გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ოთარ ჭილაძე ღრუბელი

სიფხიზლის ძალა | ოთარ ჭილაძის „ღრუბელი“

„და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე

შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.“

ოთარ ჭილაძე

 

„ოთარ ჭილაძის ნაწარმოების კითხვის დროს, თითქოს შემოქმედების იდუმალ აქტს ვესწრებით - ჩვენივე თანამონაწილეობით ხდება არსებული სინამდვილის სიტყვად გარდაქმნა და მერე სიტყვიდან ახალი სინამდვილის მოვლინება. [...] მის მიერ შექმნილი სამყარო მშველელის, მხსნელის, გადამრჩენის მოლოდინით არის გამსჭვალული და მისივე უკიდურესობამდე დაჭიმული ძარღვებით დაბმული ამქვეყნიურ სინამდვილეზე.“

- ვკითხულობთ თამაზ ჭილაძის წერილში „კიდევ ერთი ბედნიერი ტანჯული“.

მართლაც, ოთარ ჭილაძის შემოქმედების მონუმენტური ბუნება, მისი, ასე ვთქვათ, სინტაქსის სიმხურვალე, მკითხველს, ერთი მხრივ, არქაული რიტუალის თანამოწილედ აქცევს, მეორე მხრივ, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეების მსგავსი სიპირქუშისა და სიდიადის განცდას უჩენს. ამ განცდის საწყისები (შეგრძნების დონეზე!) შეგვიძლია ლირიზმის სიმძაფრის, ყოფიერების ეკლიანი სხივებისა და სამყაროს ტრაგიკული მსოფლაღქმის ჰარმონიული სინთეზით მოვიხელთოთ.

„მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.“

ჰო, მისი სიტყვა, სიტყვის უხილავი ენერგეტიკული ველი სწორედ ტანჯვისა და ტკივილის პირმშოა. კატასტროფის შეგრძნების შედეგად წარმოქმნილი ცოცხალი არსებაა. ოთარ ჭილაძის პროზის ვეებერთელა აბზაცები, ელექტროგადამცემი ხაზების მსგავსად, მეტაფორის მაღალი ძაბვითაა დაქსელილი.

...

„ღრუბელი“ ოთარ ჭილაძის დიალოგების (სპეციალურად არ ვუწოდებ ინტერვიუებს, რადგან სცდება კითხვა-პასუხის კონტექსტს და განსჯის, უწყვეტი რეფლექსიის, ფიქრთა დინების სასიცოცხლო სივრცედ იქცევა) კრებულია. აქაც, მისი გენიალური რომანებისა თუ პოეზიის მსგავსად, უარსებითესია მწერლის ფოლადივით მჟღერი ხმა, ხმის ინტონაცია, სიბასრე. გახსოვთ, ალბათ, თამაზ ჭილაძის ფრაზა ოთარის ჩანაწერების წიგნზე დართული ესედან:

„აქ, როგორც ნიჟარაში, მისი ხმაა თითქოს ჩარჩენილი, რომელიც აკომპანიმენტად არის ქცეული გულახდილობის იშვიათი წუთებისა. მისი ხმა, მართლაც რომ, განსაკუთრებით აღსანიშნავი რამ გახლავთ. როცა საკუთარ ნაწერს კითხულობდა, თითქოს რომელიღაც საიდუმლო ეზოთერიულ რიტუალს ასრულებდა - ხმა თითქოს სხვა, იდუმალ სამყაროში იყო ჩასახული, როგორც პურის მარცვალი - ხნულში...“

„ღრუბელში“ შეწოვილი ხმა მკაცრი და დაუნდობელია. დაუნდობელია იმდენად, რამდენადაც ოთარ ჭილაძე, თანამედროვე სალიტერატურო პროცესის ანალიზთან ერთად, საკმაოდ დიდ დროს უთმობს რუსეთ-საქართველოს პათოლოგიური ურთიერთობის, მონობის მეტასტაზების, ნიჰილიზმის, მედროვეობის, გაუნათლებლობის, აგვისტოს ომის, ემიგრაციის, თავისუფლების მეტად  კომპლექსურ და მტკივნეულ საკითხებს.

პირველივე ტექსტში „წინ მარადისობაა!“ ამბობს: ,,ჯერ კიდევ ბევრ ჩვენიანს  უჭირს საუკუნოვანი მონობის ტკბილად აქოთებული ლოგინის მიტოვება და დღემდე სჯერა ორი სამშობლოსი და ორი მშობლიური ენის არსებობის შესაძლებლობა. ასე რომ, როგორც არ უნდა გვეტკინოს გული, როგორც არ უნდა გვიჭირდეს ამის აღიარება, მიუხედავად ოფიციალური (ალბათ, უფრო ფიქტიური) განთავისუფლებისა, ჯერ კიდევ მონებად დავრჩით, თუნდაც გააზატებულ მონებად.“ პრაქტიკულად, „გოდორი“, მისი ყველაზე შემზარავი რომანი-დიაგნოზი, ხომ ამ საუკუნოვანი მონობის შედეგად ტრავმირებული ფსიქიკის დეგრადაციას იკვლევს.

