დასჭირდა იდეოლოგიები. ეს ყველაფერი კი მოხდა რუსეთის ეკლესიის მაღალი იერარქიის პირების ჩარევით. მე მჯერა, რომ ერთ-ერთი პატრიარქი კირილია. ადამიანი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა რუსული სამყაროს იდეოლოგიის შექმნაში, მის რეკონსტრუქციაში, პოლიტიკური ისტაბლიშმენტისთვის ამ იდეოლოგიის შეთავაზებასა და დაჯერებაში. დღეს ეკლესიაა რუსული იდეოლოგიის მთავარი მოთამაშე.
თ. მ.: ყველა ამბობს, რომ ეს არაა ომი მხოლოდ უკრაინასთან. აქ უკვე საუბარია ადამიანის უფლებების დაცვაზე მთელ მსოფლიოში. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ შემდეგი ომი არ დაიწყება ვარშავაში, ან თუნდაც სტოკჰოლმში. რას შეცვლის ეს ოკუპაცია, თქვენი აზრით მსოფლიო პოლიტიკაში?
კ.ჰ.: მე ვფიქრობ, რომ პუტინი საკუთარ თავს ხედავს, როგორც გლობალურ აქტორს. ამაში ვერავინ შეეწინააღმდეგება. მას ისტორიის თავისი ფოლოსოფია აქვს. მას საკუთარი ისტორია აქვს და ყველაფერს უყურებს ისე, როგორც ის ხედავს ამ ისტორიას. ეს ძალიან საინტერესო პერსპექტივაა. ის თავის თავს უყურებს, როგორც ისტორიულ ფიგურას. თითქოს ისტორიას თავისი დაწერილი წიგნიდან კითხულობს. ამიტომაც ის თავისივე ხედვის მძევალია. და მაინც, როგორია ეს ისტორიის წიგნი? ეს ისევ შეგვიძლია შევაჯამოთ პუტინის 21 თებერვლის გამოსვლიდან. ისტორია, რომელსაც ის ჰყვება, ძალიან ჰგავს წმინდა წიგნიდან ამონარიდებს. მაგალითად, პავლეს მიმართვას ქრისტიანებს, სადაც ის ამბობს, რომ ეს ომი კი არ არის მსოფლიოს წინააღმდეგ, არამედ ეს არის ბრძოლა ბოროტების, დემონების წინააღმდეგ. ის თითქოს აგრძელებს მის ხაზს, ან ილინის ხაზს, რომელსაც ძალიან აფასებდა.
თ.მ.: ტიმ სნაიდერი ამბობს თავის წიგნში ილინზე, რომ ფილოსოფოსს ილინს უდიდესი გავლენა ჰქონდა პუტინის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. თქვენ იცნობთ ილინის შეხედულებებს ფაშიზმზე, ნაციონალიმზე, როგორ ფიქრობთ, როგორია მისი გავლენა პუტინზე?
კ.ჰ.: რასაც პუტინი აკეთებს და ფიქრობს, ძალიან ზედაპირული და ფრაგმენტულია. მას საერთოდ არ აქვს ჰუმანიტარული მეცნიერებების ცოდნა. საერთოდ, ჰუმანიტარული განათლება ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში ხელისუფლებაში მოდიან პუტინის მსგავსი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ჰუმანურობის გარეშე სამყაროს ფუნქციონირების. ილინი მართლმადიდებელი მოაზროვნე იყო და ის სულაც არ იყო უნიკალური. მას რუსეთის მეოცე საუკუნის 30-იანი წლების რელიგიურ ფილოსოფოსებს და პოლიტიკურ თეოლოგებს ვამსგავსებ. იმ დროს ბევრ პოლიტიკურ თეოლოგს სწამდა, რომ „მემარცხენე კორუმპირებული იდეოლოგიები“, სოციალიზმი და კომუნიზმი მალე ჩამოიშლებოდა. ისინი მათ ალტერნატივებს ეძებდნენ. ილინი კი ამბობდა, რომ არ არსებობდა ერთი უნივერსალური პოლიტიკური მოდელი, რომელიც ყველა ქვეყანას მოერგებოდა. ყველა ქვეყანას თავისი ინდივიდუალური მოდელი აქვს საძებნელი. რუსეთისთვის ეს მონარქიული მოდელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის არ საუბრობდა მონარქიის მემკვიდრეობით გადაცემის წესზე. ის გულისხმობდა ერთ ადამიანს, ვისაც აირჩევდნენ დემოკრატიულად (მაგალითად ჰიტლერი) და გადასცემდნენ ძალაუფლებას. ეს მოსაზრებები და ასევე რელიგიური იდეები პუტინს დაეხმარა თავისი ხედვის ჩამოყალიბებაში, რომელიც შეიცავს რელიგიის, პოლიტიკის, ფილოსოფიის, ისტორიის ელემენტებს და ის ძალიან ეკლექტურია. ილინთან ერთად, პუტინს ყველა სხვა რელიგიური ფილოსოფიის ძალიან ზედაპირული გაგება აქვს. თუკი ოდესმე დაიწყებთ იმის გაანალიზებას თუ რისი სწამს და რისი სჯერა მას, მიხვდებით, რომ ეს უბრალოდ ნონსენსია. ის პოპულისტია. თავიდან ხალხს მოევლინა, როგორც გადამრჩენელი, განმანათლებელი, ვინც იცის საქმის სწორად კეთება, იცის რა უნდა ხალხს და არავის მისცემს იმის უფლებას, რომ მის ხალხს რამე დაუშავოს.
შემდეგ შეიცვალა როლი და თქვა: კარგით, თუკი გინდათ ვიყო დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, ვიქნები. ვილაპარაკებ მათ ნაცვლად და დაგიცავთ თქვენ. სინამდვილეში პუტინს არასდროს ჰქონია დიდი წარმოდგენა თავის ხალხზე. მაგრამ შემდეგ უცებ ისევ ყველაფერი შეიცვალა და თუკი თავიდან ფიქრობდა, რომ დასავლეთი რუსეთზე ბევრად უკეთესი იყო, ახლა საპირისპიროს ამბობდა: რომ დასავლეთი რუსეთზე უარესია. სწორედ ამას იზიარებდა ილინიც. სწორედ ამას აკეთებს ახლა რუსეთი უკრაინაში. მას ჰგონია, რომ უკრაინა დასავლეთის ხაფანგში მოჰყვა, უკრაინა ისევ რუსეთის ნაწილად მიაჩნია, რომელიც ხელიდან უნდა გამოსტაცოს დასავლეთს.
რასაც ახლა პუტინი ებრძვის ეს საკუთარი თავის ძველი ვერსიაა, რომელსაც უნდოდა რუსული ცივილიზაცია ახლოს ყოფილიყო დასავლეთთან. შესაძლოა პუტინს ახლა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება სურს.
თ. მ.: რა იქნება მომავალში? არავის ეგონა, რომ ეს მომენტი დადგებოდა. პუტინი იდეებით შეპყრობილი ადამიანია. ის სუპერპრაგმატული და ამავდროულად არაპროგნოზირებადი აქტორია. რა შეიძლება იყოს დასასრული? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
კ.ჰ.: რამდენიმე ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. შესაძლოა, რუსეთი დასჯერდეს უკრაინის სამხრეთს და არ იბრძოლოს დასავლეთი ნაწილისთვის. თუმცა ახლა ის დასავლეთსაც ბომბავს. მაგალითად, ჩემი ოჯახი ახლა პოლონეთის საზღვართან ახლოსაა და ისინი სულ თავშესაფრისკენ გარბიან, რადგან განგაშის ზარები ირთვება ქალაქში. მათ არ იციან რა მოხდება უახლოეს მომავალში. შესაძლოა რუსეთის თვითმფრინავებმა NATO-ს საზღვარი გადაკვეთონ. გეთანხმები, პუტინი პრაგმატულია. ის ფატალისტია, რომელსაც აქვს ყველაფერი, ბოლოს კი თვითონ ინადგურებს თავს და ანადგურებს გარშემო ყველაფერს.
პრობლემა ის კი არაა, რომ პუტინი იდეოლოგიებს ქმნის. არამედ პირიქით, იდეოლოგიები აკონტროლებენ მას. ამიტომაა საშიში. მაგრამ თუკი მის იდეოლოგიას შევაფასებთ და კარგად შევისწავლით, მისი პროგნოზირება უფრო მარტივი იქნება.