გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეფშის დატრიალება

თეფშის დატრიალება | სოხუმი შეგრძნებათა მეხსიერებაში

ოქტომბრის ბოლოს ტორონტოდან მეგობარმა ქართული სუფრის ფოტო გამომიგზავნა. სუფრა ეძღვნებოდა ახალშობილი გოგონას ნათლობას, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ კანადაში ემიგრირებულ აფხაზთა ოჯახში დაიბადა. ფოტოზე ჩანდა ნიგვზით შეზავებული სხვადასხვაგვარი ფხალეული, ორფერი აჯიკა, სულგუნჩამდნარი ღომი და საცივიც.

გემოს მეხსიერება სენსორული მეხსიერების რიგს მიეკუთვნება და მის უსასრულო წარმოებაში ასევე უსასრულოდ ერთვებიან სახლებიდან გადახვეწილი ადამიანები. თუ სამყაროს გამოცდილებათა ნაკრებად წარმოვიდგენთ, შეიძლება ჩვენს შორის ყველაზე მონდომებულმა იმის დამტკიცებაც შეძლოს, რომ დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე უხვად სწორედ აყრილი და გადახვეწილი ადამიანების გამოცდილებები გროვდება.

მათთვის წარსული, სიშორე, სიამოვნება, ძიება, სასოწარკვეთა თუ დაამება ყოველდღიურად (ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც) მომზადებული, გასინჯული ან პირიქით, მონატრებული და ვერაფრით ნაპოვნი საჭმლის გავლით განიცდება. ზოგჯერ გემო უკანასკნელია, რაც ენადავიწყებულ, იდენტობაშეცვლილ ადამიანებს რჩებათ, როგორც ყველაზე მარტივი, ბაზისური უნარი. და შესაბამისად, რაღაც ძალიან კომპლექსური და მეტაფიზიკური ერთ ლუკმაში კონცენტრირდება.

გემოს მეხსიერების თავისებურებაც ესაა – ის თან მძაფრად და მთელი სისავსით აცოცხლებს რაღაცას, რაც წავიდა და რაც ძალიან რთული აღნაგობისაა, თან მყისიერადვე გახსენებს, რომ ეს რაღაც დასრულებულია.

გემოს მეხსიერების თავისებურებები კიდევ ბევრია. გააჩნია სიშორეს, ახლად დამდგარი პირობების დრამატულობას, ტრავმის სიღრმეს, ტრავმირებულის პიროვნულ სიმყიფესა თუ გადარჩენის შინაგან ძალას.

გემოს მეხსიერების შექმნას და გადაწყობას დევნილთა დიდ ბანაკებშიც კი აკვირდებიან – იქ, სადაც, ერთი შეხედვით, უხერხული შეიძლება გეგონოს ჭამა-სმაზე დაკვირვება. 30 იანვარს გამოვიდა ამგვარ წიგნთაგან უკანასკნელი: „ზაათარი: სირიელ დევნილთა მსოფლიოში უდიდესი ბანაკის კულინარიული ტრადიციები“.

გემოს მეხსიერებაში ძებნაა ეს ტექსტი, რომელიც სოხუმელი მეგობარი გოგოების საუბარს ეფუძნება. მათ ვთხოვე, გაეხსენებინათ თავიანთი დრო აფხაზეთში, ოღონდ ძალიან ეცადათ, ყველაფერი ყოფილიყო კავშირში საჭმელსა და საჭმლის მზადება-გაზიარებასთან. 

***

ბებო ღვინოს არა, და არაყს კი სვამდა უზმოზე. საუზმემდე გადახუხავდა. 22 წლის იყო, რომ დაქვრივდა. სამამულო ომში წაიყვანეს მისი ქმარი. დარჩა ორი ბიჭი. გაზარდა მერე ეს ბიჭები. 64 წლის ყოფილა, დაუსვეს დიაგნოზი მკერდის სიმსივნის. არ გაიკარა არაფერი და 23 წელი იცოცხლა დიაგნოზის მერეც – ყოველ დილით სვამდა თავის გამოხდილ ჭაჭას.

აჰა, ზრდასწე. ეგეც მე ვარ? შენ სვი ლიმონჩელო.

ეს არის კომპოტი, გოგოებო, ადესა და კომში. მიირთვით.

ძილის წინ ერთ ჭიქას კიდევ გადახუხავდა.

არაყს ხურმის, შამპანსკი ვაშლის – თვითონ აყენებდა.

გრძნეული ხალხია ეგ თაობა. ბალახები ხომ იცოდნენ, რომელი რას შველის და ცხოველებს აკვირდებოდნენ, ძაღლი რომ ცუდად ხდება, რა დროს რას ჭამს.

ამ რეზოს სიძე რა ლამაზი იყო სკოლაში. ესთეტურად ლამაზი ოღონდ.

მე სხვა მიყვარდა. არადა, არ მიყვარდა.

ესთეტურად მოგწონდა?

სიცილი.

ლაკერბაიას სახელობის საშუალო სკოლის X კლასი. 1989. ლიკა ავდელანის პირადი არქივი

არ მოგეწონა, თამუნა, კომპოტი? სოხუმურია. კომშის და ადესის კომბინაცია კომპოტში – სუნიც, გემოც, მოხარშვაც – სხვისი არ ვიცი, მე იქ გადავყავარ.

სუბტროპიკია ჩვენი მხარე. ყოველ სეზონზე – შემოდგომა-ზამთრის ჩათვლით – გვქონდა ოთხი-ხუთი სახეობის ხილი.

ნიტოშტო ხილი, ქოშიც უნდა გცმოდა, ბასანოშკიც უნდა გქონოდა, შუზიც, ჩექმაც და ვალინკიც. ამდენი სეზონი არ არის აქ და იქ ყველა სეზონია.

ფეიხოა აქ არ იცოდნენ, რა იყო და ჩვენ გვქონდა.

კოწახურიც, შტოშიც.

მალინა გვქონდა სამი მოსავალი, ოქტომბრის ბოლოს იყო ბოლო დაკრეფა.

ფეიხოთი იწყებოდა, მერე მოსდევდა – მანდარინიო, ფორთოხალიო.

წყავი არ დაგავიწყდეს, წყავი საერთოდ ახლა გაიგეს აქეთ.

ლავრავიშნია? მაგნოლიიის ხეს გავს და მარადმწვანე ფართო ატლასის ფოთლები აქვს. მაგისგან კეთდება მურაბა, მაგრამ რა მურაბა.

წყავი არის ამარეტოს მასალა?

წინასწარ იცოდნენ, როდის იქნებოდა ყინვა. ვისაც ჰქონდა პლანტაცია, ღამე ცეცხლს დაუნთებდა ნარგავებს კიდეებში და კვლებში კვამლს შეუშვებდა. ის კვამლი მიწას ათბობდა. ყინვას უკან ახევინებდა.

ჩვენს ეზოში გაშენებულ ფეიხოასაც ეგრე უვლიდა მამა.

ჰო, სულ ორი-სამი საათია ის ყინვა და მერე კი გადადიოდა.

მძიმე თოვლი იყო და წყლიანი.

ფეიხოას ძალიან ნაზი ტოტი ჰქონდა და თოვლი ტოტებს უტეხავდა.

ოთხსეზონიანი ლიმონი გვქონდა.

სხვათა შორის, მაგ ჯიშის გამომყვანი ტურავა გვიკითხავდა ლექციებს.

გივი.

ცოცხალია?

იცი, რომ ვერსად ვნახე აქ? რამდენი ხანია ვეძებ. რას და… ერთი წუთით, გამახსენდება, ვიტყვი… აი, ასეთი ფორმის – მარგალიტებივით პატარა მანდარინებია.

