ნერვების მომშლელი ლექსები | საუბარი ლია სტურუასთან
გამომცემლობა „ინტელექტმა“ ლია სტურუას ახალი კრებული გამოსცა. გარეკანზე „შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსი“ აწერია და შიგნით ასეთს არაერთს ნახავთ. საერთოდაც, მისივე სიტყვებით, ეს და ყველა სხვა ლექსების კრებული, მთლიანად პროვოკაციაა, შიგადაშიგ გაბნეული ხისტი სიმართლით, სევდით, დამაჯერებელი კატეგორიულობით და ძახილის ნიშნებით.
ძახილის ნიშნის დასმა ყველას შეუძლია, თუმცა დრო და გამოცდილება მას უფრო ლეგიტიმურს ხდის, ამიტომ ის აქ არ არის მხოლოდ სასვენი ნიშანი.
ამ წიგნიდან ჩაჭრილი სატელეფონო ხაზების შიშინი ისმის და უწყვეტი ანალოგური სიგნალი. მისი ლაპარაკი ცალმხრივია, ხან მშვიდი, ხან ნერვული, ხან დაყვავებული და ხანაც დაჟინებული.
ერნესტო კარდენალი „მერილინ მონროსთვის ლოცვაში“ წერს: „სულ ერთია, ვინ არის იგი, ვისთვისაც მას სურდა დაერეკა და ვერ დაურეკა... სულერთია: შენ აიღე, უფალო, ყურმილი!“
ლია სტურუას მის ახალ კრებულზე თავის სახლში საათზე მეტხანს ვესაუბრე.
ღმერთს ყურმილი არ აუღია.
- „შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსი“ – თქვენი გზა დაიწყო ასეთი შეფასებით. ეს გაგრძელებაა თუ გახსენება?
პოეზია საერთოდ პროვოკაციაა. პოეზია არის ტყუილი სიმართლე, მხატვრული ტყუილი. როცა ადამიანი ხელოვანია, ხელობაც კარგად უნდა იცოდეს, ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული ლექსი უნდა წეროს, მაგრამ თუ ეს პროვოკაცია არ შეუძვრა თავში, ცოტა გიჟური რაღაც თუ არ გააკეთა, ის ლექსი გულზე ხელს არ მოგკიდებს და მუსიკასთან არ მიგიყვანს.
დონ კიხოტი რომ ქარის წისქვილებს ებრძვის, პროვოკაცია არ არის? რასაც ჰამლეტი აკეთებს, ხაფანგის სცენა რომ გავიხსენოთ, პროვოკაციაა.
სითამამე, რაც მე დამაბრალეს, სითამამე არ იყო. ის ახალგაზრდული მეტიჩრობა და კეკლუცობა იყო. რომ „ფიროსმანს უყვარდა ცა და არაყი და სხვა ყველაფერი ფეხებზე ეკიდა“. რა ლექსი ეგ არის? მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, მომწონდა საზოგადოების შოკირება, როგორც ახალგაზრდობის უმეტესობას. მაქსიმალისტი ვიყავი. ეს მაშინ ისმოდა ძალიან მკაფიოდ. სასაცილო პერიოდი იყო. მე მიმაჩნია, რომ ახლა უფრო თამამი ვარ, ვიდრე მაშინ ვიყავი. შეიძლება, ცოტა დეკლარაციულია ლექსი, ცოტა პათოსური. მე პათოსი არ მიყვარს, მაგრამ პათოსურიც უნდა იყოს ლექსი. ესეც პოეზიის თვისებაა.
„ერთხელ ერთმა საკმაოდ კარგმა ლიტერატურის კრიტიკოსმა მითხრა,
შენსავით ნერვებისმომშლელ ლექსებს წერს ცვეტაევაო.
ვუთხარი, თუ ხვდები, რომ ქათინაურს მეუბნები-მეთქი.
ერთმა ქალბატონმა მითხრა, თქვენი ლექსები მამშვიდებსო.
ასეა. ვისთვის როგორ არის.
ღმერთმა დაგიფაროს, რომ ყველას მოსწონდე.“
- „მთავარ წიგნამდე კიდევ რამდენი კილომეტრი გასავლელი“ – როგორია თქვენი „მთავარი“?
მიმაჩნია, რომ ეს მაქსიმალურად დავხვეწე, გავცერი. ჯერჯერობით, მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე კარგი წიგნია.
მაიაკოვსკი ამბობდა, შეგიძლიათ, მლანძღოთ, რამდენიც გინდათ, ოღონდ ნუ მეტყვით, რომ ჩემს ბოლო ლექსს ჩემი წინა ჯობია. ადამიანს ხშირად აქვს ილუზია, რომ ახლა რასაც წერს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. არ მენანება ლექსების დახევა და გადაგდება. არქივი არ მექნება არასოდეს! ლექსი კი არა, რამდენიმე წიგნიც შემიძლია გადავაგდო, შიგ რამდენიმე კარგი ლექსიც არის, მაგრამ მთლიანობაში აღარ მომწონს. რაც მინდა, რომ იყოს, შევიტან წიგნში. რაც არ მინდა, ის არ უნდა არსებობდეს.
ხდება ხოლმე, რომ პოეტის დაუბეჭდავი ლექსები შეაქვთ წიგნში. პოეტმა ყველაზე კარგად იცის, რა უნდა შეიტანოს. ცდუნება რომ არ გაუჩნდეს ვინმეს ჩემი სიკვდილის შემდეგ, ვერ დავუშვებ, ამიტომ, არქივი არ მექნება. ლიტერატორები ამბობენ, რომ სჭირდებათ სამუშაოდ. არ მინდა!
„ნუ იმუშავებენ ჩემზე.
რაც შთაბეჭდილება ექნებათ,
უცაბედი, იმპრესიონისტული, ის დაწერონ.“
- „დავიღლები ალისფერობით“ – თქვენს ლექსებში ბევრი წითელია, ალისფერი, შინდისფერი. როგორია ლია სტურუას პალიტრა?
ერთ ლექსში მაქვს „ცეცხლი ჩემი ავტოპორტრეტია“.
ძალიან მიყვარს ფერწერა და ამიტომ ფერი მნიშვნელოვანია ჩემს ლექსში. ორმა ფერმა შეიძლება მოკლას ერთმანეთი. წითელი და ჟოლოსფერი – ხომ ორივე მშვენიერია, მაგრამ გვერდიგვერდ მოკლავენ ერთმანეთს. ამიტომ ფერწერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზეთის ფერები უფრო მიყვარს, პასტელს, გუაშს მირჩევნია. მხატვრები ვერ დამეთანხმებიან, მაგრამ მე ზეთი მირჩევნია.
- „დედა შემოდის, სახე უვარდება, ნეტა არ გატყდეს!“ „ბიჭი ბრინჯაოს მომავლით“ – დედა. ელგუჯა. – შეიძლება, ერთხელ უკვე გარდაცვლილი ადამიანი ისევ მოგიკვდეს? ან სულ გიკვდებოდეს?
საფლავთან რომ მივდივართ, ვდგავარ, არავითარი კონტაქტი არ მაქვს. იგივე ელგუჯასთან, იგივე დედასთან, სხვებთანაც... ელგუჯა რომ გარდაიცვალა, სულ მესიზმრებოდა, ახლა, ამ ბოლო დროსაც...
ერთი ლაიტმოტივი აქვს სიზმრებს. რომ სადღაც არის წასული და მისი ტელეფონის ნომერს ვერ ვიხსენებ. ვიტანჯები, მინდა, დავურეკო, დაველაპარაკო. მერე ვიღვიძებ.
ერთადერთხელ ვთქვი, კიდევ კარგი, რომ ელგუჯა ცოცხალი არ არის, როცა ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლი აიღეს მოედნიდან და დადგეს შადრევანი. გადააგდეს სადღაც სადგურზე. ძალიან მწარე იყო ჩემთვის. ერთი-ორჯერ ღამის პირველ საათზე ავდექი, ტაქსი გავაჩერე და წავედი, „ქართლის დედა“ ისევ დგას თუ აიღეს-მეთქი. ამდენად მეშინოდა.
- „უერთმანეთობა თავისუფლებაა თუ მარტოობა“ – შესაძლებელია ერთი მეორის გარეშე განიცდებოდეს?
ძალიან გადაბმულია ერთი მეორეზე. ადამიანს ძალიან უჭირს მარტო ყოფნა. თან, მარტოობა აუცილებელია. მე მარტო ცხოვრება მომწონს, რადგან ჩემი ცხოვრების წესი ძნელად შესათავსებელია თუნდაც უახლოესი ადამიანისთვის. თუმცა, მე და ელგუჯა ვავსებდით ერთმანეთს. ორივე შემოქმედი ვიყავით. ის თავისთვის მუშაობდა, მე ვიჯექი და ვუყურებდი. მე ჩემთვის ვმუშაობდი. პირველ ლექსებს მას ვუკითხავდი. არასდროს მქონია აზრი, რომ ჯობია, მარტო ვიყო და ერთად არ ვიყოთ. ჩვენ ძალიან კარგად ვგრძნობდით ერთად თავს. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ჩემს შვილთანაც, შვილიშვილთან.
