შესწორებები II - ჯონათან ფრენზენი
დასაწყისი წაიკითხეთ აქ
ძველ ელექტრობრძმედზე სქლად დაფენილი ავბედითი წყევლის მორუხო მტვერი და რაღაც გრძნეულების აბლაბუდა, ეგზოტიკური როდიუმით, საბედისწერო კადმიუმითა და ყველაფრის ამტანი ბისმუტით სავსე ქილები, აქუა რეგია-ს ჰერმეტულად თავდახურული ბოთლიდან გამოღწეული ორთქლით გამუქებული, ხელნაწერიანი ეტიკეტებით, და უჯრებიანი რვეული, რომელშიც ალფრედს ბოლო ჩანაწერი თხუთმეტი წლის წინ გაეკეთებინა ‒ მანამ, სანამ უღალატებდნენ... დაზგაზე ისეთი უწყინარი და კეთილგანწყობილი ნივთიც კი ეგდო, როგორიც ჩვეულებრივი ფანქარია, თუმცა ათ წელზე მეტი იქნებოდა, რაც კაცს ამ ადგილას დაედო და წელთა სიმრავლეს მასში რაღაც მტრული გამოეღვიძებინა. ლურსმანზე აზბესტის ხელთათმანები ეკიდა, ზუსტად პატენტის მოწმობების ქვეშ, რომელთა ჩარჩოებიც სინესტისგან დაბერილიყო და დაბრეცილიყო. ბინოკულარულ მიკროსკოპზე ჭერიდან ჩამ