კუმკვატი? ჩვენ დავდგით ეზოში – თბილისში რომ გადმოვედით. მაგრამ მამაჩემი გარდაიცვალა, ეგ ხე გახმა. ისე მენატრება მაგის მურაბა.

თითას ჰგავს, თითა ყურძენს.

არ იფცქვნება, პირდაპირ იხარშება.

ჩვენ ვეძახდით მანდარინს და იყოს კუმკვატი.

გახსოვს, სკოლიდან რომ მივყავდით ციტრუსის საკრეფად?

ტრიფოლიატის.

ჩვენ ეკალასაც ვაბარებდით საბჭოთა მეურნეობას.

ეკალაზე სულ ერთი გურმანი კაცი მახსენდება. ღომს ჭამდა მხოლოდ ასეთი შეჭამანდით: მოხარშულ და შუაზე ჩაჭრილ კვერცხს გადაუსვამდა წითელ აჯიკას, გვერდზე მიუდებდა ეკალას ჭინჭრით. ამ ოჯახს ნიგოზზე მეტი თხილი ჰქონდა და ამიტომ თხილით აზავებდნენ ყველაფერს. ყოველ დილით გავიდოდა ამ ოჯახის ბებია სახლის უკან, ტყეში, დაკრეფდა ამ ახალ-ახალ ეკალას და საღამოს სიძე რომ ბრუნდებოდა სადილად, მიართმევდა ღომით და აჯიკით.

აბრეშუმის ჭიას თუთის ფოთოლს ვაჭმევდით. ბჟოლის ხეს ვეძახდით მაგას.

ჩაის საკრეფად დავყავდით.

მანდარინის საკრეფად?

მანდარინი სკოლაში მახსოვს – დავუძახებდით წინ მჯდომ კლასელს, მოიხედავდა და ჰოპ, მოუჭერდი მანდარინს თითებს, წვენს გამოასხამდა. წავიდა თვალებშიიი. რა მწარეა.

თამბაქოსაც გვარგვევინებდნენ.

ტუნგოს იყენებდნენ – წებოს აკეთებდნენ.

მე ჩემმა კლასელმა ბიჭმა მაჭამა ეგ ტუნგო. ხომ გახსოვთ, რომ მეპრანჭებოდა და ჩაის საკრეფად ვიყავით წასული. ძალიან ლამაზი ხეა. პავლონიას ჰგავს. ჰოდა, ვთქვი, ნეტავ, რა ხე არის-მეთქი და ეგ, იცი, გემრიელიაო? ნახე, ჩაკბიჩეო. არ ჭამოო – შემაჩერეს სხვებმა, მაგრამ ვერ მოვასწარი და ჩავკბიჩე და დამრჩა პირი გაწებილი. წებოში თუ საპონში ხმარობენ მაგას.

ხის კანფეტი გახსოვთ?

ჩემი სახლის წინ იდგა.

აქეთ არის?

მე ვნახე გურიაში.

ჩვენ გორიდან ჩამოვიტანეთ თბილისში – რომ მოგვენატრა მაშინ.

მთელი ჩვენი სკოლა მაგ ხეზე იჯდა.

იქ რაც გვქონდა, ყველაფერი გვინდა, აქ გვქონდეს, თამუნა. მე მართლა ყველა ხილის და ყვავილის სუნს დავუწყე ძებნა.

მერე არ ვიპოვეთ? ვიპოვეთ კიდეც თითქმის ყველაფერი. ვეძებეთ, ვეძებეთ და, ბოლოს და ბოლოს, მოვაშენეთ.

ხალხო, ახლა რომ გისმენთ, ძალიან აფეტიშებთ რა – ეს არ იყო, არც ერთი ენდემური ხე, ჩვენთან შემოიტანეს მერე და მიწა იყო ნაყოფიერი და გაიხარა.

ჰო, რა ვიცი, სტალინს ჩამოჰქონდა თუ ბერიას. სტალინსაც ჰყვარებია, რას გაიგებ. სტალინის დასასვენებელ სახლს რომ ეძახდნენ, მანდ დაცვის უფროსი იყო ჩემი ძმა და მისგან ვიცი – მართლა ხარობდა მანგო, ბანანი.

სტალინი რად უნდა ბანანს. ჩემი სახლის წინაც იყო, მაგრამ ფერიცვალება და მერე წყდებოდა, ვერ ასწრებდა დამწიფებას.

მარიამობის წინ იყო ჩვენთან ჭიაკოკონა და აქ გვაწეპებდა სანთელს ბებია. ბებიაჩემი აღარ არის, წელს ჩემით დავიწებე.

ხეხილს არ უნდა მიკარებოდი, ჭიაკოკონობის დროს უნდა მოიკრიფოსო. პირველი ყურძენი მარიამობას უნდა დაიკრიფოსო.

სიმინდიც მერე უნდა მოხარშულიყო.

სოხუმი. ბოტანიკური ბაღი. ბანანები. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ბანანი არ მწიფდებოდაო, რომ თქვით, სამაგიეროდ, ფინიკი მწიფდებოდა. ფინიკს ვჭამდით.

და პალმები? რამდენნაირი იყო პალმა?

ქალაქში, ჰო?

რა იყო ენდემური?

ბამბუკი, აკაცია, ევკალიპტი, ალბათ.


სოხუმი. პალმების ხეივანი პარკში. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

სუკულენტები სასაფლაოზე გახსოვს?

მას მერე არ მიყვარს სახლში სუკულენტების მოტანა. მახსენებს სოხუმის საფლავს.

ლამაზია, ვერ ვიტან.

ლარიჩკას ბალბები? ფერებში.

მე ბალბის ფოთლის სუნი მახსენებს სოხუმს. ეს ახლა, მაშინ არ მიყვარდა.

გორტენზიები ჰქონდა სვეტა ბიცოლას. მეც ჩამოვიტანე ზუგდიდიდან ოღონდაც ეს არის ბუჩქი და ის, რაც ჰქონდა სვეტა ბიცოლას, ისეთი ლამაზი ცისფერი იყო და თან მაღალი – ჩვენი სახლის თითქმის მეორე სართულამდე ადიოდა.

სად გინახავს ასეთი მაღალი ჰორტენზია, თამუნა?

იმიტომ, რომ სინესტე უნდა, სინესტე და მზე.

იცი, რა მახსენდება?

ბარათაშვილზე რომ ავდიოდით და რომ იყო?

ხო, შეხვიდოდი ქუჩაზე და მაგის სუნი გამოვარდებოდა. წაგლეკავდა.

სურნელი გრჩება. ვერ ბრუნდები. სიმყარე აღარ გაქვს შენი სახლის. და რაც გაქვს, სურნელში გრჩება. შეისუნთქავ და გეჩვენება, რომ აღდგა.

სანამ მანდარინი მოილეოდა, მაისკი როზა შემოდიოდა. პირველი ვაშლი ეგ იყო.

მსხალი როდის იყო?

მუშმალა ზაფხულშია.

თებერვლამდეც კი ეკიდა ხეზე ფორთოხალი.

ზამთრის მსხალი და ვაშლიც გვქონდა.

კეფირი მსხალი?

აფხაზურ ვაშლს ეძახდნენ. თივაში ჩავაწყობდით და გაზაფხულამდე გვყოფნიდა. დანარჩენს ღორს აჭმევდა ბებია. ერთ უგემურ მსხალს – „მადამ რაღაცა“ ერქვა – რუსებზე ყიდდა. იერი ლამაზი ჰქონდა, ერთ მხარეს მოვარდისფრო. მკუხე მომწონდა და მწიფე – აღარ. კურორტნიკები გიჟდებოდნენ და ბებია მაგათზე ასაღებდა.

მერე მოდიოდა გრძელ ყუნწზე მრგვალი მსხალი და შიგნით შავი რომ იყო.

