ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თბილისის საცურაო აუზები

კოლხური ცურვის სამხედრო-საწვრთნელი სტილი სრულიად ემიჯნება ცურვის კლასიკურ გაგებას, რადგან ის წყლის ქვეშ ხელ-ფეხ შეკრულ გადაადგილებას მოისაზრებს. ლეგენდის მიხედვით, შავი ზღვის სანაპიროზე კოლხური ცურვით მეომრებს ავარჯიშებდნენ, ამოწმებდნენ მათ ფსიქოლოგიურ მდგრადობას და ეხმარებოდნენ დაეძლიათ წყლის შიში.

ათწლეულების განმავლობაში, ცურვის ამ სახეობას მიმდევრები თითქმის აღარ ჰყავდა. ცურვა და ისიც მხოლოდ კლასიკური გაგებით, ძირითადად იმ ადამიანებს შეეძლოთ, ვინც მდინარეების, ტბებისა და ზღვების მახლობლად ცხოვრობდნენ.

1912 წელს სტოკჰოლმის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მოცურავეთა მარცხის გამო ჟურნალი “რუსკი სპორტ” წერდა: “რუსეთში ცურვა, როგორც სპორტი, ისე ცუდადაა განვითარებული, რომ ყველა დანარჩენ სახეობას ჩამორჩება. საქმეს ვერ შველის შუვალიოვის ცურვის სკოლა, რომელიც მთელს თვალუწვდენელ რუსეთში ერთადერთია”.

20-30იან წლებამდე ცურვას, როგორც სპორტის სახეობას საქართველოში დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. შემდეგ ცოტა შეიცვალა დამოკიდებულება. დაიწყეს აუზების და სპორტული სკოლების მშენებლობაც. საბჭოთა კავშირის დროს აშენდა თბილისში პირველი აუზი, რომელსაც “კუპალნიას” ეძახდნენ.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ფიზკულტურის პარკი მდებარეობდა, სადაც სპორტის სხვადასხვა სექცია ფუნქციონირებდა და იქვე იყო - ღია, ორმოცდაათმეტრიანი,აუზიც. აუზი მტკვრის წყლით ივსებოდა და არ თბებოდა, ამიტომ ვარჯიშს მაისის შუა რიცხვებიდან იწყებდნენ და მანამ ცურავდნენ, სანამ არ აცივდებოდა. “კუპალნია” განკუთვნილი იყო როგორც სპორტსმენებისთვის, ისევე უბრალოდ სტუმრებისთვის. ამ აუზზე სწავლობდა ცურვას საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც.

მიუხედავად იმისა, რომ “კუპალნია” აუზის დღევანდელი გაგებისგან შორის დგას, იმ პერიოდში საწყლოსნო სპორტის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა. ლერი გოგოლაძე, რომელიც 1964 წლამდე სსრკ-ს წყალბურთის ნაკრებში თამაშობდა, იხსენებს, რომ კარიერის დასაწყისში ძირითადად „კუპალნიაზე“ ვარჯიშობდა. ზამთარში კი, მოცურავეები გადადიოდნენ „დინამოს“ აუზზე, რომელიც 1950 წელს აშენდა და პირველი დახურული აუზი იყო თბილისში. თუმცა, არც ეს აუზი იყო სრულად აღჭურვილი:

„ზამთარში “დინამოს” აუზზე ვვარჯიშობდით წყალბურთელები, მაგრამ ეს აუზი ჩვენთვის პატარა იყო. იქ ერთი მხარე ღრმა იყო, მეორე უფრო მეჩხერი, სადაც წყალი წელამდე გვწვდებოდა. დიდებისთვის არ იყო გამოსადეგი, მაგრამ ხანდახან როცა სხვა გზა არ გვქონდა, იქაც ვვარჯიშობდით. თუმცა, ზამთარში ძირითადად მოსკოვში დავდიოდით. იქ უფრო მეტი დახურული აუზი იყო. სანამ ტურნირი დაიწყებოდა, ერთი თვით ადრე ვქირაობდით აუზს, რომ თან გვევარჯიშა და თან შეჯიბრისთვის მოვმზადებულიყავით“, - ამბობს ლერი გოგოლაძე.

იმ დროს „კუპალნიაზე“ ტარდებოდა საერთაშორისო შეჯიბრებებიც. მაგალითად 1954 წელს, თბილისში გერმანელი და ჩეხი სპორტსმენები ჩამოვიდნენ. თუმცა, ეს მხოლოდ ზაფხულობით, თბილისს ზამთრის შეჯიბრებების მასპინძლობისთვის აუზი მაშინ არ ჰქონდა.

“კუპალნია” 1960-იან წლებში  ქალაქის განვითარებას შეეწირა. იმ დროს სანაპიროზე მაგისტრალი გაჰყავდათ, რომელიც პირდაპირ აუზზე გავიდა და “კუპალნიაც” დაანგრიეს. ამბავს საზოგადოებაში დიდი შეშფოთება მოჰყვა, რადგან სპორტსმენების გარდა აქ მოყვარული მოცურავეებიც დადიოდნენ და ზოგადად, ქალაქში საკმაოდ პოპულარული ადგილი იყო. იმდროინდელი მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა, რომ იქვე, ახლოს, 300-400 მეტრში ააშენებდნენ ახალ თანამედროვე აუზს. მაშინ ჩაისახა „ლაგუნა ვერეს“ იდეაც.

„ლაგუნა ვერეს“  პროექტის განხორციელებას 15 წელი დასჭირდა და საბოლოოდ 1978 წელს გაიხსნა. აუზს "ლენინური კომკავშირის სახელობის საწყლოსნო-სპორტული კომპლექსი" ეწოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი სახელი ორჯერ შეეცვალა. ჯერ „ვერე“ ერქვა, შემდეგ კი „ლაგუნა ვერე“.

Idaaf Magazine-ის მიხედვით, ეს იყო კავკასიის რეგიონში პირველი საწყლოსნო სპორტული კომპლექსი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს პასუხობდა და ყოფილ სსრკ-ში ანალოგი არ მოეძებნებოდა. აქ ეწყობოდა საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებები. აქ ემზადებოდნენ ცურვის, წყალბურთის, წყალში ხტომისა და სინქრონული ცურვის ნაკრები გუნდები. 1982 წელს საცურაო აუზი დაჯილდოვდა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიით. ასევე, საკავშირო დათვალიერებაზე - პირველი ხარისხის პრემია მიენიჭა სამშენებლო სამუშაოების ხარისხში. 12 000 კვადრატულ მეტრამდე სივრცეში მოწყობილი იყო ერთი დახურული და სამი ღია აუზი სახტომი კოშკებით. გარდა ამისა, შენობაში იყო კაბინეტები კომენტატორებისთვის,ტრიბუნები პრესისთვის და სპორტსმენებისთვის. საერთო ჯამში კომპლექსი 5500 მაყურებელს იტევდა. კომპლექსში გარდა ცურვისა ასწავლიდნენ წყლაბურთს, წყალში ხტომას, სინქრონულ ცურვას. ლაგუნა ვერეს გახსნის შემდეგ თბილისში საერთაშორისო და საკავშირო ტურნირები უფრო ხშირად ტარდებოდა. 

ცნობილი ქართველი მოცურავე და მსოფლიო რეკორდსმენი ჰენრი კუპრაშვილი „ლაგუნა ვერეზე“ ბავშვებს ცურვის იმ სახეობას ასწავლიდა, რომელზეც დასაწყისში ვისაუბრეთ. მისი ინიციატივით, აუზზე შეიქმნა პირველი საცდელი ჯგუფი კოლხური ცურვის შესწავლაში. როგორც ჰენრი კუპრაშვილი გვიყვება, “ლაგუნა ვერეს” თბილისელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა:

„თბილისელებისთვის ეს იყო დასვენების, ურთიერთობის გამორჩეული ცენტრი. ამ თვალსაზრისით „ლაგუნა ვერე“ კულტურული ძეგლია. მისი დახურვა ყველასთვის დიდი ტრაგედია იყო მაგრამ ჩემთვის ეს ორმაგად უფრო მძიმე აღმოჩნდა. ერთი მხრივ, აქ ცურვის ეროვნულ სახეობათა აღორძინების ცენტრი იყო. უნიკალური ცურვის სახეობის აღდგენა და პოპულარიზაცია ხდებოდა.  მეორე მხრივ კი სწორედ აქ დავამყარე პირველი გინესის რეკორდი 2001 წელს, როცა ხელ-ფეხ შეკრულმა ორი კილომეტრი შეუსვენებლად გავცურე”, - ამბობს ჰენრი კუპრაშვილი.

"ლაგუნა ვერეს" დირექტორი ვლადიმერ გოიაშვილი 2011 წელს თავის წიგნში ”კუპალნიიდან" - "ლაგუნა ვერემდე" წერდა:

"აუზი ცოცხალი ორგანიზმივითაა. ბერდება. ამიტომ უნდა ვუწამლოთ მანამდე, სანამ მიხრწნილობის გამო მისი მკურნალობა შეუძლებელი იქნება. ეს ერთი მხარეა. მეორე, ეგებ, უფრო მნიშვნელოვანი, არის მისი ტექნიკური აღჭურვა, ახალი მანქანა-დანადგარებით ძველის შეცვლა, გათანამედროვება მთელი ამ უზარმაზარი კომპლექსის, რათა იგი სრულად შეესაბამებოდეს საწყლოსნო სპორტის განვითარების დღევანდელ დონეს". 

2007 წელს “ლაგუნა ვერე” ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ იყიდა. როგორც ჰენრი კუპრაშვილი იხსენებს, მაშინ მასაც და ვოვა გოიაშვილსაც უხაროდათ ეს ფაქტი, რადგან გამოჩნდა ადამიანი, ვინც აუზს მოუვლიდა და მცირე სარემონტო სამუშაოებსაც ჩაატარებდა. თუმცა 2013 წლის 31 დეკემბერს აუზი დაიკეტა. 1978 წლიდან 2013 წლამდე აუზს ფუნქციონირება არც ერთხელ შეუწყვეტია. ბოლო რვა წელია კი კომპლექსი მიტოვებულია. აუზებსა და სახტომ კოშკებს მცენარეები და ხავსები შემოეხვივნენ, ხოლო ინფრასტრუქტურა ყოველდღე ნადგურდება.

„ლაგუნა ვერეს“ გახსნამდე, ცოტა ხნით ადრე, 1965 წელს თბილისში საერთაშორისო დონის პირველი დახურული აუზი - ვაკის აუზი აშენდა. როგორც წყალბურთელი ლერი გოგოლაძე გვეუბნება, ვაკის აუზის აშენების შემდეგ „ამოისუნთქეს“:

„წყალბურთელებს დიდი წარმატება გვქონდა, მაგრამ არ იყო შესაბამისი პირობები სავარჯიშოდ. წყალბურთელების წარმატებას რომ ხედავდნენ, შემდეგ გადაწყვიტეს ვაკის აუზის აშენებაც.  ვაკის აუზის აშენების შემდეგ კი ზამთარში უკვე სრულყოფილი აუზი გვქონდა და მოსკოვში ხშირად აღარ დავდიოდით.  მას შემდეგ თბილისში ზამთარშიც ტარდებოდა საერთაშორისო ტურნირები“, - იხსენებს ლერი გოგოლაძე.

აუზი თავდაპირველად სპორტული ღონისძიებებისთვის იყო განკუთვნილი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი გადაწყვიტეს კომპლექსისთვის პროფილი შეეცვალათ და 1999 წელს აქ დელფინარიუმი მოეწყო, თუმცა მალევე ისიც დაიხურა. 2004 წლამდე აუზი უფუნქციოდ დარჩა, შემდეგ კი კერძო პირმა შეიძინა და ახლა იქ სპორტულ-გამაჯანსაღებელია კომპლექსია მოწყობილი. შენობის ექსტერიერი მნიშვნელოვნად არ შეცვლილია, იგივეა აუზის ზომაც - ორმოცდაათმეტრიანი სახტომი კოშკებით. ერთი რამ შეიცვალა - გარშემო ტრიბუნების ნაცვლად, ახლა სარეკრეაციო ზონებია მოწყობილი.

კიდევ ერთი აუზი, რომელმაც საწყლოსნო სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა,  იყო „ლოკომოტივის“ აუზი. ორთაჭალჰესის ხიდს რომ გადახვალთ, ხელმარცხნივ შემოგხვდებათ შემოღობილი ტერიტორია, სადაც ახლა ხარაჩოები აწყვია, ხოლო ძველ აუზებში გუბეებია ჩამდგარი.

ეს აუზი სპორტულ კლუბ „ლოკომოტივს“ ეკუთვნოდა, სადაც კლუბის სპორტსმენები ვარჯიშობდნენ და ტურნირებზეც ლოკომოტივის სახელით გამოდიოდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აუზს „განთიადი“ ეწოდა. თუმცა, დიდხანს აღარ გაუგრძელებია ფუნქციონირება.

საბჭოთა კავშირის პერიოდში კიდევ ბევრი აუზი აშენდა. ცალკე აუზები ჰქონდათ სპორტულ კლუბებს, უნივერსიტეტებს. ტენდენცია იყო, რომ ყველა სკოლას თავისი აუზი უნდა ჰქონოდა. როცა ახალ დასახლებებს გეგმავდნენ თბილისის შემოგარენში, მათ შორის გლდანში და მუხიანში, აუზი უბნის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო. მაშინ აუზების მოვლა-პატრონობას მთლიანად სახელმწიფო იბარებდა. საბჭოთა კავშირის შემდეგ კი აუზების უდიდესი ნაწილი გაიძარცვა და დაიხურა. “ლაგუნა ვერე” იყო ერთადერთი, რომელსაც დაარსებიდან 35 წლის განმავლობაში ფუნქციონირება არ შეუწყვიტავს, თუმცა, არსებობის ბოლო წლებში ისიც საჭიროებდა მნიშვნელოვან განახლებას. დღესდღეობით, ამ უძველესი და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი აუზებიდან ვაკის აუზია ერთადერთი, რომელიც კვლავ ფუნქციონირებს.