ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სხვა გეზი მუშათა უფლებები და პროფესიული კავშირები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921)

„პირველად საქართველოს სოციალ-დემოკრატიას უხდება მთავარი როლის ასრულება თანამედროვე სახელმწიფოს აშენების საქმეში. ჯერ არსად არ ყოფილა ასეთი მაგალითი... ... ჩვენ ვართ არა მარტო სახელმწიფოს უბრალო ამშენებლები, არამედ სოციალ-დემოკრატი მშენებლები, ე. ი. ჩვენ ვართ ისეთი ხალხი, რომელიც განსაზღვრული პოლიტიკური აზრით და მიზნებით ვაწარმოებთ პოლიტიკას“, – განაცხადა 1918 წლის აგვისტოში ნოე ჟორდანიამ, თბილისის მუშებთან გამოსვლისას.

ეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი თვეებია. ახალი ხელისუფლების ფოკუსში თავიდანვე ექცევა მშრომელთა უფლებები. 

ეს ბუნებრივიცაა –

დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური სპექტრის 90-95 პროცენტი მემარცხენე ჯგუფები არიან.

მათ რიგებში კი, განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატებში, მშრომელთა პროფკავშირები ლამის შეზრდილია. 

სოციალ-დემოკრატიული პარტია თავის პროგრამაში ცალკე თავად გამოყოფს „მუშათა საკითხს“, მოითხოვს შრომის ინსპექციის დაწესებას მათი მონაწილეობით, ვისაც მუშები აირჩევენ; ასევე, მოითხოვს სამუშაო გარემოს სანიტარიულ მოწესრიგებას, რვასაათიან სამუშაო დღეს და 16 წლამდე ბავშვების მუშაობის აკრძალვას (სრულწლოვნად, ანუ პოლიტიკური უფლებების მქონედ, მიიჩნევა მოქალაქე ოცი წლის ასაკიდან). 

სოციალ-დემოკრატების პროგრამაში, ასევე, წერია, რომ საჭიროა: „...მრეწველთა მიერ ზედმეტი ყვლეფისაგან მუშათა დაცვა და მრეწველთა პასუხისმგებლობა უბედურ შემთხვევის გამო. სახელმწიფოებრივი დაზღვევა – ავათმყოფობისა, მოხუცებულობისა და უმუშევრობისაგან... 

...შრომის კანონის დარღვევისათვის დამქირავებელთა სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობაში მიცემა… და შრომის ბირჟების ყოველ ადგილას დაარსება“...



პროფკავშირები და რესპუბლიკის კანონმდებლობა

 

სწორედ სოციალ-დემოკრატთა აქტიურობით, პირველი პროფკავშირების გაერთიანება იქმნება 1906 წლის ივნისში. გაზეთი „ბრძოლა“ ჯერ კიდევ 1900 წელს წერს: „გაფიცვამ თბილისის ყველა მუშას სიხარულის თრთოლვა მოჰგვარა და ეპიდემიის მსგავსად, ენფიანჯიანცის, ადელხანოვის, მირის და სხვა ფაბრიკა-ქარხნებსაც მოედო“. 

1907 წლისათვის უკვე 40-მდე პროფკავშირული გაერთიანებაა თფილისში, 13-15 ათასამდე წევრით. ინიციატივების სოლიდური ნაწილი პროფკავშირების წევრი მუშების განათლებას და შემეცნებით ღონისძიებებს ეთმობა – ჩნდება მუშათა თეატრები და წერა-კითხვის სახალხო წრეები. 

1909 წლიდან, რუსეთის იმპერიაში იწყება სოციალ-დემოკრატთა დევნა, მათი ჟურნალ-გაზეთების და პროფესიული კავშირების დახურვა. ასე გრძელდება დაახლოებით 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე. რევოლუციის შემდეგ კი, უკვე გაზაფხულის მიწურულს, თფილისის 20-მდე პროფესიულ გაერთიანებაში 12 ათასზე მეტი წევრი შედის. უკვე 1917 წლის ბოლოს კი ასევე თფილისში გამართულ მუშათა გაერთიანებების ყრილობას 40 პროფესიული კავშირის წარმომადგენელი ესწრება მთელი საქართველოდან.

1917 წლის ბოლოს კი, „საქართველოში 113 პროფკავშირი არსებობს, რომელთაგან 33 ტფილისშია, 80 კი – რეგიონებში. წევრების რიცხვი 64.000-ს აღწევს, აქედან 33 000 არის ტფილისში … პროფკავშირები დიდ ინტერესს ავლენენ ზოგადი პოლიტიკური საკითხების მიმართ, ასევე მთავრობისა და დამფუძნებელი კრების მხარდამჭერნი არიან სახელმწიფოს გაერთიანების, რესპუბლიკის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საკითხში, მაგრამ ამავე დროს გულგრილად არ ეკიდებიან თავის უშუალო მოვალეობებს, იქნება ეს უმუშევართა დახმარება … აღმზრდელობითი საქმიანობა, კონფერენციების, კლუბებისა და კურსების ორგანიზება მოზარდებისთვის თუ სხვა“, – ასე აღწერს საქართველოს მთავრობის მრჩეველი ვლადიმირ ვოიტინსკი თავის წიგნში „ქართული დემოკრატია“ ადგილობრივი პროფკავშირების მდგომარეობას.

რესპუბლიკის პერიოდში პროფესიული კავშირები ჰქონდათ აფთიაქებში, რესტორნებში, საბანკო ინსტიტუტებში, ადგილობრივ და ცენტრალურ ადმინისტრაციულ დაწესებულებებში მომუშავეებსაც.

ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანი პროფესიული კავშირები იყო რკინიგზაში (15 ათასი წევრით), ჭიათურის მაღაროებში, ფოთისა და ბათუმის პორტებსა და თბილისის სამრეწველო ფაბრიკებში.

პროფკავშირების ფინანსური ხელშეწყობით იხსნებოდა მუშათა კლუბები, ჟურნალ-გაზეთები. პროფკავშირების ქალთა გაერთიანებები მართავდა საქველმოქმედო ღონისძიებებს წევრების დასახმარებლად და რესპუბლიკის სამხედრო ფრონტის გასაძლიერებლად. პროფკავშირები ზრუნავდნენ დაშავებულ მუშათა რეაბილიტაციაზეც. 

1918 წლის მაისიდან საქართველოს დროებით საკანონმდებლო ორგანოში, ეროვნულ საბჭოში (შემდგომში პარლამენტი) 15-მდე მუშა შედის. 1919 წლის თებერვალში კი, საქართველოს დამფუძნებელ კრებაში სხვადასხვა ტიპის სამრეწველო (სატრანსპორტო) დაწესებულებაში მომუშავე 25-მდე მუშას ირჩევენ. ამიტომ სხვა მშრომელებს უჩნდებათ იმედი, რომ დაწესდება სამართლებრივი ნორმები სამუშაო დროისა და პირობების გასაუმჯობესებლად, შემოიღებენ მშრომელთა სავალდებულო დაზღვევას, სამართლიანი ანაზღაურების სისტემას.

დასაწყისში მშრომელთა საკითხები მიწათმოქმედების, შრომისა და გზათა სამინისტროში წყდება, 1919 წლიდან კი შრომა ცალკე ინსტიტუციის დაქვემდებარებაში გადადის – ესაა შრომისა და მომარაგების სამინისტრო. ორივე შემთხვევაში ხელმძღვანელია თავადაც მშრომელი – დურგალი და სტაჟიანი რევოლუციონერი, გიორგი ერაძე. ის ჯერ მინისტრის ამხანაგის პოსტზეა (მაშინდელი გაგებით, მოადგილე), მერე კი შრომისა და მომარაგების მინისტრი ხდება. სამინისტრო ერევა შრომით დავებში და, როგორც ჩანს, აქვს შრომის ინსპექციის ფუნქციაც – ამოწმებს მუშათა მდგომარეობასა და სამუშაო პირობებს. 

ინიციატივები მშრომელებისგანაც მოდის – 1919 წლის გაზაფხულზე „სატარიფო პალატა“ იქმნება. პალატას სახელფასო ანაზღაურებების შესახებ ინფორმაცია უნდა შეეგროვებინა, განესაზღვრა საარსებო მინიმუმიც. სწავლობდნენ მუშათა მოთხოვნებს, კოლექტიურ კონტრაქტებს, ადგენდნენ სახელფასო განაკვეთებს სფეროების მიხედვით, განიხილავდნენ სახელფასო დავებს, სპეკულაციისა და საარსებო ხარჯის ხელოვნურად მატების აღმოსაფხვრელად იღებდნენ ზომებს, შრომის სამინისტროსთან კოორდინაციით ამზადებდნენ საკანონმდებლო ბაზას.

1920 წლის 11 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ „შრომის ხელშეკრულების“ კანონი დაამტკიცა, რომელიც ძირითადად, სახელმწიფო და კერძო საწარმოებს ეხებოდა, მაგრამ არ ვრცელდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებსა და ფიზიკური პირების საქმიანობაზე. კანონით დაშვებული იყო კოლექტიური ხელშეკრულების დადება. დამქირავებელი ვალდებული იყო, შესაფერისი სამუშაო გარემო შეექმნა და აენაზღაურებინა მკურნალობის ხარჯებიც, თუკი დასაქმებული სამუშაოს შესრულებისას დაშავდებოდა. კანონის დამრღვევი დაისჯებოდა სისხლის სამართლის წესით. 

მემარჯვენე ეროვნულ-დემოკრატებმა მთავრობა მეწარმეებზე ზეწოლაში დაადანაშაულეს და მიუთითეს, რომ კანონმდებლობაში მხოლოდ მუშათა უფლებები აისახა. მემარცხენე ოპოზიცია კი მიიჩნევდა, რომ დებულებები არასაკმარისი იყო, ხოლო სოციალ-დემოკრატებს ბურჟუაზიული იდეების გატარებაში ადანაშაულებდა. 

1920 წლის შემოდგომაზე დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა შრომის სავალდებულო ბეგარა 14-35 წლის მოქალაქეებისთვის, მაგრამ ამ კანონმა ვერ იმუშავა. ზოგიერთ შემთხვევაში კანონი მოქალაქეებზე ძალადობის ინსტრუმენტად იქცა – მილიცია შრომის ბეგარის მოხდის საბაბით აკავებდა საეჭვო თუ მათთვის არასასურველ პირს და სამუშაოდ აღმოსავლეთ საქართველოს მამულებში (ძირითადად, ყარაიაზის ველზე) აგზავნიდა. ამავე პერიოდში რესპუბლიკის მთავრობამ შემოიღო პენსია იმ მშრომელთათვის, რომლებმაც საწარმოო ტრავმა მიიღეს. რესპუბლიკის მოქალაქეთა შრომისა და პროფესიულ კავშირებში გაწევრიანების უფლებათა გარანტიები ჩადებული იყო 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში. 

„შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკუთრებული მოვალეობაა“; „მუშათა გაფიცვა თავისუფალია“. 

კონსტიტუციის მე-13 თავი – „სოციალ-ეკონომიკური უფლებანი“ – ძირითადად, სწორედ შრომის საკითხებს შეეხებოდა. კონსტიტუცია განსაზღვრავდა შრომითი ბირჟების დაარსების, უმუშევართათვის, მოხუცებულთა და სამუშაოზე დაშავებულთათვის დახმარების მიცემის ვალდებულებას. კონსტიტუციის 125-ე მუხლში ასევე ეწერა: „რესპუბლიკის საზრუნავი საგანია, განსაზღვროს მინიმუმი ხელფასი და შრომის ნორმალური პირობანი წარმოებაში. არსდება შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს დამქირავებელთაგან“.



მუშათა გაფიცვები პირველ რესპუბლიკაში

პირველი რესპუბლიკის დაფუძნებისთანავე მშრომელები გრძნობენ თავიანთ ძალას, ხოლო „პროფკავშირები გაფიცვას პროლეტარიატის კლასობრივ ბრძოლაში ყველაზე ბასრ იარაღად მიიჩნევენ“, – წერდა ცნობილი მარქსისტი თეორეტიკოსი კარლ კაუცკი. ამის დასტურია ისიც, რომ „ისინი კონსტიტუციაში გაფიცვის უფლების ასახვას ითხოვენ“.

დემოკრატიულ რესპუბლიკაში მუშათა პირველი გაფიცვა 1918 წლის აგვისტოში მოხდა. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ იტყობინებოდა: 

„ტყიბულის მაღაროების მუშების გაფიცვა ეკონომიურ ნიადაგზე დაიწყო 20 აგვისტოდან, მაღაროების ადმინისტრაცია გაფრთხილებული იყო ერთი კვირით ადრე. მუშები თხოულობენ დღიური ხელფასის გადიდებას 1 ივლისიდან 100%-ით“. ტყიბულის მუშათა მოთხოვნები დიდწილად დაკმაყოფილდა. 

1919 წლის მარტ-აპრილში მასშტაბური გაფიცვა მოაწყვეს თფილისის ქალაქის თვითმმართველობის თანამშრომლებმაც, რომლებიც სახელფასო დავალიანების მიღებასა და ხელფასების ზრდას მოითხოვდნენ. გაფიცვის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკებაში ჩაერთო პროფკავშირების საბჭო. გაფიცულთა უმრავლესობა საიმპერიო ხელისუფლების ყოფილი მოხელეები იყვნენ, მათდამი სოლიდარობის განცდა კი პროფესიულ კავშირებს და პოლიტიკურ ძალებს ნაკლებად ჰქონდათ. გაზეთებში დაიწყეს სტატიების გამოქვეყნება გაფიცულთა დისკრედიტაციისათვის, მათ „შავ-ბნელ ძალებად“ მოიხსენიებდნენ. პროფკავშირების ცენტრალური საბჭო გმობდა გაფიცულთა მოქმედებებს და მუშებს მიმართავდა: 

„მუშათა კლასს ჰმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, განსაკუთრებული გამჭრიახობა და სიმტკიცე. მარტო გარედან მომდგარმა მტერმა ვერა გააწყო რა, ახლა მტერი შიგნიდან ცდილობს დემოკრატიის ციხის გატეხას… ძირს განხეთქილება და დეზორგანიზაცია! გაუმარჯოს მუშათა მოძრაობის გაერთიანებულ ფრონტს და მთლიანობას!“ 

საბოლოოდ, თფილისის ქალაქის გაფიცულ მოხელეთა უმრავლესობა ფინანსური კომპენსაციის გაცემის შემდეგ დაითხოვეს. 

შემდეგ უკვე ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაფიცვა დაიწყო 1919 წლის ივნისში ვარციხის სახელმწიფო მამულში – გაიფიცნენ აგრონომები და რიგითი მუშები. გაფიცვის მასშტაბებიდან გამომდინარე, პროცესის დარეგულირებაში ჩაერთო შრომის მინისტრის ამხანაგი, გიორგი ერაძე, რომელმაც მუშებს მისცა პირობა, რომ მთავრობა მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.

1919 წლის ივლისში ფოთის პორტში დაიწყო მტვირთავების გაფიცვა ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით. გაფიცვამ პორტის პარალიზება გამოიწვია, დავის გადასაჭრელად ფოთში ჩავიდა შრომის მინისტრი ნოე ხომერიკი. მოლაპარაკებების შედეგად მუშათა მოთხოვნები დაკმაყოფილდა.

1919 წლის ოქტომბერში გაიფიცნენ თბილისის აფთიაქების თანამშრომლები, რომლებმაც, გაფიცვამდე, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, სატარიფო პალატას მიმართეს, თუმცა მაშინ პალატამ გაფიცულთა მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. აფთიაქართა მოთხოვნები არც გაფიცვის შემდგომ დაკმაყოფილდა.



რეფორმების შედეგები და რესპუბლიკის დასასრული

ხელისუფლებამ მშრომელთა უფლებების დასაცავად, ერთი შეხედვით, პროგრესული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა, თუმცა მუშათა პირობები ხელშესახებად ვერ გაუმჯობესდა. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი თავის წიგნში „საქართველოს ეროვნული მეურნეობა“ წერდა:

„ბევრის წარმოდგენით, თუმცა დამოუკიდებელ საქართველოში ნივთიერი გასაჭირი დიდი იყო, მაგრამ, რადგან ხელისუფლება სოციალისტებს ეჭირა, მუშები დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ და ამიტომ საუკეთესო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ საზოგადოების ფართე წრეებთან შედარებით. სამწუხაროდ ეს ასე არ ყოფილა“. 

რეფორმების ნაკლებეფექტიანობა განპირობებული იყო როგორც საგარეო ფაქტორებით – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რეგიონში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, მსოფლიო ომის შემდგომ არსებული სავაჭრო ბლოკადა, სამხედრო თავდასხმები; ასევე საშინაო ფაქტორებითაც – ბოლშევიკური აჯანყებები, ვაჭრობის სისტემის მოშლა, მიწის რეფორმის გაჭიანურება, კაპიტალის ნაციონალიზაციის პროცესის არასისტემურობა.

მაშინ, როდესაც დამსაქმებელი სახელმწიფო ინსტიტუტი იყო, პროფკავშირები, რომელთა წევრების 90 პროცენტი მმართველ პარტიაში შედიოდა, ვერ იჩენდა პრინციპულობას – ამ დროს მთავარი ხდებოდა არა მშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ სახელმწიფოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური სტაბილურობა. სხვა მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ განვითარდა პროფკავშირები, ისიც იყო, რომ აქტიურ მუშათა მნიშვნელოვან ნაწილს დიდი დროის გატარება უწევდა ფრონტზე სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დასაცავად. სახალხო გვარდია, რომელიც სხვადასხვა დროს 6-10 ათასი კაცისგან შედგებოდა, ძირითადად, ქალაქის (ინდუსტრიული საწარმოების მუშებისაგან) და სოფლის მუშებისაგან (გლეხების, სახელმწიფო და კერძო მამულებში მომუშავეებისაგან) შედგებოდა.

1921 წლის თებერვალ-მარტში რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დასაცავად წითელი არმიის წინააღმდეგ ფრონტზე ათასობით მუშა გამოვიდა. ისინი რესპუბლიკის სახალხო გვარდიაში შედიოდნენ და ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაერთვნენ, მონაწილეობდნენ 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყებაშიც.

მთელ ამ მოძრაობას კი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის წევრები ხელმძღვანელობდნენ. 

პროფესიული კავშირების მონაწილეობით 1921 წლის 13 ივლისს, ნაძალადევში იოსებ სტალინის შეხვედრა მუშებთან ფაქტობრივად ჩაიშალა. დამფუძნებელი კრების წევრმა, სახალხო გვარდიის ერთ-ერთმა მეთაურმა, მუშა ალექსანდრე დგებუაძემ სტალინის წინაშე გააპროტესტა საბჭოთა ოკუპაცია და ტერორი და სტალინს მოუწოდა: 

„თუ კაცი ხარ, კობა, ის, რაც აქ ხდება და ნახე, გადაეცი ყველაფერი ლენინს“.

საბოლოოდ, 1924 და 1937-1938 წლების რეპრესიების მსხვერპლთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ანტისაბჭოთა მუშათა პოლიტიკური მოძრაობების წევრები იყვნენ, მათ შორის – სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებიც.

საბჭოთა ხელისუფლებამ 1920-იან წლებში მოსპო არსებული პროფესიული გაერთიანებები და ხელახლა ჩამოაყალიბა მისდამი ლოიალური პროფესიული კავშირები, რომელიც წლების განმავლობაში სრულად შეეზარდა კომუნისტურ პარტიას ისევე, როგორც საბჭოთა სისტემაში არსებული ყველა მსგავსი საზოგადოებრივი ორგანიზაცია და გაერთიანება.



ტექსტი: ირაკლი ირემაძე