სამურაბე მსხალი?

სამურაბე ცალკე.

ჩიტის ლეღვი.

თქვი, რა ლეღვი იყო სოხუმში?

მწვანეც იყო.

პატარა და გრძელიც იყო.

და იასამნისფერი.

ბერძნულ თუ თურქულ ლეღვს ეძახდნენ, დაღარული იყო, დამსკდარ და ქვემოთ თაფლივით ჰქონდა გამოსული და რომ გაფცქვნიდი, იყო გამჭვირვალე, როგორც…

შამპანურ ვაშლებს ზედ ძარღვები ეტყობოდა სიმწიფისგან.

მე მიყვარდა ლეღვი და კარალიოკი და აფხაზეთის მერე ეგ გემო არსად შემხვედრია. ახლაც მეტყვიან, ნახე, რა ლეღვი მოვიტანე. მივალ, გავსინჯავ, ის არაა.

ახლა რა უნდა გაგახსენოთ. სოხუმიდან გამოვფრინდით 20 აპრილს და 20 აპრილს მაქვს დაბადების დღე – 21 წლის თვითმფრინავში გავხდი. ორი დღით ადრე დაიწყო დაბომბვები, ბაღმარანი დაიბომბა. მერხეულშიც ერთი-ორი ჩამოვარდა და მამაჩემმა დილის ექვს საათზე ჩაგვყარა მანქანაში, გაგვაქანა აეროპორტში. თვითმფრინავში, ჩემი სკამის გვერდით, აი, აქ იწვა მიცვალებული და აქ ვიჯექი მე, ვითომც არაფერი.

ზავარკას ვეძახდით ჩაის, ზავარკას. ბარბარიზმები ძალიან იყო ჩვენთან შემოჭრილი. და როცა ზავარკას დააყენებდნენ, მთელ სახლში იდგა სუნი. რა ჩაის აღარ ვეცი აქ, თურქეთიდან ჩამოტანილიო, ჩინურიო. სოხუმური ჩაის სუნი მაინც არც ერთს არ აქვს.

ჩაის პლანტაციიდან მოჰქონდათ ჩვენთან და ვაშრობდით და იმას ვიყენებდით. მერე აქ ნავთლუღში წავაწყდი… გურიიდან ჩამოაქვს ერთ ქალს, მაგრამ თავისი დაკრეფილი, ოჯახურად დაყენებული.

სოხუმში ფოლგაში გვედო ხოლმე ზუგდიდის ჩაი, კარადას რომ გამოაღებდი, სუნი გამოვარდებოდა.

აი, ახლაც მოვიდა იმ ხის სუნი, იმ ყვითლის, სტაფილოსფრისკენ რომაა – ცოტა მიატა, ცოტა ტკბილი, ცოტა ციტრუსოვანი.

რა ჰქვია, გამახსენდებოდეს ნეტავ.

ამბერი არის მე მგონი – სუნამოებში ამბერს ეძახიან.

რა შევამჩნიე: ისეთ ასაკში წამოვედით იქიდან, ყველაზე ლამაზი ასაკი რომ არის. 20 და 21 წლის ვიყავით. ყველა გრძნობა, რაც ადამიანში არსებობს, უკლებლივ ყველა გრძნობა გაგვიღვივდა იქ. რომ ჩამოვედით, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქია თბილისი, მივხვდით, რომ ჩვენთან მეტად წინ წასული იყო ცივილიზაცია.

სოხუმი. ბოტანიკური ბაღი. 1925. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

იმიტომ, რომ გახსნილი იყო სოხუმი.

ვარკეთილში მიდიხართ-მეთქი? ვეკითხები მარშუტკას თბილისში გადმოსვლის პირველი პერიოდია. და ვარკეთილში, არა, აფრიკაშიო. აფრიკაშიოო! – რომ დავიწყე ტირილი, კაცი გაშტერდა. ვერ გავიგე, შუბლზე მაწერია, რომ ჩამოსული ვარ? რატომ დაგვცინიან. ჩემი ბიძაშვილი მომდგა მერე, შენ, გოგო სულელი ჰო არ ხარ, არ დაგცინოდა აფრიკა უბანი მართლა არსებობსო.

ახლა მოვუყვეთ თამუნას, ყავას როგორ ვადუღებდით.

მოიცა, თბილისში რომ ამირანის ყავა დავლიე, ეგ მოყოლილი მაქვს?

„პინგვინის“ ამირანის.

„პინგვინი“ – სვეშჩენნაია მესტა. „პინგვინში“ ყავის სმა და ბრიხალოვკა.

ბრიხნია იცი, რა არის, თამუნა? – სისულელე. ანუ ყავას სვამდი, სისულელეზე ლაპარაკობდი.

ნარდაობა და შახმატი.

ქვიშაში წვეთი რომ ჩაიღვრებოდა, ის წვეთი ისეთ არომატს უშვებდა, ვინც არ აპირებდა, ისიც ყავაზე ჩერდებოდა.

ჩავდივარ კოლმეურნეობაზე. აგვისტოს სიცხეა. თმის საშრობი გამიფუჭდა და გასაკეთებლად პირიმზეში მიმაქვს. სანამ გამიკეთებენ, ვდგავარ, ველოდები. ახლა სადაც ყვავილების დახლებია, დაახლოებით მანდ ვხედავ კედელზე ხატია პინგვინები და ნაყინი, აწერია პინგვინი. ვიძახი, ეს რა არის, ეს ძალიან ნაცნობი რაღაცაა. გამოვახედე მიმტან გოგონას და: ერთი სოხუმელი კაცია, ამირანი, იმისი კაფე არისო. დიდი ხანი არ არის, რაც გახსნაო. გავოგნდი. შევედი. არა, არ შევედი. დავურეკე ელენეს სალონიდან, თუ არ გყავს კლიენტი, ჩამოდი კოლმეურნეობაზე, პასოხუმსკი უნდა დაგალევინო ყავა-მეთქი. ჩამოვიდა ელენე, შევედით. შევხვდი ამირანსაც. მოვუყევი, სტუდენტობის ამბები. დაბრუნებაზე რას ფიქრობთ-მეთქი და არაო, მირჩიეს, რომ ჯობია არ დავბრუნდეო. გამიკვირდა – არ იყო ამირანი ქართველი. მეო წამოვედი ოჯახითო. ახლა მინდოდა დაბრუნება, მაგრამ ასე მირჩიესო. მოვისაუბრეთ, ერთი სიტყვით. მერე თავისი ნამცხვარი გამოიტანა და ნამცხვარზეც დაგვპატიჟა. და ვსვამ ამ ვითომ „პინგვინის“ ყავას თბილისში და მინდა, რომ ის გემო და ის ყველაფერი შევიგრძნო, რაც სოხუმში მქონდა, მაგრამ – არა რა. არ მოდის მოგონება. კოფე კაკ კოფე, დაჟე ხუჟე. არადა, ამირანიც ის ამირანია, პინგვინიც აწერია. ყავაც – ქვიშაშია. მერე ვიფიქრე, რომ ალბათ, მარცვლებია უხარისხო.

სოხუმში ის ყავა გვქონდა, რითაც მოსკოვი მარაგდებოდა. კილოობით მოგვქონდა და სახლში ვხალავდით და ვფქვავდით.

მერიკო, დუსმაჭ, – ეგ იყო პაროლი. დუსმაჭ – ანუ თავი მტკივაო და ყავა უნდა დამალევინოო და წამში იკრიბებოდნენ. ვიღაცას ნამცხვარი ექნებოდა სახლში და გადმოიტანა თეფშით, ვიღაცა ხელსაწმენდში შოკოლადს გადაახვევდა. სულ მეგრული დასახლება იყო ჩვენი. რაგატკის ნასროლივით ვიყავით ერთი-ორი ოჯახი სვანების. ორ ჭიქაზე მეტს ერთად არ მადუღებინებდა დედა.

ეს კომპოტია და, იცი რისი გემო აქვს? ფელამუშის.

გაგვიმარჯოს სოხუმელებს და მალე დავბრუნებულიყავით.

მწნილები?

მწვანე პომიდვრის.

თეთრი ფხლის? კეჟერა ფხლის? ბებია აკეთებდა მაგათ მწნილს.

დედაც – თვითონ მოჰყავდა და ამჟავებდა.

ჩვენც ვხმარობდით კეჟერას ბოლქვს დასამჟავებლად.

ბოლქვიც მჟავდებოდა და ფოთოლიც.

ჩვენთან კეთდებოდა პრასი, ჭინჭარი – დამჟავებულად, მწვანე ხახვი ჩაჭრილი.

ლობიოს თურჩას ვეძახდით.

თურჩას მწნილი სომხებისგან ვისწავლეთ.

ხო, ჩვენც ვაკეთებდით ჩვეულებრივად, უბრალოდ, ვიცოდით, რომ სომხურია.

მე სომხური პური მახსოვს, სხვათა შორის, ქვაზე რომ აცხობდნენ.

ბერძნული პურიც იყო სოხუმში.

არა, ეს სომხური პური იყო ყვითელი სიმინდის ფქვილით და ცოტა პურის ფქვილი ერია. თავისებურად ცომავდნენ, არ მახსოვს როგორ. ბრტყელი ქვა იყო, იმას კარგად გაახურებდნენ ცეცხლზე, მერე გადაწმენდნენ, კაკლის ფოთოლს, ან თხმელას – აი, მდინარეს რომ მიუყვება, დაუფენდნენ, მერე ამ ცომს გადააფარებდნენ, მერე ისევ ფოთოლს, მერე ჰქონდათ ფირფიტა რკინის, იმას დაახურებდნენ და ზემოდან აყრიდნენ ნაკვერჩხალს. ძალიან სპეციფიკური სუნი ჰქონდა.

ჩვენთან ბერძნები ჭამდნენ ლოკოკინებს. პატარა რუები იყო და იქ იჭერდნენ.

ჩვენთანაც, ოღონდ კარტოფილთან ერთად კეთდებოდა.

კარტოფილთან კი არა, კვერცხთან.

მე არ მიყვარდა აფხაზების ღომი. აგვისტოში დასასვენებლად ვხვდებოდით ერთად და საჭმელიც ერთად კეთდებოდა. ყოველ შაბათ-კვირას თხას ვკლავდით. და ღომიც უკეთდებოდა. ოღონდ თეფშზე არ დადებდნენ ღომს აფხაზები და მეგრელებმაც ეგრე ვიცით. ოდნავ ჩაღრმავებულ ტაბაკზე ისხმება.

ჰოდა, ეგრე დადებდნენ ისინიც იმ ქვასავით ღომს. სიმინდის ფქვილი რომ ბევრი აქვს, მუქი აქვს ფერიც და მაგარიც გამოდის. ხორცს დაადებდნენ ზემოდან, აჯიკას მიუდებდნენ, დაჭრილ კაპჩიონი სულგუნს… მაგრამ აგვისტოს იმ სამ შაბათს, მე ღომი არასდროს მიჭამია.

სამეგრელოში იციან ფაცხები. ჩვენთან იყო წითელი აგურის.

რატომ მარტო აგურის – ბებიაჩემს ხის ჰქონდა. ბამბუკისგან კიდევ, მსხვილი ბამბუკისგან ამოჰყავდათ ოთხივე კედელი.

საკლავი რომ დაიკვლებოდა სამეზობლოში, ერთი ბარკალი გადიოდა ეგრევე და ერთი მხარე მთლიანად – თავისი ნეკნებით – ეკიდა შუაცეცხლზე ფაცხაში და მიდიოდა შებოლვა.

ზამთრის მარაგში მთავარი იყო შებოლილები.

თევზიც მათ შორის.

მერე იწყებოდა იმის შეფუთვა და შენახვა.

დასავლეთში ხომ ძირითადად სტუმარზე ვიყავით აწყობილი, შაშხი უნდა გვქონოდა. ისეთ სიმაღლეზე კიდებდნენ ფაცხის ჭერში, რომ ნელ-ნელა აჭრიდნენ შებოლილ ნაწილებს. ლობიოსთან ერთადაც იხარშებოდა. ის რომ იხარშებოდა, იმისი სურნელი რომ დადგებოდა...

მამაჩემი თხას რომ დაკლავდა, ბეწვსაც ამუშავებდა. ემალირებული ვედრო ჰქონდა და შიგ ჯერ ნაცარში ჩადებდა, რომ ამოიღებდა, იმას უკვე ბეწვი ძვრებოდა, მერე მარილს უსვამდა. ფეხების ადგილზე ნახვრეტები ჰქონდა ტყავს, ჰოდა, ხის ფირფიტებს თლიდა და იმით კრავდა. მერე შიგ მაწონს ჩაასხამდა. ეკიდა ფაცხაში, გარეთ წურწურით ჩამოსდიოდა და იმას უფხეკდნენ.

ჩვენ, სვანებმა ვიცით გუდაში ყველი – წიწაკით და მარილით.

მეგრულია ეგ.

გაჩერდი ახლა.

ეს არის მაწონი გუდაში წიწაკით და მარილით.

გაწურული მაწონი. კოვზით ძლივს რომ ამოიღებ.

სტუმარზე ვიყავით აწყობილებიო, რომ ვამბობ, ეს მაწონი უნდა ყოფილიყო, შაშხი და სულგუნი. საღომე სულ მზად ჰქონდათ. მერე ერთ ქათამს ჩამოიყვანდი კიდევ ხიდან, დაკლავდი და გამოგდიოდა მეფური სუფრა.

არაყს როგორ აკეთებდა იცით ბებიაჩემი? ვენახის ბოლოში ჰქონდა მიწაში ჩადებული ქვევრი. იმაში ყრიდა, აგროვებდა და მერე ხდიდა.

სუნი მოვიდა?

მოვიდა მოვიდა მოვიდა.

აჯიკა აფხაზური?

აფხაზურს ეძახიან აჯიკას, რომელიც ძალიან მწარეა.

ჩვენ ყველაფრის აჯიკას ცალკე ვაკეთებდით. ხორცის აჯიკა ცალკე იყო, ლობიოს აჯიკა ცალკე იყო, საცივის აჯიკა ცალკე იყო.

უთხარი ბარემ თამუნას, რომელს რა ჰქონდა.

და კიტრი-პომიდვრის აჯიკა.

ხორცის აჯიკაში კამას ვუკეთებდით. კამა თავისით ამოდიოდა, აღარც ვთესავდით. ზამთარში ცელოფნებს აფარებდა ბებია. ყინვისგან ასე იცავდა.

დედა ჭყინტი ყველისთვის სულ სხვა აჯიკას აკეთებდა.

ჩვენი, სოხუმური სამზარეულო გასული იყო ერთი მეორეში, გარდამავალი.

მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ჩვენ სულ გვეცოტავებოდა შეკმაზულობა და ვამატებდით საკმაზს.

უკვე მერე, თბილისშიც, თითქოს, სულ გემო გვაკლდა. ვცხოვრობდით სასტუმრო „აჭარაში“. იქ მოდიოდა დახმარება. მაგათი ლობიო არ მოგვწონდა. დედაჩემი წავიდოდა, გაყიდდა პურს, რომელიც ასევე დახმარებით მოდიოდა. იყიდდა მწვანილს, გადაკმაზავდა იმ ლობიოს ჩვენებურად და გვიხაროდა.

უჰ, ამათი დედები მასტერშეფები იყვნენ.

ჩემი დედამთილი მეტყოდა, მიყურე, მიყურე, მიყურე. არ ვუყურებდი, მეგონა სულ იქნებოდა.

დედა იტყოდა, თვალის ზომით მახსოვს, თუ არ შემხედავ, არ დაგამახსოვრდება.

სუფრაც რომ კეთდებოდა, არასდროს არ იყო ის სუფრა გამოყოფილად. აფხაზური სამზარეულო შეკრული იყო და მენიუ დაწერილი. დაწერილი ხო, აქ, თავში, მახსოვრობაში, თორემ არაფრის რეცეპტი არ არსებობდა. სომეხი აკეთებდა, სვანი თუ მეგრელი, არ ჰქონდა მნიშვნელობა. მარტო იმას ვუყურებდით, ვის რა გამოსდის უკეთესად – ვიღაცას კარგი ჭადები, ვიღაცას საცივი.

ჭადებზე მე მეძახდნენ ყველგან.

დამხმარეები ვიყავით ეს ჩვენი ახალი თაობა. ის მომეცი, ეს მომეცი – მარტო მიწოდება შეგეძლო.

სამი დღე და ღამე ვკერავდით თეთრი მარლით სეფის კედლებს და ჭერს.

სალფეთქების დიზაინი და ფერებში დაწყობა?

ფელამუშიც ფორმებში.

გვერდზე – ფერადი ჟელე უნდა ჰქონოდა. ჟელატინი ახალი შემოსულ იყო და მაგიტომ მოიგონეს – თეფშზე აწყობდნენ ჟელეს ფორმიან ფელამუშთან ერთად.

600 კაციანი ქორწილების სუფრები უშეცდომოდ იშლებოდა.

წერტილ-მძიმეში იყო ყველაფერი ჩაწიკწიკებული.

ჩამდგმელები და გამწყობები ცალკე ხალხი იყო.

მაგათ ვერ მიეკარებოდი, სულ მილიმეტრებში ჰქონდათ გათვლილი და რამეს უადგილოდ თუ დადგამდი, აგაღებინებდნენ, ეგ აქ არ უხდება, აქეთ წაიღეო.

რა იცი, დედა, რამდენ საჭმელი უნდა გაკეთდეს-მეთქი და როგორ არ ვიციო. მართლა იცოდა, ყოველ ოც კაცზე რამდენი რა უნდოდა.

მე მახსოვს, რომ ყოველ ათ კაცზე ერთი გოჭი იწვებოდა. მაგრამ იმ გოჭთან ერთად, ქათამი, ბატი უნდა მიგეთვალა.

ქელეხებზე ჩვენთან არ იყო ხორცი.

მე ახლაც ვერ ვჭამ.

მეცხრე დღემდე.

45 ნამცხვარი გამოაცხო ერთხელ დედაჩემმა ქორწილის სუფრისთვის.

შორი გზიდანაც ხომ მოდიოდნენ ჩვენთან სამძიმარზე და მაგ დღეებში სულ სეფები იშლებოდა, დააპურებდნენ და გაუშვებდნენ და ბოლო იყო ქელეხი.

ახლა ყველა აფანატებს ცოცხალ თევზზე.

ცოცხალი რომელია?

მოხარშული.

მტკვრის თევზი? თევზი ჩვენთან უნდა გენახა. თევზი წვრილი, შემწვარი და ღომი.

წვრილი რომელი – ხამსა?

ხამსა და მეორე, წითელი … ბარაბულკა.

ბარაბულკას ოჩამჩირეში იჭერდნენ.

ჰოდა, ღომი რომ მზადდებოდა, გვერდით ეს თევზი იწვებოდა. ფქვილში ამოვლებული.

თან რა მახსოვს, იცი? ასეთი დიდი ტაფა გვქონდა, თხელი ტაფები რომ იყო დიდი, თუჯის. ამაზე რომ ამ წვრილ-წვრილ ხამსას მერიკო დააწყობდა და ორი ჩამჩით მთლიანად გადმოაბრუნებდა.

კნატუნა საჭმელი იყო.

მზესუმზირასავით აკნატუნებდი ბარაბულკას.

მე მახსოვს, ჩვენი სკოლის დირექტორის ბიჭმა რომ ცოლი მოიყვანა, თამადის მოადგილედ ქორწილში მიიწვიეს მამაჩემი და ის ჰყვებოდა სუფრის სილამაზეზე. ხილით სავსე კალათები ეკიდა, საიდანაც ყურძნის მტევნები ეშვებოდა ძირს და ჩურჩხელებს თავები ამოეყოთო. თვითონ მაგიდა ორ და სამსართულიანი იყოო.

მეც ვარ ნამყოფი ტყვარჩელში, 1200-კაციან სუფრაზე და ეგ სართულები ხომ გახსოვს, როგორ კეთდებოდა? ხის იარუსები იდგმებოდა, ჯერ მაგიდა, მერე შუა დონე, მერე – მაღლა. საწყალი, ის ჩვენი ახლობელი დადვანი რომ გარდაიცვალა, აი, მისი უმცროსი დის ქორწილში მახსოვს, ორი ჯგუფი ჰყავდათ დამკვრელების – სეფის თავში და ბოლოში ესხდათ. ეს იარუსები სუფრებზე სულ სხვადასხვა ფერად მოჩანდა და ყოველი ხუთი კაცის მერე „მარლბორო“ ედოთ.

მაწონიც ლამაზად მორთმეული – თიხაში.

აჩმასთან ერთად შემოდიოდა მაწონი.

თუ კამეჩის მაწონი იქნებოდა, ვაფშე რა..

იტყოდნენ, ისეთი სუფრა იყო, კამეჩის მაწონიც კი ჰქონდათო.

ჰო, თბილისში ხიზილალას ამბობდით, მაგრამ იქ ხიზილალა არაფერი იყო – ყველა სუფრაზე იყო ჩვეულებრიობა.

ზეთისხილიც ასე.

იმერლებმა იცოდნენ მაშინ, სხვათა შორის, ჩვენსავით ლამაზი სუფრები.

ნუ იგონებ.

რას ვუგონებ.

მოეფერე, კარგი, ჰო.

ვის მოვეფერო, რა შუაშია. იმ პერიოდში ჯერ კიდევ იმერლების სუფრებიც ცნობილი იყო როგორც ძალიან მრავალფეროვანი. ჩვენთან, მაგალითად, ოსტრი არ იცოდნენ.

რას ლაპარაკობ, ოსტრი როგორ არ იცოდნენ, ცხელ კერძებში პირველი ეგ შემოჰქონდათ.

ცხელები სოხუმში ღომის გარეშე არ არსებობდა, აჩმა კიდევ, ცხელ-ცხელი ხაჭაპური, კუბდარი.

ტოლმა?

ტოლმაც.

ღომი ისე არ შევიდოდა, ცხელი კუჭმაჭი არ მოჰყოლოდა. კუჭმაჭი მალე ცივდება და ამიტომ ჩქარ-ჩქარა უნდა ჩამოერიგებინათ.

გაანგარიშებული ჰქონდათ. ღომი რომ იწყებდა ამოღებას, იმას მოჰყვებოდა ცხელი კუჭმაჭი.

მე როგორც მახსოვს, არავინ ჩადგამდა იმას, უნდა ერბინათ წინ და უკან – ჩამოსატარებლად.

კოდორში გაგვხიზნეს სულ წამოსვლამდე დები ჩვენებმა. იქ ახალი სიმინდი იყო, ჩამოვთლიდით, დავჭყლეტდით და ვაგუნდავებდით. მშვენიერი ჭიშდვარი გამოგვდიოდა.

ჰოდა, ერთხელ, უკვე რომ იცლებოდა სოხუმი, სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორები წამოსულან კოდორით. ჩვენი სახლი ტრასის პირზე იყო და ჩემმა რექტორ-პროფესორებმა, ყველამ იქ რომ ჩაიარა, შევიპატიჟეთ. დედას ღომი ჰქონდა უშველებელი ქვაბით, მისი ბიძაშვილი კიდევ გაიქცა კოდორის მდინარეზე და ვეებერთელა ორაგული ამოიყვანა. ჩვენი კურატორი იყო, ბიოლოგიის საგნის, თვალები შუბლზე აუვიდა, ეს ამხელა თევზი რომ დაინახა. ნახევრით უხა გავაკეთეთ, თან – კოცონზე, გაზი არ გვქონდა. ნახევარი შეწვა და ბაჟეში ჩააწყო. მერე ის ჩემი პროფესორი სიკვდილამდე იმას იხსენებდა, რა მწარე გზაზე ვიდექით, რა საშინლად მოვდიოდით სოხუმიდან და ის მოლხენა თქვენთან, გზაზე, ისეთი იყო, გამოქცეულები რომ ვიყავით, სულ დაგვავიწყაო.

ისე, გამოქცევა რომ დაიწყო, ასე, გზადაგზა, ოჯახები დღეში აკეთებდნენ იმდენ საკვებს რომ ყველა დაეპურებინათ და გაეშვათ. ბებიაჩემიც ასე იყო და თქვენთანაც ალბათ ასე იქნებოდა.

შემოვედით თბილისში და ჰუმანიტარულიც შემოგვყვა. ალბათ, მანდედან გვქონდა მაიონეზის ბანკები, თორემ მაიონეზის ჭამა იმ წლებში, თბილისში, მე დიდად არ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ ის, რომ ჩაის დასალევად ჭიქა რომ არ გვქონდა, ამ მაიონეზის ბანკებიდან ვსვამდით ჩაის.

ანანასის ბანკებიც გვქონდა.

ანანასის კომპოტებს გვიგზავნიდნენ, ჟეშტის ბანკებით.

გერმანიიდან.

მაგრამ შიმშილად და უბედურებად, სიცივედ და აუტანლობად მაინც არ მახსენდება.

ცოტას კი ვშიმშილობდით, მაგრამ შემაწუხებლად არ ჩამრჩენია.

შეიძლება გქონოდა ხახვი, ზეთი, პური, შეწვავდი იმ ხახვს და ბოლო-ბოლო იმას ვჭამდით.

ერთადერთი ჩვენი პრობლემა იყო საცხოვრებელი, თორემ ეგრევე მოვახდინეთ ადაპტირება. გარდაბანში გაგვანაწილეს თავიდან. შენობა იყო, ყოფილი სასადილო. მაგრამ ფეჩიც დავდგით. მიწა იყო მიგდებული და მიწაც დავამუშავეთ. ფანჯრები ისეთ დღეში იყო, თან მაგარი ქარი იცოდა და ასე, ბაწრებს გამოვაბამდით ფანჯარას, იქით კედელს მივაჭედებდით ლურსმანს, მივაბამდით იმ თოკს და ვიჭერდით, რომ არ გაღებულიყო. მაგრამ ტრაგიზმის გარეშე. იმის გარეშე, რომ ვაიმე, რა გვეშველება და ეს რა დღეში ჩავცვივდით.

სოხუმის მთის პარკის რესტორანი, 1948. ფოტო: ტრახმანი. ეროვნული ბიბლიოთეკა.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ამტანობა და შემგუებლობა განპირობებული იყო იმით, რომ გვეგონა, დროებითია ეს ყველაფერი და მალე დავბრუნდებით.

რა თქმა უნდა, ეგ იყო.

მთავარი იყო, არ გვაწვიმს, არ გვათოვს, არ გვცივა.

ვიჟივალი.

ჰო, აბა რა, ბარბა ზა ვიჟივანიე – ჩტობი ვერნუტსია პატომ ვ სოხუმი, ვსო, ეგ იყო.

ჩვენ ძირითადად ჭურჭელი გვიჭირდა. არ ვიცი, საიდან, მაგრამ ერთხელ ხელში ჩამივარდა რაღაც რბილი სათამაშო. მივდივარ სამეზობლოში და დავინახე, ბავშვები თამაშობდნენ გარეთ სახლობანას, ჰქონდათ მშვენიერი ტაფა. მივედი და ვუთხარი, ბავშვებო, გინდათ ეგ ტაფა ამ სათამაშოში გაგიცვალოთ-მეთქი? იმათაც გაიხარეს და მეც. წამოვედი ტაფით, რომელიც არ გვქონდა.

ტრადიციებთან დაბრუნება კიდევ თავისთავად მოხდა – იქიდან ვინც წამოსულები ვიყავით, მარტო კაცი არავინ არ ვიყავით. სანათესაო სულ ერთად დავდიოთ, ჯგროებად. მერე მოდიოდა ვიღაცის დაბადების დღე, დღესასწაული მოდიოდა და ამ დროს ისევ ერთიანდებოდა ყველაფერი, ვისაც რა ჰქონდა.

ისედაც ერთად ვცხოვრობდით, კომპაქტურებში ვინც ვიყავით.

ის საცივიც კეთდებოდა, ისიც და ისიც.

ლიქიორები?

იიიიიჰ.

ამ დღესასწაულებზე ხდებოდა ჩვენი ცხოვრების წესის აღდგენა.

და იწყებოდა თავიდან – აბა, ვის რა ეხერხებოდა. დიდი სუფრების მზადებისას თავისთავად ხდებოდა.

ერთხელ, პანაშვიდზე იყო დეიდაჩემი თბილისში და იჯდა, უყურა, უყურა და რომ არავინ არ შემოაწოდა არაფერი ამ ოჯახს, მოტვინა ეგრევე, გაქანდა, აკეთა, ამზადა და საღამოს გამოუგზავნა.

ის კი არა, გარდაბანში რომ ვცხოვრობდით, ვიძახდით ხოლმე, ნეტავ სასადილო ხომ არ გვაწერია თავზეო – იმდენად ყველა ჩვენთან იკრიბებოდა. მერე აღმოვაჩინეთ, რომ მართლა სასადილო გვეწერა. გაზი შევიყვანეთ, წყალი შევიყვანეთ, ვარდები დავრგეთ, ვაზი გავახარეთ, ბასეინი გვქონდა და შიგ თევზი გავუშვით. მოვიდოდნენ სტუმრები, ამოვიყვანდით, შევწვავდით.

მერე ბიჭები, ჩვენი ძმები რომ ჩამოვიდნენ ცოცხლები ომიდან – კიდევ უფრო გამძაფრდა ეს ტრადიციები. თბილისში გადმოვედით და დასახლების წინ პატარა მიწის ნაკვეთი ვნახეთ, სამეზობლო ნაგავსაყრელად ხმარობდა. დედამ გაწმინდა, მწვანილი დათესა, კიტრი მოიყვანა. ჯერ მეზობლები ამრეზით გვიყურებდნენ. მერე დედამ ქორფა კიტრი და სურნელოვანი მწვანილი რომ მოუკითხა, დათბა სიტუაცია. მწვანილი კი არა, ყურძენი ჩავრგეთ, ის ხილი, რაც სოხუმში გვქონდა, აქაც გავიჩინეთ, გარდა იმ ხილისა, რასაც აუცილებლად იქაური კლიმატი უნდოდა. მაგრამ აქ რომ მოვყოჩაღდით და ამოვისუნთქეთ, ის მაინც არ გვიფიქრია, რომ მოდი, დავრჩეთ ბარემ. არა, ეს მოყოჩაღება გვჭირდებოდა წესიერად რომ დაგვეცადა. ხეირიანად რომ გაგვეტარებინა ლოდინის დრო, სანამ უკან წავალთ.

და ჩვენთვის ეს პერიოდი ძალიან გვიან დადგა. 15 წელი გვეგონა, რომ მივდივართ. რაღაც ახალს რომ გადავეყრებოდით, სულ ვიძახდით – ეს ხომ იქ გამოგვადგება. იყოს კაცო, არ გვინდა აქ, წავალთ და… საბოლოოდ, ისე მოხდა ეს ინტეგრირება, რომ ვერც კი გავაცნობიერეთ.

რამდენი წელი გავიდაო და დედას ვფიცავარ, ვერ დავითვალე, რამდენი წელი გავიდა.

ახლა, აქ უფრო მეტი ხანია ვცხოვრობთ, ვიდრე იქ გვიცხოვრია.

კარგი, მორჩა, გოგოებო, წავყვეთ ახლა თავიდან მშვიდობის პროსპექტს. კინო „სოხუმის“ წინ იყო გაზიროვანი წყლები. სხვაგანაც იყო, მაგრამ ეგ მომწონდა.

უჰ, მერე იყო ეკლერნაია – ჩაუვლიდი და წაიქცეოდი, ისეთი სურნელი გამოდიოდა.

ჩვენი სკოლიდან დაიწყეთ ახლა.

სკოლის ბუფეტში იყო გულიაში, რომელიც ღირდა 30 კაპიკი.

ჩვენი მეთერთმეტე საშუალო სკოლა იყო გოგებაშვილის და გოგოლის კვეთაზე.

პელმენები, ბავშვებო? პელმენები გაიხსენეთ ჩებურაშკაში.

უყურეთ ახლა.

მიდი, აბა.

აი, იქ არის აცანგუარა.

თამუნა, ჩებურაშკა ერქვა კაფეს და აფხაზებმა დაარქვეს აცანგუარა და რა არის აცანგუარაო და ესო, ჩებურაშკა არის აფხაზურადო.

არ გახსოვთ, რომ ეწერა აცანგუარა?

კინო „სოხუმის“ უკან.

მოიცა, იქამდე არ მისული იყო ჩებურეკები და ხორციანები. კაკაო და კრემიანი პონჩიკები. დასადგომიც ჰქონდა და დასაჯდომიც.

არმისული დეტსკი მირამდე იყო ცნობილი მალოჩნი კოქტეილი და ეკლერები ოღონდ უშოკოლადოდ, პუდრამოყრილი.

იქ იყო ბორჯომის წყალი – რატომ არ ვიცი და – ჩამოსასხმელი.

სახაჭაპურე „ნართა“ და მისი ლოდაჩკა ხაჭაპურები. ჩვენ ნართის ხაჭაპურს ვეძახდით, აქ აჭარული რატომ ჰქვია, არ ვიცი.

სახაჭაპურე „ნართა“, 2020. წყარო: Sokhumi Daily

მე მახსოვს ავტობუსებიდან რომ იყო ბაზარში ასასვლელი, მარტის დასაწყისში, მანდ გარეთ გაჰქონდათ სუმბულები და ჟასმინები.

ყვავილი მიმოზა რომ აყვავებოდა, მანდ ჰქონდათ.

სულგუნი და ნიგოზი სვანებს ჰქონდათ ბაზარში.

ახლა დაცხებენ ესენი.

მერხეულის პური განთქმული.

ეგ თქვენ გიყვარდათ, თორემ მე არ მიყვარდა.

იცი, სად აცხობენ ახლა?

დრანდის პურები – ფუმფულები.

ლაზური საცხობიო, არ თქვა ახლა.

ჰო, ლაზური საცხობი – თბილისის ზღვაზე.

გრძელი პურები და სოსისი მოგვქონდა სოჭიდან.

შოკოლადის კარაქები – ასაწონი.

ნუგა?

მარილიანი კარაქი ბაღიდან მახსოვს და მანდედან მძულდა.

ჟუაჩკა კიდევ „დონალდო“.

ლიმონათი „არადუ“ იყო.

ჩვენთან იყო „პეპსიკოლას“ ქარხანა.

რომ ჩამოდიოდა გემები, ზოგი ტურისტი გვჩუქნიდა ბავშვებს ხან რას, ხან რას. და ერთხელ პასტა იყო ყელზე ჩამოსაკიდი, საშლელით და ისეთი სუნი ჰქონდა, ჩამეღეჭა მინდოდა.

კანფეტი დაფნის.

ჩვენც გვაქვს დაფნა ეზოში და როგორც კი დავყნოსავ ხოლმე ახლა, გამახსენდება სოხუმი.

აქ მაგალითად ადესას არ აღიარებენ ყურძნად და ჩემთვის ადესაში არის იქაურობის არომატების ბუკეტი.

ადესის ტალავერი გვქონდა სახლის შესასვლელში და ნარცისების კვლები.

ნარცისები იმიტომ გვიყვარს.

სახლიდან რომ გამოვდიოდით, უკან ტვალეტები ცალკე იყო და იქ ბილიკი მიდიოდა ნარცისებით.

კარგი ახლა, მარტო ტვალეტისკენ კი არა, ყველგან, სადაც ბილიკი მიდიოდა ჩვენს ეზოებში, ნარცისები მიუყვებოდა.

ადესა თხმელის ძირში ირგვებოდა და მერე ადიოდა ხეზე და ხეზე ავდიოდით ჩვენც, კალათებით, ხიდანვე რომ დაგვეკრიფა.

ჩვენ ბავშვობასთან ერთად დავემშვიდობეთ გარემოს სილაღეს, თავისუფლებას და მშვიდობას.

ვინ ვიფიქრებდით, ოცი წელი თუ ასე ვიცხოვრებთ.

ოცი არა ის, დათვალე, აბა, კარგად.

გაცინოთ? ახალი შემოსული იყო ეს ჯოხიანი ქოლგები, მერე ყველა კაფეს რომ ედგა ტროტუარზე, თბილისში. და ერთხელ მე და ირმას მერიკომ გვიყიდა, თან სხვადასხვა ფერში. შეიცხადა ჩემმა დამ, ეს ქოლგა თბილისში რად გვინდაო. მაგრამ კარგიო და წამოიღო სახლში. წამოიღო, მაგრამ გარდერობის უკან გადააგდო, რაში დამჭირდებაო. სულ ამ ჩემი დის ქმედებას ვიხსენებ, ეგონა, რომ ზაფხულის გარე ქოლგა არ დასჭირდებოდა, რადგან ზაფხულამდე წავიდოდა.

ჩვენ 15 წელი გვეგონა, რომ მივდიოდით, ყოველდღე ეგ გვეგონა. 15 წელი აქ ცხოვრების მერე. ყველაფერს დროებითი ელფერი ჰქონდა.

თან რომ გადმოვედით, შვიდი კერა გამოვიცვალეთ.

და მაინც დროებით გვეგონა რომ უნდა გვეცხოვრა აქ.

ახლაც ეგრე არ გგონიათ? მე მგონია.

სიცილი.