„შეიძლება, დედა ვერ ვიყავი კარგი,
მაგრამ ბებია კარგი ვარ,
ბევრად უკეთესი, ვიდრე დედა ვიყავი.
ჩემი ცხოვრების წესი მაინც მარტო ყოფნაა.“
- „მრგვალ ბაღთან შემხვდეს რამაზ გიორგობიანი...“
„რაც უნდა გვეთქვა ერთმანეთისთვის,
ალბათ, უკვე ანაქრონიზმია,
ჩემი ძვირფასი ანაქრონიზმი!“ – რამდენი ხით ნაკლებია დღეს თბილისი?
თბილისი, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაფერი იცვლება. ერთ ლექსში მაქვს „წერა სამშობლოზე, „მივტირის მოტივებზე“ არ არის ჩემი საქმე. არ გამომდის. არაფერს მივტირი, მაგრამ თანამედროვე თუ არ ხარ, თუ არ შეეგუე და პირიქით, თუ არ გაუსწარი ამ დროს, არაფერი გამოგივა, ვერ იქნები შემოქმედი, თუმცა, ნოსტალგია იმ თბილისის მიმართ, რა თქმა უნდა, მაქვს. თბილისი მიყვარს, კიდევ ბათუმი და პარიზი. პარიზში უყვართ ის, ნამდვილი პარიზი და ხელს არ ახლებენ. არაფერს აშენებენ. ძალიან უყვართ თავიანთი ქალაქი. ჩვენ, ეტყობა, გვძულს. მხოლოდ ძველ თბილისში დარჩა თბილისის სული. რა თქმა უნდა, ქალაქი უნდა გაიზარდოს, მაგრამ მთავარ ქუჩებში, ქალაქს სახე არ უნდა დაუკარგო.
- „ოფსეტის შავი ყვავილები“ – მეტაფორა – ასე აზროვნებაა თუ მუშაობის პროცესი?
მეტაფორაც არ უნდა იყოს ზედმეტი. ზედმეტი სამკაული, როგორც ქალს, ლექსსაც არ უხდება. ადრე, შეიძლება, უფრო მეტი მეტაფორა მქონდა, ჰიპერბოლა, ტროპი დავარქვათ. ახლა სულ ვცდილობ, რომ სადაც აუცილებელია, იქ იყოს. ხანდახან თავისით გამოხტება, უხდება ლექსს.
– ახლა, თითქოს, უფრო მჭახე სიმართლის მატარებელია თქვენი მეტაფორები. ადრე უფრო მეტად ესთეტიკური იყო.
– მართალი ხართ. ზედმეტი პროპორციაც მოსაწყენია და დისონანსში, დისჰარმონიაში უნდა შეუშვა. ფრანგ პოეტებს ჰქონდათ სიმახინჯის კულტი, უნდოდათ, აბსოლუტური სილამაზე მიეღოთ. სილამაზის ძიება ყველგან, მახინჯშიც კი, არის აბსოლუტური მშვენიერება. მახინჯია ეს ყველაფერი და აქედან უნდა ამოიღო სილამაზე. ვთქვათ, გალაკტიონი სიმახინჯის კულტს ვერ შეეგუა. მას უჩვეულო ამოჰყავს ჩვეულებრივიდან და არა მახინჯიდან. მას აქვს ასეთი ფრაზა „ივლისისფერი ყინვის თასები“. ყინვა არ შეიძლება იყოს ივლისისფერი, მაგრამ სუსხი და სიცხე ერთმანეთის ნათესავია, რადგან ორივეში ჭინჭარი ცხოვრობს, გსუსხავს.
- „ჰერაკლიტეს ცეცხლზე ვითბობ ხელებს და ლექსს ვწერ და მარტო ვარ“... – და დაწერთ, და მარტო იქნებით?
თუ არ ვიმუშავე, ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს. მთავარ წიგნზე ვერასდროს ვიტყვი, რომ მთავარია, სანამ ცოცხალი ვარ. სულ მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი წინ არის. ადამიანი დინამიკური უნდა იყოს, სანამ მუშაობა შეუძლია. ყველა კარგ სიტყვაზე მეტად მიხარია, როცა მეუბნებიან, ეს რა ახალია შენთვის. სანამ შეგიძლია, იფიქრო, იაზროვნო, წერო, სიტყვა მოიხელთო, გაიგო ამ სიტყვების საიდუმლო. სულ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, იცით ერთმანეთის ნაკლიც და ღირსებაც, მაგრამ გიყვართ. მთავარია, რომ არ გაჩერდე.
ესაუბრა თუთა ჯგუშია