კრებულში წარმოდგენილი მონოლოგები თანდათან ცნობიერების ნაკადებად ტრანსფორმირდებიან. ფიქრის ოდისეა კი ქმნის იმ იდეურ ბირთვს, რაზეც შენდებოდა ჭილაძის მხატვრული სამყარო.

...

„ჩვენი მთავარი სისუსტე ჩვენი სიბეცეა, ჩვენი ახლომხედველობა, მიმდინარე პროცესებში გაურკვევლობა და ამის მიზეზიც ისევ და ისევ მშობლიური ლიტერატურის უგულებელყოფაა. ჩვენ ლიტერატურის ქვეყანა ვართ, გვინდა თუ არა, მოგვწონს თუ გვაღიზიანებს, სიმართლე  ასეთია [...] და სრულებითაც არ არის გამორიცხული, სწორედ იქ (ლიტერატურაში) იმალებოდეს ჩვენი უკვდავების საიდუმლო, რაკი სხვა ყველაფერი დაგვაკარგვინა ჩვენმა უჭკუობამ და სხვათა სიჭკვიანემ.“ - ამ ფრაზით ოთარ ჭილაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მუდმივი (ლამის მანკიერ ციკლად ქცეული) ქაოსის, ძალაუფლების სიშლეგისა თუ სიძულვილის გამომწვევი მიზეზები.

ჰო, „ჩვენი მთავარი სისუსტე ჩვენი სიბეცეა, ჩვენი ახლომხედველობა“,  ხედვის ამღვრეული ფოკუსი, მონობის შლამისგან დაჭუჭყიანებული ლინზა, ხოლო აგდებული, ნიჰილისტური დამოკიდებულება ლიტერატურისადმი კი წარმოქმნის უნიათობის, სიბრიყვის ბინდის, სიჩლუნგის სიჯიუტის შეუქცევად ფაზებს.

მონტესკიეს ფრაზა რომ დავიმოწმოთ, ჯერ ცუდი მოქალაქე უნდა იყო, რათა შემდეგ კარგ მონად იქცე. ოთარ ჭილაძე პათანატომივით იკვლევს მონობის მეტასტაზებს, მის არსს, საწყისს. დღიურში უწერია: „საქართველოს ჭირს პროგრესული დამბლა - ფსიქიკის თანდათანობითი დაქვეითება - ერთგვარი ნერვულ ფსიქიკური დაავადება, რომელსაც სიფილისი იწვევს, ხოლო ვინ შეჰყარა საქართველოს სიფილისი, ალბათ, უთქმელადაც იცით ყველამ.“ მისი ყოველი მონოლოგი,  მარადიულ შუქურას მაგონებს, რომლის მჭახე ნათებაც შედედებული სიბნელის კანს სერავს და ნაპირისკენ (ხსნისკენ) მომავალი გემებისთვის ერთგვარ სულიერ კომპასად იქცევა.

...

სიფხიზლე ოთარ ჭილაძისთვის „გაურკვევლობის ბურუსიდან“ თავის დაღწევის უმნიშვნელოვანესი იარაღია, ფხიზელი გონება გაცილებით უფრო ადეკვატურად აფასებს მოვლენებს, რეაქციაც მძაფრი, მყისიერი და გათვლილია. სიფხიზლეს განათლებული, წიგნიერი ადამიანი და ცოცხალი სალიტერატურო პროცესი  წარმოქმნის. სწორედ ამიტომაც საუბრობს ასე ვრცლად მწერლის ღირსებაზე, ლიტერატურის ფუნქციის მნიშვნელობასა და მკითხველის თუ კრიტიკის როლზე პროცესის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად:

„მწერლის ძირითადი საქმიანობა წერაა. ის თავის სამუშაო მაგიდასაა მიჯაჭვული სამუდამოდ, ამირანივით და ღმერთმა ნუ ქნას, თავი აიშვას როდისმე. თავაშვებული ანუ მოვალეობისგან განთავისუფლებული მწერალი, თავაშვებული ამირანისგან განსხვავებით, უმწეო, უფერული არსებაა - ვერც შურისმაძიებლად გამოდგება, ვერც ახალ-ახალი გმირობების ჩასადენად.“

სამუშაო მაგიდა მწერლის სანგარია, ის სივრცეა, სადაც პერსონალური კოსმოსი იქმნება.

ჭილაძისეული ოქსიმორონი „ბედნიერი ტანჯული“ ხომ ერთდროულად  წერის, როგორც მტკივნეული აქტის, სულის სიშიშვლის და ნეტარების თანხვედრის (გადაკვეთის) წერტილია.

...

„შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო.

შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.“

„შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერიო“ - როგორი შემზარავია, თავისი კამერტონული სიზუსტით, სიღრმით, ზუსტი ფინალური აკორდია, ყოველგვარი ეგზალტაციური რიხის გარეშე. ამბობდა კიდეც:

„სამშობლოზე უნდა ილაპარაკო მოკლედ და გასაგებად, როგორც მომაკვდავები ლაპარაკობენ.“

„ღრუბელი“ კიდევ ერთი დიდი მიახლოებაა ოთარ ჭილაძესთან, კლასიკოსთან, ვისი შედევრების სიცოცხლისუნარიანობაც მარადისობის „ბეჭდითაა“ დამოწმებული.


ავტორი: გუგა მგელაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა