სოფი იუნგი | ანნა ძიაპშიპა
,,ე.ა. საზიარო სივრცე” ინგოროყვას 10/2 ნომერში მდებარეობს, შენობის ფანჯრების ნაწილი კანცელარიის შენობის დიდ და მასიურ კედელს უყურებს. ამ განლაგების გამო, უამრავი შინაარსის მქონე ყრუ კედელი ამ სივრცეში მოწყობილი ყველა გამოფენის უნებური ნაწილი ხდება; ზუსტად ისე, როგორც ამ შენობაში და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებია ჩვენი ყოველდღიურობის თავდაუღწეველი შემადგენელი; შეუძლებლობის, “შეკეთების” და “გადაკეთების” მუდმივი სიმბოლო. ამ შენობასთან უსახლკარო ძაღლები იკრიბებიან ხოლმე, კანცელარიის უჩრდილო მოედანზე და მის ირგვლივ მზეზე წვანან და გამვლელების, მეზობლების, შენობის დაცვის, პერმანენტული აქციების მონაწილეების გულისხმიერებაზე და ყურადღებაზე არიან დამოკიდებული. მათგან ერთ-ერთი ცუგა, შენობის გვერდზე მდებარე საშუალო სიმაღლის კოშკზე ადის ხოლმე და იქიდან აკონტროლებს პერიმეტრს.
კოშკზე ასულ ძაღლს, გალერეის ფანჯრიდან სარკულად მდგარი ძაღლის პატარა თავი უყურებს. ეს კერამიკული ფიგურა გრძელ რკინის ჯოხზე დგას, რომლის ძირი, ურეკიდან წამოღებული შავი ქვიშით არის დამუშავებული და იმისთვის რომ არ იმოძრაოს, ორი ფურცელს მიმსგავსებული კერამიკის ნაგლეჯით არის დამაგრებული. ზუსტად ისე არის გაჩერებული, როგორც არამყარ ზედაპირზე მდგომ მონჯღრეულ მაგიდებს დროებით და კუსტარულად ვაჩერებთ ხოლმე. ეს ქანდაკება, რომელიც მეორადი მასალებისგან არის გაკეთებული სოფი იუნგის გამოფენის “სანატროიუმი” ნაწილია, რომელიც ,,ე.ა. საზიარო სივრცეში” 21 ნოემბრამდე იქნება და ბოლოს ხელოვანის პერფორმანსით დასრულდება.
სოფი იუნგი შვეიცარელი არტისტია. მისი ბიოგრაფია, ოჯახის გამო, თეატრალურ სამყაროსთან არის დაკავშირებული. როგორც გამოფენის კურატორი ელენე აბაშიძე ამბობს, შესაძლებელია სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მისი ნამუშევრები წარმოდგენის, თეატრალურობის და პერფორმანსის ელემენეტებს თითქმის ყოველთვის შეიცავს. ამასთან, ერთად არტისტის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია “რედიმეიდი”, შესაბამისად, ხშირად, შემთხვევით ნაპოვნ საგნებს ის მნიშვნელობას უცვლის და ახალ კონტექსტებს და სივრცეებს ქმნის. თეატრალურობის და თამაშის მიღმა, ნამუშევრები ხშირად პოლიტიკური და კრიტიკულია იმ საზოგადოების მიმართ სადაც იუნგი ცხოვრობს. თუმცა, ამავდროულად, ისინი მსუბუქი იუმორის და ირონიის, ერთგვარი “მასხრობის” ელემენტსაც ატარებენ ხოლმე.
საქართველოში იუნგი ერთთვიანი რეზიდენციის ფარგლებში მუშაობდა. მისი თბილისის ბინა, ზუსტად გალერეის თავზე მდებარეობდა და ამბები ქონგურაზე ასულ ძაღლსა და მის “კანცელარიელ” მეგობრებზე ალბათ ფანჯარაში ყურებისას დააგროვა. აქაურობაზე “დაკვირვების” და “პოვნის” გამოცდილება მოგვიანებით გამოფენის ცენტრალური ელემენტიც გახდა. თბილისის გარდა, ერთთვიანი რეზიდენციის ფარგლებში არტისტმა სხვადასხვა ადგილას იმოგზაურა, მისი სოლო გამოფენის დანარჩენი აღმოჩენები სწორედ ამ მოგზაურობისას მიღებულმა შთაბეჭდილებებმა და ნაპოვნმა საგნებმა განსაზღვრა.
რა თქმა უნდა, თეატრალურობის და კრიტიკულობოს ელემენტმა, რომელიც მისი შემოქმედებითი პროცესის თანმდევია, საქართველოში სხვა შინაარსი შეიძინა. გამოფენის კურატორს და ხელოვანს შორის დამატებითი კავშირი თეატრალურ სამყაროსთან ბიოგრაფიულმა წვდომამაც გააჩინა და სამუშაო პროცესი ერთგვარ დიალოგადაც აქცია.
გამოფენის შესავალი ტექსტი და კონცეფცია იუნგის პატარა ლექსშია მოქცეული:
“ოპერა მრავალ საფეხურზე
მიმდინარე აქტი,
ხროვა, პაქტი”
ამ მარტივი სიტყვების კომბინაცია, თითქოს ბევრს არაფერს ამბობს. ავტორი მიზამნიმართულად არ იყენებს მისი წარმოდგენებისთვის ჩვეულ შესავალ პერფორმანსს გამოფენის გახსნისას, რითაც თითქოს მაყურებელს მთლიანად უთმობს სივრცეს რომ ყველაფერი ისე აღიქვას, როგორ თავად მაყურებელს სურს. რადგან მთელი გამოფენა ჩვენთვის კარგად ნაცნობი კოდების ცვლაზე და ქვეყანაში მიმოფანტული ნივთების მეორად გამოყენებაზეა, მთელი სივრცე ახალი შინაარსით სწორედ ჩვენ გვრჩება.
მეორეს მხრივ, ეს აბსურდული ლექსი ერთთვიანი რეზიდენციის მოკლე შინაარსიც არის. არტისტს საშუალება ჰქონდა ქართული ნაციონალური ბალეტის საარქივო მასალა ეკვლია, ემუშავა ოპერისა და ბალეტის და რუსთაველის თეატრის თანამშრომლებთან, ემოგზაურა აჭარაში, გურიასა და იმერეთში და იქ აღმოჩენილი და შეგროვებული ნივთები დეკორაციად ექცია კანცელარიის უსახლკარო ძაღლებისთვის - გამოფენის მთავარი გმირებისთვის. არტისტის მიერ გაკეთებული ძაღლების თეთრი მინიატურული კერამიკის ფიგურები, საგამოფენო სივრცის ყველაზე საპატიო ადგილებს იკავებენ. მაგრამ არა მარტო გამოსახულება, არამედ მათი წკავწკავის ხმაც ამ წარმოდგენის მუდმივი და “შემაწუხებელი” ელემენტია, ხმა რომელიც წყალტუბოში გადაგდებულ და ხელახლა გამოყენებულ საბჭოთა საქანელაში არის გამოკეტილი.
იუნგის ნაპოვნი ნივთები ,,ე.ა. საზიარო სივრცეში“ თითქოს თან მნიშვნელობას იცვლიან თან ზუსტად ისეთივე ფუნქციით არსებობენ როგორც მანამდე, როგორც გარეთ. ავტორი არამარტო კონტექსტების ცვლით “ერთობა”, არამედ მასშტაბში ზრდის ან აპატარავებს ნაპოვნ ნივთებს, პატარა ბავშვივით თამაშობს და ზუსტად ისეთ კუსტარულ, მაგრამ ჯადოსნურ სამყაროს ქმნის “შემთხვევითი” და “ძვირფასი” ნივთებისგან, როგორსაც ჩვენ ყველა ვაკეთებდით პატარაობაში ჩვენი სამყაროების შექმნისას. გამოფენის კურატორი ყურადღებას მიმახვილებს იმ დეტალზე რაც იუნგის “რედიმეიდს” ამ ჟანრის სხვა ნამუშევრებისგან განასხვავებს. ეს ფემინურობის ელემენტის შემოტანაა, ბრუტალური, ჟანგიანი, დიდი და უფუნქციო ნივთების ერთგვარი “გაკეთილშობილება”. ქალი ავტორი ამ ნივთებისგან არამარტო თეატრალურ დეკორაციას, არამედ “თავშესაფარს” ქმნის, ნივთებისთვის პატარა დეტალების დამატებით ზრუნვითი და დედობრივი ელემენტი შემოაქვს მათ ფუნქციაში. მიტოვებულ სანატორიუმში ნაპოვნი ბროლის ლოლოებით აფორმებს ძველ ჟანგიან აბრას, სასტუმროს რკინის საწოლის ზამბარებს ფარდად იყენებს, ჭაობისფერ საბჭოთა სათამაშო ცხენს მუქ მწვანე თეატრალურ ფარდას ჰკიდებს და მის მიერ ჩაწერილი ძაღლების წკმუტუნის ხმოვანი რიგის თავშესაფარ ყუთად აქცევს მას. ამ ახალი თავშესაფრის სივრცეს, მოგვიანებით პატარა ობობაც იკავებს, ძველ სათამაშოში ქსელს აბამს და ახალ სახლად იყენებს მას, კონტექსტს უცვლის. ავტორის შექმნილი კუსტარული სამყარო მართლაც ბუნებრივი თავშესაფარი ხდება.
მაგრამ, ყველაზე საინტერესოდ თეატრალურობის, იუმორის და გარდაქმნის შერწყმა კანცელარიასთან მცხოვრები ერთ-ერთი ძაღლისთვის შეკერილ კოსტიუმში ჩანს. ოპერის სამკერვალოში სპეციალური შეკვეთით გამზადებული სამოსის გაშლილი და გრძელი მკლავები ცეკვა ოსურისთვის შექმნილ კოსტიუმს მოგვაგონებს.
სახლში რომ დავბრუნდი, სოფი იუნგის ლექსს კიდევ ერთხელ გადავხედე. ბოლო სიტყვა “პაქტზე” ვფიქრობდი, რადგან თავისი მნიშვნელობით და კონოტაციით ბოლომდე თითქოს უცხოდ მეჩვენებოდა გამოფენის შინაარსისთვის. ამ ტექსტის წერისას კი მივხვდი, რომ ეს გამოფენა სწორედ ერთი შეხედვით დაუკავშირებელი ელემენტების და ემოციების პაქტია, შეუსაბამობების კავშირი ერთმანეთთან, ზუსტად ისე როგორც თეატრში ან ჩვენს აბსურდულ ყოფაში ხდება ხოლმე. ამ სიტყვის პოლიტიკური შინაარსი კი გალერეის ფანჯრიდან დიდი ჩრდილივით შემოსული კანცელარიის ყრუ კედელში აისახება.