ბოლოს, ჩვენ რომ მოვდიოდით, მქონდა დიდი ბჭობა საკუთარ თავთან: წამომეღო თუ არა ძვირფასი ცისფერი როკოკოს ჭიქები, რომლებიც ჩემმა კლასელმა მარინა აფხაზავამ მაჩუქა. რძალი გვყავდა ახალმოყვანილი თბილისში. 93-ის ადრე სექტემბერია, პერემირიეს მერე. ისეთი დრო, როცა ყველა ახალი ხილი შემოსულია. და მახსოვს ჯერ ვფიქრობდი იმაზე, ვაითუ ჩვენი რძალი იმ დროს ჩამოვიყვანოთ სოხუმში, ეს ხილი აღარ დახვდეს-მეთქი და სამლიტრიან ქილებს ბოლომდე ვავსებდი ხილით და პადვალში ვინახავდი. გადაიძეძგა იქაურობა. მერე, ძალიან დაბომბვები ხომ წავიდა იმ პერიოდში და უკვე ყველა გარბოდა ბომბსაწინააღმდეგო შენობა რომ გვქონდა, იქ. და მე ფეხს არ ვიცვლიდი, კაპიტალურად ვიჯექი სახლში და იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩამოვლენ-მეთქი, ეს ხილი უნდა დავახვედრო. არ დაეკარგოთ ეს შემოდგომის ხილი, მათაც იგრძნონ ეს გემო. და ერთ დღეს ჩემმა ძმამ გამომაფხიზლა. რა ხილი და კამპოტები, მორჩა, მიდიხართ. დიდი ტრაგედიები მქონდა, როგორ დაგტოვო-მეთქი ფეხში დაჭრილი. არ მისმენდა. ჩააბარგე ყველაფერიო? კარგი, დაანებე თავი, ჩანთის გარეშე მიდიხარო. და მოიყვანა მანქანა და მივხვდი, სხვა შანსი არ მქონდა და ავიღე ეს ჩემი ჩანთა და გადმოვიღე ვიტრინიდან ეს ცისფერი ჭიქები და გადავახვიე – მეთქი, კარგი, წავიღებ ამათ, რახან მივდივარ. გამოვედი კარებამდე და ჩემი თავის შემრცხვა – მაინც აქ უნდა მოხვიდე-მეთქი, ეს ჭიქები სად მიგაქვს. გავბრაზდი – როგორ იფიქრე, რომ რამე უნდა წაიღო აქედან და ამოვალაგე, შევაწყვე ისევ სერვანდში. სულელურად ჩავყარე სხვა რაღაცები და წამოვედი – რომ არ გეძვირფასება, ისეთი რამეები წამოვიღე. მერე კი ვფიქრობდი, უნდა მივბრუნებულიყავი და ჩამელაგებინა-მეთქი – ისევ იმ როკოკოსთან ვიყავი ფიქრით. დროებითი გგონია. არადა, იბომბება იქაურობა, გარბიხარ და მაინც დროებითი გგონია და კომპოტებზე და ჭიქაზე ფიქრობ.

სიზმარს ვხედავ ძალიან, ძალიან იშვიათად და თუ მესიზმრება რამე მოქმედება, ყველაფერი ხდება ჩემი მერხეულის სახლში, ოღონდ, ვითომ თბილისია თან. მერხეულია, მაგრამ თბილისია.

ასე მეგონა ზოგჯერ, რომ შუბლზე გვეწერა რაღაცა.

ათი წელია, ალბათ, რაც თბილისი შევიყვარე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ სოხუმის იქით სადმე ვიცხოვრებდი. ახლა ვერ წარმომიდგენია, თბილისის იქით სადმე ვიცხოვრო.

არა, მე როცა იქნება, სოხუმში წავალ.

მე კიდევ დათბობა თბილისთან ჩემი შვილების მერე დავიწყე. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, სამეგობრო გაიჩინეს… მიფიქრია ჩემთვის – ჩემი შვილები აქ დაიბადნენ, აქ გაიზარდნენ და მეც უკვე მართლა მიყვარს თბილისი.

მათი სახლი – თბილისი შეგიყვარდა შენ.

ხო, თორემ დღეს რომ დაბრუნება იყოს, მე დავბრუნდები, მაგრამ შვილებს არ წავიყვან.

ჩვენი თაობით დასრულდა ციკლი.

ჩემს შვილს მოუყოლია, როგორ უნდა ქორწილის მოწყობა ზღვის პირას. ისე მიხატავს სოხუმის სანაპიროს, რაც ჩემგან იცის, თვითონ თვალით არ უნახავს.

იქ რომ დაბრუნდნენ ჩვენი შვილები, აღარ მოუნდებათ სხვაგან წასვლა.

ჰო, მაგრამ როგორები იქნებიან, იცი? სტუმრად. ჩვენნაირად იქ ვერ იქნებიან. ჩვენ ცივილიზაციიდან წამოვედით.

და ჩვენზევე გაჩერდება.

მე ამისი უფრო არ მეშინია. ბავშვებს იქაურობა ჩვენგან უყვართ. იმდენი სიმბოლიკა გვაქვს, იციან: გემი რომ გვიდევს, რატომ გვიდევს. წელიწადში ერთხელ ზღვაზე რომ უნდა წავიდეთ და ევკალიპტების ტყეში ვიყოთ, რატომ უნდა ვიყოთ. რაკუშკები რატომ გვიდევს – ესეც იციან და სიტყვა „კლასელები“ რომ ითქმება ჩვენთან, და კარი მიიხურება, ესე იგი, ჩვენი შეწუხება არ შეიძლება – ამასაც ხვდებიან.

საფიქრალიც ეგ არის, რომ სადღაც გაჩერდება.

ცხელი ჩაი და კუბდარი ვის უნდა.

თამუნა, იცი, რა გემრიელია მეორედ გაცხელებული კუბდარი ჩაისთან?

ელზა, „აჭარაში“ კოფივარკა, რომ აგვიფეთქდა?

მამაჩემის ნაჩხირკედელავები იყო და იმიტომ, შამპანურებს არადა კარგად აკეთებდა. იპარავდნენ ვიღაცები საშამპანურე მასალას და კუსტარულად აკეთებდნენ ხოლმე სხვები და მამაჩემი აკეთებდა ისე, რაც მოჰქონდა სახლში იმით. ისეთი გემრიელი დასალევი იყო. ჯიხურები რომ იყო თბილისში, იქაც აბარებდა, იყიდებოდა ლიწინ-ლიწინით.

რა მოგვაშიებდა ჩვენ.

არა ბიჭოს.

და ველოდით უკან წასვლას.

____________________________________________________________

ამ საუბრების სხვადასხვა ნაწილი ჩაწერილია 2023 წლის 9 ივნისს და 20 ოქტომბერს, ლიკა ავდელანის სილამაზის სალონში – ორსართულიანი სახლის ნახევარსარდაფში.

ფანჯრების რაფებზე ქოთნის ყვავილები და ძველი ჟურნალებია.

კედლები გუაშის და აკვარელის საღებავებით მოხატულია ყვავილებით, ქუჩის ლამპიონებით და ზღვის ტალღებით. თვითონ ლიკამ მოხატა – ვის სალონშიც ვართ. პარიკმახერის ორ სამუშაო მაგიდას შორის კედელზე ძველი პატარა ტელევიზორი კიდია. სანამ ჩავუწევდით, ტელევიზორიდან ისმოდა:

პოლიტიკური ახსნა აქვს

რუსეთი სამშვიდობოებს მოუწოდებს

დონალდ ტრამპი გამოეხმაურა

საერთაშორისო დონეზე გადის

დასრულებულია, გმადლობთ ყურადღებისთვის

ტახტთან მიდგმული დაბალი მაგიდა გაშლილია.

ფელამუში, კომპოტი შუშის სასმისით, ყურძენი ადესა ლარნაკში უკვე დევს.

შეხედე შენ, რა ყოფილა აქ? – კუბდარს დებს მაგიდაზე ლიკას კლასელი და პარიკმახერის მაგიდიდან კერამიკის სუვენირს იღებს – თეთრად და ლურჯად შეღებილ იალქნიან გემს. გემს ქართული ასოებით ორგან აწერია:

სოხუმი. სოხუმი.

გვედოს აქ, გაგვაძლიერებს.

დავიწყოთ?

მოიცა, თამუნა, შენ საიდან ხარ, რამე არ წამოგვცდეს.

წამოგცდეთ, კაცო.

და ვიცინით.

და ვიწყებთ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა