"შიზოგადოების" ფრანგული გამოცემის შესახებ
ფრანგი პოეტი, მთარგმნელი და რომანისტი, პასკალ პერო პაატა შამუგიას "შიზოგადოების" ფრანგული გამოცემის შესახებ
კრებული, რომელიც ფრანგულად ბაჩანა ჩაბრაძემ თარგმნა და გამომცემლობა "ლა ტრადიუკტიერმა" პარიზში გამოსცა, პრემია მალარმე 2022-ის ფინალისტია. Schizo-poèmes, Paata Shamugia, éditions la Traductière, Paris 2021, finaliste du Prix Mallarmé étranger 2022, traduction de B. Chabradzé.
როცა პოეზია იხელთებს დროის მაჯისცემას ანუ პაატა შამუგიას ეფექტი
ზოგი ინგრედიენტი ზედმიწევნით დელიკატურია პოეზიაში შემოსატანად და გამოსაყენებლად. საკმარისია, ოდნავ არასწორად დავამუშაოთ ისინი, დოზას ოდნავ გადავაჭარბოთ, რომ ლექსის შენობა წამსვე ჩამოიშლება, თუ საერთოდ ორბიტიდან არ ამოვარდა. ასეთი ინგრედიენტებია იუმორი და უბრალოება. დარჩე პოეტად, ისე რომ არ გშთანთქოს ისეთმა მჭექარე სტუმარმა, როგორიცაა სიცილი, რომელიც მთელს ულუფას გამუდმებით თავისკენ იზიდავს, და მიაღწიო უშუალობის მწვერვალს, ისე რომ ზედმეტი სიმარტივის ცდუნებებს გაუძლო – ეს კოლოსალური ამოცანაა. ამისთვის მხოლოდ სიმარჯვე და გაწაფულობა არ კმარა. სწორედ ამიტომ უნდა მივესალმოთ პაატა შამუგიას "შიზოგადოებას", რომელშიც პოეტი ამ ამოცანას თავს აბსოლუტური წარმატებით ართმევს. იგი თითქოს პოეზიის წესებსა და საზღვრებს ეთამაშება და ჯამში, მის ყველაზე დიდ სღრმეებს აღწევს.
ქართველი ბარდი სიცილის ყველა ნიუანსს იჭერს და თვალისმომჭრელ ქსოვილებად გვაწვდის მათ:სარკაზმიდან აბსურდამდე, სატირიდან თვითირონიამდე, რბილი ხუმრობიდან კბილების ღრჭიალის გამომწვევ იუმორამდე, პირქუში ღიმილიდან სიურრეალისტების არაორდინალურ სიცილამდე.
ეს დივერსიული ტალანტი შემაწუხებელი აღმოჩნდა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. მისმა ერთ-ერთმა ტექსტმა სკანდალურობის ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომ ავტორი ლამის ანათემას გადასცეს; თუმცა ამან მას ფართო აღიარებაც მოუტანა.
„მაგრამ როგორ გინდა, სიმბოლოებით არჩინო ოჯახი?
მალე ილევა, ბარაქა არ აქვს,
გამუდმებით უნდა ცვალო,
ეფექტი რომ ჰქონდეს.
ბავშვები შემომღნავიან,
ბოლო მეტაფორა წუხელ გამოხრეს,
სიმბოლო კი სიმბოლურად დილისათვის გადაინახეს.“
("მოხუცი და სხვა")
რა თემასაც უნდა ეხებოდეს (პოლიტიკა, მწერლობა, ადამიანური ურთიერთობები), ავტორი ახერხებს მის შევსებას მკვრივი, ღონიერი სითამამით, რაც იშვიათია ჩვენს ამ მოფამფალებული რეფლექსიების დროებაში.
„გული მწყდება, რომ რაღაც შეცდომები,
რომლებიც შემეძლო დამეშვა,
არ დავუშვი
და ხელიდან გავუშვი
არაერთი
შესანიშნავი შეცდომის დაშვების შანსი.
ახლა გვიანია სინანული,
აზრი დაკარგა ჩრდილთან ბრძოლამ.“
("შეცდომების გასწორება")
შამუგია არასდროს ყოყმანობს, როცა გარკვეულ პოეტთა, მათ შორის – საკუთარი, სერიოზულობის გაშარჟებას ეხება საქმე. მან კარგად იცის, რომ სერიოზულობის ეს პოზა ბრტყელ-ბრტყელი, უსაგნო და ყოველგვარი საზრისისგან დაცლილი ტექსტების საწინდარია, რაც უნდა კაშკაშა იყოს მათი ფორმა.
„დღეს დილით, როცა შფოთიანი სიზმრების შემდეგ,
გამოვიღვიძე,
აღმოვაჩინე, რომ საშინელ გენიოსად ვქცეულვარ.
ფსიქოლოგიურად ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი,
მაგრამ მაინც გადავამოწმე:
სარკეში ჩავიხედე და ჰაბიტუსი შევითვალიერე,
წყალი არ გაუვა, გენიოსი ვარ.
მხრებშიც კი მოვხრილვარ, როგორც პატიოსან ტიტანს შეჰფერის,
აღარაფერს ვამბობ აწეულ მარცხენა წარბზე.“
("გენიოსი")
ან კიდევ:
„ყველაფერზე უკვე დაიწერა,
მითხრა მეგობარმა,
ამიტომ გადავწყვიტე, დავწერო არაფერზე,
მშვენიერ არაფერზე,
თვალს რომ მოგტაცებს, ისეთ არაფერზე.“
("ლექსი არაფერზე")
თუ "შიზოგადოება" კლასიკური, აკადემიური პოეზიის მიმდევრებს უჩვეულო ბილიკებით წაიყვანს, სანაცვლოდ, სიამით აავსებს ყველა იმ გურმანს, ვისაც თავის ეპოქაზე ამაღლებული და სიზმარ-ოცნებების გამმათრახებელი, მძაფრი და მწველი გემოები მოსწყურებია.
Pascal Perrot
Quand la poésie capte l'air du temps, l'effet Paata Shamugia
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