
როგორ იწყება და სად ჩერდება პროტესტი – აუდიტორია 115
15.02.2019ნათია ქარჩილაძე
პროტესტი სპონტანურად დაიწყო. ათასობით სტუდენტი 115-ე ოთახში ერთდროულად ბევრმა მიზეზმა შეგვკრიბა.
უკეთესი ხარისხის განათლებას, სტუდენტურ საცხოვრებლებს ვითხოვდით, უნივერსიტეტში კლანურ მმართველობას და სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის ზრდას ვაპროტესტებდით.
კანცლერის არჩევნებიც მოდიოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, სტუდენტური თვითმმართველობები რეჟიმის მთავარი დამცველები იყვნენ. იმ პოლიტიკას ვაპროტესტებდით, რომელიც პრივილეგირებულებსა თუ ხელშეუხებელ კადრებს ქმნიდა.
სტუდენტური თვითმმართველობა წლების განმავლობაში თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. სანაცვლოდ, კი, ხელისუფლება მისგან ლოიალობას მოითხოვს. ამ სისტემის მიზანიც ესაა, უნივერსიტეტებში სტაბილურობა შეინარჩუნოს, სტუდენტები ჩართოს სხვადასხვა აქტივობაში, რომელიც გაურკვეველ მიზნებს ემსახურება და, საბოლოოდ, ხელი შეუშალოს სტუდენტების პოლიტიზებასა და შემდეგ წინააღმდეგობას.
თუმცა, მოძრაობა ნელ-ნელა უფრო სისტემურ პრობლემებზე გადაერთო და მოძრაობის მემარცხენე იდეოლოგიაც ღიად დაფიქსირდა. სწორედ ამ დროს „აუდიტორია 115“ ღიად გამოდის შრომითი ექსპლუატაციის, ღირსეული შრომითი პირობების არარსებობისა და მსგავსი პრობლემების წინააღმდეგ. სწორედ ამ მიმართულების გამო მოძრაობა ბევრმა წევრმა დატოვა. თუმცა ვერც ერთმა სტუდენტურმა მოძრაობამ ვერ მოახერხა იმდენი ადამიანის მობილიზება ჩვენთან, რამდენიც „აუდიტორია 115“-მა. ბოლოს კი პროცესი მაინც ჩიხში შევიდა. ჩავარდა სტუდენტური თვითმმართველობის შეცვლის შესახებ კანონპროექტი, არ შეიცვალა შრომის ინსპექციის არსებული მოდელი და ა.შ. და, საბოლოოდ, პროტესტის მუხტი შესუსტდა, მოძრაობა ვეღარ განვითარდა.
გიორგი არობელიძე
2016 წლის თებერვალში ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ – უკეთეს შრომით პირობებსა და ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვდნენ. მეშახტეებს სოლიდარობა სტუდენტებმა გამოუცხადეს. ათობით სტუდენტი ტყიბულში ჩავიდა და 16 დღე მეშახტეების გვერდით იდგა. პირდაპირი კავშირი თითქოს არ არის ტყიბულის მოვლენებსა და უნივერსიტეტს შორის, მაგრამ ვფიქრობ, ის პროტესტი იყო მთავარი სტიმული, რამაც ერთი წლის შემდეგ „აუდიტორია 115“ შექმნა.
მოძრაობა აქცენტს აკეთებდა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზეც. იმართებოდა აქციები შრომითი უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით, ბანკების კაბალური პირობების, პოლიციური სისასტიკის, გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. ვცდილობდით, ყველგან ვყოფილიყავით, სადაც ადამიანებს უსამართლოდ ექცეოდნენ.
თუმცა ბევრი რამეც გვიშლიდა ხელს. მთავარი ალბათ მაინც ის იყო, რომ ვერ მოვახერხეთ სხვა სტუდენტებთან ურთიერთობა – მოძრაობაში არ გვემატებოდნენ ახალი წევრები. ჩვენ გვინდოდა, ყველგან ვყოფილიყავით, ამ დროს, არ გვქონდა საკმარისი რესურსი.

ლევან ლორთქიფანიძე
მოძრაობის შეწყვეტას ბევრი მიზეზი ჰქონდა. უპირველესი მიზეზი, რუტინული მუშაობისა და შრომის არარსებობა მგონია. მოძრაობა ემოციურ ტალღაზე, ქუჩაში ბრძოლის საფუძველზე იწყება. მხოლოდ ქუჩაში მოქმედებებით დიდხანს ვერცერთი მოძრაობა ვერ გაძლებს. აუცილებელია ხედვების დამუშავება, დისკუსიების წარმოება, საერთო დასაბუთებული პოზიციების გამოქვეყნება, ახალი წევრების მოზიდვა და ა.შ. ჩვენ ვერ მოვახერხეთ დროისა და ფუნქციების სათანადოდ განაწილება, მშვიდ გარემოშიც რომ შეგვენარჩუნებინა მოძრაობა. ბევრი ჩვენი აქტივისტი დაიღალა და გადაწყვიტა, მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადასულიყო. ზოგიერთმა ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა, ვიღაცებმა სახელმწიფო სამსახურში დაიწყეს მუშაობა, ერთეულებმა უნივერსიტეტთა ადმინისტრაციაშიც კი მოახერხეს დაწინაურება. პარალელურად, სახელმწიფოს იდუმალებით მოცული სამსახურები, მეინსტრიმ მედია და პოლიტიკოსები მუდმივად მუშაობდნენ ჩვენს დისკრედიტაციაზე.
დიდი სტუდენტური მოძრაობები ძირითადად კეთილდღეობის სახელმწიფოებში იქმნებოდა. დიდი სტუდენტური მოძრაობის შესაქმნელად აუცილებელია, რომ სტუდენტებს სწავლის ქირის გადახდისთვის ყოველდღიური მონური შრომა არ უწევდეთ, ცალკე დროსა და ენერგიას არ ხარჯავდნენ ბინის მოსაძებნად და შესანარჩუნებლად. ჩვენთან კი მომსახურების სფეროში 10-საათიანი მუშაობაც არ ტოვებს რესურსს მობილიზებისთვის.
მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენი თაობის სტუდენტობას უმცროსკურსელები ჩაანაცვლებდნენ. საუბედუროდ, ვერ მოვახერხეთ იმდენი უმცროსკურსელის შეკრება, რომ ჩვენი უხეიროდ დაწყებული საქმე მათ გაეგრძელებინათ.
გვანცა ხონელიძე
მოძრაობას ძალა გამოეცალა პირველ რიგში ზოგადი უკმაყოფილების გამო, რომელიც არა მხოლოდ უნივერსიტეტის კედლებში, არამედ სახლში, ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგადად, ქვეყანაში ჩნდება. ესაა მძიმე სოციალური სასოწარკვეთილების მდგომარეობა, როდესაც ერთადერთი სტაბილური საკუთრება შენი აზროვნებაა, დანარჩენი ყველაფერი ორთვიანი სამსახურივით წარმავალი და შფოთის მომგვრელია. ეს ახალგაზრდები ამ სასოწარკვეთილებით მოვიდნენ უნივერსიტეტის კედლებში და ამ ყველაფერმა ვერ შეძლო კონკრეტულ მოთხოვნებამდე დახურდავება.
ჩვენ მუდმივად ვიმეორებდით, რომ ვიყავით მორალური კომპასი საუნივერსიტეტო პროტესტისას, რუსთავის აზოტის პროტესტისას, რომ ჩვენ გამოფხიზლების და სამართლიანობაზე აპელირების მისია გვქონდა. ეს გრძელვადიან მომენტებში დიდ ჩავარდნებს და კრიზისებს იწვევდა. ჯგუფი აიდეალებდა „ყველამ ერთად ვაკეთოთ საქმე“-ს და უკიდურესად ძალაგამომცლელ საერთო კონსენსუსს ყველა თემაზე. იმის მაგივრად, რომ გვყოლოდა საკითხებში განსწავლული ორგანული ლიდერები, პატარა სამუშაო ჯგუფები, გვეკითხა და გველაპარაკა არა მხოლოდ იდეალების, არამედ ყოველდღიური რეფორმის ენით.
მიზეზები, თუ რატომ ვერ გადაიქცა აუდიტორია დიდ სტუდენტურ მოძრაობად, იმაში უნდა ვეძებოთ, რომ არსებობს ფსევდოღირებულებითი დაპირისპირებები და ამოკითხულის უკონტექსტოდ განხორციელების პრობლემა. ამ ჯგუფს ეშინოდა ლიდერების წარმოების, ეშინოდა სხვადასხვა ჩაგრულ ჯგუფთან (ლგბტქ და ქალები) ღიად აფილირების, ეშინოდა ფინანსების მოძიების, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავი საქმეს რომ მიუძღვნა. ეშინოდა ყველაფერ იმის, რაც შეიძლება მემარცხენე ჯგუფების გარდა სხვა, ლიბერალურ ჯგუფებს ახასიათებდეს. თითქოს, იყო მემარცხენე, უნიკალური საიმიჯო მდგომარეობაა და არა იდეა, რომლის განხორციელებას რესურსები და მეინსტრიმში ამოსვლა სასიცოცხლოდ სჭირდება. თითქოს ჩაგრულ ხალხთა ჯაჭვს კი არ ვქმნიდით, რომელშიც მუშა, დიასახლისი, ტრანსი სექსმშრომელი, სტუდენტი იდგებოდნენ, არამედ რეალობის მრავალფეროვან კომპოზიციას უძველეს, მარტივ მოდელს ვარგებდით, რომელშიც მხოლოდ ერთსახოვანი მშრომელი და საწარმოს მეპატრონე არსებობს.
ფოტო: სოფო აფციაური